პრაღაში ქართული ჩოხით - "ამ სამოსით სცენაზე გასვლა იმიტომ მინდოდა, რომ ქართული სიდინჯე არ დამეკარგა" - გზაპრესი

პრაღაში ქართული ჩოხით - "ამ სამოსით სცენაზე გასვლა იმიტომ მინდოდა, რომ ქართული სიდინჯე არ დამეკარგა"

ჩეხეთში მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გასაცნობად X საერთაშორისო ფესტივალი "სულიკო" გაიმართა. ბავშვთა ანსამბლი "შავნაბადა" და მისი წევრები საგასტროლოდ ჩეხეთში იმყოფებოდნენ და ცოტა ხნის წინ ანსამბლის ხელმძღვანელმა - დავით ცინცაძემ სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა (გთავაზობთ მცირე შემოკლებით):

"საოცარი მოგზაურობა იყო. ულამაზესი ქალაქები ვნახეთ. ცხოვრების მხრივ, მოწესრიგებულობითა და უშუალობით გამოირჩეოდა ეს დღეები. კონკურსში ჩვენთან ერთად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინამ მიიქცია. კონკურსის მონაწილე ახალგაზრდები აზრებს უზიარებდნენ და საკუთარი ქვეყნის შესახებ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, ყველა გაოცებული უსმენდა უკრაინის წარმომადგენლებს. გუნდი კიევიდან იყო. კიეველების აკომპანიატორის ძმა, 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გამოფრენამდე სამი დღით ადრე ომმა იმსხვერპლაო, - მწუხარებით თქვეს, მერე ისიც დააყოლეს, აქ არავინაა ისეთი, ოჯახის წევრი არ ჰყავდეს ომში გარდაცვლილიო. ამით თითქოს გაამხნევეს თანაგუნდელი, რომელსაც ერთი წვეთი ცრემლი გადმოუვარდა, სათვალე მოიხსნა, მაშინვე მოიწმინდა და ისევ ღიმილით გააგრძელა საუბარი...

ბავშვები ბევრს იცინოდნენ, ერთობოდნენ, თუმცა, პერიოდულად ფრთხილად ეკითხებოდნენ უკრაინის წარმომადგენლებს მათი ცხოვრების შესახებ და ისინიც ჰყვებოდნენ:

ჩვენ ბუნკერში დიდ დროს ვატარებთო; ღამღამობით სკოლაში ხშირად ვრჩებით, როცა შეტევა ხორციელდება, ვერ ვბრუნდებით უკანო; რეპეტიციების დიდი ნაწილიც ბუნკერში გვქონდაო...

კონკურსის მესამე, საფინალო დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა. სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილე გუნდებისა და სოლო შემსრულებლების დაჯილდოება უნდა ყოფილიყო. ჩვენი გუნდიდან პირველად დემეტრე ოქრიაშვილის ("რანინელის") სახელი გაისმა და მას პირველი ადგილი ღირსეულად მიანიჭეს. სამი დღის განმავლობაში იშვიათი მუხტი შექმნა დემემ და თავი ყველას დაამახსოვრა.

შემდეგ ჩვენი ოთო ბაზერაშვილი დასახელდა ("რანინელი"), რომელიც ჯერ ჩვეულებრივი სამოსით იდგა სცენაზე, მერე დემეტრესთან ერთად სწრაფად გამოიცვლიდა სამოსს, ჩოხას ჩაიცვამდა, "შავნაბადას" გუნდთან ერთად გამოდიოდა და ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. ამ ბიჭმა თავი ქართული ტემპერამენტით და იშვიათი ოსტატობით დაამახსოvრა მსმენელს, ჟიურის და ორგანიზატორებს. უნდა ვთქვა, რომ იქ ჩასულ ოთოს უკვე კარგად იცნობდნენ და თავს ეხვეოდა დიდი თუ პატარა. ბოლო დღეს ითხოვა, დღეს ჩოხით ვიმღერებ, თუ შეიძლებაო. ორმაგად ეფექტური იყო პატარა ბიჭის მიერ შესრულებული "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!" - მისი საოცარი შესრულების შემდეგ, ჟიურის გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი და ოთოს გრან-პრი გადასცეს.

