"პოდიუმზე თითო სამოსის წარდგენისას 200 მეტრის გავლა მიწევს" - გზაპრესი

"პოდიუმზე თითო სამოსის წარდგენისას 200 მეტრის გავლა მიწევს"

სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი - ანი სტეფანიშვილი ახლახან დუბაიდან დაბრუნდა, სადაც Vie Fashion Week-ზე იმყოფებოდა და დუბაის მოდის კვირეულთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარა...

- ზაფხული ფანტასტიკურად გავატარე. ჯერ ბათუმში, ოჯახთან ერთად დავისვენე, შემდეგ - იტალიაში გავემგზავრე, ბოლოს კი - დუბაით დავაგვირგვინე. იქ საქმიანი ვიზიტით გახლდით: მოდის კვირეულზე - Vie Fashion Week - ვიმყოფებოდი, სამოდელო სააგენტო "კატრინთან" ერთად. საკმაოდ მაღალი დონის კვირეული გახლდათ... საქართველოში ახლახან დავბრუნდი. ისევ ფანტასტიკური ემოციებით სავსე ვარ - ისევ იქ ყოფნა მინდა. დუბაი წლიდან წლამდე განვითარებისკენ მიისწრაფვის. ისეთი ეგზოტიკურია, რომ წამოსვლა არ მინდოდა. ვისაც ეგზოტიკა უყვარს, დუბაი აუცილებლად უნდა მოინახულოს. მის სილამაზეს ფოტოებით ვერ გადმოსცემ... ისტორია ყველამ ვიცით: ქვიშა და პატარა ჭაობი ჰქონდათ, აქლემები ჰყავდათ, ახლა კი დუბაის ყველა წერტილში მაღალ და კარგად დაპროექტებულ შენობებს ვხედავთ...

- დუბაიში რა პერიოდი გაატარე, რა აქტივობებით იყავი დაკავებული?

- 1 კვირით ვიმყოფებოდით. მოგეხსენებათ, სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელი ვარ. დუბაიში მის დამფუძნებელთან, ქალბატონ ეკა მგალობლიშვილთან და სააგენტოს სხვა მოდელებთან ერთად ვიყავი. ასევე, ქართველი ჟურნალისტები, დიზაინერები და მომღერალი ნინი შერმადინიც გვახლდა. ნინიმ დუბაის მოდის კვირეულზე ცეცხლი დაანთო! მისი ყოველი გამოსვლა სასწაული იყო! ნინის სიმღერების ფონზე, პოდიუმზე გავდიოდით. სხვათა შორის, ამერიკის ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის ფინალში ნინი შერმადინის მოხვედრის შესახებაც დუბაიში გავიგეთ, რაც ყველასთვის ძალიან სასიხარულო იყო... საერთოდ, როცა მოდის კვირეულებზე მივდივართ, ჩვენებებზე ქართველი დიზაინერების კოლექციებიც ყოველთვის წარმოდგენილია. დუბაიში ბევრი სხვა ქვეყნის დიზაინერიც იმყოფებოდა, თუმცა ვფიქრობ, ქართველი დიზაინერების კოლექციები უფრო გასაოცარი და დახვეწილი იყო.

ekastan-ertad-copy-1694510378.jpeg

- ამ საკითხზე, სხვა სტუმრები როგორ ფიქრობდნენ?

- ყველანი კარგად იყვნენ განწყობილები. ქართველი დიზაინერების სამოსის ჩვენებებს ტაში, ოვაციები ახლდა. ძალიან კარგი იყო!..

- კვირეულზე თავად ვისი სამოსი წარადგინე?

- ყოველდღიურად, კვირეულში 6 სხვადასხვა დიზაინერი მონაწილეობდა. 6-დან 5 ჩვენებაზე გავდიოდი, რადგან მეექვსე მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი (იცინის). მე და "კატრინის" სხვა გოგონები მისულები არ ვიყავით, რომ დიზაინერები მაშინვე ხელს გვკიდებდნენ, რათა მათი კაბები მოგვესინჯა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველ მოდელებს განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდნენ. საქართველოს შესახებ იქ თითქმის ყველამ იცოდა, თუ როგორი ლამაზი კუთხეები გვაქვს. ჩვენი სამზარეულოს კერძებიც კი ჩამოთვალეს... ჩემი აზრით, ქართული რესტორანი ყველა ქვეყანაში უნდა იყოს, რადგან სხვა ქვეყანაში გემრიელი კერძი ჯერ არ გამისინჯავს, მათ შორის - არც დუბაიში (იღიმის).

- უცხოელი დიზაინერების კოლექციები როგორ მოგეწონა?

- არაჩვეულებრივი იყო! ყველა კოლექცია მომეწონა. ყველას თავისებური სილამაზე, თავისი თემატიკა ჰქონდა... პოდიუმზე ყოველი გასვლისას თავდაჯერებას ვგრძნობდი - სამოსი, რაც მეცვა, სტიმულს მაძლევდა, რომ პოდიუმზე გამევლო... დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე ადგილზე ყოფნა გვიწევდა. იქ იმყოფებოდნენ პრესის, ტელევიზიის წარმომადგენლები, გვქონდა ფიტტინგ-ები (როცა დიზაინერი არჩევს გოგონებს, ვის რომელი კოლექციის კაბა ჩააცვას). გვიკეთებდნენ მაკიაჟს, ვარცხნილობას გვიწესრიგებდნენ, რასაც ბევრი დრო მიჰქონდა...

