58 წლის ასაკში დაწყებული მოდელობა, მსოფლიო დონის წარმატებები და დამსხვრეული სტერეოტიპები - გზაპრესი

58 წლის ასაკში დაწყებული მოდელობა, მსოფლიო დონის წარმატებები და დამსხვრეული სტერეოტიპები

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე... დედა - დოდო იმერლიშვილი ძირძველი თბილისელი გახლდათ. სულ ამბობდა, ჩემი თბილისი მენატრებაო... ბევრს ჰყვებოდა თბილისზე. საბედნიეროდ, იქ უამრავი ნათესავი მყავს და როცა ჩავდიოდით, ძალიან ბევრს დამატარებდა თბილისის იმ ქუჩებში, სადაც თვითონ დადიოდა. მახსოვს, როგორ მიმიყვანა ავლაბარში და მაჩვენა ის სახლი, ეზო, სადაც გაიზარდა... მიყვებოდა, თუ როგორ დარბოდა ანჩისხატის ეკლესიის ეზოში...…

მამა - რეზო ჭანიშვილი ქორეოგრაფი გახლავთ. წარმოშობით ლიხაურიდან არის, ქობულეთში დაბადებული და ბათუმში გაზრდილი. რეპრესირებული ოჯახიდანაა. ჩვილი იყო, როცა მამამისი წაიყვანეს. თვითონაც ძალიან მძიმე ბავშვობა გამოიარა. ალბათ იმდენმა ტკივილმა განაპირობა შვილების მიმართ განსაკუთრებულად თბილი, პატივისცემით სავსე რომ იყო. უსაზღვროდ მადლიერი ვარ დედასიც და მამასიც...

- ალბათ, ბავშვობიდან გაზიარეს ხელოვნებას...

- თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო მეტად სპორტს მივდევდი, ხელოვნება ნაკლებად მაინტერესებდა... თუმცა, ცეკვა მიყვარს! ჩემს ბავშვობაში სპორტის ყველა სახეობა უფასო იყო და სად არ დავდიოდი: ცურვაზე, მოტოსპორტზე, წყალში ხტომაზე...კარგ შედეგს მივაღწიე სპორტულ ტანვარჯიშში. გატაცებული ვიყავი საბრძოლო ხელოვნებით ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა იატაკქვეშ იყო! საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ამ ორი სპორტის სახეობით დაკავებული...

- როგორც ახსენეთ, ნაწილობრივ თბილისში იზრდებოდით... სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოხვედით?

- სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში ვსწავლობდი საფეიქროზე, საინტერესო იყო. ქსოვილის, ძაფის დამზადება ბამბისგან, რომელიც ყაზახეთიდან ჩამოჰქონდათ, უზარმაზარი დაზგები... წლების შემდეგ თბილისში საპროდიუსერო ფაკულტეტი დავამთავრე, თან ვმუშაობდი... 90-იანების მიწურულს საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით.

- დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმ სახლში ცხოვრობთ, რომელიც ძალიან ძველი და გამორჩეულია...

- დიახ, 180 წლის სახლია, თბილისური ეზო... დაახლოებით 12 დროებითი საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე. იყო რთული პერიოდები, რის შესახებაც საუბარი არ ღირს... ვმუშაობდი და ფულს ვაგროვებდი, სახლი რომ მეყიდა. შემდეგ მამაც დამეხმარა და ეს ბინა შევიძინეთ. აქაურობა ძალიან მიყვარს, რადგან რაღაცით ჩემს ბათუმის სახლს მაგონებს თავისი მაღალი ჭერით, სქელი კედლებითა და სიმყუდროვით..

- მოდელობა როგორ და რა ასაკში დაიწყეთ?

- ცოტა შორიდან დავიწყებ, თუ არ მიწყენთ! თამამად ვიტყვი, რომ სამმა სიტყვამ და ერთმა "ემოჯიმ“ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემი ისტორია გარკვეულწილად წააგავს კონკიას ზღაპარს! ძალიან ადრე გამიჩნდა ჭაღარა - დაახლოებით 15 წლის ასაკში. გენეტიკაა და რას იზამ,…45 წლისას თითქმის სულ გამითეთრდა თმა. მანამდე კი მუქი წაბლისფერი მქონდა... თმის შეღებვა 12 წლის წინ შევწყვიტე. ამან გამოიწვია გაკიცხვა როგორც შინაურებისგან, ასევე სხვებისგან და პრობლემები სამსახურში. ასე გადიოდა წლები...

