იოანა - გზა ხონიდან საბერძნეთის მაღალი მოდის სფერომდე - გზაპრესი

იოანა - გზა ხონიდან საბერძნეთის მაღალი მოდის სფერომდე

"...წლევანდელ კოლექციაში ერთი ლუქი მაქვს, რომელზეც ამოყვანილია "აი ია"... ქართული ასოები არის ჩემი ინსპირაციის წყარო და სამომავლოდ, სამკაულების შექმნასაც ვაპირებ..." - ამბობს ჟანა კირთაძე, რომელსაც საბერძნეთში იოანა ივანოვნად იცნობენ. იგი დღეს საბერძნეთის მაღალი მოდის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს...

სულ მალე იოანა სამშობლოში ჩამოვა და თავის კოლექციას წარმოგვიდგენს.

- იმერეთში, ქალაქ ხონის რაიონში, ერთ ჩვეულებრივ, უბრალო ოჯახში დავიბადე და გავიზარდე... გაჭირვება, ბევრი პრობლემა გვქონდა, სამაგიეროდ გარშემო იგრძნობოდა დიდი სიყვარული, უბრალოება, სიკეთე და ადამიანობა. პატარაობიდან ვწერდი, მიყვარდა თეატრი, კინო... მაშინ მსახიობობაზე ვოცნებობდი...

4 წელი ხონის სახალხო თეატრში ვმუშაობდი... მერე, 2013 წელს ათენში ჩამოვედი და ემიგრანტი გავხდი. პირველი სამი წელი ჯოჯოხეთური იყო - გაუცხოება, შიში, მონატრება, წინააღმდეგობა, თავს უპატრონო ბავშვივით ვგრძნობდი. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო: ენა მესწავლა, სამუშაო მეპოვა, სწორი და პატიოსანი შრომით ფეხზე დავმდგარიყავი უცხო ქვეყანაში... საბუთის გამო, საბერძნეთს როგორც ლტოლვილი, ჩავბარდი... პირველი სამი წელი ძიძად ვიმუშავე, სამი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ ფოტოგადაღებაზე მივედი და მას მერე გაიხსნა ჩემთვის გზა მოდის სფეროში. ორწლიანი ფოტომოდელობისა და გამოცდილების შემდეგ მივხვდი, ამ საქმის კეთება მინდოდა და ჩავაბარე მოდის დიზაინზე, ათენში...

- თქვენს კოლექციაზე, განსხვავებულ სტილზე გვიამბეთ...

- ეს იქნება ჩემი პირველი კოლექცია - Fashion sculpture art... ძირითადად ქსოვილს ხელით ვამუშავებ... ჩემი სტილით ყოველთვის განსხვავებული ვიყავი და ამას მეუბნებოდნენ კიდეც... ამ ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, ბერძნები იშვიათად მიგიღებენ, მაგრამ მე ეს თავდაუზოგავი შრომით შევძელი. მჯეროდა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მიზანს მივაღწევდი. მოდის გარეშე სამყაროს ვერ აღვიქვამ. მინდოდა გამეკეთებინა რაღაც უფრო თანამედროვედ, უფრო საინტერესოდ. ჩვენ, ქართველებს გვაქვს საოცარი ნიჭი, რომელსაც ხელშეწყობა, შრომა და განვითარება სჭირდება...

მოდელობის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე. ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ხელით ვეხებოდი დეტალებს... ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხს, ფორმას, დიზაინერის დამოკიდებულებას. მოდა ჩემთვის არის პიროვნების გამოხატულება და არა მხოლოდ სამოსი...

- როგორც ფოტომოდელს, რა მიღწევები გაქვთ?

- მოდის სფეროს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც. ბევრი გადაღებიდან მომხსნეს, იყო არასწორი შემოთავაზებებიც... ყოველთვის ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, ჩემი საქმე "სუფთად" ვაკეთო.

ფოტომოდელობა ჩემთვის ერთგვარი სასწავლებელი იყო: მთლიანად მოდის სისტემა, მოდის სამყარო სწორედ ფოტომოდელობისას შევისწავლე. ზოგჯერ წინააღმდეგობა გასაღებია საიმისოდ, რომ მიზნამდე მიხვიდე.

- რატომ გიცნობენ საბერძნეთში, როგორც იოანა ივანოვნას და არა - ჟანა კირთაძეს?

- იოანა და ჟანა ერთი და იგივე სახელია. ბერძნები მეძახიან იოანას, რადგან - "ჟ" ასო არა აქვთ. ივანე არის მამა და რადგან დედას უკრაინული ფესვებიც აქვს, ამიტომ გადაწყვიტეს ივანოვნა ვიყო...

- როგორც ვიცი, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გქონდათ მიწვევა...

- როდესაც ათენში მოდის ჩვენებაზე ჩემი რამდენიმე ლუქი ნახეს, დამიკავშირდნენ და მკითხეს, საბერძნეთის სახელით იტალიაში ჩვენებაზე თუ წავიდოდი?.. ვუთხარი, რომ ბერძენი კი არა, ქართველი დიზაინერი ვარ, თუმცა მიპასუხეს, ამას მნიშვნელობა არ აქვსო... რამდენიმე დღეში დამიკავშირდა ქალბატონი თინათინ მაღალაშვილი და საქართველოში მოწვევის შესახებ მამცნო. მაშინ ვთქვი, რომ ჩემი პირველი ჩვენება მხოლოდ საქართველოში შედგებოდა. იტყოდნენ, რომ ვარ ქართველი... არ ვიცი, როგორ მიიღებს თბილისი ჩემს თანამედროვე ხედვას. ათი წლის შემდეგ პირველად მოვდივარ და დღეებს ვითვლი, არ მინდა ჩემს სამშობლოს დავეკარგო.

- ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევთ?

- დავიდ კომაა ჩემთვის გამორჩეული დიზაინერი. მომწონს ავთანდილი და მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებულია თავის საქმეში.

- რა არის თქვენი ინსპირაცია?

- ყოველდღიურობაში მაქვს ინსპირაცია. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ვქმნი და ვვითარდები... სიურრeალიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი, ქანდაკება, არქიტექტურა ბევრჯერ გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო. გეომეტრიული ფორმები, ასიმეტრია, დახვეწილი დრაპინგის ტექნიკა, ფერწერა, ქანდაკების დეტალები... 3D ხელნაკეთი ნაკერებით არის დამუშავებული ჩემი კოლექცია. მაქვს ისეთი ლუქები, თითოეულზე რომ ორი კვირა ვიმუშავე. ისინი ჩემს პატარა ატელიეში იქმნება. ყველა ლუქი შექმნილი, შეკერილი და დამუშავებულია ხელით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქსოვილს, ათენში კი სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ გვაქვს.

- ქართული ელემენტები თუ გაქვთ კოლექციაში?

- წლევანდელ კოლექციაში ერთი ლუქი მაქვს, რომელზეც ამოყვანილია "აი ია"... ასოები არის ჩემი ინსპირაციის წყარო და სამომავლოდ, ქართული ასოებით სამკაულების შექმნას ვაპირებ. მინდოდა ქართული ასოების პრინტით სამოსის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ვერ შევძელი. როცა ჩამოვალ, თბილისში გავარკვევ დეტალებს და მომდევნო კოლექციაზე აუცილებლად იქნება. მიმაჩნია, რომ ასეთი დამწერლობა არავის აქვს... ძალიან მომწონს ვაზი, მაგრამ ჯერ ვერ ვეხები.

რაც მენატრება, ქართული პოეზიაა, ვგიჟდები გალაკტიონზე...

- როგორ უძლებთ ევროპის მოდის სფეროში უზარმაზარ კონკურენციას და რას ურჩევთ დამწყებ დიზაინერებს?

- ცხოვრებამ მასწავლა, რომ სირთულე უნდა იყოს ერთგვარი გასაღები. აქ მკაცრი კანონებია, სხვის შემოქმედებას ვერ მოიპარავ და მიისაკუთრებ. როგორც შემოქმედს, შენი ხელწერა უნდა გქონდეს. დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ კარგად გაიაზრონ, თუ რისი შექმნა სურთ და საკუთარი შესაძლებლობებიც უნდა გააანალიზონ. მხოლოდ ფანქარი და ფურცელი არ კმარა, ეს ფანტაზიის ჩანასახია, რომელსაც განვითარება სჭირდება! უნდა ჰქონდეთ შეხება ქსოვილებთან, ისწავლონ კერვა, ქარგვა... აუცილებელია იცოდნენ მოდის ისტორია. სტუდენტობის პერიოდში შექმნან ყველა ეპოქის სამოსი და ეს დაეხმარებათ, რომ მიხვდნენ, როგორ ვითარდებოდა მოდა, რა სირთულეებს გადიოდა და ჩვენამდე როგორ მოვიდა... უნდა ისწავლონ ფეხსაცმელზე მუშაობა, აქსესუარების დამზადება, მაკიაჟი და ვარცხნილობა, უნდა ესმოდეთ ფოტოს მნიშვნელობა...

სტილისტებს მე ვკარნახობ, როგორი ვარცხნილობა ან მაკიაჟი მჭირდება და ცხადია, შემდეგ მათ მოსაზრებასაც ვიზიარებ, ჯგუფურად ვმუშაობთ. ერთიანობას დიდი ძალა აქვს. ასევე აუცილებელია, რაც იცი, გაუზიარო კოლეგა დიზაინერს, მე ამას ყოველთვის ვაკეთებ!

image-6483441-2-copy-1693207548.jpg

- საქმის საქართველოში გაგრძელებაზე არ გეფიქრებათ?

- საქართველო სულ ჩემს გულშია და ყოველთვის ასე იქნება! რითიც შევძლებ, სამშობლოს გვერდით ვიქნები და აუცილებლად ჩამოვიტან კოლექციებს... თუმცა, მე რომ ახლა საქართველოში ჩავიდე და აქ ყველაფერი მივატოვო, ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება... ისე კი, ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ.

საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა დაეწიოს მსოფლიო დონის მოდას. ძალიან მაინტერესებს ქართველი მოდელების, ფოტოგრაფების, სტილისტების დამოკიდებულებას გავეცნო და ამას უახლოეს მომავალში შევძლებ...

- საბერძნეთში აქვს მოდის სფეროს საინფორმაციო მხარდაჭერა?

- საკმაოდ ძლიერი! ვიმეორებ, თუ რაღაცით არ გამოირჩევი, გამორიცხულია თავი დაიმკვიდრო. მხოლოდ ეკონომიკური სიძლიერე არ არის საკმარისი. აქ დიდი ყურადღება ექცევა დიზაინერის ხელწერას და მის დამოკიდებულებას მოდის მიმართ... არის გადაცემები მოდაზეც, მოდელებზეც, დიზაინერებზეც. ამ ყველაფერს ხელს შოუბიზნესი უწყობს.

ზოგადად, კოლექცია უნდა გიყვებოდეს რაღაც ახალს, საინტერესოს, უნდა შეეძლოს გამოგზაუროს, დაგიტოვოს რაღაც სასიამოვნო განცდა - ამას ვამბობ როგორც ახალბედა დიზაინერი, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი წარმატებამდე.

მანანა გაბრიჭიძე