"მსახიობობა გენეტიკური პროფესიაა" - გზაპრესი

"მსახიობობა გენეტიკური პროფესიაა"

"მეგობრები ხშირად მსაყვედურობენ, კასტინგებზე რომ არ დავდივარ. გული ბევრჯერ მეტკინა", - ამბობს მსახიობი გაგა მახათაძე. რა დარიგება ახსოვს ნინელი ჭანკვეტაძისგან, რას გააკეთებდა, კეთილი ჯადოქარი რომ იყოს, რით აკვირვებენ ახლობლები, რამდენად სწყალობს იღბალი და რას მიიჩნევს ხასიათის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

-…დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 9 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...არტისტი. 3 წლის ვიყავი, როდესაც ზესტაფონში, თეატრალურ წრეში ბავშვი დასჭირდათ და ბაღში უამრავ მოზარდს შორის შემარჩიეს. აქედან დაიწყო ჩემი ამ პროფესიისადმი ინტერესი, სიყვარული. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ვარსკვლავებს ვწყვეტ, მაგრამ რაღაცები გამომდის და რაც მნიშვნელოვანია, ეს საქმე ძალიან მიყვარს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ცანცარა ვარ.

- მართლა ასეა?

- ახლა უკვე დავღვინდი, ცანცარა ადრე უფრო ვიყავი.

- მაშინ ეს შენი ხასიათი იყო თუ რაღაცისთვის გჭირდებოდა?

- კომპლექსიანიც ვიყავი და დღეს რომ ვუფიქრდები, ცანცარობა ხშირად უხერხულობის დასაფარად, შესანიღბად მჭირდებოდა.

- მაშინ ამას ვერ აცნობიერებდი?

- ვერა, მხიარული ახლაც გახლავართ. საკუთარ თავზე ხშირად ისიც მესმის, რომ უზომოდ კეთილი ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...აუცილებლად იმავე პროფესიას ავირჩევდი. პროფესიის მიღმა კი უამრავ რამეს შევცვლიდი, ბევრ რამეს გამოვასწორებდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 3 წლის ასაკში, უამრავი ბავშვიდან მე რომ ამარჩიეს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ნინელი ჭანკვეტაძეს, ეკა ქუთათელაძეს და ჩემს საყვარელ ახმეტელის თეატრს. ქალბატონი ნინელი ჩემი პედაგოგი იყო, მისი ჯგუფი დავამთავრე. დღეს რამეს თუ ვაკეთებ და პროფესიული ცოდნა მაქვს, ეს მისი დიდი შრომის დამსახურებაა. 4 წლის განმავლობაში, მსახიობის ოსტატობის ყოველი დღე დღესასწაული იყო. სანამ მიზანს არ მიაღწევდა და ისე არ გაგვაკეთებინებდა, როგორც მას სურდა, არ გაჩერდებოდა. სწავლის "მწარე ძირი" ახლა გატკბილდა. თავად არის დაუღალავი არტისტი და უნდოდა, მომავალში ჩვენც ასეთები ვყოფილიყავით. ახლახან თეატრალურ ფესტივალზე ვიყავით. ის არა მხოლოდ თავის სტუდენტებს, სხვა ახალგაზრდა მსახიობებსაც გვიზიარებდა მოსაზრებებს; ისეთ რჩევებს გვაძლევდა, რომელიც არა მხოლოდ სცენაზე, ცხოვრებაშიც გამოგვადგება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი მშობლები, მეგობრები, ახლობლები.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...მუდამ კარგ განწყობაზე დავაყენო ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო არიან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ძალიან ზარმაცი ვარ, მაგრამ რაც შეეხება საქმეს, ამ შემთხვევაში ვარ დაუზარელი და ბოლომდე ვიხარჯები, ვარ პუნქტუალური, წუთით არავის ვალოდინებ.

- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ ადამიანს არ ვაცდი, სათქმელი ბოლომდე დაასრულოს. კონკრეტულ საქმეს თუ ეხება, რაღაც ცუდს წარმოვიდგენ ხოლმე და ეგრევე დავეტაკები. ძალიან მინდა, ეს თვისება აღარ მქონდეს, დიდი ხანია ჩემში ვებრძვი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. სხვის შეცდომებზეც მაქვს ნასწავლი. ადრე შეიძლებოდა მეგობართან რაღაც ტყუილი მეთქვა, ოღონდ მას თავი კარგად ეგრძნო, დღეს ასე აღარ ვიქცევი, სიმართლეს არაფერი სჯობს, თუნდაც მტკივნეულს.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ვხედავ, რომ ადამიანი ნამდვილად ნანობს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვცდილობ ცოტათი მეტი გავაკეთო, რათა ჩემს მშობლებს უზრუნველი მომავალი შევუქმნა.

- ვიბნევი...

- ...როცა ადამიანი მატყუებს და სიმართლე ვიცი. ვეღარ ვიგებ, ამ დროს როგორ მოვიქცე, მაგრამ სახეზე მაწერია სინამდვილე და ვფიქრობ, ის ადამიანი ამას აუცილებლად მიხვდება. პირდაპირ რომ მივახალო სიმართლე და ენა ამოვაცალო, ამის უნარი არ შემწევს. ზოგჯერ ის მატყუარა მეცოდება კიდეც.

- ვნანობ...…

- ...ბევრი რამის გამო. ალბათ იყო მომენტი, როცა შემეძლო, ვიღაცისთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა და ვერ შევძელი. ვნანობ, როდესაც ჩემი ცუგა რაღაცას აშავებს და ვსჯი. 5 წუთის შემდეგ მივდივარ და ვეფერები. ძაღლები მიყვარს, მაგრამ ძაღლებზე მეტად - ადამიანები. ცხოველების სიყვარული ახლა ძალიან ტრენდულია.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვიყო კეთილი ჯადოქარი.

- რას გააკეთებდი?

- ყველაფერს, რაც ცუდია, კარგისკენ შევცვლიდი.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...მხოლოდ და მხოლოდ დედას. ვერ ხვდება, რომ 33 წლის ასაკში შეიძლება ჩემი სურვილები მქონდეს. სულ რაღაცას მირჩევს, სულ ცდილობს იდეალური ვიყო.

- სიყვარული ეს...

- ...არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც გულიდან მოდის. ადამიანმა სიყვარულის გარეშე როგორ უნდა იცხოვრო? სიყვარული ბევრი რამის დაძლევაში მეხმარება. მინდა ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებდე.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ბაღში დავდიოდი. მივდიოდი და იმ გოგოს ვეხუტებოდი, ვიცოდი, ჩემი შეყვარებული იყო. დღეს მას თავისი ოჯახი ჰყავს, სულ სხვა პროფესიისაა. ბაღის შემდეგ ჩვენი მეგობრობა აღარ გაგრძელდა.

- ბოლოს შეყვარებული როდის იყავი?

- 7 წლის წინ.

- ეს ურთიერთობა რატომ დასრულდა?

- მაშინ კარიერული წინსვლა უფრო მაინტერესებდა. ახლა 33 წლის ვარ, ძალიან მინდა შეყვარებული ვიყო, მაგრამ...

- როგორი გოგონები მოგწონს?

- პირველ რიგში, გოგო ლამაზი უნდა იყოს. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, მთავარი სულიერი სილამაზე არის-მეთქი. გარეგნობის შემდეგ მინიშვნელოვანია, კარგი ადამიანი იყოს.

- მაკვირვებს...

- ...ზოგიერთი ახლობელი. ვიცი, როგორები არიან სინამდვილეში ჩემი კოლეგები ან მეგობრები, რომლებიც სხვა პროფესიის არიან და მათ ინტერვიუებს რომ ვუსმენ და ვკითხულობ, სირცხვილისგან ვწითლდები, უხერხულობისგან აღარ ვიცი, რა ვქნა. როგორები არიან სინამდვილეში და როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, სულ სხვადასხვა რამეა.

- ეს სიყალბე შემდეგ ურთიერთობაში თავს არ იჩენს?