მერე დაიწყო პანდემია, ბევრი დარჩა სამუშაოს გარეშე. ჩემი სამსახურიც დაიკეტა. პანდემიის დროს, უბრალოდ, ინტერესის გამო დავიწყე თმის სტრუქტურის და მისი მოვლის საშუალებების, მათი შემადგენლობის სიღრმისეულად შესწავლა. "გავხსენი" გვერდი ინსტაგრამზე, თუ როგორ მოვუაროთ ტალღოვან თმას და განსაკუთრებით - ჭაღარას. უკვე ხომ დიდი გამოცდილება მქონდა! დავიწყე პროდუქტების გატესტვა-განხილვა, პუბლიკაციებისა და ვიდეოების განთავსება. თან ვფიქრობდი, თუ როგორ მიმეწვდინა ხმა ფართო საზოგადოებისთვის, მეთქვა რომ ჭაღარა თმა არ არის სიბერე, არ ნიშნავს მოუვლელობას, არ არის სტიგმა ან სირცხვილი, არამედ უბრალოდ, განსხვავებული ფერია. და თუ არ შევიღებავ, განა ვის რას ვავნებ ამით?! ამასობაში გავიდა ორი წელი.

ჩემი სამსახური როცა ამოქმედდა, პირდაპირ გახსნის წინ შემატყობინეს, რომ შემცირებაში მოვყევი... პირველ წუთებში იყო პანიკა და მომავლის შიში... საბედნიეროდ, როგორც ყოველთვის შვილი მხარში ამომიდგა. არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორ ჩამიკრა გულში და თქვა: "დედა, ნუ გეშინია. აგერ ვარ!" და მისთვის ჩვეული გურული იუმორით დასძინა: "სიმართლე გითხრა, გამიხარდა რომ გამოგიშვეს! შენით წამოსვლას ვერ მიხვდებოდი, სანამ არ წაიქცეოდი! შენი უფროსები უფრო მიხვდნენ! მეც მაგას არ გთხოვდი ამდენი ხანია?.."

გავიდა დრო. ერთ საღამოს ინსტაგრამში მომწერა ნაცნობმა, რომ შემთხვევით ნახა ფოტოგრაფის რეკლამა, რომელიც ეძებდა მოდელს 20-დან 45 წლამდე, გადასაღებად. მეც ხუმრობით მივწერე ფოტოგრაფს ის სამი სიტყვა და ერთი ცრემლიანი "ემოჯი". აი, ეს სიტყვები: „ყველგან ახალგაზრდები სჭირდებათ..." ოლგა კალაბინამ, ფოტოგრაფმა მიპასუხა, რომ 40 წელზე მეტი არც ისე ახალგაზრდააო.

ღიმილით დავაზუსტე ჩემი ასაკი სიტყვებით: "ჩემი 57 წლის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, 45 წლის ახალგაზრდაა..." ოლგამ, რომელმაც გადაწყვიტა ენახა, ვინ ვიყავი, ჩემი ინსტაგრამის გვერდზე გადავიდა და ამის შემდეგ მომევლინა "ზღაპრულ ნათლიად"! როგორც გაირკვა, ოლგა დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ჭაღარა მოდელს, მაგრამ 4-5 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ცხოვრობს, ვერ იპოვა. როგორი დამთხვევა და გამართლებაა!

რამდენიმე დღის შემდეგ, 8 სექტემბერს, ჩემს ცხოვრებაში პირველი ფოტოსესია დაიგეგმა და ფოტოები, რომელიც ოლგამ მეორე დღესვე ევროპული ჟურნალების რედაქციებში გაგზავნა, მიიღეს და გამოქვეყნდა კიდეც. ყველაზე მეტი კი, 8 ფოტო იტალიურ ჟურნალში FIჟჟI დაიბეჭდა. თავად ოლგამ თავის ინსტაგრამის გვერდზეც გააკეთა პუბლიკაცია ჩემზე და სხვა ფოტოგრაფებმაც შეიტყვეს ჩემ შესახებ, ამის მერე კი დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება.

