"მენატრება ჩემი სოფლები... და უზარმაზარი მუხის ხე, რომლის ძირშიც ვიჯექი ბავშვობაში" - გზაპრესი

"მენატრება ჩემი სოფლები... და უზარმაზარი მუხის ხე, რომლის ძირშიც ვიჯექი ბავშვობაში"

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ქალბატონი მარინე ძაგნიძე უკვე 25 წელია, ემიგრანტია. ცოტა ხნის წინ ის პროექტში - "სამოსი სამშობლო" მონაწილეობდა, რომლის წყალობითაც გავიცანი. როგორც პროექტის იდეის ავტორმა, ლელა ნინუამ მითხრა, ქალბატონი მარინა 30 წელია, მედიცინის მუშაკია და თეთრი ხალათი არის მისი სამოსი, მისი სიამაყე და სუპერშესაძლებლობების სიმბოლო. სადაც უნდა იყოს, ყველგან ღირსეულად წარმოაჩენს სამშობლოს და მუდამ იმის მცდელობაშია, საჭიროების შემთხვევაში, ყველას მხარში ამოუდგეს, სიკეთეს ემსახუროს...

- როცა მრგვალი თარიღი გისრულდება, ადამიანი რაღაცნაირად, სხვანაირად აფასებ შენს განვლილ ცხოვრებისეულ გზას. მემუარები რომ ვწერო, დაახლოებით იმ ასაკის ვარ - 60 წლის გავხდი და თუ დამიჯერებთ, ახლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ფაზაში გახლავართ. ჩემს 91 წლის მხცოვან და ბრძენ დედას რომ ვუყურებ, ასაკის მატებასთან ერთად გაჩენილი შიში საერთოდ მიქრება. დედის ასაკამდე 32 წელი მიკლია და ეს მთელი ცხოვრებაა. იმედი მაქვს, ამ წლებს შინაარსიანად გავატარებ. ყველაზე მთავარია, გადალახო უიმედობის, შიშის გრძნობა, მყარად ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების და იცხოვრო სრულყოფილად, იმ გრძნობით, რომ ყოველი დღე განგების საჩუქარია და გაატარო ეს დრო შინაარსიანად, პოზიტიურად. 25 წელია ემიგრაციაში ვარ და ეს რომ სამშობლოდან წამოსვლის წინ ეწინასწარმეტყველა ვინმეს ჩემთვის, ვერაფრით დავიჯერებდი. წამოვედი მხოლოდ 2 წლით, ყოველ შემთხვევაში, ასე დავპირდი დედას, რომელსაც დავუტოვე 11 და 14 წლის შვილები. ერთ ძალიან წვიმიან აპრილის დღეს გამოვიხურე კარი და გავუყევი სრულიად ახალი, იდუმალებით და მოულოდნელობებით სავსე ახალი ცხოვრების გზას. იყო ეს გაქცევა? დიახ, პირველ რიგში, ეს იყო გაქცევა პირადი ცხოვრებიდან და მეორეც, ეს იყო გაქცევა დაღლილი, გაბრაზებული, უკმაყოფილო ქალისა იმ ბნელი 90-იანების ყოფისგან.

367851438-6593026464159587-7569714572969474929-n-1693812517.jpg

- და რატომ ამერიკა?

- ეს ქვეყანა ჩემს წარმოსახვაში იდეალური იყო საიმისოდ, რომ ლაღად, თავისუფლად, უშიშრად გეგრძნო თავი; ვფიქრობდი, რომ აქ ბედნიერად ცხოვრების გარანტია მექნებოდა და ეს იმედები ამერიკამ ნამდვილად გამიმართლა. თავისუფლების განცდა, რომელიც ამ ქვეყანაში შევიგრძენი, ყველაფერზე ძვირფასია; ეს ის განცდაა, რომელსაც ვერასდროს შეველევი და ვოცნებობ, ჩემი სამშობლო, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელია, იმავე განცდას უქმნიდეს ყოველ ქართველს და არავის ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ უსამართლობა ლოდივით აწევს ზურგზე და ჭაობისკენ მიაქანებს. ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც ახალგაზრდებს არ გაუჩნდებათ უიმედობის, უპერსპექტივობის გრძნობა და სურვილი, ჩემსავით გაექცნენ პირად ცხოვრებას, ქვეყანას.

