როგორ დაინტერესდა როკით გატაცებული დემეტრე ოქრიაშვილი ქართული ფოლკლორით - გზაპრესი

როგორ დაინტერესდა როკით გატაცებული დემეტრე ოქრიაშვილი ქართული ფოლკლორით

დემეტრე ოქრიაშვილი 23 სექტემბერს 14 წლის ხდება. თავისი დაბადების დღე ძალიან ჰყვარებია. ასე ამბობს: „არა მხოლოდ ჩემი დაბადების დღე, არამედ მთელი თვეც მიყვარს. შემოდგომა ჩემი საყვარელი სეზონია. ამ პერიოდში სასიამოვნო სიგრილეა, არც ძალიან ცხელა და არც პირიქით. ამ დროს პაპაჩემის, ჩემი და რამდენიმე მეგობრის დაბადების დღეა. საჩუქრებზე ვგიჟდები, ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მეგობრებთან ერთად გართობა მიყვარს და ამ დღეს ამის შესაძლებლობა მაქვს. დღემდე რამდენიმე გამორჩეული დაბადების დღე მქონია, მაგრამ მათ შორის გამოვარჩევ ერთს, როცა 9 წლის ვხდებოდი და ოჯახთან ერთად ბათუმში წავედი. ჯერ მათთან და მერე მეგობრებთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე“... პატარა მომღერალს მის დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე.

- დავიბადე და გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუსიკა ძალიან ხშირად ისმოდა. რა თქმა უნდა, სიმღერის მოსმენას, აყოლაც მოჰყვება და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. აღმოჩნდა, რომ კარგი სმენა მქონდა და ასაკთან შედარებით კარგადაც ვმღეროდი. სიმღერისა და ტექნიკის სწავლა კი ცოტა მოგვიანებით დავიწყე.

- რა მუსიკასა და ჟანრს უსმენდი ადრეულ ასაკში?

- ძირითადად როკს, რომელიც დღემდე მიყვარს.

- მუსიკის პედაგოგებთან უშუალო შეხება როდის დაიწყო?

- 7 წლის ასაკში, „სახეს“ სტუდიაში და დღემდე იქ ვმღერი. სიმღერა და პიანინოზე დაკვრის შესწავლა ერთდროულად დავიწყე. სკოლაში მუსიკასთან შეხება შედარებით გვიან მქონდა, როცა სკოლის კონცერტებზე გამოსვლა მიწევდა.

- ალბათ, დღეს უკვე პიანინოზე გამართულად და კარგად უკრავ...

- სიმართლე გითხრათ, ბოლო რამდენიმე წელია სიმღერას მივაწექი, ასე ვთქვათ, პიანინო გადამავიწყდა და კარგად ვეღარ ვუკრავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა დამჭირდება, ამ ინსტრუმენტს გამოვიყენებ... ახლა გიტარამ დამაინტერესა. მამა გიტარისტია და მინდა მეც ავითვისო.

- ჩინურ ენას სწავლობ. ამ ქვეყნის კულტურამ მოგხიბლა თუ რატომ და როგორ დაინტერესდი მისი შესწავლით?

- ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 5 წლის, როცა ბაღში, რაღაც მულტფილმის ყურებისას ჩინეთის დიდი კედელი ვნახე. რა ადგილი იყო, არ ვიცოდი, მაგრამ ეს ნაგებობა დავხატე და მშობლებს ვაჩვენე, თან ვუთხარი, - ჩინეთი მიყვარს-მეთქი. მათ მითხრეს, რომ ეს იყო ჩინეთის დიდი კედელი. ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, ჩინური მესწავლა. იმდენად პატარა ვიყავი, მასწავლებლის პოვნა გაგვიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც მაშინ სტუდენტი იყო და ისიც ჩემი მშობლების მსგავსად, ჩემი სურვილით - ჩინური მესწავლა, გაკვირვებული დარჩა. ასე დაიწყო, განვითარდა და ახლაც გრძელდება ჩემი ასე ვთქვათ, „ჩინეთში მოგზაურობა“. აღმოვაჩინე, რომ მიდრეკილება მაქვს ენებისადმი და როცა სკოლაში შევედი, ინგლისური ენის შესწავლა დავიწყე, რაც ძალიან გამიმარტივდა. ცოტა მოგვიანებით გერმანულის სწავლასაც შევუდექი და უკვე ორი წელია ამ მიმართულებითაც ვვითარდები. აქვე გეტყვით, ჩინური ენის შესწავლასთან ერთად, ნელ-ნელა დავიწყე კონკურსებში მონაწილეობაც, რომლის დროსაც ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნს ჩინეთის კულტურაზე და ამან საშუალება მომცა, ეს ქვეყანა უკეთ შემესწავლა. ცოტა ხნის წინ, საქართველოში „ჩინური ენის ხიდზე“ გავიმარჯვე, პირველი ადგილი ავიღე და მალე ჩინეთში წასვლა მომიწევს, რათა კონკურში საქართველო წარვადგინო.

