რატი ამაღლობელი: "ეს პრორუსული აჟიოტაჟი საპნის ბუშტია და არა - რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის"
ჩვენი მეფეები ქვეყნის გადასარჩენად ხმალამოღებულნი იბრძოდნენ, მაგრამ როცა საჭირო იყო, უკან იხევდნენ და კომპრომისზეც მიდიოდნენ... რა ხდება 21-ე საუკუნის საქართველოში? რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა და ხალხი? - ამის შესახებ ცნობილ პოეტთან - რატი ამაღლობელთან ვისაუბრეთ:
- საქართველო დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია: ჩრდილოეთით გვყავს აგრესიული მეზობელი, რომელმაც შუაგულ ქართლში მავთულხლართები გაგვივლო და ამ დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს დასავლელ მეგობრებს აკრიტიკებენ, უფრო სწორად, აძაგებენ. რით აიხსნება ქართველი პოლიტიკოსების უჩვეულო საქციელი?
- ინტერვიუს ერთი შეკითხვით დავიწყებ: ბოლოს როდის მოისმინეთ ამერიკის და ევროპის ძაგება? - მე მსგავსი რამ ბოლოს საბჭოთა პერიოდში მოვისმინე, აბონ ციციაშვილის გადაცემაში - დიახ, ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი გადაცემა, რომელიც დღესაც უსიამოვნო მოგონებად მახსენდება. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე მსგავსი რამ არ მახსოვს! ასეთი უტიფარი განცხადებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირის, ამერიკისა და ცივილიზებული სამყაროს მიმართ, 21-ე საუკუნის საქართველოში რომ გვესმის, არ გიკვირთ?! ასე რატომ იქცევიან? - ჩემი აზრით, ეს არის მითითება, რუსეთის დაკვეთა, რომელსაც ისინი ასრულებენ და არც კი ფიქრობენ, რამდენად დამაზიანებელია ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენი მეგობრების ამ ტონალობაში მოხსენიება, "ქართული ოცნების" უდიდესი შეცდომაა. პარალელურად, რა რეაქცია აქვთ სანქციებზე? - ამერიკის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზე ერთ სიტყვასაც არ ამბობენ. წარმოუდგენელია, როცა ამერიკა სანქციებით სჯის სასამართლო კლანს და ამაზე ქართველ ჩინოვნიკებს, თანამდებობის პირებს რეაქცია არა აქვთ. არ ვიცი, ალბათ აპირებენ, რომ პუტინის რუსეთს ბოლომდე უფსკრულში ჩაჰყვნენ.
- ცნობილია, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ხომ არ არის ეს ლავირების მცდელობა?
- ლავირებაა, როცა ცდილობენ, არც ერთ მხარეს არ აწყენინონ; როცა ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომ ორივე მხარესთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ ასეთ ნაბიჯებს თქვენ ხედავთ? - მე მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობას ვხედავ - ჩრდილოეთისკენ. ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ამ ხელისუფლების ქმედებების გამო, დასავლეთში სასურველ პარტნიორად აღარ მიგვიჩნევენ. საკითხავია - ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლება დასავლეთის მუდმივ გაკიცხვაშია? ამაზე ლაპარაკიც კი რთული და მძიმეა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ადრე ჩვენ სამეულში ვიყავით მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, მაგრამ დღეს მოლდოვას აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი - არა! ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? - რა თქმა უნდა, "ოცნების" ხელისუფლება.
- 10-15 წლის წინ, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ამდენი რუსეთის მომხრე ეყოლებოდა. რატომ მომრავლდა ეს ხალხი?
