რა აკავშირებდა სტალინთან ივანე ყუჯიაშვილს - გზაპრესი

რა აკავშირებდა სტალინთან ივანე ყუჯიაშვილს

პარტიული და საზოგადო მოღვაწე ივანე ყუჯიაშვილი გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს კომკავშირის კომიტეტმა სასწავლებლად მოსკოვში მიავლინა. იქიდან დაბრუნებული ჯერ კომკავშირულ, შემდეგ კი სხვადასხვა ხელმძღვანელ პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნა. პარტიული მუშაკის (დაიბადა 1906 წელს) ცხოვრებაზე ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის ივანეს შვილიშვილმა, მარინე ყუჯიაშვილი-ქავთარაძემ ისაუბრა.

- პაპას ქალ-ვაჟი ჰყავდა, მამაჩემი და მამიდაჩემი. მისთვის პირველი შვილიშვილი ვარ. 25 წლისა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ერთად ვცხოვრობდით, მისგან უსაზღვროდ ბევრი სითბო და სიყვარული მახსოვს. პაპას გაბრაზება ერთადერთი ფრაზით გამოიხატებოდა: "უჰ, შე საზიზღარო, შენა". ძალიან უთქმელი, თავშეკავებული კაცი იყო და ბებიაჩემი ამბობდა: ამან აალაპარაკაო (მე მგულისხმობდა). პაპა ვანო იმდენად მანებივრებდა, რომ ერთხელ მოსკოვიდან ჩაის სერვიზი ჩამოიტანა და სათამაშოდ მომცა. ბებია და დედა დაკავებულები იყვნენ, ყურადღება ვერ მომაქციეს. თამაშ-თამაშში სერვიზი გავტეხე... ბებიამ შეიცხადა. პაპამ აუხსნა, მაგას ჩამოვუტანე და გატეხოს, რა მოხდაო? - რას ლაპარაკობ, იცი, რა ძვირფასი ჩაის სერვიზიაო?! - მეც არ გამიკვირდა, ბავშვის სათამაშო ასეთი ძვირი რადა ღირდაო?!. როცა ახალგაზრდები იყვნენ, ბებიას უთხოვია: მოდი, ავეჯი ვიყიდოთო. პაპას უთქვამს: რად გვინდა, ხომ გვაქვს სკამი, მაგიდაო... გაკვეთილებს პაპას ვაბარებდი, რადგან ისე მონოტონურად, ზუზუნით ვყვებოდი ამბავს, რომ მალე ჩაეძინებოდა ხოლმე. მაშინვე წამოვხტებოდი და გავიძახოდი, - პაპას გაკვეთილები ჩავაბარე-მეთქი. ისიც მიდასტურებდა, - კი, ჩამაბარაო, რომ ვინმეს არ დავეტუქსე.

მახსოვს, პატარა ვარ და ალექსანდრeს ბაღში გამასეირნა. ძალიან მალე თქვა, სახლში დავბრუნდეთო. თამაში მინდოდა და რატომ მივდივართ-მეთქი? - ვკითხე. თოჯინების თეატრში უნდა წაგიყვანოო, რომელიც რუსთაველზე იყო, ჩვენი სახლის მოპირდაპირედ. მიყვარდა იქ სიარული. წამოვედით და რაღაც მომენტში მივხვდი, პაპას ენა ებმოდა. ვკითხე: რატომ ვერ ლაპარაკობ-მეთქი? ბებიაშენთან არ თქვაო, - გამაფრთხილა. სახლში შევედი თუ არა, ბებიას ვუთხარი ეს ამბავი. პაპამ იუარა: ბავშვისა გჯერა? დავიღალე და წამოვწვებიო... გაჟონვა დაემართა, მარჯვენა მხარე წაერთვა, ლეჩკომბინატში იწვა და დიდხანს მკურნალობდა. სიცოცხლის ბოლომდე ხელ-ფეხს კარგად ვერ ამოძრავებდა.

მძიმე წლები გამოიარა, დაწყებული 1937-დან, მერე იყო 50-იანები, შვილის (მამაჩემის) გარდაცვალებას მოესწრო... მამასთვის აქვს ასეთი რამ მონაყოლი: "სამსახურში მისული, დერეფანს რომ გავივლიდი, სანამ ჩემს კაბინეტამდე მივიდოდი, ერთ სიკვდილს ვათავებდი. ვინმეს კარს თუ ღიას დავინახავდი, ე.ი. ის პიროვნება დაჭერილი იყო".

ჩვენთან ახლოს მერაბ კოსტავა ცხოვრობდა. როცა მერაბმა რუსუდან ბერიძე შეირთო, პაპამ გაუგო რუსუდანს გადასახლებული მამის ამბავი. ბებიას უთხრა: კაცი ცოცხალი აღარ არის და როგორ ვუთხრაო? ბოლოს გადაწყვიტა, ეთქვა, - აბა, როდემდე ჰქონდეს იმედიო?

ivane2-copy-1693165972.jpg

- თავად როგორ გადაურჩა რეპრესიებს?