- როგორი იყო კონკურსის პირობები?

- ვფიქრობდი, რომ როცა გავიზრდებოდი, „ჩინური ენის ხიდზე“ მონაწილეობას მივიღებდი, მაგრამ ახლა რომ გავიგე, კონკურსი ჩემი ასაკის ადამიანებისთვისაც ტარდებოდა, თვალები მაშინვე გამიბრწყინდა და რა თქმა უნდა, მონაწილეობის მსურველებს შორის ჩავეწერე. ეს საერთაშორისო კონკურსია, რომლის ფინალი ყოველწლიურად ჩინეთში იმართება. წარდგენილი მქონდა ჩინური ესე, რომლის თემასაც ორგანიზატორები გაძლევენ, ხოლო მეორე იყო შენი ტალანტის წარდგენა, რომელიც რაღაც ფორმით, ჩინეთს უნდა უკავშირდებოდეს: ზოგმა იცეკვა, ზოგმა უშუ წარმოადგინა, მე კი ჩინურად ვიმღერე.

- გამოდის, ჩინური ერის კულტურამ მიგიყვანა ამავე ენის შესწავლის სურვილთან. კიდევ რომელი ქვეყანა გხიბლავს ისე, რომ შეიძლება ენის შესწავლის სურვილი გაგიჩნდეს?

- ძალიან მაინტერესებს ფრანგული. ვფიქრობ, რომ ლამაზია. ჩემი ერთ-ერთი ჰობი ანიმეების ყურებაა, იაპონურად რამდენიმე სიტყვა ვიცი და მინდა ეს ენაც საფუძვლიანად შევისწავლო. ჩეხეთის კულტურაც მაინტერესებს, ადრე იქ 1 თვით ვიყავი, ცოტა ხნის წინ კი ისევ ჩავედი, რამდენიმე დღით. რაც უკეთ ვეცნობი, მით მეტად მაინტერესებს ამ ქვეყნის ისტორია და კულტურა.

- სკოლა, ენები, სიმღერა - ამ ყველაფრით დაკავებულს, წიგნისთვის დრო თუ გრჩება?

- რა თქმა უნდა, სულ ვცდილობ წიგნისთვის დრო გამოვნახო. საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, რომ თუ წიგნმა დამაინტერესა, შეიძლება კითხვაში ღამე გავათიო და ასეც მომხდარა, მაგრამ ღამისთევას მეორე დღეს თავისი ცუდი შედეგები აქვს და ამიტომ ვცდილობ, ეს აღარ გავაკეთო. მიყვარს ფანტასტიკა. ჩემი საყვარელი მწერალია ჟიულ ვერნი, რომლის ნაწარმოებები დღესდღეობით ფანტასტიკად აღარ ითვლება, მაგრამ ადრე ნამდვილად ასე იყო.

- რომელიმე სპორტის სახეობას ხომ არ მისდევ?

- სიმართლე გითხრათ, დიდად სპორტული არ ვარ. ბავშვობაში რამდენჯერმე ცურვის გაკვეთილზე ვიყავი და ეგ არის მთელი ჩემი სპორტული ისტორია (იღიმის).

- ბავშვთა ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი ხარ. შენს პედაგოგთან, დავით ცინცაძესთან ურთიერთობებზეც გვიამბე და ის ემოციებიც გაგვიზიარე, რომელიც წელს აგვისტოში, პრაღაში საერთაშორისო კონკურსს - „სულიკო“ ახლდა, იქიდან პირველი ადგილი „ჩამოიტანე“...

