"დედაჩემს დღემდე გმირად აღვიქვამ, სასწაულები ჩაიდინა!" - გზაპრესი

"დედაჩემს დღემდე გმირად აღვიქვამ, სასწაულები ჩაიდინა!"

"4 წლის ასაკში პირველი როლი შევასრულე და ამის შემდეგ, სცენის გარეშე აღარ მიცხოვრია. ეს არის ჯადოსნური სამყარო, რომლის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია", - გვითხრა მსახიობმა ნინო მუმლაძემ, რომელიც თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა.

- ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც პროფესიის ასარჩევად ფიქრი სჭირდებათ, მე ამ საკითხზე წამითაც არ მიფიქრია, რადგან სცენაზე დგომა ყოველთვის მომწონდა. თავიდანვე ვიცოდი, ეს ჩემი ბედისწერა იყო. სცენაზე პირველად 4 წლისა გამოვედი, საბავშვო სპექტაკლში ვმონაწილეობდი, სადაც ოქროს წიწილას როლი შევასრულე. სცენა მაშინვე ჯადოსნურ სამყაროდ მომეჩვენა. როცა წამოვიზარდე, ბალეტზეც დავდიოდი, სიმღერაზეც, ცეკვაზეც, მაგრამ თეატრი ყველაზე მეტად მიზიდავდა. მერე "ბერიკებში" მოვხვდი და თეატრზე ჭკუა გადამეკეტა. "ბერიკებში" ყოფნა ნებისმიერი მოზარდისთვის დიდი ბედნიერება იყო, იქ არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა და ბევრ რამეს ვსწავლობდით, რაც ამ სტუდიის ხელმძღვანელის - გოგი თოდაძის დამსახურება იყო. ეს გახლდათ ჯადოსნური სამყარო, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი და მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება სცენასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ამას ჩემი ოჯახის სურვილიც დაემატა და 2000 წელს, თეატრალურ ინსტიტუტში პირველივე ცდაზე ჩავაბარე.

- სტუდენტობის წლები როგორ გახსენდებათ?

- თეატრალურში მედეა კუჭუხიძის ჯგუფში მოვხვდი, რისთვისაც ბედის მადლობელი ვარ. ბევრი კარგი პედაგოგი მყავდა, ყველას მადლობელი ვარ, მაგრამ ქალბატონი მედეა ჩვენი ჯგუფის სული და გული გახლდათ. ის უნიკალური ადამიანია თავისი ნიჭით, განათლებით, აზროვნებით და მისი დამსახურებაა, რომ დღესაც სცენაზე ვდგავარ. საერთოდ, სტუდენტობა ყველასთვის ბედნიერი ეტაპია ცხოვრებაში, მაგრამ როცა თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობ, ეს ბედნიერება გაორმაგებულია. ჩვენს ჯგუფში სულ სხვა ურთიერთობები იყო: დამოუკიდებელ ცხოვრებას ერთად ვსწავლობდით, ერთმანეთს ვუვლიდით, ვეხმარებოდით. ჩვენი ჯგუფელები, რომლებიც რაიონებიდან იყვნენ, ჩვენი ოჯახის წევრები ხდებოდნენ და ყველანი ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. დილიდან საღამომდე ერთად ვიყავით და ამ ყველაფერს დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ. სხვათა შორის, ჩემი ჯგუფელები იყვნენ ნატა ბერეჟიანი და როლანდ ოქროპირიძე, რომლებიც ეკრანზე ხშირად ჩანან.

- საქართველოში ბევრი მსახიობი იძულებული გახდა, თავისი პროფესია დაეთმო და ახლა სულ სხვა სფეროში საქმიანობს. თქვენ თუ გქონიათ ამის სურვილი?