მე ამ დროს კულისებში ვიდექი და დემეტრესთან ერთად ოთოს ვგულშემატკივრობდი. უცებ დემეტრეს გავხედე და ისე ტიროდა, გაოცებული დავრჩი. დარწმუნებული ვიყავი, თავისი ჯილდო გაუხარდა და ტიროდა, თუმცა ინსტინქტურად, გამამხნევებლად მაინც ვკითხე: რა გატირებს-მეთქი?! ოთომ ისე იმღერა თავი ვერ შევიკავეო! თურმე დემე ოთოს გულშემატკივრობას და მის ნამღერს აუტირებია... შევუერთდი დემეტრეს ემოციას, სხვა რა გზა მქონდა...

ეს პატარა ბავშვები ისე სამაგალითოდ ედგნენ ერთმანეთს მხარში, ერთი სანახაობა იყო. "შავნაბადაც" ამ დროს თავისი გუნდის წევრ ოთოს, დემეტრეს და თამარ პირველს ისე გულშემატკივრობდა, ეს კიდევ სხვა მუხტს ქმნიდა დარბაზში. როცა ათობით ახალგაზრდა ერთმანეთს მთელი არსებით თანადგომას უცხადებს, ასეთი ერთოჯახობა სამაგალითოდ გამოიყურებოდა და არნახულ ხიბლს სძენდა მოგზაურობას.

მოგვიანებით დემეტრე ოქრიაშვილის სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა და მას ფესტივალის ორგანიზატორების სახელით სპეციალური ჯილდო გადასცეს. დემეს ისევ ოთოს სახელი მოჰყვა და მასაც კიდევ ერთი ჯილდო, ფესტივალის დამაარსებლის სიმპათია გადასცეს. მათთან ერთად გამოცხადდა თამარ პირველი, რომელსაც ჟიურის წევრმა პერსონალური ჯილდო გადასცა.

ბოლოს, საგუნდო კატეგორიის დროც დადგა. "შავნაბადას" ბავშვები სხვების მსგავსად ღელავდნენ. ელოდნენ, რას გამოაცხადებდა წამყვანი, მით უფრო, მოწინავე ადგილის სურვილი ოთოს და დემეტრეს შემდეგ გამძაფრებული ჰქონდა გუნდს და ორმაგად ღელავდნენ.

ჩვენთვის სასიხარულოდ, მალევე გამოცხადდა, გრან-პრი "შავნაბადას" გადაეცემაო. ძალიან გაგვიხარდა. გრან-პრი ჩვენია! აღიარება ჩვენია! და ამ სიხარულის მიუხედავად, სულ გვახსოვდა ჩვენი ახალდამეგობრებული უკრაინული გუნდის პრობლემები.

ამიტომ, გალა კონცერტამდე ასე გადავწყვიტეთ - თუ "შავნაბადა" გრან-პრის მიიღებდა, ჩვენ მას ყველასთან შეუთანხმებლად, უკრაინულ გუნდს გადავცემდით და ასეც მოხდა! როგორც ზემოთ გითხარით, გამოცხადდა ჩვენი ჯილდო და ჩვენგან საბა ედილაშვილმა ეს ჯილდო სცენაზევე უკრაინელებს გადასცა!

როგორ დასრულდა ეს ყველაფერი და რამხელა ემოცია იყო, ამის ენით გადმოცემა წარმოუდგენელი მგონია... ტირილის, სიხარულის, სიმღერისა და თანადგომის განცდები ერთმანეთში ისე ირეოდა, უფროსები დაგვამუნჯა პატარების სიკაშკაშემ და მათმა გულწრფელობამ! მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეურყვნელი ხელოვნება ის შესაძლებლობაა, რომელიც მკაცრ საზღვრებს შლის და ყველგან აღწევს!"

