"ბავშვობაში დავბრუნდებოდი და იმ გემრიელ შოკოლადს შევჭამდი" - გზაპრესი

"ბავშვობაში დავბრუნდებოდი და იმ გემრიელ შოკოლადს შევჭამდი"

სახელი, გვარი: მადონა კოიძე:

ასაკი: 53 წლის.

განათლება: დაამთავრა კვების მრეწველობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი, ასევე - ეკონომიკის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და გადაცემა "სახალხო კონტროლის" წამყვანი.

ჰობი: ნიშ სუნამოების კოლექციის შეგროვება.

ცხოვრების დევიზი: "თუ მოგწონს ცისარტყელა, წვიმაც უნდა გიყვარდეს"; "არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს არ აკეთებს".

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ჩვეულებრივ ქართველ ქალს: ზოგჯერ - დაღლილს, ზოგჯერ - კარგ ხასიათზე მყოფს... ზოგჯერ ჩემი თავი მომწონს, ზოგჯერ - არა, ხან ნანერვიულები სახე მაქვს და ჩაშავებული თვალები... საბოლოო ჯამში, ჩვეულებრივი, რუტინული ცხოვრების მქონე ქალბატონს ვხედავ.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- სატელევიზიო სივრცეში "სახალხო კონტროლის" გასვლიდან მალევე, როდესაც პირველად ქუჩაში უცხო ადამიანები მესალმებოდნენ, ბავშვები მეხუტებოდნენ... თავდაპირველად, ეს თავბრუდამხვევი იყო. სიმართლე გითხრათ, გარკვეული პერიოდი დამჭირდა, ყველაფერს რომ მოვრეოდი და მივმხვდარიყავი, რომ აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა - ისევ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ტელევიზიაში ვმუშაობ და დღეს აქტუალური ვარ. ხვალ გადაცემა რომ დასრულდეს ან მიკროფონი თავად დავდო, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდები. ადამიანებს ახასიათებთ, როდესაც ეკრანზე გხედავენ, გაღმერთებენ, მწვერვალზე აჰყავხარ... მოკლე პერიოდია საჭირო, რომ პოპულარული გახდე და ასევე, მცირე დროში შეიძლება უბრალოდ, ყველას დაავიწყდე. ეს კარგად მაქვს გააზრებული. ამიტომ "თავში არ მივარდება", რომ დღეს მოთხოვნადი ვარ და საზოგადოებაში პოპულარობით ვსარგებლობ.

- ბოლოს შენიშვნა ვისგან მიიღეთ?

- მაგალითად, 1 საათის წინ, ჩემმა შვილმა - ლიკუნამ შენიშვნა მომცა. მიმაჩნია, რომ სწორი შენიშვნა იყო - ცოტათი დამაფიქრა...

- შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, რასთან დაკავშირებული შენიშვნა იყო?

- ძალიან ემოციური ვარ. ამიტომ, როდესაც რამე მომწონს და ამის შესახებ ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე ვწერ, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რომ ყველაფერი რეკლამად მიიჩნეოდეს, რადგან მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არა? აზრის დაფიქსირების უფლება მეც მაქვს. ლიკუნა მეუბნება (პრინციპში, მართალია), რომ ყველაფერი რეკლამად აღიქმება და კარგი იქნება, თუ ემოციას სახალხოდ არ გამოვხატავ - რაც მომწონს, ამაზე აქცენტს არ გავაკეთებ, თუმცა ბოლომდე არ ვეთანხმები.

- ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?

- შრომისუნარიანობა, ძლიერება და მიზანდასახულობა.

- დღის რომელ მონაკვეთში ხართ ყველაზე მეტად შრომისუნარიანი?

- ყოველთვის შრომისუნარიანი ვარ.

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ?

- დილა მიყვარს, რადგან ბედნიერი ვარ ყოველი ახალი დღის შესაძლებლობებით...

- დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს, რომელ ეპოქას აირჩევდით?

- იმას, სადაც ვარ. არაფერს შევცვლიდი. ჩემი ყოველი გავლილი გზა მიყვარს - შეცდომებითა და მიღწევებით... არის ეპიზოდები, რომლებსაც ოდნავ კორექტირებას გავუკეთებდი, მაგრამ საფუძვლიანად არაფერს შევცვლიდი... ალბათ, დროში მოგზაურობის შესაძლებლობას თუ მაინც გამოვიყენებდი, ბავშვობაში დავბრუნდებოდი და იმ გემრიელ შოკოლადს შევჭამდი, რომელსაც დღეს ვეღარ ვშოულობ (იცინის). არ ვიცი, ასაკი მომემატა, გემოვნება შემეცვალა თუ მართლა აღარ არის ისეთი გემოს მქონე ტკბილეული, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო... ის გემო მენატრება, ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ...