- ხალხურ მუსიკასთან შეხება მანამ არ მქონია, ვიდრე „რანინაში“ მონაწილეობა არ მივიღე. იქ გავიგე, რომ პროექტში ფოლკლორის ტური იქნებოდა. არ ვიცოდი, ეს როგორ გამომივიდოდა. ჩემთვის სიმღერის შერჩევა გაჭირდა, მაგრამ ბოლოს გამოვარჩიეთ სვანური „შინა ვორგილი“, რომელიც პირადად მე, ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ საკმაოდ დიდი სიყვარული გამიჩნდა ხალხური სიმღერის მიმართ და დავფიქრდი, რომ თუ „შავნაბადას“ გუნდის წევრი გავხდებოდი, ასე ბევრად მეტ სიმღერას შევისწავლიდი და ბევრად მეტ ადამიანთან ერთად მომიწევდა სიმღერა. დაახლოებით ორი თვეა, ბავშვთა ანსამბლის „შავნაბადა“ წევრი გავხდი. რაც შეეხება დათოს, მასთან „რანინას“ პერიოდიდან დავმეგობრდი. რამდენიმე საერთო რაღაც აღმოგვაჩნდა, მაგალითად ის, რომ ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე, მუსიკასთან ერთად, მეზობლობაც გვაკავშირებს. რაც შეეხება ჩეხეთს, ვინაიდან იქ მანამდეც ვყოფილვარ და იქაური თავგადასავლები ყოველთვის საუკეთესო მოგონებებად დარჩება, გამიხარდა, რომ ჩეხეთში წასვლის შესაძლებლობა კიდევ მომეცემოდა. ჩეხეთს იმედები არც ამჯერად გაუცრუებია. ამავდროულად, ეს ჩემი ანსამბლის გაცნობის კარგი შესაძლებლობა იყო, რადგან როგორც გითხარით, ანსამბლში ახალი შესული ვარ და არც ბევრი მათი სიმღერა ვიცოდი. მოსამზადებელ პერიოდში ამის შესაძლებლობა მომეცა და ვფიქრობ, ბევრი სიმღერა სულ სხვა დონეზე ავითვისე. კონკურსზე რამდენიმე სიმღერა შევასრულე, წარმატებაც მოვიდა და რაც კი ნომინაცია არსებობდა, ყველაფერი ჩვენ გადმოგვეცა: „შავნაბადას“ გუნდმა აიღო გრან-პრი, პირველი ადგილი და ა.შ. ეს ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო. თან, საქართველოში სრულად გამარჯვებულები დავბრუნდით.

- ყველაზე მეტად, რომელი კუთხის სიმღერები გხიბლავს?

- სვანური სიმღერები მომწონს, რადგან ვფიქრობ, მათში დიდი ჰარმონიაა. ასევე მომწონს მეგრული სიმღერები, რადგან ლამაზი ჰარმონია აქვს, ხოლო იმერულებს შედარებით ჩქარი „ხასიათის“ გამო გამოვარჩევდი.

- შენს მომავალსა და პროფესიაზე გიფიქრია?

- რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ძალიან მიყვარს სიმღერა, აქამდე მოვედი და ვფიქრობ, ახლა რომ სხვა საქმეს მივადგე, ისე კარგად არ გამომივა. ამიტომ მსურს, ბოლომდე სიმღერას „მივაწვე“. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ჩემი მომავალი პროფესია სიმღერასთან და მუსიკასთან იქნება დაკავშირებული.

- ბუნებრივია, თავს აკვირდები, სწავლობ. თუ შეგიძლია დამისახელო შენი დადებითი და უარყოფითი თვისებები?

- ვფიქრობ, ძალიან მეგობრული ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ გარშემო მყოფები გავახარო. ხოლო ჩემი უარყოფითი თვისება ისაა, რომ მარტივად ვხდები რაღაცებზე დამოკიდებული, აზარტული ვარ.

1-copy-1694510693.jpeg

- ალბათ, ამაში კომპიუტერულ თამაშებს გულისხმობ...

- დიახ...

- შენს ოჯახზეც მითხარი ორიოდე სიტყვა...

- მამა მუსიკოსია, დედა - ბუღალტერი. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ. 2 ძმა და 1 და მყავს. ჩემზე ბევრად პატარები არიან. ჯერჯერობით ცოტ-ცოტას ცდილობენ და როცა გაიზრდებიან, დარწმუნებული ვარ, კარგად იმღერებენ.

- დაბოლოს, „რანინა“ იყო ის გადაცემა, საიდანაც ფართო საზოგადოებამ გაგიცნო. კიდევ აპირებ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობას თუ არა და ზოგადად, რა გეგმები გაქვს?

- ვინაიდან „რანინაში“ დიდი გამოცდილება მივიღე, რა თქმა უნდა, სხვა მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობასაც ვაპირებ. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილება ყველა ახალგაზრდა მომღერლისთვის მნიშვნელოვანია. და თან, ამგვარ კონკურსებს ხომ მოაქვს შანსი და საშუალება, მთელ სამყაროს გაგაცნოს და გააცნოს მსოფლიოს შენი, როგორც მუსიკოსის თავი - ჩემი მიზანიც ეს არის. ბოლოს, თუ შესაძლებელია, მინდა ერთი რამ დავამატო: როგორც უკვე ვთქვი, ოქტომბრის ბოლოს ჩინეთში წავალ, სადაც საქართველო უნდა წარვადგინო. უკვე ვმუშაობ ჩინურ-ქართულ პოპურზე, რომელსაც კონკურსზე გავიტან. გთხოვთ, მიგულშემატკივრეთ, რადგან მე ეს ძალიან მჭირდება! დიდი მადლობა!..

ანა კალანდაძე