"თუ სასურველი ადამიანი მეფლირტავება, უფრო მაგარი ვარ..."
სახელი, გვარი: ანა ნოზაძე
ასაკი: 23 წლის.
განათლება: დაამთავრა კინომცოდნეობის და დრამის სამსახიობო ფაკულტეტები.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის "ახალი შაბათის შოუს" ჯგუფის მსახიობი, ასევე - წამყვანი-ანიმატორი. აქვს საკუთარი "ივენთ" კომპანია.
ჰობი: ცეკვა.
ცხოვრების დევიზი: ჩარლი ჩაპლინის ფრაზა - "ვიცინით, რათა ჭკუიდან არ შევიშალოთ".
- როგორ ფიქრობ, შენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხარ?
- ჩემი აზრით, ჰგონიათ, ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, ვინც სულ ცანცარებს, მაგრამ რეალურად, პირიქით - სერიოზული გახლავართ. ჩემი პროფესიის გამო ყველგან ცანცარი მიწევს: ბავშვებთან, ტელევიზიაში... სინამდვილეში ცოტა ბრაზიანი, ბუტია და უჟმური ვარ. სულ მარტოობა მინდა, ხალხთან არ ვკონტაქტობ...
- რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოს?
- როცა რაღაც არ დამიშავებია და მაძალებენ, ვთქვა, - გინდა თუ არა, ასე მოიქეციო, შეიძლება ამის გამო ჭკუიდან გადავიდე, ტყავიდან ამოვხტე. არ მიყვარს, როცა ვამბობ, - ასეა-მეთქი, მაგრამ არ სჯერათ. ასეთ დროს ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ.
- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?
- დაახლოებით 1 წლის წინ, როცა ჩემთვის პირველ პროექტში - "მთავარ გოგოებში" ვმონაწილეობდი. იმ ზაფხულს ბათუმში ჩავედი და მაშინ მივხვდი, ჩემს თავს ყველაფერი ისე აღარ იყო, როგორც - უწინ: სანაპიროზე გასული, ბავშვების რეაქციებიდან ვხვდებოდი, რომ სხვა ეტაპზე გადავედი. უცნობები ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდნენ (იღიმის)...
- ინტერნეტს რამდენ დროს უთმობ?
- ძალიან ცოტას, რადგან სიმართლე გითხრა, ვერ ვერკვევი. არ ვიცი, თუნდაც "ტიკტოკ" ვიდეოები როგორ უნდა დამონტაჟდეს... მხოლოდ "მესენჯერს" ვიყენებ. სხვა პლატფორმებში ისე ჩახედული არ ვარ, როგორც ჩემი თაობის ხალხი. მეგობრები მეუბნებიან, რომ "ტიკტოკზე", "ინსტაგრამზე" ვიაქტიურო, გამომწeრები შევაგროვო, მაგრამ ჯერჯერობით მეზარება. მაგალითად, ვიდეოს გადავიღებ და საღამოს სახლში ვფიქრობ, რომ დავამონტაჟო, "ტიკტოკზე" გამოვაქვეყნო, მაგრამ შემდეგ ყველაფერს ვშლი, რადგან მეზარება, ვერ ვაკეთებ, არ გამომდის (იცინის)...
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- ტელეპორტაციის უნარს: მაინტერესებს, ამჟამად სხვაგან რა ხდება...
- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?
- ასეთ სიტუაციაში ცოტათი შტერი ვარ, რადგან არ მგონია, რომ მეფლირტავებიან (იცინის). ვფიქრობ ხოლმე, რომ უბრალოდ, ძალიან საყვარელია, კომუნიკაცია უნდა... მეგობრები მეუბნებიან, - გოგო, ვერ ხვდები, რომ ტვინი წაგიღოო? - რავი, საყვარელია-მეთქი, - ვპასუხობ. შემიძლია საუბარი გავუბა, მაგრამ მერე, როცა მივხვდები, რომ რაღაც "ისე" ვეღარ არის - წასვლა ძალიან მიჭირს, მერიდება... ვფიქრობ, არ ეწყინოს-მეთქი. რაღაცნაირად, თავს ვარიდებ. შეიძლება, მოვატყუო, მეჩქარება-მეთქი. უხეშობა არ შემიძლია.
- თუ სასურველი ადამიანი გეფლირტავება?..
- ამ შემთხვევაში, უფრო მაგარი ვარ. შემიძლია, მაქსიმალურად დავიფასო თავი და გავაწვალო (იღიმის).
- როგორ ფიქრობ, ადამიანს შეუძლია მეორე ნახევრის გარეშე, სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
- არა მგონია, რადგან რაც უნდა იყოს, მეორე ნახევარს მაინც თავისებური ბედნიერება მოაქვს. ჩემი აზრით, როცა ადამიანი მარტოა, ოჯახურ ბედნიერებას ვერასდროს მიაღწევს, თუმცა გააჩნია, სრულფასოვანი ცხოვრება და ბედნიერება ვისთვის რა არის. საერთოდ, მარტოობა მიყვარს. საკუთარი თავი ოჯახურ სიტუაციაში ვერც კი წარმომიდგენია, მაგრამ რომ დავფიქრდე, მაინც ასეა - სრულფასოვნება ოჯახური ბედნიერებაა. შესაძლოა, ვიღაცისთვის სრულფასოვანი ბედნიერების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ოჯახური გარემო სულაც არ არის და სწორედ მარტოობაში ხედავს იდილიას...
- შეყვარებული არ ხარ?
