ვინ არის მარიამ გოგოლაძე
"ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი პერსონაჟი - ნათია გამოჩნდა, გოგონა ღარიბი ოჯახიდან. ის ჯეკოს კოლეგაა, მიმტანად დაიწყო მუშაობა. ლამაზმა და ძლიერმა გოგომ ჯეკოს ყურადღება მიიპყრო და მათი ურთიერთობაც დაიწყო. "ვინ არის ეს ლამაზი გოგო?" - დაინტერესდა მაყურებელი. ის პროფესიით მსახიობი არ არის. საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტს, მარიამ გოგოლაძე თავად მოგვითხრობს.
- ვარ 21 წლის, ჯიპაში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. სამსახიობო გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ რეკლამებში ვარ რამდენჯერმე გადაღებული. ბავშვობიდან სულ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, რატომღაც, სხვა მიმართულებით წავედი.
- ხომ არ ფიქრობ, ახლა დაეუფლო?
- ეს ჩემი ჰობია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღება ბავშვობის ახდენილი ოცნება იყო. კასტინგზე რომ მივედი, ტექსტი მომცეს, რომელიც უნდა წამეკითხა, თან ვიდეოს იღებდნენ. რატომღაც, ამ მომენტში თავი ძალიან თავისუფლად ვიგრძენი, თითქოს იმ საქმეს ვაკეთებდი, რომელიც ჩემთვის ბუნებრივი იყო. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო, იმ ემოციას, რომელიც იმ წუთში დამეუფლა, ალბათ სრულად ვერასდროს გადმოვცემ.
- ამ დროს სად და ვისთან ერთად იყავი?
- საგურამოში, მეგობრებთან ერთად ვიყავი, უნივერსიტეტის დამთავრებას აღვნიშნავდით. თავიდან თითქოს არ ვაპირებდი, ეს ამბავი მათთვის მეთქვა, მაგრამ ემოციები ვერ დავფარე, დავჯექი და ყველას მოვუყევი.
- გადაღების პირველ დღეს როგორ გაიხსენებ?
- რომ დამირეკეს და მითხრეს, ხვალ გადასაღებად უნდა მოხვიდეო, მთელი საღამო ისე ვინერვიულე, ისე განვიცადე, რომ... ეს შიში კი არ იყო, უფრო - პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ტექსტი, რომელიც ჩემთვის მოცემული ჰქონდათ, რამდენჯერმე წავიკითხე. მეგონა, ვერ ვიმახსოვრებდი, ტვინში არ შედიოდა, მაგრამ უშუალოდ გადასაღებ მოედანზე ყველაფერი ისე დამილაგდა, ტექსტში საერთოდ აღარ ჩამიხედავს. თავი ისე თავისუფლად ვიგრძენი, ნერვიულობა საერთოდ მომეხსნა.
- შენს პარტნიორზე, გიორგი ბარბაქაძეზე რას გვეტყვი? ისიც არ არის მსახიობი, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს. დამეგობრდით?
- სერიალში ჩემი ასაკის ადამიანებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გიორგისთან პირველივე დღიდან კარგად ვიგრძენი თავი და დღეს შეიძლება ითქვას, რომ კარგი მეგობრები ვართ. გადაღებების შემდეგ, ბავშვები რაჭაში ვიყავით, იქ ერთმანეთს კიდევ უფრო დავუმეგობრდით. 12 წელია, გიორგი ამ სერიალში თამაშობს. როდესაც დავინახე, რამდენად უშუალო და თავისუფალი იყო, როგორც გადაღებისას, ასევე კადრს მიღმა, სილაღე მისგან გადმომედო და დამამშვიდა.
- საკუთარ პერსონაჟზე რას იტყვი, ნათია როგორი გოგოა?
- ნათია ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონაჟია, ჩემგან განსხვავებული ადამიანია. ღარიბი ოჯახიდან არის, ძალიან რთული ცხოვრება გამოიარა, მაგრამ არ დათრგუნვილა, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მან ბავშვობიდან იცის, როგორ უპატრონოს პატარა დებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან.
- მასში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
- განვლილი ცხოვრების მიუხედავად, ის არ არის დაკომპლექსებული ადამიანი. მისი სილაღე მომწონს. ყველაფერს ისე აკეთებს, რომ თავისი ხასიათის ხაზგასმას ახდენს და ეს საინტერესოს ხდის. ჩემგან განსხვავებულია, ზოგიერთ შემთხვევაში მის ადგილზე სულ სხვაგვარად მოვიქცეოდი.
- რამდენჯერმე ახსენე, რომ პერსონაჟი შენგან განსხვავებულია. მასთან საერთოს რას პოულობ?