ფოტოსესიები ერთმანეთის მიყოლებით, ვიდეოგრაფებთან მუშაობა, ტანსაცმლისა და საიუველირო ბრენდებთან კომერციული გადაღებები, კლიპებში გადაღება, ინტერვიუები ჟურნალისტებთან, გადაღებები ტელევიზიით... ქართველი ფოტოგრაფებიდან მხოლოდ ერთმა, ნინიმ გადამიღო. როგორც ჩანს, ჩვენს ფოტოგრაფებს და დიზაინერებს არ მოვწონვარ! პოდიუმზეც მხოლოდ ერთ ქართველი დიზაინერისთვის - “ღEM”-ისთვის გავიარე. ის კი არა, პროფესიონალი ვიზაჟისტებიც სულ ჩამოსულები მხვდებოდნენ. მაგრამ ერთხელ მაინც გამიმართლა, ქართველი ვიზაჟისტი, რუსუდან ფრუიძე შემეხმიანა და აი უკვე შვიდი თვეა, ვთანამშრომლობთ.

ამ წლის გაზაფხულს კი მთავარი და მნიშვნელოვანი სიურპრიზი მივიღე და ისევ "ზღაპრული ნათლიასგან"! თურმე, ოლგა დიდი ხანი ცდილობდა, რომ მისი ფოტოები მსოფლიოს მთავარ ჟურნალ VOGUE-ს მიეღო, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი ფოტოების გაგზავნით, მან მიიღო პუბლიკაციის ნებართვის სასურველი ბეჭედი ფოტოზე, რაც ნიშნავდა, რომ ფოტო დაამტკიცა იტალიური VOGUE-ს მთავარმა რედაქტორმა და აქედან გამომდინარე, მიიღო გვერდის გახსნის უფლება VOGUE-ს ოფიციალურ საიტზე. ჯერჯერობით ეს არის ჟურნალის ონლაინფორმატი... მოუთმენლად ველოდები, როდის ვნახავ ჩემს თავს ბეჭდურ გამოცემაში.

58 წლის ასაკში კი პოდიუმზე გავედი... ვთვლიდი, რომ ასე უფრო მეტად გამოვჩნდებოდი, უფრო მეტი ადამიანი გამიცნობდა და უფრო მეტ ქალბატონს "ვეტყოდი", რომ არ შეუშინდნენ ასაკს, არასდროს არის გვიან, რომ იყო ბედნიერი!

1-copy-1694510926.jpg

- სად გახვედით პოდიუმზე?

- პირველი ჩვენება, სადაც გავედი, ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენციაში მოეწყო... მეტრიკა ფეშენ შოუ Mეტრიცა Fასჰიონ შჰოწ. საერთაშორისო ჩვენება იყო, დიზაინერები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული...

- ორგანიზატორმა მიგიწვიათ?

- ინტერნეტით გავიგე, რომ მოდელებს ეძებდნენ. ჩვეულებისამებრ, "მოდელების შერჩევა", ე.წ. კასტინგი უნდა ჩატარებულიყო. მივწერე და თავიდან უარი მითხრეს. ისევ მივწერე: "ვარ ასაკოვანი მოდელი. სიმაღლიდან დაწყებული, სამოდელო სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებ... სიმაღლე 168 სანტიმეტრი მაქვს, პლუს ასაკი, ჭაღარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვჭირდები დიზაინერებს, უბრალოდ ჯერ არ იციან"... ბოლო-ბოლო, პროდიუსერი ვარ განათლებით და მალევე გავერკვიე, რომ ჩემნაირი არასტანდარტული მოდელები სხვა თვალით უნდა შეფასდეს, ვიდრე მარტო "სააგენტოს ფოტოებით"...

ერთ-ერთ ჩამოსულ დიზაინერს გამოუთქვამს სურვილი, რომ თავისი კოლექციის ჩვენებისთვის 50 + ასაკის მოდელი ჰყოლოდა... კასტინგ-მენეჯერს გავახსენდი და დამიბარა, იქნებ აგიყვანოსო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივედი კასტინგზე, რომ ერთ დიზაინერს დავნახვებოდი და იქiდან რომ გამოვედი, ერთის ნაცვლად, ცხრა დიზაინერმა გამოთქვა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი... აბა, რა! რატომაც არა?! რით ვართ ქართველი ასაკოვანი ქალბატონები სხვებზე ნაკლები?!

