"ავთოსთან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს, მეგობრობაც შევწყვიტეთ" - გზაპრესი

"ავთოსთან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს, მეგობრობაც შევწყვიტეთ"

მოცეკვავე თეონა კოჭლამაზაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო, არდადეგებს მეცადინეობაში ატარებს, სექტემბრიდან კი კვლავ აქტიურად მუშაობას გეგმავს. ახლახან თეონა სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდა...

- ბათუმში ვიყავი, როცა კასტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი (ჩემი მეგობარია) დამიკავშირდა და მითხრა, რომ სერიალში ეპიზოდური როლისთვის 3 გოგო სჭირდებოდათ. უნდოდა, ერთ-ერთის როლში ვყოფილიყავი... გავიარე კასტინგი, შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ამიყვანეს. ძალიან გამიხარდა, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა, მსახიობობა როგორ გამომივიდოდა. ცხოვრებაში პირველად ვიმსახიობე (იცინის). პირველი მცდელობის კვალობაზე, კმაყოფილი ვარ...

- გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა? თქვენს ეპიზოდში "პრაიმ ჰაუსის" კიდევ ერთი მონაწილე - ანი ყიფშიძეც მონაწილეობდა...

- გადაღების დღეს გავიგე, რომ ერთ-ერთი გოგოს როლში ანი იყო (იცინის). ჩემ შესახებ ანიმაც იმ დღეს შეიტყო. ძალიან გაგვიხარდა (იცინის)... მგონია, ერთმანეთს ყველანი კარგად შევეწყვეთ, ვინც იმ ეპიზოდში ვმონაწილეობდით. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა...

- თეო, შენთვის ზაფხული რასთან ასოცირდება?

- ზღვასთან, ბუნებასთან, დასვენებასთან და საერთოდ, ყველაფერ დადებითთან.

- ამჟამად ზაფხულს სად ატარებ?

- დაახლოებით 5 დღეა, რაც ჩემი არდადეგები დაიწყო. 4 დღით აწყურში ვიყავი. დავისვენე... რაც მთავარია, ჰაერი გამოვიცვალე... თბილისში დადებითი ემოციებით დამუხტული, დასვენებული დავბრუნდი.

- თბილისში ზაფხულის ცხელ ამინდს სად აფარებ თავს?

- არსად. მართვის მოწმობის აღება მინდა, ამიტომ გაკვეთილებზე უნდა ვიარო... ჯერჯერობით, ვეღარ დავისვენებ.

- იმ სასურველი ავტომობილის ყიდვას აპირებ, რომლის შესახებაც გამომწერებმა გკითხეს?

- არა. რაკი ჯერ ავტომობილი არ მყოლია, ყველა მირჩევს, რამე ისეთი ვიყიდო, რაზეც გული არ დამწყდება, თუ დავლეწავ (იცინის).

- ზაფხულის ცხელ ამინდში მეცადინეობა რთული არ არის?

- მინდა აუზზე ვიარო - თავს ასე გავიგრილებ ხოლმე. ნებისყოფა მყოფნის, რომ ვიმეცადინო, ამის გარეშე არაფერი გამოვა.

- ძირითადად, ზაფხულობით დასვენებას სად ამჯობინებ?

- ბათუმში მივდივარ. წელსაც ვიყავი, მაგრამ - სამუშაოდ: "ახალი თეატრიდან" 1-კვირიანი გასტროლი გვქონდა. განტვირთვაც მოვახერხე და მიუზიკლში მონაწილეობით დიდი სიამოვნებაც მივიღე. მოკლედ, ვიმუშავე, თან - დავისვენე (იღიმის).

- ნაზმეურის მიღება გიყვარს?

- რა თქმა უნდა. ეს ვის არ უყვარს?!

- გასარუჯად გასვლის წინ, შენი რუტინა როგორია?

- განსაკუთრებული არაფერი, ზედმეტი რაღაცების მოხმარება არ მიყვარს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი კანით კმაყოფილი ვარ - დამატენიანებლის გარდა, არაფერს ვიყენებ, მათ შორის - არც მზისგან დამცავ კრემს. შესაძლოა, უკეთესი ნამზეურის მისაღები საშუალება (კონკრეტული ზეთი) წავისვა...

- საცურაო კოსტიუმების მოდურ ტენდენციებს თვალს ადევნებ?

- არა. მგონია, რომ ადამიანს რაც გიხდება, შენთვის მოდურიც ის უნდა იყოს. მთავარია, საცურაო კოსტიუმში თავს კომფორტულად, ლამაზად, სექსუალურად გრძნობდე. შეიძლება რაც 4-5 წლის წინ იყო მოდური, ის ჩავიცვა, რადგან ჩემს ტანზე ეს მეტად მომწონდეს.

