"მამამ რომ დამინახა, არ მოვეწონე და სტილი შემიცვალა"
განათლება: დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. არის რუსული ენის სერტიფიცირებული პედაგოგი. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე ჩააბარა (უფასოზე), მაგრამ მაშინდელი ოჯახური მდგომარეობის გამო, სწავლას თავი დაანება.
პოპულარული გახდა: რეალითი შოუდან "პრაიმ ჰაუსი".
ამჟამინდელი საქმიანობა: "ინფლუენსერი". ასევე, სტაბილური სამსახურის ძიების პროცესშია.
ჰობი: ცეკვა.
ცხოვრების დევიზი: "ესეც გაივლის".
ასაკი: 28 წლის.
- საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა, მერეც…დრამატული ცხოვრება გამოვიარე... მახსოვს, მოსწავლეობის პერიოდში, ისტორიის წიგნში, გაერთიანებული ისრაელის მეფის, სოლომონის ბეჭდის შესახებ წავიკითხე - ბეჭდის თვლის ქვეშ ეწერა "და ესეც გაივლის". ეს სიტყვები გულში ჩამივარდა. მას მერე, როცა ცუდად ვიყავი, წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ის ბეჭედი მეკეთა თითზე და ვკითხულობდი - "ესეც გაივლის"...
- როგორ ფიქრობ, შენ შესახებ საზოგადოებას როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხარ?
- როცა პროექტში მაყურებლებმა გამიცნეს, მეგონა, ჩემ შესახებ საკმაოდ ნეგატიური წარმოდგენა შეექმნათ და შთაბეჭდილება დარჩათ, თითქოს ზედმეტად ხისტი, თავისუფალი აზროვნების ვარ, რადგან ჩემს სათქმელს ხმამაღლა ვამბობდი და ბიჭებს ვეკამათებოდი. საქართველოში, როცა ქალი "ხმამაღალია", ეს უკვე ცუდ ტონად მიიჩნევა, მაგრამ პროექტიდან გამოსული, როცა ხალხს ვხვდები, ყველა მეუბნება, - ყველაზე სამართლიანი, კეთილი ადამიანი ხარო, ოღონდ - იმასაც მეუბნებიან, რომ ცოტათი გულუბრყვილო ვარ (იღიმის). სხვათა შორის, რეალურად, მართლა ასეთი გახლავართ: პირდაპირი, სამართლიანი... უბრალოდ, მგონია, ხშირად საკუთარი თავის მიმართ ისეთი სამართლიანი არ ვარ, როგორიც საჭიროა. ცოტა არ იყოს, ამპარტავნულად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, კეთილი ვარ. ცუდს მალე ვივიწყებ...
- ცხოვრებაში პროტესტის განცდა პირველად როდის და რის გამო გაგიჩნდა?
- როდესაც თინეიჯერი ვიყავი და მაგალითად, მოკლე კაბას ვიცვამდი, ამის გამო, სკოლასა თუ უბანში, თითქოს თინეიჯერი ბიჭები სერიოზულად არ მიყურებდნენ. არადა, არაფერს ვაშავებდი. 14 წლის ვიყავი. შეყვარებულიც არ მყავდა (პირველად შეყვარებული 18 წლისას მყავდა). პროტესტის განცდა მქონდა - არასერიოზულად რატომ მიყურებთ, როცა არაფერს ვაშავებ-მეთქი?! თითქოს გარეგნობის, ჩაცმულობის გამო, სხვანაირად მიღებდნენ... მაშინ საქართველოში მოზარდები თმას არ იღებავდნენ, მე კი გრძელი ქერა თმა მქონდა მელირებით... რუსეთში, მამასთან რომ ჩავედი, 13 წლის ვიყავი. მამამ რომ დამინახა, როგორც გამოვიყურებოდი, არ მოვეწონე (იღიმის). მოზარდობისას ხომ ცვლილებებს განიცდის ჩვენი გარეგნობა, არა? სალონში წამიყვანა, სადაც წარბები "გამიკეთეს", ასევე - მელირება თმაზე... მამამ ჩაცმულობაც შემიცვალა... სხვათა შორის, ქალთა თეთრეულის სოლიდურ მაღაზიაში პირველად მაშინ შემიყვანეს. ბიუსტჰალტერი პირველად სწორედ მამამ მიყიდა (იცინის).
- შენი ჩაცმის სტილზე გავლენას მამა დღემდე ახდენს?
- არა, რადგან ერთად არ ვცხოვრობთ. მამა სხვა ქვეყანაშია. ერთმანეთს თუ ვნახულობთ, ეს წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ როცა ვხვდებით, რჩევებს მაძლევს. ვითვალისწინებ, რადგან საკმაოდ გემოვნებიანია.
- როგორც ვიცი, წელსაც ესტუმრე...