- ჩვენ ორივეს მტკიცე ხასიათი გვაქვს, წინააღმდეგობები მეც არ მაფრთხობს და არ მთრგუნავს, შეიძლება მოტივაციაც კი იყოს.
- გადაღებების პროცესში რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, როგორ წარმოგედგინა ეს პროცესი გარედან და როგორი აღმოჩნდა, როდესაც უშუალოდ ჩაერთე?
- როდესაც დიალოგი გაქვს ადამიანთან, მეგონა ჩვეულებრივად უნდა დადგე და ილაპარაკო. არ მეგონა, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა თუ სჭირდებოდა, მაგრამ კამერის წინ რომ დავდექი, მაშინ მივხვდი, ამდაგვარი სცენის გადაღებას სხვაგვარი მიდგომა და ძალისხმევა სჭირდებოდა. რაც უნდა იფიქრო, რომ კამერა არ არსებობს, ის ხომ მაინც იქ არის?!
- როგორ მიგიღო მაყურებელმა, ამ დღეების განმავლობაში რა მოისმინე?
- კომპლიმენტების ზღვა მივიღე და ამით ვიყავი უბედნიერესი. თავი სიზმარში მეგონა, იმდენი ადამიანი დამიკავშირდა, იმდენმა მომწერა, დამირეკა, იმდენმა მისურვა წარმატება, რომ ამას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, დღემდე პოზიტიურად არიან ჩემდამი განწყობილი და თუ მოვახერხებ, რომ ამ პერსონაჟს სიყვარული ასე შევუნარჩუნო, ძალიან გამიხარდება.
- სოციალურ ქსელში ბევრი წერს, ეს ლამაზი გოგო ვინ არისო?
- (იცინის) პროფესიით მსახიობი არ ვარ და ამიტომ ვერ მიცნეს.
- თავად თუ ეცნობი კომენტარებს?
- რამდენიმე კომენტარი წავიკითხე, იქაც კარგის მეტი არაფერი ეწერა. ეს ჩემთვის აღმაფრთოვანებელი იყო, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
- პროფესიით მუშაობასა და განვითარებაზე არ ფიქრობ? ამ მიმართულებით შენი გეგმა როგორია?
- აქამდე ვფიქრობდი, რომ მაგისტრატურა საზღვარგარეთ გამევლო მარკეტინგის მიმართულებით. ახლაც იგივე გეგმა მაქვს, მაგრამ ცოტა დრო გადავწიე, მანამდე მინდა ვიმუშაო, გამოცდილება დავაგროვო, ცოტათი სამსახიობო კარიერასაც მივხედო, რადგან ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. შემდეგ საზღვარგარეთ გავემგზავრები.
- გამოდის, რომ ახალი როლებისთვის და ახალი შემოთავაზებებისთვის მზად ხარ?
- კი, ახალ წინადადებებს სიხარულით მივიღებ, რადგან ჩემგან განსხვავებული ადამიანის თამაში ძალიან მომეწონა, თან შრომა დიდი სიამოვნებაა.
- საკუთარ თავს როგორ დაახასიათებ?
- გახსნილი, კომუნიკაბელური, ლაღი ვარ. მორიდებით თავდახრილი, კომპლექსებიანი გოგონების კატეგორიას არ განვეკუთვნები.
- რა ინტერესები გაქვს?
- თავისუფალ დროს ჩოგბურთის თამაში მიყვარს, რა თქმა უნდა, პარტნიორი თუ ვიპოვე. ჩემ გარშემო მეგობრები ნაკლებად თამაშობენ. კორტებზე დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- შეყვარებული არ ვარ, მნიშვნელოვანი არც არაფერი ხდება.
- როგორი უნდა იყოს ბიჭი, მასთან ურთიერთობის დაწყების სურვილი რომ გაგიჩნდეს?
- როგორიც მე ვარ, ლაღი და მხიარული. ჭკვიანი უნდა იყოს, გონიერი, მასთან ურთიერთობისას არ უნდა ვიძაბებოდე და "ვიგრუზებოდე".
- მშობლებისგან როგორი შეფასება მოისმინე?
- ძალიან ბედნიერები და გახარებულები იყვნენ, ეს მათთვის ჩემი წარმატების დასაწყისია. დედა განსაკუთრებით გამოხატავს ემოციას, სულ მხარში მიდგას და მამხნევებს. მამა ემოციას შედარებით თავშეკავებულად გამოხატავს, მაგრამ ვიცი, მასაც როგორ უხარია. ახლა ჩემ გარშემო ყველა გახარებულია.
- წარმატებას გისურვებ!
- დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე