"თითქოს ეს ყველაფერი ზღაპარია, სიზმარი..."
ქართველი მოცეკვავე და კასკადიორი ლაშა მძინარაშვილი კასკადიორების "ოსკარად" წოდებულ თაურუს ჭორლდ შტუნტ Aწარდს-ის ერთ-ერთ გამარჯვებული რომ გახდა და ფილმ Kინგ’ს Mან-ში რასპუტინსა და ოქსფორდს შორის ბრძოლის სცენის შექმნაში მონაწილეობდა, ეს საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის. ცნობისათვის, ფილმმა საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა. ჰოლივუდში მიღწეული წარმატების შემდეგ, რა გასაკვირია, რომ ლაშა ბოლივუდშიც მიიწვიეს.
- ოთხმოცდაათიანების ბავშვი ვარ. როგორც დანარჩენს, არც მე მქონდა დალხენილი ბავშვობა. ვიცით, რა უმძიმესი წლებიც გამოვიარეთ და ამიტომაც, ხელოვნებამ ძალიან მიშველა. ისეთ უბანში გავიზარდე, სადაც დიდი ალბათობა იყო, სხვა გზას გავყოლოდი... მამაჩემი მოცეკვავე გახლდათ, ცეკვა 6 წლისამ დავიწყე. იქიდან მოყოლებული, სულ სცენაზე ვარ.
- პატარა ასაკიდან პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობდით?
- დიახ, ჯერ ქორეოგრაფიულ კოლეჯში, შემდეგ - თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული მიმართულებით ჩავაბარე. მსურდა, ამ კუთხით განათლება მაქსიმალურად მიმეღო. პროფესიონალი საქმიანობა სუხიშვილების ანსამბლში განვაგრძე. შემდეგ ანსამბლ "რუსთავში" გადავედი... დაახლოებით 14 წელია, რაც საკუთარი ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომელიც ასევე მოცეკვავეა. ასევე ჩამოვაყალიბეთ ქორეოგრაფიული სტუდია - "შუშპარი". ახალი თაობის აღზრდით ვართ დაკავებული.
- თქვენი ხელოვნების წყალობით ალბათ, ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი.
- დიახ, დაახლოებით 36 ქვეყანა მაქვს მოვლილი და თითოეულთან ხელოვნება მაკავშირებს. პირველად გასტროლზე ოთხმოცდაათიან წლებში წავედი. 1998 წელს ანსამბლთან ერთად ესპანეთში, მადრიდში ვიმყოფებოდი. არასოდეს დამავიწყდება ის კონტრასტი, შავბნელი ქალაქიდან უცებ ფერად ქალაქში რომ აღმოვჩნდით. თან ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და დიდი ემოციები მქონდა. მსგავსი რამ არასოდეს მენახა, ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავი იყო. უპირველესად არქიტექტურამ მომხიბლა. დიდ შთაბეჭდილებად დამრჩა ესპანეთის, მადრიდის მოედანზე დონ-კიხოტის, სანჩო პანსას ძეგლი... დღემდე მომყვება ის შთაბეჭდილებები, არასოდეს დამავიწყდება.
- ყველაზე განსხვავებული რომელი ქვეყანა იყო?
- ყველაზე განსხვავებული და შთამბეჭდავი იაპონია იყო, სადაც 2018 წელს ვიმყოფებოდი ანსამბლ "რუსთავთან" ერთად. ეს მართლაც ზღაპრული გასტროლი გახლდათ. საოცარია იქ ტრადიციისა და პროგრესის შერწყმა. კულტურაში, ტრადიციებში - ყველაფერში განსხვავება იგრძნობა. არაფრით ჰგავს ევროპას, ამერიკას... თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. 21 ქალაქი მოვიარეთ, დაახლოებით 35 კონცერტი ჩავატარეთ. ყოველ კონცერტზე დაახლოებით 5 500 მაყურებელი მოდიოდა. მართლაც უამრავ ადამიანს გავაცანით ჩვენი ხელოვნება, ყველა ცენტრალურ ქალაქს ვეწვიეთ.
- რატომ გადაწყვიტეთ, საკუთარი ანსამბლი ჩამოგეყალიბებინათ?
- როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ქორეოგრაფიის მიმართულებით ვსწავლობდი, ჩემი მისია და მიზანიც ეგ იყო - რაც იქ ვისწავლე, სხვებისთვის გამეზიარებინა, მომავალი თაობის აღზრდაში ჩემი წვლილი შემეტანა. როგორც მოგახსენეთ, ანსამბლი მეუღლესთან ერთად ჩამოვაყალიბე და უკვე ბევრი მოცეკვავე აღვზარდეთ.
- გვიამბეთ, როგორ გახდით ჰოლივუდის "ოსკარის" მფლობელი.
- ჰოლივუდში, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა "ოსკარზე" - თაურუს ჭორლდ შტუნტ Aწარდს-ის კონკურსში საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში გავიმარჯვე. მსახიობ რის იფანსის კასკადიორი გახლდით... ნომინაციაზე მეთიუ ვონის ფილმის - "კინგსმენის" მთავარი საბრძოლო სცენისთვის ვიყავი წარდგენილი. ბრძოლის სცენა დავდგი კომპიუტერული გრაფიკის გარეშე... "კინგსმენის" საკმაოდ წარმატებული პირველი და მეორე ნაწილების შემდეგ, მესამე ფილმმა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გადაგვისროლა, სადაც აგენტი მამა-შვილი ბოროტმოქმედებს თავად უსწორდება. ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟი გახლავთ რასპუტინიც, რომლის როლსაც ფილმში რის იფანსი ასრულებს. მისი კასკადიორობა მომიხდა. მთელი საბრძოლო სცენა, რომელსაც ფილმში ვხედავთ, ჩემი მონაწილეობით შეიქმნა და მასში ქართული ცეკვის ელემენტების ამოცნობა არავის გაუჭირდება... ეს მოვლენა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. კინოში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა. როდესაც ბრიტანულ ფილმში კასტინგი გამოცხადდა, მონაწილეობას 15 ქვეყნის ფოლკლორული მოცეკვავე იღებდა. საქართველოში კასკადიორების ჯგუფის დამფუძნებელს - დავით ხუბუას დაუკავშირდნენ, რომელთანაც ადრე ნამუშევარი მქონდა. ჩვენი თანამშრომლობიდან ათი წელი იყო გასული, როდესაც დავითმა მითხრა, რომ სურდა, ამ კასტინგზე ჩემი კანდიდატურა წარედგინა. ჩემი ვიდეოები, მონაცემები, პარამეტრები გავგზავნეთ. ძალიან მალე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ლონდონში დეტალურ შემოწმებაზე უნდა ჩავსულიყავი. იქ რომ ჩავფრინდი, საოცარი გარემო დამხვდა. მეოცე საუკუნის სტუდიაში აღმოვჩნდი, ჯეკი ჩანის ჯგუფში მოვხვდი. პირველივე დღეებიდან სცენაზე დამაყენეს. აინტერესებდათ, როგორ შევძლებდი ყველაფრის მომზადებას... ერთ კვირაში ფილმის დირექტორი და მისი მეუღლე მოვიდნენ, ძალიან მოეწონათ. მითხრეს, რომ მე ვიყავი, ვინც სჭირდებოდათ. ასე მოხდა ამ ფილმზე ჩემი დამტკიცება... თვე-ნახევრის შემდეგ ჩემი მეგობარი, ანსამბლ "აფხაზეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი ბაჩანა ჭანტურია მოვიწვიეთ, ფილმზე მუშაობა მასთან ერთად გავაგრძელე. ორივემ ის პროდუქტი შევქმენით, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა და სიახლე იყო მსოფლიო კინემატოგრაფში, საბრძოლო სცენების დადგმაში.