- კი. 4 წლის განმავლობაში, მასთან არ ვყოფილვარ: ჯერ პანდემია იყო, მერე - რუსეთ-უკრაინის ომი და მთელი ამბები... საქართველოს პატრიოტი ვარ. გამართლებულად არ მიმაჩნდა, რომ რუსეთში ჩავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრების ნახვას ვაპირებდი - რაღაცნაირად, გული არ მიმიწევდა... ახლა უკვე მივხვდი, ბევრი დრო გავიდა. "პრაიმ ჰაუსში" ყოფნისას, მამა მიყურებდა. თან, ქართული ენა არ იცის. საქართველოში ნამყოფიც არაა. 90-იან წლებში, რუსეთში დედა ჩავიდა და ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი იქ გაიცნეს... რეალითი შოუში მონაწილეობისას, რაღაცნაირად, მამა მაინც მხარში მედგა, მწერდა და მამხნევებდა. როცა ლუკას ვაკოცე და ამ კოცნის გამო საქართველო გაგიჟებული იყო, მამას ამაზე ცუდი რეაქცია არ ჰქონია, პირიქით - მეუბნებოდა: თუ მოგწონს, მოსწონხარ და ამ ადამიანთან ყოფნა გინდა, იყავიო. იცის, გულწრფელი ვარ... თავი ვალდებულად მივიჩნიე, მასთან 1 კვირით ჩავსულიყავი. რუსეთში ყოფნისას ყველა დღე მამასთან ერთად გავატარე. თანამედროვე ყაიდის კაცია. სახლში ჩილიმსაც ვეწეოდით და ვლაპარაკობდით...
- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღია?
- ხშირად მწერენ - ძალიან ლამაზი ტერფები გაქვს. თუ შეიძლება, სურათი გამოგზავნეო. ჩემთვის ყველაზე უცნაური კომპლიმენტი ეს არის (იცინის).
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- სხვა ადამიანების აზრების კითხვის უნარს. უბრალოდ, ხშირად ხალხის გაგება მიჭირს. თითქოს მეც ვერ მიგებენ. ამიტომ ცხოვრებაში უფრო მარტოსული ვარ, თუმცა ასეთი არ ვჩანვარ. კომუნიკაბელური გახლავართ, მაგრამ ცოტა ადამიანია, ვისაც ჩემი მართლა ესმის. ეს ზებუნებრივი ძალა რომ მქონდეს, ადამიანებს უფრო მეტად გავუგებდი, მათ ღრმად შეცნობას შევძლებდი.
- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?
- თუ ისეთ ადგილას და ისეთ ადამიანებთან ვარ, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ, შემიძლია, 3-4 დღეც უინტერნეტოდ ვიყო; თუ მარტო ვარ, მაშინ - უინტერნეტოდ ყოფნა არ შემიძლია.
- კინოთეატრში ბოლოს რომელი ფილმი ნახე?
- "ოპენჰაიმერი". ჩემს დასთან ერთად, ღამის სეანსზე ვიყავი. ისეთი დაძაბული და ამოუცნობი ფილმი იყო, რომ მალე წამოვედით - არ მოგვეწონა (იცინის)...
- როგორ მამაკაცი ვერ იქნება შენ გვერდით?
- უპირველეს ყოვლისა - რამეზე დამოკიდებული (ნარკომანი, მოთამაშე...), რადგან პანიკური შიშები მაქვს, როცა ადამიანები არაადეკვატურ მდგომარეობაში არიან... ხასიათს რაც შეეხება, ძუნწი გვერდით ვერასდროს მეყოლება. ასევე, სუსტი ადამიანები არ მიყვარს, არც - კაცი, არც - ქალი. თამამი და ძლიერი მამაკაცები მომწონს. შეიძლება, გარეგნულად არ მომეწონოს, მაგრამ მისმა საქციელმა მიმიზიდოს.
- ყველაზე ხშირად, მეგობრები რას გსაყვედურობენ?
- ყველა მეუბნება, რომ ძალიან პირდაპირი ვარ. ხშირად ეს ადამიანებს გულს სტკენთ. მგონია, პირდაპირობით კარგს ვაკეთებ - ზურგს უკან არ ვლაპარაკობ. თითქოს ასე ადამიანებს უფრო ვუახლოვდები, მაგრამ რეალურად, ეს მათ გულს სტკენთ და ამის გამო, შეიძლება ჩემთან კონტაქტი აღარც უნდოდეთ.
- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?
- ის, რის გამოც მსაყვედურობენ. სწორედ პირდაპირობა, თამამი საუბარი მეხმარება (ადამიანები ამით მამჩნევენ), ასევე - უბრალოება: შეიძლება დღეს ბევრი ბარტერი მაქვს, საჩუქრებს მიგზავნიან, მაგრამ არასდროს არაფერი "თავში არ მივარდება" - ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი. მაგალითად, გუშინ სოფელში (ბაღდათში) გახლდით. თურმე "პრაიმ ჰაუსს" მართლა ყველა უყურებს - ჩემი დანახვისას ბაღდათელი ბავშვები გამოცვივდნენ (იცინის). ყველასთან მივედი, ფოტო გადავიღე, მათთან ერთად, ველოსიპედით გავისეირნე...
- პოპულარობას როგორი "გემო" აქვს?
- სასიამოვნოა, როცა გულთბილად გხვდებიან და გეუბნებიან, რომ კარგად ყოფნას იმსახურებ, მაგრამ პოპულარობა ბედნიერება არ არის. ბედნიერება უფრო რთული რამაა - იპოვო მეგობარი, ვისაც მართლა უყვარხარ და კარგად თუ ცუდად ყოფნისას, მხარში ამოგიდგება.
- ასაკის მატება გაშინებს?
- ძალიან! 30 წლის ქალების მსგავსად არ მაცვია - თანამედროვედ, ახალგაზრდულად ვიმოსები, რადგან მინდა, უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. კოსმეტოლოგთან ხშირად მივდივარ (ისედაც პრობლემური კანი მაქვს)...
- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები? რამდენი დრო გჭირდება?
- ჩვეულებრივად ვწესრიგდები. საათი ან საათ-ნახევარი მჭირდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ცოტათი უფრო აღელვებული ვარ და უფრო მეტს ვფიქრობ, რა ჩავიცვა, თორემ მაგალითად, სალონში არ მივდივარ, რომ განსაკუთრებული მაკიაჟი, ვარცხნილობა გავიკეთო...
- რომანტიკულ პაემანზე ბოლოს როდის იყავი?
- დიდი ხანია, არ შემხვედრია ადამიანი, ვინც სურვილს გამიჩენდა, რომ ჩვენი შეხვედრისთვის "რომანტიკული პაემანი" დამერქმია. შეიძლება მეგობრულად შევხვდე, სადმე დავსხდეთ, ლუდი დავლიოთ ან რამე მივირთვათ...
- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?
- შეყვარებულობის პერიოდი. როცა ურთიერთობაში ვარ ისეთ ადამიანთან, რომელსაც მართლა ვუყვარვარ. ასეთ დროს როგორი პრობლემებიც უნდა მქონდეს, მაინც კომფორტულად და სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს.
- უსარგებლო ადამიანად გიგრძნია თავი?
- როგორ არა! ასეთი პერიოდები ყველას გვაქვს, როცა ადამიანი ფიქრობ - საერთოდ, რისთვის დავიბადეო?! იყო დრო, როცა არც ვმუშაობდი, არაფერს ვაკეთებდი... როდესაც "ჩავარდნა" გაქვს, მაშინ ფიქრობ, რომ უსარგებლო ხარ (იღიმის), მაგრამ ეს დროებითია - ყველაფერი იცვლება...
- დაგვისახელე შენი საყვარელი სერიალი?
- "სექსი დიდ ქალაქში".
- რომელ მსახიობს ჩაანაცვლებდი სიამოვნებით?
- სარა ჯესიკა პარკერს. სერიალის 4 მთავარი პერსონაჟიდან კერი ბრედშოუ მომწონს, რადგან ისეთი ქალის პროტოტიპია, როგორიც მსოფლიოში ბევრია: 35 წლამდე ასაკის, რომელიც ჯერ კიდევ არ გათხოვილა, სიყვარულის სჯერა... შემდეგ შეუყვარდება მამაკაცი და ბოლომდე იბრძვის, რომ მასთან იყოს. იმავდროულად, დამოუკიდებელია, ჟურნალისტია და თავისი რუბრიკა - "სექსი დიდ ქალქში" აქვს. თავის ცხოვრებას ქალებს უზიარებს და შთააგონებს, რომ შეუძლიათ, კაცზე დამოკიდებულები არ იყვნენ, ფარ-ხმალი არ დაყარონ... ძალიან ძლიერი ქალია, თან - საყვარელი, კეთილი, თანამედროვე...
- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღო, შენს ცხოვრებას როგორ წარმართავ?
- მაშინვე ბიზნესს წამოვიწყებ - თანამედროვე, მოდური სამოსის მაღაზიას გავხსნი. ტანსაცმელი ძალიან მიყვარს... მერე, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს აუცილებლად დავეხმარები. ავტომობილს ვიყიდი... თანხას აუცილებლად გადავდებ გაჭირვებაში მყოფი ბავშვებისა და მოხუცების დასახმარებლად: ან ფონდს შევქმნი, ან უკვე არსებულ ფონდს გადავურიცხავ. ნათესავებმა ზუსტად დღეს დილით გამახსენეს, რომ ბავშვობაში მოხუცების (განსაკუთრებით - ბაბუების) დანახვისას მეტირებოდა, ისეთი გულჩვილი ვიყავი... მგონია, მნიშვნელოვანია, ადამიანს როგორი სიბერე გექნება. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მოხუცებს დავეხმარებოდი...
- დილით რომ იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?
- ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, მისაღწევი... ამიტომ ცხოვრება უნდა გავაგრძელო და წარმატებას მივაღწიო!..
ეთო ყორღანაშვილი