- რა თქმა უნდა, იჩენს. სიყალბე ანგრევს მეგობრობას, სიყვარულს, ყველანაირ ურთიერთობას.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა ფილმმა, კარგმა სპექტაკლმა, კარგმა წიგნმა.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად. რისკზე წასვლა არ მიყვარს. უნდა ვიცოდე, კონკრეტულ ნაბიჯს რა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

- როგორ ფიქრობ, უფრო თამამი და რისკზე წამსვლელი რომ ყოფილიყავი, დღეს სხვა საფეხურზე იქნებოდი?

- რა თქმა უნდა, არაერთ პროექტზე, სატელევიზიო გადაცემაში გამოსვლაზე მითქვამს უარი და მერე მინანია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ღამე ტკბილეულის ჭამა. ეს წონაზე არ აისახება, რადგან დღის განმავლობაში ბევრს ვმოძრაობ, ფეხით დავდივარ. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, მეგობრები რომ მირეკავენ, ვიკრიბებითო, დასაძინებლად დაწოლილიც რომ ვიყო, ვდგები და მივდივარ.

- ვამაყობ...

- ...მშობლებით. მამას კერძო ბიზნესი აქვს, დედა გალერეაში გამოფენებს აწყობდა, არტ-მენეჯერი იყო.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ის, რასაც იმ დროს განვიცდი, სიხარულისა და უხერხულობის ნაზავია.

- შიში მაქვს...

- ...სტიქიების.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები, რადგან კასტინგებზე არ დავდივარ.

- რატომ არ დადიხარ?

- როცა დავდიოდი, გული ბევრჯერ მეტკინა. ვაცნობიერებ, მსახიობისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია, ვალდებულიც კი ვარ, ვიარო! დიახ, უნდა ვიარო, სულ უნდა ვიარო, ყველგან ვერ ჩააწყობენ. მსახიობობა გენეტიკური პროფესიაა.

- გავლენიანი სამსახიობო წრის მემკვიდრეებს, უსამართლოდ გვერდით გაუწევიხარ?

- მსგავსი ფაქტები ქართული თეატრისთვის უცხო არ არის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...შევცვალე კიდეც, თმა გადავინერგე.

- ვუფრთხილდები...

- ...კარგ ადამიანებს.

img-1324-copy-1694414367.jpg

- თავისუფლებაა...

- ...როდესაც ადამიანი გულწრფელია და ყველაფერს აკეთებს არა ანგარებით, არამედ გულით.

- თავად რა დოზით ხარ თავისუფალი?

- უფრო მეტ თავისუფლებას ვისურვებდი. ისეთი გულწრფელი, როგორიც შინ გახლავართ, საზოგადოებაში ვერ ვარ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ამაზე არ მიფიქრია. ძალიან დავიბნეოდი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, გაჭირვებულებს დავეხმარებოდი.

- ყველაზე მეტად მახარებს...

- ...კეთილ საქმეს რომ ვიგებ.

- მაბრკოლებს...

- ...უუნარობა, რომელსაც დროდადრო საკუთარ თავში აღმოვაჩენ ხოლმე.

- ვერ გავბედე.

- ...პარაშუტით გადმოხტომა და ზიპლაინით გაქროლება.

- ჩემი სტიმულია...

- ...საკუთარი თავი, ოჯახი. შვილი რომ მყავდეს, შეიძლება ჩემი შვილის მომავალი მეთქვა.

- მიმართლებს...

- ...ხშირად და ამისთვის უფლის მადლიერი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. იღბალი და ბედისწერა ნამდვილად არსებობს, ამის მჯერა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მხოლოდ და მხოლოდ კარგზე ვფიქრობ; ვცდილობ მდგომარეობიდან გამოსავალი ვიპოვო. ამ დროს გონების მობილიზებას ყველაზე მეტად ვახდენ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...სტუდენტობის წლებში ქალბატონი ნინელი ხშირად გვეუბნებოდა ფრაზას; "წახვალთ თეატრებში და ამას რეჟისორები არ გეტყვიან". ეს ფრაზა არაერთხელ გამხსენებია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მენდეთ, ამ ინტერვიუს მსვლელობისას 97% გულწრფელი ვიყავი. 3% ის არის, რაც ადამიანმა შენთვის უნდა დაიტოვო.

თამუნა კვინიკაძე