თიკა მახალდიანის შეგრძნებები და ინტუიცია
"მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ხშირად ილაშქრებს საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი მომღერალ თიკა მახალდიანის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია მაინტერესებს. წლების წინ, პირადი ჰოროსკოპიც მაქვს შედგენილი, პერიოდულად ჩავიხედავ და რჩევებს შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. არა მხოლოდ ჩემი ნიშნის დახასიათებას, სხვა ნიშნებზე ინფორმაციასაც ვეცნობი. როცა ადამიანს გავიცნობ, ვეკითხები, რომელია მისი ზოდიაქოს ნიშანი? როდესაც ეს ვიცი, ურთიერთობა მერე უფრო მიადვილდება. მერწყული ვარ და ჩემი ნიშანი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ზოგჯერ მერწყულების ამოცნობაც შემიძლია. მერწყული მეგობრები მყავს, ერთმანეთს კარგად ვუგებთ.
- სანამ ოჯახს შექმნიდი, თუ დაინტერესდი, რამდენად ეწყობოდნენ ერთმანეთს თქვენი ზოდიაქოს ნიშნები?
- არა, მაშინ ასტროლოგიას ისეთი დიდი ყურადღება, როგორც - დღეს, არ ექცეოდა. მეც უფრო ცოტა რამ ვიცოდი, დიდად არც ვინტერესდებოდი.
- "მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".
- ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასე ხდება და ხშირად ვილაშქრებ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, თუმცა ამა თუ იმ საკითხზე, საკუთარი პოზიციის და აზრის გამოთქმა, როგორი არაპოპულარულიც უნდა იყოს, არ მერიდება და არ მეშინია.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას გამოიყენებ?
- ძალიან ძნელია (ფიქრობს)... ყველაზე ახლოს იქნება სიტყვა: "თავისუფალი".
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს ერთი სიტყვა არის "ცნობისმოყვარე".
- ვერ დავეთანხმები, ცნობისმოყვარე ნამდვილად არ ვარ.
- "ყველაფერი ძველი დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნია, ყველაფერს ახალს და გამოუცნობს პირველი აღიარებს".
- იმიტომ, რომ სიახლეები მიყვარს, ერთფეროვნება მბეზრდება. ვარცხნილობასაც კი ხშირად ვიცვლი.
- "როგორც კი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, მერწყული იმ ნივთის თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერeსს კარგავს, რაც მგრძნობიარე პიროვნებას შესაძლოა, შეურაცხმყოფლად მოეჩვენოს".
- ნამდვილად ასეა. ეს ცოტა სიგიჟეა, არა? მერწყული ამიტომაც მიყვარს, არაპროგნოზირებადი ნიშანია. ეს თვისება ნამდვილად მაქვს, მაგრამ მაშინ უფრო მეტად, როცა ნივთებზეა ლაპარაკი. ვერ ვიტყვი, მეგობრები და ახლობლები მბეზრდება-მეთქი, ეს ჩემთვის გაუგებარი ამბავია. ისეთი დღეები და პერიოდები კი ნამდვილად მაქვს, როდესაც მარტო ყოფნა მინდა.
- "მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია აზრი შეაცვლევინო".
- ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვალდებულებებს ვერ გაექცევი. ვალდებული ხარ, რაღაცები გააკეთო. დიდად არ მხიბლავს ეს ვალდებულებები, მაგრამ მიწევს ატანა. რაც შეეხება აზრის ცვლილებას, გაჯიუტება არ მჩვევია, გონივრულ არგუმენტს თუ მოვისმენ, აზრი შემეცვლება. არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ არასწორ აზრზე არიან, მაგრამ მაინც ჯიუტად არ აღიარებენ - მე ეს თვისება არ მაქვს.
- "ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს".
- ნამდვილად ასეა, ბავშვური გულუბრყვილობა არ მჩვევია, თუმცა ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბოლომდე ვენდობი და ვიცი, იმედი არასდროს გამიცრუვდება.
- "მერწყული იშვიათად ტყუის".
- ტყუილის თქმა არ შემიძლია, რომ მჭირდებოდეს, მაინც ვერ მოვიტყუები, შემეტყობა. მატყუარები არ მიყვარს. ზოგჯერ არის შემთხვევა, თვალებში გიყურებენ და ურცხვად გატყუებენ.
- ამ დროს როგორ იქცევი?
- ვითომ დავიჯერე.
- ბოროტი ტყუილით გული უტკენიათ?
- ასეთი რამ არ მახსენდება, მაგრამ ჩემთვის ყველანაირი ტყუილი საწყენია.
- "არ უყვარს ფულის სესხება და გასესხება" .
- სესხება არ მიყვარს არც ადამიანისგან, არც ბანკისგან, ახლობლებს კი თავად არასდროს ვეუბნები უარს, თუ შემიძლია ვასესხო. მთავარია ვიცოდე, რომ თანხის გამო ურთიერთობა არ გამიფუჭდება.
- "ის უყვარს, რაც ცხრაკლიტულშია. რაც მეტად წვალობს საიდუმლოების ამოხსნაზე, რაც მეტია იდუმალება, უკეთესია".