- ბიკინის ანიჭებ უპირატესობას თუ მთლიან საცურაო კოსტიუმს?

- ნამზეურის მიღება ბიკინიში უფრო მარტივად შეიძლება. ამიტომ ბიკინი მირჩევნია, როცა ვირუჯები, თუმცა არც მთლიან საცურაო კოსტიუმზე ვამბობ უარს.

- საზაფხულო გარდერობის განახლება გჩვევია?

- ბოლო დროს მივეჩვიე, თორემ წინათ, რაც მქონდა, იმითაც კმაყოფილი გახლდით. ზაფხულის დადგომისას გარდერობის განახლება აუცილებლობად არ მიმაჩნდა, თუმცა თუკი განახლება შემიძლია, რატომაც არა? წელს გარდერობი შემთხვევით "შემომეახლა" (იცინის). ძირითადად, ჩემს სამოსში თეთრი ან კრემისფერი ჭარბობს, რაც ძალიან მიკვირს, რადგან საერთოდ, შავის მოყვარული ვარ.

- ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს სად ატარებდი?

- მთელი ბავშვობა, ზაფხულის და ზამთრის არდადეგები ჩემს სოფელში (აწყურში) მაქვს გატარებული. თუ მშობლები ახერხებდნენ, რომ ზღვაზე წავეყვანეთ, 1 კვირით ქობულეთს ან ურეკს ვსტუმრობდით. მაშინ ურეკში უკეთესი სანაპირო გვქონდა - ისეთი დაბინძურებული არ იყო, როგორიც ახლაა.

- მშობლების გარეშე, პირველად როდის დაისვენე?

- 19 წლის ვიყავი, როცა დაქალთან ერთად, ზღვაზე წავედი. ქობულეთში 10 დღე გავატარეთ. კარგად დავისვენეთ.

- რას აკეთებდით? რითი იყო განსხვავებული იმ არდადეგებისგან, რომლებსაც მშობლებთან ერთად ატარებდი?

- როცა მშობლებთან ერთად ისვენებ, თითქოს სხვაგვარად ხარ განწყობილი. ჩემი მშობლები არც მაშინ მიკრძალავდნენ რამეს და არც ახლა, მაგრამ მათ გარეშე უფრო თავისუფლად, დამოუკიდებლად ვგრძნობდი თავს. ასეთ დროს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხარ. შენს ყველანაირ საქციელზე პასუხისმგებლობას გრძნობ. ამიტომ შენზეა დამოკიდებული, თავს რის უფლებას მისცემ, რას გააკეთებ... მე და ჩემი დაქალი მხოლოდ ზღვის სანაპიროზე გავდიოდით, ვისვენებდით, შემდეგ კი ბულვარში ვსეირნობდით, მაგრამ ძალიან კარგი იყო!..

- ახლა დასასვენებლად წასული, დროს როგორ ატარებ?

- საერთოდ, ხალხმრავალი ადგილები არ მიყვარს. ვცდილობ, უბრალოდ დავისვენო. კლუბებში სიარული, დალევა, ცეკვა და მსგავსი ამბები ნაკლებად მიყვარს, კი, ასეც ვერთობი, მაგრამ - იშვიათად. მირჩევნია, ზღვის სანაპიროზე გავიდე, რუჯი მივიღო, შემდეგ სახლში დავისვენო, ნაყინის საჭმელად გავიდე, მეგობრები ვნახო...

- ხალხმრავალ ადგილას დასვენება პოპულარობის გამო არ გიყვარს?

- ამ მიზეზის გამო - არა. უბრალოდ, ცოტათი ინტროვერტი ვარ. სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი გავხდებოდი, ყურადღება მანამდეც არ მაკლდა, მაგრამ ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უბრალოდ, ხალხმრავალ ადგილებში დასვენება არ მიყვარს.

- საკურორტო რომანი გქონია?

- არა. მსგავსი რაღაცების მოყვარული არ ვარ. ინტერესის და მოწონების შემთხვევები ყოფილა, მაგრამ საზაფხულო რომანი არ მქონია.

- შენს პირად ცხოვრებაში რაიმე სიახლე ხომ არ არის?

- არანაირი. მარტო ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სხვა გეგმები მაქვს. ჯერჯერობით, ხელის შემშლელი ფაქტორები არ მჭირდება (იცინის).

- სიყვარული ხელის შემშლელ ფაქტორად მიგაჩნია?

- გარკვეულწილად - კი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩემთვის პირველ ადგილზე კარიერაა. ვნახოთ. თუკი ვინმე ჩემი ცხოვრების ტემპს წამოეწევა, წამოეწიოს - პრობლემა არ მაქვს.

- ავთო ჯაფარიძესთან მეგობრობას აგრძელებ?

- არა, არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს, აღარც ვმეგობრობთ.

- რატომ?

- რაღაცები მოხდა, რის გამოც მეგობრობაც შევწყვიტეთ.

- თქვენს მეგობრობაზე უარყოფითი ზეგავლენა იმ ფაქტმა ხომ არ მოახდინა, რომ ავთოს შეყვარებული ჰყავს?

- ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ (იცინის)...

- კარგი. არდადეგების თემას დავუბრუნდეთ: ლაშქრობაში ყოფილხარ?

- არასოდეს, თუმცა ამის სურვილი მაქვს. საერთოდ, ლაშქრობის ტიპის დასვენების მოყვარული ადამიანი ვარ. შემიძლია, მთაშიც წავიდე და ზღვაზეც - ორივე მაინტერესებს. ამიტომ თუ შანსი გამომიჩნდება, ლაშქრობაშიც აუცილებლად წავალ.

- კარგად ცურავ?

- ძალიან! ცურვა მიყვარს!

- ვინმე დახრჩობისგანაც ხომ არ გადაგირჩენია?

- არა, მაგრამ მამას და ჩემს ძმას ზღვაზე ბევრი ადამიანი ჰყავთ გადარჩენლი. ცურვა მამიკომ მასწავლა, როცა მცირე ასაკის ვიყავი: ლოჭინში აგარაკი გვაქვს. იქ 3 ტბა იყო. ამ 3 ტბიდან ერთ-ერთში შეგეძლო გეცურა, გეჭყუმპალავა... ცურვა სწორედ იქ მასწავლა. მამა ყოფილი წყალბურთელი გახლავთ. საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. მეც, ჩემს დასაც და ძმასაც ცურვა მამიკომ გვასწავლა... ერთხელ ზღვაზე ყოფნისას (მაშინ მცირე ასაკის გახლდით), როცა უკვე წამოსვლას ვაპირებდით და ბარგს ვალაგებდით, მამიკომ თქვა: - ზღვაში ერთხელაც უნდა შევიდე და მერე წავიდეთო... თურმე, ზღვაში, სადღაც ჰორიზონტზე ვიღაცის თავი დაუნახავს - ადამიანი იხრჩობოდა, მამამ კი ეს შორიდან შენიშნა, ზღვაში შევიდა და ნაპირზე ქალი გამოიყვანა... მსგავსი შემთხვევები ჩემს ძმასაც ჰქონია: ბავშვობაში ცეკვაზე ერთად დავდიოდით - ცოტა ხნით ერთმანეთის მეწყვილეები ვიყავით. ერთხელ ბათუმში კონკურსზე წავედით... ცოტა ხნით, ბავშვები ზღვის სანაპიროზე გავედით. დიდი ტალღები იყო. ჩემმა ძმამ შენიშნა, რომ ერთ-ერთი ბავშვი (ჩვენი ჯგუფის წევრი) ტალღებს ვერ უმკლავდებოდა - წყლიდან ვერ გამოდიოდა, ცურვა საერთოდ არ იცოდა. ჩემ თვალწინ, ჩემმა ძმამ ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა...

img-0473-copy-1693812750.jpg

- თეო, ბარგის ჩასალაგებლად რამდენი დრო გჭირდება?

- სრული 1 დღე ან ჩალაგებას ღამით თუ ვიწყებ, ნაშუადღევს ვასრულებ, მაგრამ მაინც რაღაც დამრჩება ხოლმე.

- დასვენებისთვის, ენერგიის აღსადგენად რამდენი დრო გჭირდება?

- ხუთი, მეტი - არა. ზაფხულის მსგავსად, ზამთარიც ისეთი პერიოდია, რომ ჩემს სფეროში უფრო მეტი სამუშაოა, მეტი შეკვეთაა. შესაბამისად, რეპეტიციაც მეტია. ასე რომ, დასვენება ძალიან ცოტა ხნით მიწევს, თუმცა არ ვწუწუნებ, პირიქით - მადლიერი ვარ. მინდა კიდევ ბევრი შეკვეთა და სამსახური მქონდეს. სექტემბრიდან ჩემი სტუდიის განახლებას ვიწყებ და ჩემს სამუშაო სფეროში თავიდან ბოლომდე ჩართვას ვგეგმავ, ასევე - თეატრთან თანამშრომლობასაც გავაგრძელებ.

- წარმატებას გისურვებ!..

ეთო ყორღანაშვილი