- ვარ, რა თქმა უნდა. იშვიათად ხდება, რომ მე შეყვარებული არ ვიყო...
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?
- სულ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ. მართვის მოწმობა დღემდე არ მაქვს და არც სურვილი გამჩენია, მქონდეს. ჩემი ასაკის ხალხს თითქმის ყველას უნდა და აქვს კიდეც, მაგრამ თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ფეხით სიარული მომწონს. ხშირად ვმგზავრობ ავტობუსით, მეტროთი... ყველგან "მივედ-მოვედები", რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდე. ჩემთვის დისკომფორტი არ არის, რომ ავტომობილში არ ვზივარ - პრობლემა არ მაქვს. ბოლოს ავტობუსით ვიმგზავრე და ახლაც, ცოტა ხანში, ავტობუსით მგზავრობას ვაპირებ, რომ კუს ტბაზე სასეირნოდ წავიდე.
- რა არის შენი კომფორტის ზონა?
- ჩემი სახლი. მარტო ყოფნა ისე მიყვარს, რომ მეგობრები ხუმრობით "მარტოხელა მგელს" მეძახიან. მაგალითად, გუშინ აუზზე მარტო წავედი... სადაც უნდა ვიყო, დღის განმავლობაში პირადი სივრცისთვის 1 საათი მაინც მჭირდება. სხვაგან დარჩენა არ მიყვარს. მაგალითად, თუ მეგობრებთან ერთად ვარ და უკვე თენდება, სულ მეხვეწებიან - ჩვენთან დარჩი, ამ დროს რატომ მიდიხარო? - არა, სხვაგან ვერ დავიძინებ, სახლში უნდა წავიდე-მეთქი (იცინის).
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
- შტეფან ცვაიგის "შიში" (დაახლოებით 1 კვირის წინ). საერთოდ, შტეფან ცვაიგის შემოქმედება მიყვარს.
- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?
- შევხედავ თუ არა, მასში სისუფთავის "ნაპერწკლები" უნდა დავინახო. თუ შევნიშნე, რომ თუნდაც ფრჩხილები და თმა მოწესრიგებული არ აქვს, მის ხასიათს აღარ ვეცნობი - ვცდილობ გავერიდო. ჩემთვის ელემენტარული ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია... მერე, თუკი პიროვნების ხასიათით დავინტერესდი, ძალიან მიყვარს უბრალო ხალხი. თუ ადამიანი თამაშობს, მაშინვე ვატყობ და მასზე წარმოდგენა მეკარგება. საერთოდ, არ მიყვარს, როცა პირველივე შეხვედრისას, ადამიანი საკუთარი თავის შესახებ ბევრს ლაპარაკობს. ვიღლები...
- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?
- ძალიან პირდაპირი ვარ. სიტყვებში "ფილტრი" არ მაქვს. არ ვბილწსიტყვაობ, მაგრამ რაღაცის თქმა უხეშად ვიცი ხოლმე, შემდეგ კი ვნანობ - ასე რატომ ვუთხარი? ეწყინებოდა... ჩემთვის ასეთი რამ რომ ეთქვათ, ნერვიულობით მოვკვდებოდი-მეთქი... თან, თუ სხვა რამეზე ვარ გაბრაზებული, შეიძლება ადამიანს, რომელიც არაფერ შუაშია, რაღაც "ვაჯახო", რის გამოც მერე ვნერვიულობ... აი, ეს ძალიან ცუდი თვისება მაქვს.
- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?
- ძალიან შრომისმოყვარე ვარ. შემიძლია მთელი ზაფხული არ დავისვენო. თუ ვიცი, რომ ხვალ-ზეგ არ ვმუშაობ, 2 დღით, მაგალითად, კახეთში წავალ, მაგრამ მალევე ვბრუნდები, რომ სამუშაო არ გავაცდინო. არ მინდა საკუთარ თავს დასვენებისთვის დრო დავუთმო, სამსახურზე კი - უარი ვთქვა. მოკლედ, გაჩერება არ მიყვარს.
- ყველაზე ხშირად მეგობრები რის გამო გსაყვედურობენ?
- ნუ იბუტები, ნუ გწყინს, ცუდად არ გვითქვამს, შენთვისაც ვაპირებდით მოწერას, რომ გასართობად წასვლას ვაპირებდითო (იცინის). ყველაფერი მწყინს, "მეორე" არ უნდა ვიყო! თუ სამეგობროს "ჩატში" სხვის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეს, ის მოიკითხეს, ჩემი მოკითხვა კი დაუგვიანდათ, მეწყინება, - რატომ არ გახსოვართ-მეთქი? სულ მსაყვედურობენ, - ცხვირი ნუ ჩამოუშვიო...
- საკუთარ თავს რომელ ცხოველს ან ფრინველს შეადარებ?
- ალბათ - დელფინს (იცინის). დელფინები ძალიან საყვარლები არიან, ხალხთან კონტაქტი უყვართ... მეც კომუნიკაბელური ვარ, ნებისმიერ სიტუაციას მოვერგები. ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს...
- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქნია?
- კი, როგორ არა?! მქონია წარმოდგენა, რომ რაღაცის გაკეთება კარგად შემეძლო, მაგრამ იმედი გამცრუებია და პირიქითაც - ბევრი მინერვიულია, რომ რაღაც არ გამომივიდოდა, მაგრამ თავი იოლად გამირთმევია.
- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- ოჯახის პატივისცემა. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს ეწყინოს...
ეთო ყორღანაშვილი