- არასოდეს! ალბათ, არც იმ ადამიანებს ჰქონდათ სურვილი, თეატრი მიეტოვებინათ; თავისი ნებით თეატრიდან არავინ მიდის, მაგრამ ამას გაიძულებს ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია და ის მათხოვრული ხელფასი, რომელიც მსახიობებს აქვთ. გარდა ამისა, დღეს თეატრის სცენაზე დიდი კონკურენციაა. ჩემთან ერთად, თეატრალური 84-მა ბავშვმა დაამთავრა. როცა ქვეყანას ყოველ წელიწადს ამ რაოდენობით მსახიობი ემატება, ცხადია, ყველას დასაქმება შეუძლებელია - ამდენი ვაკანსია ამ სფეროში უბრალოდ, არ არსებობს, ამიტომ, ადამიანები იძულებული ხდებიან, პროფესია შეიცვალონ. სხვათა შორის, თეატრიდან ისეთი ხალხიც მიდის, რომელიც ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობდა და ღვაწლმოსილი მსახიობი იყო. რატომ? - მეტისმეტად დაბალი ხელფასი აქვთ, მათ კი ოჯახი და შვილები ჰყავთ. თეატრს იმხელა დრო მიაქვს, რთულია, სხვა სამსახურიც მოძებნო, რაღაც სხვა საქმე შეითავსო. როცა არჩევანის წინაშე დგახარ, ბავშვს პური უყიდო თუ პროფესია შეინარჩუნო, იძულებული ხარ, საყვარელი საქმე გვერდზე გადადო და შვილებს მიხედო. დარწმუნებული ვარ, თავისი ნებით მსახიობობაზე უარს არავინ ამბობს.

- ალბათ ქალისთვის ორჯერ რთულია ოჯახის და პირადი ცხოვრების შეთავსება ასეთ რთულ პროფესიასთან.

- ვერ დაგეთანხმებით. უამრავი კოლეგა მყავს, რომელსაც კარგი ოჯახი აქვს, შვილებიც ჰყავს, შვილიშვილებიც და ორივე ამპლუაში თავს შესანიშნავად გრძნობს. გაცილებით რთულია, რომ მსახიობობა შემოსავლის წყაროდ გქონდეს, განსაკუთრებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სხვა თეატრების მსახიობებს უფრო შეუძლიათ მეორე სამსახურის შეთავსება, რადგან რეპეტიციებს აცდენენ და შაბათ-კვირას სპექტაკლებში მონაწილეობენ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში სულ სხვა რეჟიმია: ჩვენ სამუშაო დღეებშიც ვმუშაობთ, დღის სპექტაკლებიც გვაქვს, საღამოს საათებშიც ვთამაშობთ და სხვა სამსახურის შოვნას აზრი არა აქვს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობა?

- ეს დიდი პასუხისმგებლობაა - ერთდროულად დამღლელიც და დიდი სიხარულის მომტანიც. მოზარდები ძალიან გულწრფელები არიან და თუ რაღაც არ მოსწონთ, მაშინვე გაგრძნობინებენ. საერთოდ, ბავშვის ყურადღების მიპყრობა რთულია - დიდი მოითმენს და ზრდილობის გამო მოგისმენს, მაგრამ პატარას თუ რაღაც არ მოსწონს, დარბაზში არ გაჩერდება, შეიძლება ტირილიც დაიწყოს, მერე მთელი დარბაზი აჩოჩქოლდეს და მიხვდე, მაყურებელი დაკარგე. მათთვის საინტერესო თუ არ ხარ, არც მოგისმენენ და ყურადღებას არ მოგაქცევენ. ჩვენთვის, 90-იანი წლების ბავშვებისთვის, ყველაზე დიდი გასართობი "ჭიაკოკონობა" იყო, ახლანდელ ბავშვებს კი ვერაფრით გააოცებ.

ojaxii-copy-1693813052.jpg

- რას იტყვით, მომავალმა მეუღლემ ასეთი არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოთ - თეატრი ან ოჯახი?