- იმიტომ, რომ ასე უფრო საინტერესოა. გამოძიებები მხიბლავს, ადამიანებს ხშირად დავხმარებივარ და წარმატებულადაც. დამნაშავეებიც გამომიტეხავს (იცინის).
- "ეჭვიანი არ არის"...
- როდესაც ადამიანი გიყვარს, ცოტას ეჭვიანობ კიდეც. შეიძლება საყვარელ მამაკაცს ენდობოდე, მაგრამ შენს ნდობას არ იწვევდეს ქალბატონი, რომელიც მის ახლოს ტრიალებს და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს. ამის ახსნა რთულია.
- კარგი ინტუიცია გაქვს?
- ნორმალური. ზოგჯერ მოუსვენრობა, შინაგანი შფოთვა შემიპყრობს ხოლმე, ამ დროს ჩემი ინტუიცია რაღაც ამბავზე მიმანიშნებს.
- "გველის წელში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა ხშირად უჭირთ, რადგან ის ბოლომდე გახსნილი არ არის".
- საკუთარ განცდებსა და ემოციებზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. ბავშვობაში მეტად გახსნილი ვიყავი, ხოლო რაც გავიზარდე, რაღაცებს მხოლოდ ჩემთვის ვიტოვებ. ხშირად უთქვამთ, სანამ გაგიცნობდი, მეგონა და ვფიქრობდი, შენთან ურთიერთობა გამიჭირდებოდაო. ზოგიერთს რთული ადამიანი ვგონივარ, მაგრამ რომ გამიცნობენ, აღიარებენ, რომ შეცდნენ.
- "თუ მას არასწორად მოექცევი, არასდროს გაპატიებს".
- გააჩნია, რა არის საპატიებელი და იმასაც გააჩნია, ის ვინ არის, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანია. მარტივად პატიება არ შემიძლია. შეიძლება ვაპატიო, მაგრამ ის წყენა ვერ დავივიწყო, ჩემში დაილექოს და "შემჭამოს".
- "ის ხშირად ითხოვს პარტნიორისგან შეუძლებელსაც კი".
- ვერ დაგეთანხმები, მომთხოვნი ნაკლებად ვარ, მით უმეტეს, შეუძლებელს არავისგან ვითხოვ.
- "საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს მეტად უჯერებს, ვიდრე ფაქტებს, საკუთარ თუ სხვის გამოცდილებას".
- მართალია, ეს შეგრძნებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თითქმის ასეთივე მნიშვნელოვანია ფაქტები და სხვა დროს მიღებული გამოცდილებაც.
- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია".
- ასეთი ძლიერი არ ვარ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, ეს თვისება მქონდეს.
- წინააღმდეგობები გაფრთხობს? უკან იხევ?
- აი, ის მომენტია, რომ დაიღლები, რესურსი ამოგეწურება და ბრძოლის თავი აღარ გაქვს, ამ დროს თითქოს ბედს მივენდობი ხოლმე.
- "მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული".
- რისკი იმიტომ არ მიყვარს, რომ ხმაურიან და მღელვარე ცხოვრებას სიმშვიდე მირჩევნია. საჭირო თუ იქნება, რისკზე წასვლაც შემიძლია, ამას ყოველთვის აუცილებლობიდან გამომდინარე ვაკეთებ.
- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".
- არ არის ეს ჩემი თვისება, მაგრამ მინდა, რომ იყოს. როცა წინ მეღობებიან, უკან არ ვიხევ, ჩემებურად ვიბრძვი, მაგრამ არ შემიძლია სასტიკი და დაუნდობელი ვიყო.
- "მისი გონება ერთბაშად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს, რასაც შემდგომ საჭიროების შემთხვევაში, ოსტატურად იყენებს".
- ნამდვილად ასეა.
- ეს საჭირო თვისებაა? გამოგდგომია?
- არაერთხელ გამომდგომია. საჭირო ინფორმაცია თავისით მამახსოვრდება და კონკრეტულ სიტუაციაში, ჩემს სასიკეთოდ თუ გამოვიყენებ, ამაში ცუდ ვერაფერს ვხედავ.
- გადაწყვეტილებების მიღება გიჭირს?
- ყოველთვის და ყველაფერზე ბევრს ვფიქრობ: ეს ვიყიდო თუ ის? საერთოდ მინდა თუ არა? წავიდე თუ არა? საკუთარ თავს სულ მსგავს შეკითხვებს ვუსვამ და ეს დამღლელი პროცესია. როცა გული და გონება სხვადასხვას მეუბნება, მაგ დროს ხომ საერთოდ ვეღარ ვიგებ, რა გავაკეთო. ბოლოს მაინც გულს ვუჯერებ.
- როგორ ფიქრობ, გამბედაობა გაკლია?
- მაკლია.
- მეტად გამბედავი რომ იყო, დღეს შენი რეალობა როგორი იქნებოდა?
- ვერ ვიტყვი, როგორი იქნებოდა, ამაზე ბევრიც არ მიფიქრია. არ შემიძლია, ვინმეს ჩემ გამო რამე ვთხოვო, სხვისთვის შეიძლება შევაწუხო ადამიანი - ამ თვისებამ ხელი ბევრ რამეში შემიშალა, მაგრამ ასეთი ვარ და რა გავაკეთო?..
თამუნა კვინიკაძე