- ამას ერთი ახსნა აქვს: საქართველოში კონფორმიზმი მეტისმეტად ფესვგადგმულია. მე, მაგალითად, ტელევიზორში მინახავს ხალხი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დიდი მეხოტბე და "გულშემატკივარი" იყო, მაგრამ "ქართული ოცნების" მოსვლისთანავე ამ ხალხმა ფერი იცვალა და ამ ხელისუფლების მეხოტბედ იქცა. ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ ცუდია, რომ ამ ხელისუფლებამ მათი საქვეყნოდ გამომზეურება დაუშვა, რომ მათ აგრესიულ, არაქართულ რიტორიკას მწვანე შუქი აქვს ანთებული. ცნობილია, რომ მედროვეობა ღარიბი სახელმწიფოების პრობლემაა: ასეთ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი კონფორმიზმით ცდილობს თავის გატანას და ფონს გასვლას, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრინციპული, თავისი შეხედულებების ერთგული ადამიანი ცხოვრობს. ჩემი დაკვირვებით, ეს პრორუსული აჟიოტაჟი უფრო საპნის ბუშტია და არა - რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეს მკაფიოდ ჩანს. მათ პროპაგანდისტულ "მესიჯ-ბოქსს" მომავალი არა აქვს, რადგან ქართველი ხალხი ევროპული იდეალების და ევროპული გზის ერთგულია.
- ოპოზიცია ხშირად საყვედურობს ხელისუფლებას, რომ შოვის ტრაგედიის დროს ხალხს დროულად არ დაეხმარნენ... რა გვაჩვენა 3 აგვისტოს ტრაგედიამ?
- 3 აგვისტოს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ გლობალური დათბობის და კატაკლიზმების ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების სიფხიზლე და მზადყოფნა. აუცილებელია, მეცნიერებს ვენდოთ და მათ პროექტებს მხარი დავუჭიროთ. განსაკუთრებით იმათ უნდა მოვუსმინოთ, ვინც ამგვარ პრობლემატიკას იკვლევს. ეს პროექტები ხშირადაა დაკავშირებული წამყვან ევროპულ ქვეყნებთან. თუმცა, ეს ხელისუფლება მეცნიერებს მხარს როგორ დაუჭერს, როცა ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გამო, მათ აგენტებად აცხადებდა?!
- მარტის მოვლენებს და ე.წ. რუსულ კანონს გულისხმობთ?
- დიახ, მარტის დღეებმა კარგად გამოავლინა ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ხალხის მიმართ, რომელიც ცდილობს მეცნიერებასა და ხელოვნებაში ევროპული აზროვნება, დასავლური გამოცდილება დაამკვიდროს. შოვის ტრაგედიამ კი დაგვარწმუნა, რომ სახელმწიფო მსგავსი კატაკლიზმებისთვის მზად არ არის. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ მოსახლეობის დასაცავად, რა არ დაფინანსდა და მომავალში რა პროექტები უნდა დაფინანსდეს ან სად არის საჭირო სასწრაფო მონიტორინგი... ჩვენ კავკასიონთან ახლოს ვცხოვრობთ - საკმაოდ რთულ რეგიონში. მთელი მსოფლიო და წამყვანი ქვეყნები დიდ შრომას და ფულს დებენ იმაში, რომ ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ადამიანთა სიცოცხლე არ იმსხვერპლოს, ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? პრევენციისთვის რა ნაბიჯებს ვდგამთ? რასაკვირველია, სტიქიური მოვლენები ყოველთვის ხდებოდა და მოხდება, მაგრამ მთავარია, შენ როგორ ხვდები ამ მოვლენას და როგორ უმკლავდები. სულაც არ მინდა ვინმესკენ თითი გავიშვირო, მაგრამ ხელისუფლება 3 აგვისტოს სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა - ეს ყველამ დავინახეთ! სამწუხაროა, რომ ყველაფერზე თვალის დახუჭვა და ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება ამ ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა.
- თქვენი დაკვირვებით, ამის მიზეზი რა არის?
- როცა მთელი სახელისუფლებო მანქანა ერთ კაცს შეჰყურებს, როცა ყველას ბედი იმ ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, რატომ გვიკვირს, რომ ეს ხალხი დროულ ნაბიჯებს ვერ დგამს? დემოკრატიის ანა-ბანაა ის, რომ მთავრობას ხალხი ირჩევს, ხელისუფლების წყარო ხალხია, ჩვენი ხელისუფლება კი არავის მიმართ ვალდებულებას არ გრძნობს, ის არ არის პასუხისმგებელი ქართველ ხალხთან, ის მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას და ერთი მიმართულებით იყურება - სოლოლაკის მაღლობისკენ... საქართველოში ჯანსაღი სიტუაცია რომ იყოს და პოლიტიკოსებს ხალხთან ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეთ, ამგვარ პრობლემებზე მსჯელობა აღარ დაგვჭირდებოდა.