მე ხელახლა დავიბადე ამერიკაში. მეცინება, რომ ვიხსენებ, როგორ შემოვედი აქ - გრაფინიასავით ჩაცმული... მოვდიოდი და თან მომქონდა აეროპორტი განცდით: აჰა, მოვედი და მიმიღეთ ეს ამხელა ფილარმონია ქალი-მეთქი (იცინის). აქ დამხვდნენ მეგობარი ბიჭები, დაღლილი სახეებით, შორტებით, ბოტასებითა და მაისურებით. 24 საათში მივხვდი, რომ აბსოლუტურად ამოვარდნილი ვიყავი კონტექსტიდან და საკუთარ თავს ვუთხარი, - დაივიწყე ვინც იყავი, მარინა, შენ ახალი ფურცლიდან იწყებ ცხოვრებას! ყველაფერი 180 გრადუსით ამოაყირავე და ახლა მოგეცა მეორე შანსი, ხელახლა დაწერო შენი ცხოვრების ფურცლები ისე, როგორც შენ გსურს და თუ რამე ისე არ გამოვიდა, როგორც იმედოვნებდი, ამაში დამნაშავე იქნები შენ და მხოლოდ შენ-მეთქი! ჩემი გეგმები იყო რეალური, შესრულებადი და მინიმალისტური. ოცნების კოშკები არასდროს ამიგია და არც ახლა ვაგებ. ვცხოვრობ დღევანდელი დღით და მჯერა, რომ ხვალინდელი დღე თვითონ მიხედავს საკუთარ თავს.

- ვიდრე საზღვარგარეთ გამგზავრების გეგმას დასახავდით, სამშობლოში რას საქმიანობდით?

- სამშობლოში წამყვანი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პოსტი საკუთარი ნებით გავცვალე უცხო ქვეყანაში ჯერ ორი ახალშობილის ძიძობაზე და მერე - ხანდაზმული ამერიკელების კომპანიონობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პროფესია, ზოგადი განათლება და ენის ცოდნა დამეხმარა მქონოდა ხანგრძლივი სამსახურები ისეთ პაციენტებთან, რომლებთანაც გაუთქმელობის კონტრაქტიც მქონდა დადებული. ერთი წელი ჩემმა საკუთარმა დამაც არ იცოდა, ვისთან ვმუშაობდი და ამას ალბათ, მემუარებში თუ გავამხელ... აქ მალევე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შვილების გარეშე აუტანელი ჯოჯოხეთი იქნებოდა და ყველაფერი გავაკეთე, რომ ისინი ჩამომეყვანა. ეს არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. ეს გახლდათ უზარმაზარ ხარჯებთან და ნერვების ცვეთასთან დაკავშირებული გზა, რომლის გავლასაც ისევ თავიდან, ალბათ, ვეღარ შევძლებ...

368792250-1385516275642733-8681237748155845228-n-1693812532.jpg

- სირთულეების მიუხედავად, შეძელით და ამერიკაში კარიერა აიწყვეთ. როგორც მედიცინის მუშაკმა, როგორ დაიმკვიდრეთ თავი?

- ერთ დღეს დავჯექი, ავიღე სქელტანიანი წიგნები, გავთიშე სოციალური მედია, რომელშიც ასე აქტიურად ვარ დღემდე ჩართული, გამოვაცხადე სრული იზოლაცია და დავიწყე მზადება დავიწყე ამერიკაში რეგისტრირებული ექთანის სალიცენზიო გამოცდისთვის. 50 წლისა გავხდი ექთანი და ჩემი ექიმობა დამეხმარა, თავიდანვე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წავსულიყავი. 2007 წელს ვიყიდე პირველი სახლი, 2016 წელს - მეორე და ჩემს ბარტყებს დავახვედრე ბუდე, საიდანაც ყველა დაფრთიანდა და ახლა თავიანთ ბუდეებში ცხოვრობენ... სხვათა შორის, ჩემს წამოსვლას მოჰყვა ჩემი დის, დისშვილის და ბოლოს, დედის ჩამოსვლაც. ქუთაისში დაგვრჩა გამოკეტილი სახლი და ნათესავები, რომელთა ნახვასაც ყოველ წელს ვეშურები; ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერებისა და სიხარულის დღეები.

- როგორია თქვენი თვალით დანახული ქუთაისი?

- დედასავით ტკბილი და გულში ჩასახუტებელი. როგორც მშობლის ნაკლს ხედავ, მაგრამ არ იმჩნევ, ასე ვარ მეც ქუთაისის მიმართ განწყობილი. გასაკეთებელს ბევრს ვხედავ. მე და ჩემს მეგობრებს რაც შეგვიძლია, აქედანაც ვაკეთებთ.

- მითხრეს, რომ ქველმოქმედებითაც ხართ დაკავებული. ცოტა რამ ამაზეც მიამბეთ.

- ერთ დღეს მეც, ისევე როგორც მთელი საქართველო, შემძრა შვილმოკლული მამების ბედმა და "ერთი სამაჯურის აქცია" წამოვიწყე. ჩავწერე და "ფეისბუკზე" ავტვირთე 5-წუთიანი ვიდეო, რომელმაც ბოლო 5 წელია, ცხოვრება რადიკალურად შემიცვალა. ჩემს გულწრფელ ემოციას აჰყვა არა მარტო ამერიკელი, არამედ მთელი მსოფლიოს ქართველი ემიგრაცია და გავხსენი ფონდი GოFუნდMე-ზე, ჩემი სოლიდარობა გამოვხატე შვილმოკლული მამების მიმართ. ამან შემძინა ღვიძლი ძმასავით საყვარელი ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი. ცოტა ხანში ჩვენი ქველმოქმედების ტალღა ისე აზვირთდა, რომ საბოლოო ჯამში, სხვადასხვა საჭიროებისთვის ამერიკელმა ემიგრანტებმა შევაგროვეთ და საქართველოში გამოვგზავნეთ 73.000 დოლარზე მეტი. ამას ჩემი ბევრი ემოცია, მენტალური ჯანმრთელობა და სხვადასხვა სამსახურთან ბრძოლა მოჰყვა, რამაც მხოლოდ გამაძლიერა და მიზანი მისცა ცხოვრებას. ჩემ გარშემო შემოიკრიბა პატრიოტი ადამიანების მტკიცე ჯგუფი, რომელიც ნაპერწკალივით ღვივის და ერთ დაძახებაზე ალად აენთება. ჩემს საქველმოქმედო საქმიანობაში ერთგულად მედგა მხარში ჩემი და, ასევე - დედა, რომელიც ღამეებს ათევდა და დონორებისთვის ქსოვდა ქუდებს, წინდებს.