- ასაკის მატება გაშინებთ?

- არანაირად, რადგან ეს ეტაპი ყველამ უნდა გაიაროს. მიმაჩნია, რომ ადამიანი შინაგანად რამდენისადაც გრძნობს თავს, იმ ასაკის არის. ჩემი ასაკი არასოდეს დამიმალავს - ნოემბერში 54 წლის ვხდები და ვამაყობ, რომ თავის მოვლას საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობ. ვცდილობ, კარგად გამოვიყურებოდე. მიხარია, რომ 50 წელს გადაცილებული ბევრი ადამიანი კარგად გამოიყურება - ლამაზი, დახვეწილი ქალბატონები არიან. ბევრი მათგანი დადის ესთეტიკურ ცენტრებში, კლინიკებში, სილამაზის სალონებში... საქართველოში, ქალბატონების უმეტესობა ძალზე მოვლილი და ლამაზია, რაც, რა თქმა უნდა, მეც მსიამოვნებს. თავადაც ვცდილობ, მაქსიმალურად მოვლილი, მოწესრიგებული ვიყო, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს ლამაზი და ულამაზო ქალი, არსებობს - მოვლილი და მოუვლელი.

- ერთ დღეს ესთეტიკური მედიცინის ყველა ცენტრი რომ გაქრეს, თქვენთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება, თუ თავის მოვლას დამოუკიდებლადაც შეძლებთ?

- მაკიაჟს საერთოდ ვერ ვიკეთებ - "ორივე ხელი მარცხენა მაქვს". თმას რაც შეეხება, ნიკა პლიევი რომ არ მყავდეს, ალბათ, თავს მოვიკლავდი... კონკრეტული ესთეტიკური ცენტრი ამოჩემებული არ მაქვს, მაგრამ ახლახან ისეთი ცენტრი ვიპოვე, სადაც ჩემი ყველა მოთხოვნა და პრეტენზიები, ამბიციები, ურთულესი ხასიათი დააკმაყოფილეს. დღეს სოციალურ ქსელებში ბევრი "ჰეითერი" გამოჩნდა: ჩასაფრებულები არიან, რამე რომ შეგეშალოს და მაშინვე დისკომფორტი შეგიქმნან. თუკი რამ მოგვწონს, რატომ არ უნდა გავაზიაროთ, ვერ ვხვდები. ადამიანს საკუთარი დადებითი თუ უარყოფითი აზრის დაფიქსირების საშუალება უნდა გქონდეს...

- რომელ საკვებ პროდუქტს მიირთმევთ ყველაზე ხშირად?

- ულაქტოზო რძის პროდუქტს. ბოლო დროს, იოგურტი და საერთოდ, მსუბუქი საკვები მსიამოვნებს, თუმცა ხორცი, თევზიც მიყვარს, მაგრამ მოხარშული, მსუბუქი უნდა იყოს... სიმართლე გითხრათ, ტრადიციული საკვები ჩემთვის ცოტათი მძიმეა...

- როდესაც ადამიანს პირადად ხვდებით, მის გარეგნობაში პირველად რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- ხელები და თვალები. როცა ადამიანთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებას ვაპირებ, მასთან ტელეფონით საუბარი არ მიყვარს - აუცილებლად უნდა შევხვდე. ხშირად ვამბობ, - ადამიანს კანით ვგრძნობ-მეთქი. ეს იმას ნიშნავს, როცა ადამიანს ვუყურებ, მის აურას ვგრძნობ: ან მსიამოვნებს, ან - არა. თუ პირველი შეხვედრისას რაღაცნაირად, აფორიაქებული ვყოფილვარ, შემდგომში აუცილებლად მეტი დისკომფორტი მიგრძნია და ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა, მეგობრობაში არ გადაზრდილა; როცა თავიდანვე კომფორტულად ვგრძნობ თავს, ურთიერთობა კარგ მეგობრობაში გადაიზრდება ხოლმე... ძალიან მაღიზიანებს, სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანები რომ მწერენ - რა არის შენთან ახალიო? ადამიანს ეს რომ მისწერო, ჯერ მისი ძველი ამბები უნდა იცოდე. ასევე, მწერენ - თქვენთან მეგობრობა მინდაო. მეგობრობა ღილაკზე 1 თითის დაჭერა და "ფეისბუქზე" მეგობრობის თხოვნაზე თანხმობის მიცემა არ არის. სოციალურ ქსელში მეგობრობა არ ნიშნავს, რომ ის ცხოვრებისეულში გადაიზრდება. კარგი მეგობრის ყოლა დიდი ვალდებულება და ბედნიერებაა. წლების მეგობრებიც მყავს და ახლადშეძენილებიც, მაგრამ ეს ყველაფერი - პირადი ურთიერთობებით და რეალურ ცხოვრებაში შეხვედრების შემდეგ "მოდის" და არა - სოციალურ ქსელში ფრაზით, - "მოდი, ვიმეგობროთ". შეიძლება, ძველმოდური ვარ, მაგრამ ვირტუალური მეგობრობის პირად მეგობრობაში გადაზრდას ვერ ვახერხებ.