- პაპა უყვარდა სტალინს და აფასებდა, ხოლო ვასილი სტალინი მამაჩემის (პეტრე, შინაურულად - ავთო) უახლოესი მეგობარი იყო. ვასია ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და მხოლოდ ჩვენს ოჯახში რჩებოდა. მამას ეძახდნენ ვასილის ადიუტანტს. მამაჩემმა მოსკოვში დაამთავრა საავიაციო ინსტიტუტი. მას და ვასიას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ჩვენთან მოვიდოდა თუ არა, პაპას ეტყოდა რუსულად, - ძია ვანო, მე ჩამოვედი! თუმცა, პაპაჩემმა ეს წინასწარ იცოდა. ვასიას თბილისში ყოველი ჩამოსვლის წინ, სტალინი პაპას ურეკავდა, წამოვიდაო... სანამ ვასია აქ იყო, პაპაჩემი ნერვიულობდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პასუხისმგებლობა ექნებოდა. ამბობდა კიდეც, ერთი სული მქონდა, აქედან ცოცხალი წასულიყოო. ვასილის ყოველთვის სამხედრო ფორმა ეცვა. მამასაც ძალიან უყვარდა ფორმა და ხშირად ატარებდა, მით უმეტეს, ვასიას გვერდით სულ ფორმით დადიოდა. მეზობელი ზვიადაძე იხსენებდა, ერთ დღეს გავიხედე, ავთო და ვასია აივანზე ერთად დგანან და საუბრობენ, როგორ მინდოდა ფოტო გადამეღოო. რა ისტორიული სურათი იქნებოდა!

vano-da-gogla-stalinis-zeglis-gaxsnaze-copy-1693166025.jpg

- ვანო ყუჯიაშვილს მაღალი თანამდებობები ეკავა...

- პაპა გორის რაიკომის პირველ მდივნად სტალინმა გადმოიყვანა. იმ პერიოდში პაპა იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. როგორც ამბობენ, სტალინი დაინტერესდა, ვინ იყო გორის რაიკომის მდივანი? უპასუხეს (სომეხი კაცი ყოფილა). მერე უკითხავს, - სამხრეთ ოსეთში ვინ არისო? - ვანო ყუჯიაშვილიო, - უთხრეს. - კი მარა, ეს ქართლელი კაცი ოსეთში გაუშვით და შუაგულ ქართლში სომეხი დასვითო?.. ერთხელ პაპა გორის თეატრში დაპატიჟეს ღონისძიებაზე, მეც ვიყავი მასთან ერთად. ეკრანზე გაუშვეს მოკლე კინოჟურნალი, სადაც ჩანდა ვანო ყუჯიაშვილი იმ დროს, როცა გორის რაიკომის მდივანი იყო. დარბაზი ფეხზე წამოდგა და ტაშს უკრავდა, პაპა ყველას უყვარდა.

- თქვენი გვარის ფუძე საიდან მოდის?

- სოფელ მეჯვრისხევიდან, გორის რაიონია. ამ სოფელში პაპას მთავრობამ ნაკვეთი მისცა და პატარა სახლიც აუშენა. სხვათა შორის, ყუჯიაშვილები და ბუჯიაშვილები ერთი გვარია. ოდესღაც უთანხმოება მოუვიდათ და ნაწილმა პირველი ასო "ყ"-დ გადააკეთა. ერთ წელს ვისვენებდი მეჯვრისხევში, ყუჯიაანთ უბანში, სადაც ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ (კარგი ხალხი იყო, აღარ არიან ცოცხლები). ბუჯიაშვილების უბანში რომ გადავდიოდი, ყუჯიაშვილები ბრაზობდნენ, - ნეტავ მაგათთან რა გინდაო. ბუჯიაშვილები კი მიხსნიდნენ, - შენ იცი, რომ ბუჯიაშვილი ხარო? მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, მაინც ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ.

marines-deda-1-copy-1693165991.jpg

- მშობლებმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი?

- მამა მოსკოვში მუშაობდა, მერე პაპაჩემმა აქ გადმოიყვანა. დედაჩემი ცისანა სეფერთელაძე ქობულეთში გაიცნო, სადაც საავიაციო სამსახურის რაღაც ბაზა იდგა და დედა ამბობდა, ზოგჯერ ცაზე ჩემს სახელს წერდაო. მამა ბუნებით თავისუფალი ადამიანი იყო, მე და ჩემს ძმასაც ასე გვზრდიდა. დედა ეუბნებოდა, ბიჭი გვეზრდება და ცოტა დატუქსე, რაღაც უთხარიო. მამა გასძახებდა: ვანიკო, მოდი, უნდა გიყვიროო! ამით მთავრდებოდა დატუქსვა. მე-10 კლასში ვსწავლობდი, როცა მამა მოულოდნელად დაიღუპა, მოსკოვში. მე და დედა იქ ვიყავით, მამამ გვთხოვა ჩასვლა. იმ წელს სკოლას ვამთავრებდი და უნდოდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა. მამა მეტროში საქმიან შეხვედრაზე წასულა (შესაძლოა, ხელთ რაიმე ჩანაწერებიც ჰქონდა, ზუსტად არ ვიცი), ცუდად გამხდარა და გონება დაუკარგავს. სანამ ის მეგობარი არ მივიდა, ვისაც უნდა შეხვედროდა, "სასწრაფო" არავის გამოუძახია, თურმე ნასვამი ეგონათ. იმ კაცს აუტეხავს ერთი ამბავი, მამა საავადმყოფოში დააწვინეს და ლენინგრადიდან პროფესორებიც გადმოაფრინეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თბილისში დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო, ბევრი მოსკოვიდან ჩამოვიდა.

