გივიკო ხახიძე როლებზე, ადამიანებსა და კახი კავსაძესთან პარტნიორობაზე - გზაპრესი

გივიკო ხახიძე როლებზე, ადამიანებსა და კახი კავსაძესთან პარტნიორობაზე

"პატარა რომ ვიყავი, დედიკოს დავყვებოდი თეატრში და რეპეტიციებზე ვიჯექი ჩუმად, ყოველთვის მაინტერესებდა, ახლა კი თავად მაქვს რეპეტიციები", - ამ სიტყვებს სოციალურ ქსელში გივიკო ხახიძე მაშინ წერდა, როდესაც პატარა უფლისწულის როლისთვის ემზადებოდა.

შემდეგ მოხიტო გახდა - მერაბ კოკოჩაშვილის სრულმეტრაჟიან ფილმში "ტერცო მონდო" მთავარი როლი შეასრულა (ფილმი ეკრანზე არ გამოსულა), ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს და ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟთან არაერთ მსგავსებას პოულობს.

- თეატრში არა მხოლოდ დედას (ტექნიკური რეჟისორი მაია სახლთხუციშვილი), მამასაც (მსახიობი დავით ხახიძე) ხშირად დავყვებოდი. 12-13 წლის ასაკში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობდი. პირველი სპექტაკლი "ნაცარქექია" იყო. ერთ სპექტაკლსაც არ ვტოვებდი, ეს სამყარო ისე მიზიდავდა და მაინტერესებდა. როცა წამოვიზარდე და საკუთარი თავი ამ საქმეში გამოვცადე, დღეს ჩემში მსახიობობის სურვილი ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, თუმცა ინტერესი ბოლომდე არ გამნელებია.

მახსოვს, ბავშვობაში როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც მამა "პაკლონზე" გამოდიოდა, ხალხი ტაშს უკრავდა. მამაჩემით ყოველთვის ვამაყობდი. ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როდესაც იმ მსახიობებს გავიცნობდი, ვინც ძალიან მიყვარდა.

- მაგალითად?

- დუტა სხირტლაძე. მასთან ერთად ხადას ხეობაში გადაღებაზე ვიყავი. დუტასთან ერთად ლევან წულაძე გავიცანი და დედაჩემთან, სამეფო უბნის თეატრში - კახა კინწურაშვილი.

- მიამბე, პატარა უფლისწული როგორ გახდი?

- მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვიყავი და ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა მითხრა, - წამოდი, არ გინდა, სპექტაკლში ითამაშოო? როგორ არ მინდა-მეთქი, თეატრზე ვგიჟდებოდი. რამდენიმე თვე "ნაცარქექიაში" ვთამაშობდი. შემდეგ პატარა უფლისწულის განაწილება ვნახე და გვარი ხახიძე რომ ეწერა, ვიფიქრე, მამამ უნდა ითამაშოს-მეთქი. მაგრამ მალე გავარკვიე, რომ მე ვიყავი. პირველ შეკრებაზე მითხრეს, რომ პატარა უფლისწული უნდა ვყოფილიყავი და ძალიან გამიხარდა. ბუნებრივია, ამ შეკრებაზე იყო სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი კავსაძე.

- კახი კავსაძესთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებ?

- ბატონი კახის გვერდით სცენაზე გამოსვლა რამდენად დიდი პატივია, ამას მაშინაც ვხვდებოდი და ვაცნობიერებდი. ის მოგვიანებით გავიცანი, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე. ბატონი კახი ყოველთვის გვიყვებოდა ამბებს საკუთარი წარსულიდან, ყველა სპექტაკლის წინ მეხუმრებოდა, - აბა, გივიკო, ტექსტი შემახსენეო. სულ მამხნევებდა. მეუბნებოდა, - მშვიდად იყავი, არ ინერვიულო, მე გამომყევი, ნურაფრის შეგეშინდებაო. მეორე მოქმედება სცენაზე ჩვენი ხელჩაკიდებული გამოსვლით იწყებოდა, ამბავი სულ პატარა უფლისწულის გარშემო ხდებოდა, კულისებში არ გავდიოდი, სულ სცენაზე ვიყავი. თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ მამა და სხვებიც მამხნევებდნენ, - სანერვიულო არაფერიაო. წარმოდგენა რომ დასრულდა და ტაში დაუკრეს, ისე ვიყავი, ვეღარ ვსუნთქავდი, პირი გამიშრა, მაგრამ თან ამ ყველაფერს დიდი სიხარულიც ახლდა.