- პოდიუმზე გავლა იცოდით?

- არა, მაგრამ მას მერე, რაც ფოტომოდელად დავიწყე მუშაობა, პოდიუმისკენ მქონდა გეზი აღებული და ბევრს ვვარჯიშობდი - ჩემი სახლის საერთო აივანზე, ბოლოში სარკე დავდგი და ალბათ კილომეტრები გავიარე, იმდენს დავდიოდი აქეთ-იქით!

ალბათ მამიკოს გენებმაც თავისი როლი ითამაშა და კარგად ავუღე ალღო დეფილეს! ისე, მამა სულ ხუმრობს, ჭანიშვილები ან ვცეკვავთ, ან ვმღერით, ან ვხატავთ! მაგრამ თუ ჩემი შვილი პოდიუმზე გავიდოდა, მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდიო! რჩევაც მომცა, რომელიც ძალიან დამეხმარა. მასწავლა, სწორად როგორ გამევლო... სხვა მოდელებს გულდასმით უყურა და მაშინვე ყველაზე სწორი, რაც მითხრა, ის იყო: სამოდელო სიარულისas როგორი ტექნიკით არ უნდა წამოვსულიყავი, რადგან უცებ მიხვდა, რომ დეფილეს სხვადასხვა ტექნიკა არსებობს. მიმითითა, ფეხი როგორ არ უნდა დამედგა, რადგან ეს თეძოების ზედმეტ რხევას გამოიწვევს, რაც 18-20 წლის გოგონებს კი შვენით, მაგრამ 58 წლის ქალბატონმა რომ ასე გაიარო, შეიძლება ვულგარულად გამოჩნდესო... რომ დავაკვირდი, ზედმიწევნით სწორი რჩევა იყო. ქორეოგრაფის თვალი მაინც სულ სხვაა...

- როგორია თქვენებური თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა?

- თამამად ვიტყვი, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ... დილით გაღვიძებისთანავე სახეზე ერთი-ორჯერ ცივ წყალს შევიშხაპუნებ... თუ გარეთ გავედი, შინ დაბრუნებული მტვერს მიცერალური წყლით ვიშორებ და თუ ზამთარია, უბრალო მკვებავით ვატენიანებ, რადგან მშრალი ტიპის კანი მაქვს. მაკიაჟს, გარდა ტუჩსაცხისა, საერთოდ არ ვიყენებ. ერთადერთი, როცა გადაღებისთვის ითხოვენ, მაშინ აუცილებელია და ვიზაჟისტები მუშაობენ.

ძალიან პატარას, ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს, ნათლიაჩემმა მასწავლა, თვალის უპეები ძალიან ფაქიზია და კრემებით მოვლა ადრიდანვე დაიწყეო... აი, ეგ იყო, რაც დაახლოებით 16 წლიდან მართლაც დავიწყე და ნაოჭი თვალის გარშემო, ისიც უმნიშვნელოდ, ძალიან გვიან გამიჩნდა.

- როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?

- ე.წ. ბაზური სამოსი და მინიმალისტური გარდერობი მაქვს... აი, ისეთი, სიბნელეში რომ შევიდე, ხელში რაც მომყვება, ჩავიცვამ და ერთმანეთს ყველაფერი მაინც მოუხდება. ჩემი სამოსი ძირითადად, შავი, თეთრი, ბეჟი და ნაცრისფერია, კომფორტული ქეჟუალი და კლასიკური სტილის... ყველამ იცის, რომ ჩაცმულობა მანიპულაციის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია. მე ვიცი, მიზნიდან გამომდინარე როგორი ჩაცმული უნდა გავიდე... ზოგადად, მთავარი მე და ჩემი თეთრი თმა უნდა იყოს, მერე - სამოსი.

img-dc51cab181269dc5b29ad5d2980274db-v-copy-1694510914.jpg

- ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდებით?