ერთი ფიქრი არ მშორდება მთელი ცხოვრება: მამას გარდაცვალებიდან თვეებია გასული და ჩვენს სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. შინ არავინ იყო, მე ვუპასუხე. იკითხეს პიოტრ ივანიჩი. აღარ არის ცოცხალი-მეთქი. ჯერ გაუკვირდა, მერე ავთო ახსენა. გავუმეორე, რომ გარდაცვლილი იყო. უცებ მესმის ქალის შეკივლება, მამაკაცი მესაუბრებოდა და ეტყობა, ვიღაც ქალი უსმენდა ან ამან უთხრა. "ვინ ბრძანდებით?" - ვიკითხე და ყურმილი დაკიდეს. ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო სვეტლანა ალილუევას ზარი, სხვას დაარეკვინა. ისიც კარგად იცნობდა მამას, მოსკოვში სულ ერთად იყვნენ. ალბათ, მისი ამბავი არ იცოდა... მგონი, მაშინ სვეტლანა გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო.

- გიორგი ლეონიძის შვილიშვილის, გოგი ქავთარაძის მეუღლე ხართ. როდის შეუღლდით?

- ერთმანეთი ჩემი სტუდენტობის დროს გავიცანით, მერე წლების მანძილზე აღარ ვურთიერთობდით. მეუღლეზე 12 წლით უმცროსი ვარ. ოჯახი საკმაოდ გვიან შევქმენით. გოგი უკვე 50 წელს იყო გადაცილებული. მანამდე არც ერთი დაოჯახებული არ ვყოფილვართ. ხელი მოვაწერეთ 1998 წლის 12 აგვისტოს, ჯვარი დავიწერეთ სვეტიცხოველში. 12 აგვისტო სპეციალურად შერჩეული თარიღია, ეს არის გოგის მშობლების შეუღლების დღე.

- გოგლაზე რა მოგონება გაქვთ?

- გოგლა ერთადერთხელ ვნახე, ოღონდ პატარა ასაკში და გონებაში არ ჩამრჩენია. პაპას იუბილე გადაუხადეს, რომელსაც გოგლა ესწრებოდა - ამას ამბობდნენ დედა და ბებია. გოგლა ხშირად ჩადიოდა გორში იმ პერიოდში, როცა გორის რაიკომის მდივანი პაპაჩემი იყო. სტალინის ძეგლის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა, პაპა მის გვერდით იდგა - ეს ეპიზოდი ასახულია დოკუმენტურ ფილმში. სხვათა შორის, პაპაჩემს გოგლა ძალიან უყვარდა და მეუბნებოდა, მარტო პოეტი და მწერალი კი არა, დიდი მეცნიერიც იყოო. ცნობილია, რომ არსებობდა გიორგი ლეონიძის მნიშვნელოვანი კვლევა ფიროსმანზე, რომელიც სანაყინეში დარჩა. სახლში მისულმა, მძღოლს სთხოვა უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ გამყიდველს უთქვამს: აქ ერთი ქალი იყო, მან აიღო საქაღალდე და თქვა, გოგლას ვიცნობ და სახლში წავუღებო. ასე დაიკარგა ის ნაშრომი.

marine-papa-bebiastan-ertad-copy-1693166037.jpg

- თუ არის ლეონიძისეული რომელიმე ფრაზა, რაც თქვენთვის გამორჩეულია.

- "ნატვრის ხეში" რომ ამბობს მარიტაზე: "გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი?" გოგი ხშირად მომმართავდა ამ სიტყვებით, მაგრამ ეს იყო ახალგაზრდობაში (ახლაც საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონია. - ავტ.), მე კი ვპასუხობდი: გლეხი, თავად ხარ-მეთქი. არადა, ამბობს, ტახტის აზნაური ვარო. გოგი გადასარევად წერს, მაგრამ რაღაცებს მაინც ჩემთან აზუსტებს. ქიმიკოსი ვარ და მე რატომ მეკითხები-მეთქი? - მიკვირს. თუმცა, ყველაფერში ვეხმარები. გიორგი ლეონიძის "საქართველოს ცრემლები" რომ გამოვუშვით, წიგნის კორექტურა მთლიანად ჩემია. მე და ჩემი ბიძაშვილი წიგნზე ერთად ვმუშაობდით.

- ქორწინების 25 წელი გქონიათ. ლამაზი თარიღია და არაფერს გეგმავთ?

- კარგი თარიღია, თუმცა არა მგონია, აღვნიშნოთ...

ნანული ზოტიკიშვილი