ანემონის ყვავილები და სხვა ფიგურები პოლიმერული თიხით...
"მე და ბაბუაჩემი ერთ დღეს, 20 ნოემბერს ვართ დაბადებული. 4 წლის წინ თავს შემოვუძახე და ამ დღეს, მისი ხსოვნის პატივსაცემად, სოციალურ ქსელში გავაკეთე გვერდი. დასახელება მასთან ასოციაციასაც იწვევს და ზოგადად, მოგონებებთან კავშირშია. მას შემდეგ ხელი ნელ-ნელა დავხვეწე, პროდუქცია ჩემთან ერთად იზრდება და ვითარდება", - ამბობს ნათია მანაგაძე, რომელიც პოლიმერული თიხით ათასგვარ ნივთს ქმნის.
- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. იქვე დავამთავრე უნივერსიტეტი, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ბავშვობაში ვხატავდი, დეიდა მხატვარ-მოდელიერი მყავს და მისი ინსპირაციით, მეც მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი ან ხელოვნების რომელიმე დარგთან კავშირი მქონოდა. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაც მსურდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და შეიძლება ითქვას, ის სიყვარული, იმ საქმეში რეალიზდება, რასაც დღეს ვაკეთებ. პროფესიით არასდროს მიმუშავია. ბავშვი რომ შემეძინა, ბაღში მუშაობა დავიწყე, სადაც შვილთან ერთად დავდიოდი. იმავე პერიოდში სხვადასხვა აქსესუარს ვაკეთებდი, თუმცა არა სარეალიზაციოდ, არამედ ჩემთვის და საჩუქრად. ვაკეთებდი: ტყავის საყელოებს, სამაჯურებს, სხვადასხვა აქსესუარს ქვებით ვაწყობდი, ვხატავდი, ცოცხალი ყვავილებით კოლაჟებს ვქმნიდი და ა.შ. ვერ ვისვენებდი და სულ ახალ-ახალ გზას ვეძებდი. 4 წელია საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. წლების წინ პოლიმერული თიხა ისეთი გავრცელებული არ იყო, როგორიც დღესაა, ახლა ბევრი მუშაობს ამ მიმართულებით. ინტერნეტში სხვადასხვა უცხოურ საიტზე პოლიმერული თიხით გაკეთებული ჭიქის დეკორი მქონდა ნანახი. სულ მინდოდა მეცადა და ერთხელაც შევიძინე თიხა. მხოლოდ 2 ფერითა და კბილის ჩხირებით ყვავილები გავაკეთე. რაღაც რომ შევქმენი, იმდენად დიდ ემოციებში ვიყავი, მას შემდეგ თიხისთვის ხელი აღარ გამიშვია. სულ ძიებაში ვიყავი, ვიდეოგაკვეთილების საშუალებით ვცდილობდი დახვეწას და მართლაც, ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვიე, აქამდე მოვედი. ამ საქმის პარალელურად, ამჟამად ვმუშაობ 2 სკოლაში, სპეციალური საჭიროების ბავშვებთან. საგაკვეთილო პროცესში მათთან ერთად ჩართული ვარ, ვეხმარები, დავალებებს ვუმარტივებ. ვცდილობ მათთვის სწავლა სახალისო და საინტერესო იყოს. ამ მხრივაც ვცდილობ სხვადასხვა ტრენინგით კვალიფიკაცია ავიმაღლო.
- თავდაპირველად რა მიმართულება გქონდათ და წლების განმავლობაში რა შემატეთ?
- თავიდან თმის სამაგრი და ჭიქის დეკორი გავაკეთე, მაგრამ ვინაიდან ეს მასალა ბევრ შესაძლებლობას იძლევა, მაქვს: ბრელოკები, ქალის სხვადასხვა აქსესუარი, ჩარჩოები, კედლის დეკორი, გულსაბნევები, მინიატიურები. ბოლო პერიოდში შეემატა თოჯინები და სკულპტურები, როგორც პორტრეტული, ისე ტიპაჟური. ესენი ძირითადად 12-სანტიმეტრიანი დასადგამი თოჯინებია, ხოლო ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი - კინტო 20 სანტიმეტრსაც აღწევს. შეკვეთა ცოლ-ქმრისგან მივიღე. ძალზე საინტერესო იყო ამ ფიგურაზე მუშაობა და თავადაც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა არყის ჭიქებმა, რომელსაც ხინკალი, წიწაკა, კიტრი-პომიდორი და სხვა ფიგურებით გაფორმდა. ახლა მერილინ მონროს ფიგურაზე ვმუშაობ და ვნახოთ, რა გამოვა. საერთოდ, ადამიანებისგან დადებითი შეფასებები მოდის და როცა ამას მწერენ, სქრინების სახით ვინახავ. ჩემი ნამუშევრები წელს, 26 მაისთან დაკავშირებულ გამოფენაზეც გავიტანე და იმ ემოციებითაც მოვიხიბლე, რაც ხალხისგან პირისპირ შეხვედრისას მოდიოდა. ყველა ნამუშევარში მთელ სულსა და გულს ვდებ. ვფიქრობ, დიდი ბედნიერებაა, როცა იმას აკეთებ, რაც მოგწონს.
- ყველაზე მეტად, რა მიმართულებით მოგწონთ მუშაობა?
- ვერ გამოვარჩევ. ახლახან გავაკეთე ბეჭდების მოდელები. ცოტა ხნის წინ, ქუთაისში ჩემებთან დასასვენებლად ვიყავი და ყვავილი-ბეჭდები იქაც შევქმენი. იქვე გადავწყვიტე მასტერკლასები ჩამეტარებინა, რომელიც 3 დღე გაგრძელდა. საინტერესო პროცესი აღმოჩნდა და ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. უწინ მსგავსი მასტერკლასები რომ ყოფილიყო, ალბათ აუცილებლად დავესწრებოდი. ვინაიდან პოლიმერული თიხა დიდ ინტერესს იწვევს, უახლოეს მომავალში მინდა მასტერკლასები თბილისშიც ჩავატარო. დიდი ზომის ინტერიერის თოჯინების დამზადებასაც ვფიქრობ, ასევე მსურს ხის ზარდახშები პოლიმერული თიხის თოჯინებით გავაფორმო. ვფიქრობ, ლამაზი გამოვა...
ანა კალანდაძე