35026559-1824044510994615-8104930645664333824-n-copy-1693208725.jpg

- მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში "ტერცო მონდო" როგორ აღმოჩნდი?

- სანამ ეს მოხდებოდა, ცოტა ხნით ადრე, მერაბ კოკოჩაშვილის ერთ-ერთმა მოსწავლემ მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღო. ბატონმა მერაბმა იქ რომ მნახა, მოვეწონე. ფილმის კასტინგზე წავედი, მალე დამიკავშირდნენ და მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო. სცენაზე თამაშის გამოცდილება მეტ-ნაკლებად მქონდა და მინდოდა, გადასაღებ მოედანზე მოვხვედრილიყავი, კამერასთან მემუშავა. ჩემს პერსონაჟს მოხიტო ერქვა. მას ჰყავდა ძმაკაცი, ორივეს ერთი გოგო უყვარდა, ვერ გაიყვეს. მე მოხიტოს ბავშვობას ვთამაშობდი, სხვა მსახიობი 30 წლამდე ასაკს და დიდობაში - დუტა სხირტლაძე ასახიერებდა ამ პერსონაჟს.

- გადასაღებ მოედანზე თამაში მეტად ხომ არ მოგეწონა?

- კი, საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.

- რამდენი წლის ხარ?

- მალე 17 წლის ვხდები, წელს აბიტურიენტი ვარ.

- მომავალ პროფესიაზე რას გვეტყვი?

- არ მგონია, მსახიობი გამოვიდე, მაგრამ საბოლოო არჩევანი არ გამიკეთებია. ტექნიკური სფერო მიზიდავს, მათემატიკა მიყვარს. არადა, ბავშვობაში სულ ვამბობდი, როგორც მამა და ბაბუა (მსახიობი ელდარ სახლთხუციშვილი), მეც მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. მამასაც არ აქვს დიდად სურვილი, მის პროფესიას გავყვე.

- მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობოზე ჩაბარებას არ ფიქრობ, მაინც აქტიურობ ამ სფეროში, კასტინგის გზით მოხვდი სერიალშიც "ჩემი ცოლის დაქალები".

- დიახ, იმ დღეს ვარჯიშზე ვიყავი. შინ ვბრუნდებოდი, როცა მეგობრები შემხვდნენ და იქვე ეზოში ჩამოვსხედით. ამ დროს დამირეკეს, - გივიკო, როლზე შენ დაგამტკიცესო. იმ წუთში, ლაპარაკის დროს, ემოცია ვერ გამოვხატე, ტელეფონი გავთიშე და დავიყვირე, - ამიყვანეს-მეთქი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორც მე გამიხარდა, ისე გაიხარეს მეგობრებმაც და ეს ამბავი აღვნიშნეთ.

- შენი პერსონაჟი სათამაშოდ რამდენად საინტერესო ტიპაჟია?

- ეს ბიჭი, რაღაც მომენტებში ჩემს თავს მივამსგავსე. დაჩი თავისი ოჯახისგან განსხვავებული ადამიანია, მშვიდი ბიჭია, ბევრს არ ლაპარაკობს. მისთვის პარლამენტარის შვილობა პრივილეგია არ არის. სცენარი რომ გადმომიგზავნეს და გავიგე, მდიდარი პარლამენტარის შვილის როლი უნდა მეთამაშა, გავიფიქრე, ალბათ ეს ბიჭი ამაყი იქნება, ალბათ ადამიანებსაც ზემოდან უყურებს-მეთქი, სინამდვილეში კი სხვაგვარად აღმოჩნდა.