- გამოცდილების თვალსაზრისით, დუბაის მოდის კვირეული შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო?

- ამ "ფეშენ ვიკზე" უკვე მეორედ ვიმყოფებოდი. ისე მომწონს, რომ ალბათ, სულ ვივლი... დიდ გამოცდილებას ვიღებ. თან, თითო სამოსის წარდგენისას 200 მეტრის გავლა მიწევს (100 მეტრი სიგრძის პოდიუმია). მეტად თავდაჯერებული ვხდები, პროფესიონალიზმი მემატება...

- საქმიანი კონტაქტები თუ დაამყარე?

- კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, "ფეშენ ვიკზე" წელს კრიშტიანუ რონალდუს დაც იმყოფებოდა. ასევე, ჩვენს გამოსვლას დუბაის პრინციც დაესწრო, რაც გასაოცარი იყო... ჩვენებაზე ავტომობილების - "ფერარის" და "ნისანის" ბოლო მოდელების გამოფენაც გახლდათ. "ფერარის" რეკლამისთვის მოდელები სჭირდებოდათ. მე და ანასტასია ბაკურაძე გადაგვიღეს. კიდევ, ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა მე და ანასტასია თავისი სააგენტოს ვებგვერდისთვის გადაგვიღო... დუბაიში ნებისმიერი ფოტოსესიით ძალიან ბედნიერი ვიყავი!.. VIP-სტუმრებიც გვყავდა, გარშემო სულ ცნობილი ადამიანები იყვნენ. უფრო მეტად ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი ცნობილი ადამიანების გარემოცვაში პოდიუმზე დავდიოდი... ჩემი ოცნებები ეკამ და ჩემმა მშობლებმა ამიხდინეს. მათი მადლიერი ვარ და ვცდილობ, ეს ყველაფერი ჩემი სიყვარულით, სიკეთით დავუბრუნო. ეკა მგალობლიშვილი არაჩვეულებრივი ადამიანია. მიხარია, რომ მას შევხვდი, რადგან აქამდე მან მომიყვანა, ჩემი თავი მსოფლიოს გააცნო...

- ანი, წელს აბიტურიენტი იყავი. გამოცდებმა როგორ ჩაიარა? მიზანს მიაღწიე?

- ჩემი ზოდიაქოს ნიშნიდან (მორიელი) გამომდინარე, რასაც ვიტყვი, ჩემი მიზანდასახულობით ყოველთვის ვასრულებ. ეროვნული გამოცდები 4 საგნით ჩავაბარე. სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი... ეროვნული გამოცდების ქულები იტალიაში, ვენეციაში ყოფნისას გავიგე. იქ გასტროლზე გახლდით. მოგეხსენებათ, ანსამბლ "ლაჟვარდის" მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვარ. იტალიაში ფესტივალში ვმონაწილეობდით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საგზურებიც თამაშდებოდა. ჩვენმა ანსამბლმა საბერძნეთში კრუიზი მოიგო. მაისში გავემგზავრებით... იტალიაში მოგზაურობა ძალიან მომეწონა. სხვადასხვა ქალაქში ექსკურსიები გვქონდა, ღირსშესანიშნავი ადგილები დავათვალიერეთ... საქართველოში დაბრუნებიდან 5 დღეში დუბაიში გავფრინდი.

- მოდის კვირეულისთვის ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად მომზადება მოასწარი?

- სხვათა შორის, თითქოს ვერ მოვასწარი, მაგრამ ისეთი ვარ, რომ გამგზავრების წინადღეს მაინც მზად ვიყავი (იცინის).

image4-copy-1694510366.jpeg

- დუბაიში გართობისთვის დრო დაგრჩა?

- მოდის კვირეულის დაწყებამდე 2 დღით ადრე ჩავფრინდით. გასართობად და იქაურობის დასათვალიერებლად ის დრო გამოვიყენეთ.

- ახლა საქართველოში დაბრუნებულს რა გეგმები გაქვს?

- რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში სწავლას ვაპირებ. სხვათა შორის, უკვე მეც "კატრინის" პედაგოგი (ცეკვის) ვიქნები. სამოდელო სფეროს რაც შეეხება, ყოველთვის ბევრი მიწვევა გვაქვს მოდის კვირეულებზე პარიზში, მილანში, დუბაიში, ასევე - კონკურსებზე... ჩემი აქტიურობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევუთავსებ ერთმანეთს სწავლას და მოდელობას, თუმცა რა საქმესაც ხელს ვკიდებ, ჩემთვის ყველა პრიორიტეტულია... მინდა ხალხს მივმართო: არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ყოველ დილას ჩვენ გვაქვს 2 არჩევანი: პირველი - გავაგრძელოთ ძილი ჩვენს ოცნებებთან ერთად ან მეორე - გავიღვიძოთ და ავასრულოთ ისინი. თავად ყოველთვის მეორეს ვარჩევ და ხალხსაც მოვუწოდებ, რომ მათაც იგივე გააკეთონ, რადგან თავს ასე უკეთ იგრძნობენ...

ეთო ყორღანაშვილი