პრაღაში გამართული მუსიკისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული, გრან-პრის მფლობელი ოთო ბაზერაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით "რანინა" გაიცნო. დღეს ის 13 წლისაა. თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ცხოვრობს. მასში სიმღერის ნიჭი დედამ და ბაგა-ბაღში მუსიკის მასწავლებელმა აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ სიმღერებსაც შესანიშნავად ასრულებს, ოთო აღნიშნავს, რომ ქართული ხალხური სიმღერა გამორჩეულად უყვარს. მისთვის საყვარელი შემსრულებლების სია კი ასე გამოიყურება: ჰამლეტ გონაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ჯანსუღ კახიძე, გოგი დოლიძე, ბუბა კიკაბიძე... ანსამბლი "შავნაბადა".

3dato-da-oto-1693208013.jpg

- ოთო, ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტის - "რანინა" მეშვეობით გაგიცნო. რა იყო ყველაზე რთული იმ დროს და რა იყო შენთვის მარტივი?

- პირველი სირთულე ის იყო, რომ ვოკალის მასწავლებელი არ მყავდა. თბილისში რომ ჩავედი, ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ თანდათან გავიხსენი და ნერვიულობის დაძლევა ვისწავლე, ეს დღეს უკვე ძალიან მადგება... საერთოდ, კონკურსში მისვლამდე ვოკალის პედაგოგი არ მყავდა, პროფესიულ დონეზე რომ მოვემზადებინე. სიმღერებს "იუთუბის" დახმარებით ვსწავლობდი. იცით, ჩემი თავის იმედი სულ მაქვს და მაშინაც ამ განწყობით ვიყავი.

- კარგია ასე რომ ფიქრობ. საკუთარ თავზე იმუშავე თუ ასეთი განწყობა ვინ შთაგაგონა?

- ეს ყველაფერი დედამ შთამაგონა. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების აზრი. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ სიტყვებს. თითოეულ ჩვენგანს რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რომ გვინდა, ყველანი ვიკრიბებით და ვმსჯელობთ. ჩემი ოჯახის წევრების შეფასება თუ რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- ბავშვთა გუნდის - "შავნაბადა" წევრი "რანინას" დასრულების შემდეგ გახდი?

- დიახ, 6 წლის ვიყავი, როცა დედას მეგობრები იყვნენ ჩვენთან. მაშინ "დაიგვიანეს" და "ლალე" ვიმღერე. ერთ-ერთმა პატარა მონაკვეთი დათო მასწავლებელს გადაუგზავნა. მან რომ მომისმინა, მოვეწონე და სურვილი გამოთქვა, ეს ბავშვი თბილისში ჩამომიყვანეთ და გუნდში ატარეთ; თუ სოფლიდან ტარება ვერ მოხერხდება, მაშინ გურჯაანში ანსამბლში მიიყვანეთო. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. წლები გავიდა, 11 წლის ვიყავი, "რანინაში" რომ მივედი. 6 წლიდან სურვილი მქონდა, ქართული ხალხური სიმღერები მესწავლა, მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ წლები გავიდოდა, მე კი პროექტში დათო მასწავლებელთან და მის ანსამბლთან ვიმღერებდი. "რანინა" რომ დასრულდა, დათო მასწავლებელმა ბავშვთა გუნდ "შავნაბადაში" მიმიყვანა, სადაც უკვე წელიწად-ნახევარია დავდივარ. გაკვეთილები კვირაში ორჯერ გვაქვს და თბილისში ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ თუ კონცერტისთვის ვემზადებით, მაყურებელს ხარისხიანი შესრულება რომ შევთავაზოთ, თითქმის ყოველდღიური რეპეტიციები გვაქვს. "რანინელმა" მასწავლებლებმა ვოკალის აკადემიაში ჩამრიცხეს - ქეთი ჯავახიშვილთან და შაბათ-კვირას იქაც დავდივარ. საქართველოს მასშტაბით გასტროლებით ხშირად გავსულვართ, საზღვარგარეთ კი პირველად ვიყავი.