ფილმი 2018 წელს გადავიღეთ, მაგრამ პანდემიის შემდეგ გამოვიდა და მერე წარადგინეს მსოფლიო კასკადიორების ე.წ. ოსკარზე. ეს არის უმაღლესი ჰოლივუდური ჯილდო. კინემატოგრაფში რაც "ოსკარები" არსებობს, იმის ანალოგია კასკადიორებისთვის. თან წარადგინეს საუკეთესო ბრძოლის ის სცენა, რომელშიც მე ვმონაწილეობ... ხუთ საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ეს ფილმებია: "შავი ქვრივი", "არავინ", "უკანასკნელი დუელი"... სხვადასხვა კატეგორიაში იყო - "შეუსრულებელი მისია", "ბეტმენი", "ფორსაჟი" და ის ფილმები, რომლებიც ჩემთვის საოცნებო გახლდათ... საქართველოს ისტორიაში მსგავსი ჯილდო არავის აუღია. მე პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს "ოსკარი" მოიგო... კიანუ რივზი, ჰარისონ ფორდი, არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე - მათ აქვთ ეს "ოსკარი" და ამ სიაში აღმოვჩნდი...
- თქვენ პროექტი შექმენით და ამ მიმართულებით ხომ არ გაქვთ კიდევ სამომავლო გეგმები?
- წელს ამავე კონკურსზე ჟიურის წევრი ვარ. ოქტომბერში მივდივარ, დაჯილდოება ლოს-ანჯელესში გაიმართება... იმ გამარჯვების შემდეგ ინდოეთში მიმიწვიეს. იქაც მნიშვნელოვან ფილმში მივიღე მონაწილეობა. ჯერჯერობით არა მაქვს უფლება, მეტი ვისაუბრო ამ თემაზე.
- ფილმს ბოლივუდი იღებს?
- დიახ... ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამეების მოყოლა მომიწევდა. თითქოს ეს ყველაფერი ზღაპარია, სიზმარი... არ ვიცი, ამაზე მეტს რას უნდა მივაღწიო, მაგრამ ბევრს ვშრომობ განვითარებისთვის... ლოს-ანჯელესში რომ ჩავალ, მინდა იქაურებს ჩემი თავი, ჩემი ქვეყანა მეტად გავაცნო.
- მათ უკვე გააცანით საქართველო იმ მხრივ, რომ ქართული ელემენტები გქონდათ...
- დიახ, ნამდვილად და ყველამ აღნიშნა, რომ ეს მათთვის აღმოჩენა იყო. ქართული ელემენტებით შესრულებული ბრძოლის სცენა იმდენად გასაოცარია, სხვა შანსი არ დაგვიტოვეთ, ძალიან არ აღვფრთოვანებულიყავითო.
- როგორც ვიცი, ნიუ-იორკში მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყავით მიწვეული.
- დიახ, ნიუ-იორკში ჩატარდა ფესტივალი "სამოსი სამშობლო", სადაც ღონისძიების წამყვანი გახლდით. წარმატებით ჩაიარა ფესტივალმა. მასში ემიგრანტები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა კომპანიამ საქართველოდან დააწესა საჩუქრები და იყო მრავალი ნომინაცია. ფესტივალს საქართველოდან წარმატებულმა და სასახელო ქართველებმა ვიდეომიმართვები ჩაუწერეს და თავისი წვლილი შეიტანეს ღონისძიების მხარდაჭერაში. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური წერილი გამატანა და მიმართა მონაწილეებს, საერთოდ, ემიგრანტებს. ფესტივალის ორგანიზატორი და იდეის ავტორი გახლდათ ქალბატონი ლელა ნინუა, რომელმაც უკვე მეორედ ჩაატარა ეს ღონისძიება და დადგინდა, რომ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება სხვადასხვა შტატში, ასევე - მსოფლიოს მრავალ წერტილში...
მინდა მადლობა გადავუხადო თამარ მოსიძეს, რომელიც ამ ფესტივალის წარმდგენი გახლავთ. სწორედ მისი მხარდაჭერით შედგა წელსაც საოცარი სანახაობა... გამიხარდა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ სურვილი ჰქონდათ, ამ პროექტში ჩავრთულიყავი. არც დავფიქრებულვარ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ქალბატონი ლელა აკეთებს. ნიუ-იორკში ჩავედი, მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტე. მათ მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩემთვის სენსიტიურია მათთან შეხვედრა. ძალიან მინდა ის ხალხი უფრო მეტად გავაბედნიერო.
მანანა გაბრიჭიძე