- მსგავსი რამ ვერ წარმომიდგენია. როდესაც ზრდასრული ადამიანი მეორე ზრდასრულს შეიყვარებს, ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიცაა. მე ახლა რომ ვფიქრობდე, თეატრალურში ჩავაბარო თუ არა და ვიღაც მაყენებდეს მსგავსი არჩევანის წინაშე, უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება და პროფესია მაქვს, ამიტომ, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ ჩემთან ოჯახის შექმნა სურს, ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ: ჩემი პროფესიით, ჩემი სახელით და ჩემი გვარით. ამიტომ, ასეთი არჩევანის წინაშე მგონი, არავინ დამაყენებს. უბრალოდ, როდესაც ცოლად მსახიობი მოგყავს, უნდა იცოდე, რომ ის სულ სამზარეულოში ვერ იტრიალებს და ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ოჯახში ვერ იჯდება.

საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელთანაც ორმხრივი გრძნობა მაკავშირებს და ვფიქრობ, ეს ნამდვილი, წრფელი გრძნობაა! ვნახოთ, მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება.

- ამ საკითხს ჩვენი დედების და ბებიების თაობა უფრო იოლად წყვეტდა, როგორ ფიქრობთ - რატომ?

- ალბათ იმიტომ, რომ ადრე სულ სხვა მენტალობა ჰქონდათ: მაშინ დაოჯახება ქალის მთავარ ფუნქციად და მოვალეობად იყო მიჩნეული. "თუ ქალი არ დაქორწინდება, ის არასრულფასოვანია!" - საზოგადოებაში დაახლოებით ასეთი მოსაზრება იყო გაბატონებული. ამიტომ, ქალები ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს იმის გამო, რომ გათხოვილიყვნენ. ჩვენი თაობა ასე არ ფიქრობს: დღეს ქალები ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი, შემდგარი ადამიანები უნდა გახდნენ, თავისი პროფესია და შემოსავალი ჰქონდეთ. დღევანდელ სიტუაციაში ქალი ხვდება, რომ მისი მთავარი მოვალეობა დაოჯახება არ არის - დღეს მისი მთავარი მოვალეობაა, იყოს ბედნიერი, თავდაჯერებული და ისე ცხოვრობდეს, როგორც სურს. მგონი, ასეთი მიდგომა უფრო სწორი და გამართლებულია. თუ ქალი მიხვდება, რომ მის ცხოვრებაში ისეთი ეტაპი დადგა, როცა ოჯახის შექმნით უფრო ბედნიერი გახდება, რატომაც არა? - უნდა დაოჯახდეს, მაგრამ მხოლოდ "გათხოვილი ქალის" სტატუსის გამო ოჯახს არავინ ქმნის და ეს კარგია!

- ალბათ, ყველაზე ხმაურიანი როლი "ჩემი ცოლის დაქალებში" შეასრულეთ. ამ როლის გამო, ყველაზე მეტად, ქალები გერჩოდნენ. გინდათ, რომ ეს პერსონაჟი სერიალში დაბრუნდეს?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამახარებს! როცა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ სერიალში ჩემი პერსონაჟის დაბრუნება განიხილება, ამას სიხარულით ვხვდები. მიყვარს ეს სერიალი და ხალხი, რომელიც მას ქმნის. რაც შეეხება მაყურებლის რეაქციას, სულაც არ მიკვირს, რომ ჩემმა პერსონაჟმა დიდი არეულობა გამოიწვია: დათო იდეალური ქმარი იყო და უეცრად, მან საყვარელი გაიჩინა, რითაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უმეტესობა ნინას გულშემატკივრობდა და თავის გულისწყრომას ჩემთან ისე გამოხატავდა, როგორც შეეძლო: ზოგი პირად შეტყობინებაში მწერდა, ზოგი "ფეისბუკზე" ბრაზობდა, ზოგი - კომენტარებში. გამოგიტყდებით, ეს ძალიან მიხაროდა, რადგან თუ ჩემმა პერსონაჟმა მაყურებელში მწვავე რეაქცია გამოიწვია, ე.ი. დამაჯერებლად ვითამაშე. ამგვარი აჟიოტაჟი ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, დიდი კომპლიმენტია. სამწუხაროდ, ბოლო ეპიზოდში ჩემი პერსონაჟი ნინამ სახლიდან გამოაგდო, ამიტომ, მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. ჯერჯერობით არ დაურეკავთ და თუ ეს ხაზი სერიალში გაგრძელდება, სიამოვნებით დავბრუნდები!