- დასავლეთის ქვეყნებში 4 წელიწადში ერთხელ ცვლიან მთავრობას - ეს ყველაზე კარგი, აპრობირებული გზაა, რადგან პირველ წლებში ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს და ხალხის გული მოიგოს. არ ფიქრობთ, რომ ამის მისაღწევად ქართველებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ?
- მე ბოლომდე ვეთანხმები ცნობილ გამონათქვამს: "ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად". ხელისუფლებაში ყველაზე საუკეთესო ხალხიც რომ იყოს, დროდადრო, ის მაინც უნდა შეიცვალოს. სპორტში ხდება ცვლილებები, მესიც კი ამერიკაში წავიდა სათამაშოდ და ქართული პოლიტიკა რა გახდა?! საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ხელისუფლება არ მოერგოს კორუფციულ სქემებს, ტენდერებს, ფინანსურ გარიგებებს და ათასგვარ უბედურებას. ოთხი წელი მართლაც არის ის პერიოდი, როდესაც მმართველ გუნდში რაღაც უნდა შეიცვალოს. რა შედეგი მოჰყვება ერთი პოლიტიკური ძალის მმართველობას 10, 15, 20 წლის განმავლობაში? - ის, რასაც დღეს ვხედავთ - ქართველი ხალხი გაღარიბებულია და ხელისუფლებაც სიღარიბის კულტივირებას ცდილობს. რატომ? - იმიტომ, რომ ღარიბი ადამიანის მართვა გაცილებით იოლია, ღარიბ ამომრჩეველთან დანახარჯიც ნაკლები აქვთ. სწორედ ამიტომაა საჭირო ახალი სისხლი, ახალი თაობა ქართულ პოლიტიკაში, რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს. სამწუხაროდ, ამას საქართველოში ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ ქართულ კულტურაზეც: ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები ხომ არ ემსახურება ხელოვანთა "მოთვინიერებას", როგორც ამას ბევრი აღნიშნავს?
- რაც უნდა ხდებოდეს, ჩვენ მაინც ერთად ვართ: ქართველმა მწერლებმა არაერთხელ დაანახვეს საზოგადოებას ერთად დგომის მაგალითი, თუმცა, მარტო მწერლობაზე არ ვამბობ - შესაშური ერთიანობა გამოიჩინა ქართულმა კინომ და კინოინდუსტრიამ, ასევე - მუზეუმების თანამშრომლებმა, რომლებსაც დიდი ამაგი აქვთ ქართული კულტურის წინაშე. სამწუხაროდ, ეს ხალხი სამსახურიდან გაათავისუფლეს - ეს მოხდა თეატრსა და კინოში, ეს მოხდა მწერლობასა და მეცნიერებაში - არ დარჩენილა სფერო, სადაც ახალ მმართველობას რაღაც გაუგებრობა და ცუნამი არ გამოეწვია. საერთოდ, კულტურის მინისტრი თავის სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდეს და ქვეყნის კულტურას მთელ მსოფლიოს აცნობდეს, ჩვენთან კი ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდება: წულუკიანის სამინისტრო ებრძვის კულტურის მუშაკებს. სამწუხაროდ, ყველა წითელი ხაზი უკვე გადალახულია და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ვცდილობთ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ.
- დაბოლოს, პოეტის პასუხი ამ კითხვაზე ძალიან საინტერესოა: რომელ ეპოქას გაგონებთ დღევანდელი საქართველო?
- სამწუხაროდ, დღევანდელ სიტუაციას რომ ვაკვირდები, ერთი საუკუნის წინანდელი საქართველო მახსენდება: დამოუკიდებლები სულ რამდენიმე წელი ვიყავით და ეს დამოუკიდებლობა მალე დავკარგეთ. იმედია, ისტორია არ განმეორდება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი სამშობლოს თავისუფლება აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ამდენი წლის ბრძოლა და სისხლი უკვალოდ ჩაივლის! კიდევ კარგი, თანამედროვე მსოფლიო შეცვლილია და სულ სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო პირველ ყოვლისა, ჩვენ - ქართველებმა უნდა დავიცვათ.
ხათუნა ჩიგოგიძე