ნანა ისიანის ბედნიერება, დიდი სტიმული და სიამაყე - გზაპრესი

ნანა ისიანის ბედნიერება, დიდი სტიმული და სიამაყე

"ცხოვრებაში არც ისე ხშირად მიმართლებს. რაღაც რომ მომეცეს, ძალიან ბევრი უნდა ვიწვალო", - ამბობს მსახიობი ნანა ისიანი. რაში გაუმართლა, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა დროს იბნევა და არის თუ არა შეყვარებული? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 28 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. მოგვიანებით ინტერესი შემეცვალა და სამსახიობოზე ჩავაბარე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სიმართლე გითხრა, ექიმობა კიდევ მინდა, მიყვარს ადამიანების დახმარება, თანადგომა. მსახიობობის სურვილი მე-10 კლასში ყოფნისას გამიჩნდა. მამა მსახიობი მყავს და ამ პროფესიისადმი ინტერესი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე - მედიცინის.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რთული ხასიათი აქვსო.

- მართლა ასეა?

- ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ჩემი ცვალებადობით არავის არაფერს ვუფუჭებ. ხასიათის ცვლილება უმიზეზოდ არასდროს ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს თვისება თავად მე მაწუხებს-მეთქი, დამღლელი არ არის.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...პროფესიას არ შევიცვლიდი, ისევ თეატრზე გავაკეთებდი არჩევანს, მაგრამ პირად ცხოვრებაში, პირად ურთიერთობებში რიგ საკითხებს შევცვლიდი. ასაკი რომ გემატება, დამოკიდებულებები, შეხედულებები გეცვლება, მაგრამ ესეც გამოცდილებაა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ჯერ ახმეტელის და შემდეგ ზესტაფონის თეატრებში მოხვედრა იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მამაჩემს - გელა ისიანს და ნინელი ჭანკვეტაძეს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, ბედნიერი ვარ, რომ ყველა მიყვარს და ყველას ვუყვარვარ (სავარაუდოდ).

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი პოზიტიური ხასიათი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მივაღწიო იმ მიზნებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს ვისახავ ხოლმე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ვიცი, არ არის საჭირო, ყოველთვის ყველაფერი ვთქვა, რასაც ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვამბობ. პირდაპირი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ფეთქებადი ხასიათი მაქვს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. ერთი და იგივე შეცდომები არ მაქვს დაშვებული.

- პატიება შემიძლია...

- ...ადვილად, მაგრამ არის ბევრი ისეთი რამ, რისი პატიებაც არ შეიძლება. თავად თუ მეშლება, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საკუთარი თავი ისევ ამ პროფესიაში წარმომიდგენია, შვილთან და საკუთარ ოჯახთან ერთად.

- ვიბნევი...

- ...ხშირად. ინტერვიუებს არ ვიძლევი, ეს პროცესი არ მიყვარს. კამერასთან ურთიერთობაც დიდად არ მხიბლავს. სპექტაკლს რომ ვთამაშობ, ჩემს სამყაროში ვარ და თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი სეზონიდან შენი პერსონაჟი ბრუნდება. ამ სერიალმა შენს ცხოვრებაში რა როლი ითამაშა?

- ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. წლებია, რაც სერიალში ვთამაშობ. ჩემი პერსონაჟი საინტერესო ტიპაჟია, ჩემგან განსხვავებული ადამიანია, წყნარი, მშვიდი. როცა პერსონაჟი არ გგავს, მსახიობისთვის უფრო საინტერესო სათამაშოა.

- ამ პერსონაჟს პროტოტიპი ჰყავს?

- არა. არც მინდოდა, ვინმესთვის მიმებაძა, კონკრეტული ადამიანის მანერები ამეღო. მაყურებელს უყვარს ჩემი პერსონაჟი.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო მასთან.

- ის ვინ არის?

- პირადზე არ ვლაპარაკობ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...დედას (იცინის). ყოველთვის ყველაფერში მართალია და მე ვბრაზდები.

- მეზარება...

- ...ახლა აღარაფერი მეზარება, ადრე სწავლა მეზარებოდა.

- სიყვარული - ეს...

- ...არის მდგომარეობა, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთის ესმის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ის გატაცება უფრო იყო. უნდა გაგიმხილოთ, სიყვარულის პერიოდი დაახლოებით სამი წლის წინ დამეწყო, მანამდე რაც იყო, ახლა ვხვდები, გატაცება გახლდათ.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ.

- ის მსახიობია?

- არა.

- მაკვირვებს...

- ...უსამართლობა ადამიანებში.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მამამ.

- ვრისკავ...

- ...ისე - ვერა, როგორც მინდა, რომ ვრისკავდე, მაგრამ მომავალში აუცილებლად უფრო რისკიანი გავხდები.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...როდესაც სათქმელი მაქვს და ვჩუმდები, ეს მანგრევს.

- ვამაყობ...

- ...მშობლებით. მათი თანადგომის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ.

- შეიძლება მიზეზი გკითხო?

- პირად ცხოვრებას ეხება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან და ეს განცდა ყველა სხვა განცდას ფარავს.

- შიში მაქვს...

- ...პეპლების. ბავშვობიდან ეს ფობია მაქვს.

- ყველაზე მეტად მახარებს...

- ...ადამიანი, რომლის სახელსაც ვერ ვამბობ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ გრძელი ენა მაქვს, ახლობლები მსაყვედურობენ, ყველაფერს ნუ ლაპარაკობო.

- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...მამა.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...ძალიან ბევრი რამ, სამწუხაროდ.

- ცხოვრებაში მიმართლებს...

- არც ისე ხშირად. რაღაც რომ მომეცეს, ძალიან ბევრი უნდა ვიწვალო, წლები უნდა გავიდეს, რაღაც ელემენტარული რომ მივიღო. ერთი ხელის აწევით ჩემს ცხოვრებაში არასდროს არაფერი მოსულა. მხოლოდ ეგ არის, რომ თეატრში და მშობლებში გამიმართლა.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ....არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველას, ვინც მიყვარს.

- თავისუფლება არის...

- ...კარგად გამოყენებული გონება, რომელიც არავის ავნებს და შენც სიმშვიდეს მოგიტანს. თავისუფლებაა, როცა შენი ქცევებით შენს თავთან და სულთან მართალი ხარ.

366688337-6907091045989563-7218086756945979940-n-copy-1693813326.jpg

- როცა მარტო ვარ...

- ...მუსიკას ვუსმენ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ყველას დავეხმარები; ვისაც რა სჭირდება, ყველას ყველა სურვილს ავუხდენ.

- შენს სურვილებზე რას იტყვი?

- სადმე მშვიდ ადგილზე აგარაკს ავიშენებდი, სპექტაკლებში ვითამაშებდი და ვითამაშებდი დაუსრულებლად. ჩემი აგარაკი აუცილებლად ზესტაფონი-რაჭის გზაზე იქნებოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარ პრინციპებს რაც ეწინააღმდეგება, იმ ქმედებებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ ვერ ჩამადენინებ. საკუთარ თავს ვერასდროს ვუღალატებ.

- მენატრება...

- ...კი, მენატრება, ასე დაიწეროს.

- ბედისწერა...

- ...არსებობს, მე ასე მგონია.

- ინტუიცია...

- ...კარგად მაქვს განვითარებული, მაგრამ უფრო სხვების მიმართ მაქვს წინათგრძნობები, ვიდრე - საკუთარ თავზე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...აუცილებლად უნდა ვისეირნო, ფეხით ბევრს დავდივარ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, ყველანი მიყვარხართ!

თამუნა კვინიკაძე