- რომელიმე როლის შესრულებაზე თუ ოცნებობთ?

- ბავშვობაში მქონდა საოცნებო როლები, მაგრამ ახლა არ მიყვარს რაღაცაზე წინასწარ ფიქრი. კარგად ვიცი, რომ როლების განაწილება მსახიობების სურვილზე არ არის დამოკიდებული, ამიტომაც ვცდილობ, წინასწარ არაფერი ჩავიფიქრო, რომ მერე გულისწყვეტა და იმედგაცრუება არ მქონდეს. ადრე იყო რამდენიმე როლი, რომლებსაც განსაკუთრებული სიყვარულით ვასრულებდი, მაგრამ ეს სპექტაკლები რეპერტუარიდან მოხსნეს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი როლები ჯერ კიდევ წინ მაქვს. იცით, ნოდარ მგალობლიშვილი 40 წლის ასაკიდან გახდა ცნობილი და წარმატებული, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩემი ვარსკვლავური როლები ჯერ კიდევ წინ მელოდება. მსურს სხვადასხვა ჟანრში ვითამაშო - ეს ნებისმიერი მსახიობის ოცნებაა!

dedaaa-copy-1693813041.jpg

- როგორც ვიცი, თქვენი, როგორც მსახიობის ფორმირებაში ოჯახმა დიდი როლი შეასრულა...

- ყველაზე დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში დედამ - მეგი ქსოვრელმა შეასრულა, მასთან ერთად დეიდამ - ბელა ქსოვრელმა, რომელსაც ხშირად "მეორე დედას" ვეძახით: მას თავისი ოჯახი არ შეუქმნია, მე და ჩემს დას თავიდანვე ისე გვივლის, როგორც საკუთარ შვილებს.

საერთოდ, დედა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, მაგრამ დედაჩემი მაინც საოცარი ადამიანია: 12 წლის ვიყავი, როცა მამა დავკარგე, ჩემი და უფრო პატარა იყო - 8 წლისა. ეს ის ასაკია, როცა ცხოვრების გაცნობას იწყებ, როდესაც შენი ცნობიერება ყალიბდება... 1996 წელი იყო - ყველაზე გაჭირვებული ეტაპი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ცხადია, ჩვენს ოჯახსაც უჭირდა. დედაჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, ხოლო დეიდა - საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. არც ერთს არ ჰქონია ისეთი პროფესია, რომელსაც შემოსავალი მოჰქონდა. ჯერ ბაბუა გარდაგვეცვალა, მერე - მამა და ჩვენი ოჯახი საყრდენის გარეშე დარჩა. ამ ორ ქალს, რომელსაც ნორმალური შემოსავალი არ გააჩნდა, გასაზრდელად დარჩა ორი პატარა, რომელიც გზაზე უნდა დაეყენებინა. დედაჩემს დღემდე გმირად აღვიქვამ, რადგან ჩვენ გამო სასწაულები ჩაიდინა: არც განათლება დაგვაკლო, არც ყურადღება, ყველაფერი იღონა, რომ პროფესია გვქონოდა და დამოუკიდებელი ადამიანები გავმხდარიყავით... მან ეს მოახერხა, რის გამოც უსაზღვროდ მადლიერი ვარ! როგორც ყველა დედა, ზოგჯერ შენიშვნებსაც მაძლევს, მაგრამ ბევრჯერ უთქვამს, რომ ვეამაყები - ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, ეს სიტყვები ყველაზე მეტად მახარებს!

ხათუნა ჩიგოგიძე