- დაჩის მშობლებთან ურთიერთობის პრობლემაზე რა შეგიძლია თქვა? მათ ერთმანეთის არ ესმით. როგორ ფიქრობ, ეს პრობლემა რეალურად რამდენად მწვავედ დგას?

- დიახ, მდიდრულ სახლში ცხოვრობენ, კარგი მატერიალური მდგომარეობა, გავლენა აქვთ, მაგრამ ბევრი რამ ეშლებათ. მშობლებსა და შვილს შორის გაუგებრობა ყველაზე რთული რამ არის. ვერ გეტყვით, რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა რეალურ ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ოჯახში ერთიანობა უნდა იყოს, მამა და დედა შვილს მხარში უნდა ედგნენ, ეხმარებოდნენ, უგებდნენ, არ შეიძლება სხვაგვარად იყოს.

- "გივიკო ჩემი ცხოვრების აზრია", - ასე ამბობს დათო ინტერვიუებში შენ შესახებ. თქვენს მამაშვილობაზე მიამბე.

- დედა და მამა - ორივე ჩემი ცხოვრების აზრია. მათ ჩემ შესახებ ყველაფერი იციან, არასდროს არც ერთისთვის არაფერი დამიმალავს. მხოლოდ ეგ არის, რომ მე და დედა მარტო ვცხოვრობთ, მამა ცალკეა. რაც მიხარია თუ მაწუხებს, ყველა თემაზე ვლაპარაკობთ. მამა ყოველთვის რჩევებს მაძლევს, სად როგორ მოვიქცე; დედაც ხშირად მარიგებს და მინდა აღვნიშნო, რომ მათი დარიგებები არაერთხელ გამომდგომია, ყოველთვის სწორ აქცენტებს აკეთებენ.

giviko-da-dato-copy-1693208745.jpg

- რიგ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები რამდენად გაქვთ?

- რა თქმა უნდა, გვაქვს, ამ თემებზეც არაერთხელ გვისაუბრია, ჯანსაღი ფორმით გვიკამათია.

- პოლიტიკოსების შვილი მეგობრები გყავს?

- ჩემი ბიძაშვილების მამა გარდაბნის მერია. თანამდებობას ეს ადამიანები არ შეუცვლია, მსგავსი რამ ერთხელაც არ შემინიშნავს. როგორებიც ბავშვობაში იყვნენ, დღესაც ისეთები არიან.

- ვინ არიან ის ადამიანები, ვის შეფასებასაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდები?

- ჩემი მშობლები. მამა მსახიობია და ყოველთვის ზუსტად იმას მეუბნება, რაც საჭიროა. რამდენი სერიაც გამოვიდა, ყოველი სერიის მერე მას დავურეკე და ვკითხე, - მა, მითხარი, როგორი იყო, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა-მეთქი? თუ საჭიროა, მაკრიტიკებს კიდეც. ჩემი მშობლების აზრი ერთმანეთს სულ ემთხვევა.

- როდესაც ეკრანზე საკუთარ თავს უყურებ, ამ დროს რა განცდა გაქვს?

- ძალიან მიჭირს. პირველ სამ სერიას მეგობრებთან ერთად ვუყურე. ხომ ვიცოდი, ეკრანზე რა დროს გამოვჩნდებოდი და ვნერვიულობდი. როცა მარტო დავჯექი საყურებლად, ტელევიზორი გამოვრთე, ვერ ვუყურე.

- დადებითი ხასიათის გამო, მაყურებელმა შენი პერსონაჟი ალბათ შეიყვარა, ამას გრძნობ?

- დაჩი მაყურებელში სიმპათიას იწვევს - ქუჩაში გასვლისას ამას ხალხის ემოციით და რეაქციით ვხვდები. რამდენჯერმე გამაჩერეს, ფოტო გადამიღეს. ზოგი ხმამაღლა დაჩისაც მეძახის (იცინის). კაფეში მეგობრებთან ერთად ვიყავი და კაცი მოვიდა, - შენ ხომ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობ? გიყურებ, მომწონხარო... ეს სიტყვები ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო.

თამუნა კვინიკაძე