- დაგიკარგავთ მეგობარი?

- ძალიან ბევრი. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მეგობარი არ დაუკარგავს, როგორც ფიზიკურად, ასევე - როცა ერთმანეთთან რაღაც შეეშალათ... ძნელად შემიძლია, ადამიანს რამე ვაპატიო. ურთიერთობებს ვუფრთხილდები, მაგრამ როდესაც მიმაჩნია, რომ ჩემი კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობას ცდილობენ, ამ შემთხვევაში, ვცდილობ, უკან დავიხიო და დისტანცია გავზარდო...

- როგორი ურთიერთობა გქონდათ ბებიასთან?

- ჩემთვის ის უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო. მას "დიდედას" ვეძახდი ანუ ჩემი "დიდი დედა" გახლდათ. ძალიან ლამაზი და დახვეწილი ქალბატონისგან ბევრი რამე, რაც მთავარია - სიკეთის კეთება ვისწავლე. ბაბუას ძმა ძალიან ადრე გარდაეცვალა. ბებიამ მისი შვილებიც საკუთარივით გაზარდა. ისინი ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანები იყვნენ და დღესაც ასეა. ბებიას 6 შვილიშვილი ჰყავდა. პირველი მე გახლდით. გამორჩეულად ვუყვარდი. მისმა ხასიათმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ბებიისთვის გაჭირვებული ადამიანი პირველ ადგილზე იყო. სამედიცინო სფეროში მუშაობდა. დაუზარელი გახლდათ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ეხმარებოდა - მისთვის სიტყვა "არა" არ არსებობდა. ყველას დიდ პატივს სცემდა, ადამიანები უყვარდა... მერე ბებია კლინიკიდან წამოვიდა, პენსიაზე გავიდა და სახლში პაციენტებს მასაჟებს უკეთებდა. წლების მერე, ნათია გეთია დამიკავშირდა და მადლობა გადამიხადა, რომ ჩემმა დიდედამ მას თავისი სამუშაო სფერო შეაყვარა, მისთვის მნიშვნელოვანი პროფესია შეაძენინა და ფაქტობრივად, საკუთარი თავი აპოვნინა. ამით ძალიან ვამაყობ, რა თქმა უნდა... ლამაზი და კეკლუცი ბებია მყავდა (იღიმის)...

- რა ნიშნით აფასებთ ადამიანებს?

- პატიოსნებით, ერთგულებითა და თავდადებით.

img-5724-1693809619.jpg

- თქვენი ხასიათის უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- ეჭვიანობას. ზოდიაქოს მიხედვით, მორიელის ნიშნით ვარ დაბადებული და ეჭვიანი რომ არ ვიყო, ნამდვილად გასაკვირი იქნებოდა. სიტუაციას ყოველთვის ბოლომდე დეტალურად ვსწავლობ...

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- არა. შეიძლება, რაღაც სიტუაციაში არ ჩავრეულვარ, მაგრამ ზედმეტად ან უსარგებლოდ არასდროს მიგრძნია თავი.

- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- ისეთ რამეს არასოდეს შევჭიდებივარ, რასაც ვერ მოვერეოდი. ამიტომ იმედგაცრუებაც არ მიგრძნია. საერთოდ, ცხოვრებაში ძალიან აზარტული ვარ. რამეს თუ ხელს მოვკიდებ, ბოლომდე ვიბრძვი, რომ გამომივიდეს, მაგრამ ის უარყოფითი თვისება მაქვს, რომ ფინიშის ზოლამდე მისული უკვე ინტერესს ვკარგავ.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ხალხმოყვარეობა.

ეთო ყორღანაშვილი