ანა დათულიშვილი (ოთოს დედა):

- აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ შაბათ-კვირას ოთო თბილისში ჩამომყავს და მეგობართან ვრჩებით. დათო ცინცაძე და ქეთი ჯავახიშვილი ოთოს ყოველგვარი გადასახადის გარეშე ზრდიან და ამისთვის მადლიერი ვართ. დიდი მადლობა დათო ცინცაძეს ამ გასტროლისთვის და ასევე "რანინას" პედაგოგებს, ვინც ოთოს სიმღერა "ხმალი ავლესოთ, ქართველებo!" შეასწავლა.

- ოთო, ჩეხეთის შთაბეჭდილებები გაგვიზიარე...

- ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვმონაწილეობდით: უკრაინა, ჩეხეთი, ესპანეთი და ჩვენ. საქართველოდან 80-მდე ბავშვი ვიყავით, სხვადასხვა სტუდიიდან. "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!" ვიმღერე და ჩემი სურვილი იყო, ამ დროს სცენაზე ჩოხით ვყოფილიყავი, რათა ქართული სიდინჯე არ დამეკარგა. გრან-პრი გადმომცეს... ასევე, გრან-პრის მფლობელი გახდა მთელი "შავნაბადა", მაგრამ ჩვენ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პრიზი უკრაინელებისთვის გადაგვეცა. გასტროლების განმავლობაში უკრაინელებთან ხშირი კონტაქტი გვქონდა, ვმეგობრობდით და ერთმანეთის კულტურაზე ვსაუბრობდით. გოგონები ომისა და თავიანთი ცხოვრების შესახებ გვიყვებოდნენ, დაბომბვების დროს როგორ ისხდნენ სიბნელეში ბუნკერში, როგორ გადიოდნენ რეპეტიციებს... ერთ-ერთ უკრაინელს ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე ძმა მოუკლეს, მაგრამ ის გოგონა ფესტივალზე მაინც ჩამოვიდა. გასტროლების დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვაგრძელებთ კონტაქტს. როგორც მომწერეს, ჯერ პოლონეთში ჩავიდნენ და შემდეგ უკრაინაში.

7-1693208000.jpg

- შენს ნამღერზე სულ დადებითი შეფასებები იწერება, სოციალურ ქსელში კომენტარებს თუ კითხულობ?

- სულ ვკითხულობ და ეს ჩემთვის დიდი სიხარულია. ყველა დადებით ემოციებს გამოხატავს. საქართველოშიც და პრაღაშიც ასე იყო, იქ ქართველმა ემიგრანტებმა მიცნეს. ხალხის სიყვარული დიდი სიმდიდრეა.

- დაბოლოს, წინ კიდევ რამდენიმე წელია, მაგრამ როგორ ფიქრობ, სიმღერა შენი ძირითადი პროფესია იქნება თუ სხვა პროფესიას აირჩევ? სად და რა კუთხით გინდა შენი მუსიკალური კარიერა განავითარო?

- ძიუდო და თევზაობა მიყვარს. ძიუდოში ბოლო ერთი წელი გამიცდა, რადგან სიმღერის კუთხით ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა, თუმცა შემოდგომიდან ისევ მინდა ვარჯიში გავაგრძელო. მანქანის მართვის შესწავლით ვარ დაინტერესებული. დედ-მამა ამის საშუალებას ხშირად მაძლევs და მინდა უკეთ ავითვისო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მსურს მუსიკას გავყვე და ამ კუთხით პროფესიული განათლება მივიღო. ჯერ მარტო ფანდურზე დაკვრა ვიცი, სექტემბრიდან ვაპირებ სოლფეჯიო და სხვა საკრავებზე დაკვრა შევისწავლო. მინდა ჩემი კარიერა საქართველოში განვითარდეს, ხალხური სიმღერის მიმართულებით.

ანა კალანდაძე