369604352-321839413606468-929750120471574795-n-1693812543.jpg

- დედათქვენი როგორ შეეგუა უცხო ქვეყანაში ცხოვრებას?

- რაც შეეხება დედას, 7 წლის წინ ჩამოვიყვანე. პირველი 4 წელი მიდი-მოდიოდა, ზამთრობით აქეთ რჩებოდა და გაზაფხულზე ვეღარ ვაკავებდით, მისი ფუძისა და ჭერის მონატრება აწუხებდა. ძალიან რთულად შეეგუა აქაურობას. უკვე მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება, მარტო ვერ იცხოვრებს. ყველა აქეთ ვყავართ და შეეგუა იმ აზრს, რომ ამხელა მანძილზე ფრენა, იქ მარტო ყოფნა მისთვის უკვე აღარ შეიძლება...

- შვილებიც გაგვაცანით...

- ჩემი ქალიშვილები, ღმერთის წყალობით, შემდგარი ახალგაზრდები არიან. უფროსი ქალიშვილი - თამთა ჩხიკვაძე ნიუ-იორკში პირველი ქართველი გასტროენტეროლოგია და ის, რაც მე ვერ ავისრულე, როგორც პირველი თაობის ემიგრანტმა, ჩემმა ქალიშვილმა აისრულა. უმცროსი ქალიშვილი - გვანცა ჩხიკვაძე, რომელმაც პროფესიად ფილოსოფია და პოლიტიკური მეცნიერება აირჩია, 10 წელზე მეტია ჰემპტონში ცხოვრობს და იქაურ საზოგადოებაში პატივს სცემენ, მიმართავენ, როგორც Gეორგიან Qუეენ Gვანტსა. შვილიშვილი გვანცა ბერიძე 20 წლისაა, სწავლობს კოლეჯში, თან მუშაობს. უყვარს მოგზაურობა და წელიწადში 2-3-ჯერ სტუმრობს სხვადასხვა ქვეყანას... უმცროსი შვილიშვილი - ანა ბებოს გულის ვარდია. წელს "ჰაისქულში" მიდის და ესეც თავისებურად ახალი ეტაპია მისთვის.

- რა გენატრებათ მანდ ყველაზე მეტად და შინ, სამშობლოში დაბრუნება თუ განიხილება უახლოეს მომავალში?

- ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სოფლები: სალხინო და დღნორისა; უზარმაზარი მუხის ხე, რომლის ძირშიც ვიჯექი ბავშვობაში და ხვამლს გავყურებდი. შეიძლება ჩემს მეოცნებეობას იქაც ჩაეყარა საფუძველი; მენატრება ჩემი სოფლის წყაროს წყალი, მამის აგებული სახლი სოფელში, რომელსაც ჩემი მეზობლები - მამუკა და მარიკა ერთგულად დარაჯობენ; ჩემი დოდო დეიდას კეცებში გამომცხვარი, ნეშოიანი მჭადი და იმერული ჭყინტი ყველი. საქართველოში ჩემი დაბრუნება სრული სერიოზულობით განიხილება. იმედია, ღმერთი ჯანმრთელად მიმიყვანს საპენსიო ასაკამდე და მერე, ყოველ მიზეზგარეშე დავბრუნდები შინ. იცით, როგორ წარმომიდგენია ჩემი სიბერე? ჩემი ქუთაისი, ისტორიულ ოქროს ჩარდახში ჩადგმული ჩემი ლამაზი სახლი და მოგზაურობა ყველგან, სადაც კი აქამდე ფეხის დადგმა ვერ მოვასწარი...

და აქვე, მინდა ჩემი ქართველი ემიგრანტები გავამხნევო და საკუთარი ცხოვრების გამოცდილებით ვუთხრა, რომ არ შეშინდნენ, ფარ-ხმალი არ დაყარონ. ემიგრაციაში ყოფნა იოლი არაა, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. იცხოვრეთ სწორად, სწორი პრიორიტეტებით და ისე, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეთ. იყავით მართალი საკუთარ თავთან და თქვენს მეგობრებთან. გიყვარდეთ ერთმანეთი. ძალა ერთობაშია!

ლიკა ქაჯაია