- ველოსიპედი ბავშვობიდან მიყვარს. თბილისში ველოსიპედით გადაადგილება ცოტა მიჭირს, რადგან უმეტესად აღმართებია. ისე კი, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ტრანსპორტია... ტრასაზე გავდივარ, ყველა წესების დაცვით გადავაადგილდები. ველოსიპედისტი ყველა იმ მოძრაობის წესებს ექვემდებარება, რასაც მანქანის მძღოლები. საუბედუროდ, ბევრმა ველოსიპედისტმა და მძღოლმა არ იცის ეს წესები. ბევრმა მძღოლმა არ იცის რა გააკეთოს, როცა ტრასაზე ველოსიპედისტს ხედავს. ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვარ... ჩემი გზაც რომ იყოს, არ დავიძვრები, თუ არ დავრწმუნდი, რომ მძღოლი მხედავს და საფრთხეს არ შემიქმნის. ნახევარ ტონა რკინას ჩემი ველოსიპედით ვერ შევეჭიდები. მართალი ვიყო და საავადმყოფოში, ნამდვილად არ მინდა!

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება ოცი წლის შემდეგ?

- ისევ ასე, რადგან დროს მივყვები... წარსულს არ ვეკიდები, რადგან ის აღარ არსებობს, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა. "დღეს და ახლა" ვცხოვრობ... ეს ჩემი ფილოსოფიაა და ამით შემოვიფარგლები. თუ ვინმეს დახმარება შემიძლია, უკან არ დავიხევ, სხვის ცხოვრებაში კი არასოდეს ვერევი, მათ შორის, არც ოჯახის წევრების ცხოვრებაში...

- თქვენი შვილის შესახებ გვიამბეთ...

- ჩემი შვილი თავის საქმეში საკმაოდ წარმატებულია... ყოველთვის ნიჭიერი იყო, კარგად ხატავს, თავისი ხედვა აქვს.... მეც მასწავლის ცხოვრებას. ვაღიარებ, ყოველდღე ვსწავლობ მის დედობას... დღეს რაც ვარ, ჩემი შვილის დიდი დამსახურებაა. მართლაც საინტერესო პიროვნებაა და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. მისი პირველი კრიტიკოსი მე ვარ. გაწონასწორებული და მშვიდია.

- როგორ ახერხებთ მუდმივად ფორმაში იყოთ?

- ჩვეულებრივ, ზომიერად ვიკვებები... ინტერვალი მაქვს დიდი. სტანდარტულად, ექვსი საათის მერე საკვების არმიღება ჩემთვის დიეტა კი არა, ჯანსაღი ცხოვრების წესია. წონის შენარჩუნებას ალბათ, გენეტიკური ფაქტორიც განაპირობებს. ყველანაირად მამას ვგავარ... ყველაფერს ზომიერად ვიღებ. აჭარულზე ვერასდროს ვამბობ უარს, ისე მიყვარს! თვითონაც ვაცხობ და მივირთმევ! მიყვარს ქართული სამზარეულო! ალკოჰოლს არ ვეტანები და არ ვეწევი.

დაბოლოს,…ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან სიმშვიდეს. სტრესის მშვიდად მიღებას თანდათან მივეჩვიე. რაც უკვე მოხდა, იმაზე ნერვიულობას აზრი აღარ აქვს!

სიხარულით ველოდები ხვალინდელ დღეს, ვატრიალებ ჩემი ველოსიპედის პედლებს და ვაფრიალებ ამ ჩემs თეთრ თმას, რაც ვიღაცაში აღფრთოვანებას იწვევს, ვიღაცას კი არ მოსწონს... ისეთები არიან, ვინც მომწერა: რა დროს შენი მოდელობაა, ბებეროო. ჩემი პასუხი ასეთია: საქართველოში, სადაც უფროსებს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, სიტყვა "ბებერო" როგორ შეიძლება სალანძღავად გამოიყენო? და მეორე: რაც გინდათ ის იფიქრეთ და დაინახეთ თქვენს რეალობაში. მე ამით პირიქით, უფრო მაძლიერებთ-მეთქი! დღეს, ამ გადმოსახედიდან, მართლა მადლობელი ვარ იმათი, ვინც კი ოდესმე გული მატკინა. ისინი რომ არა, დღეს ეს ელენე ჭანიშვილი არ ვიქნებოდი! არ ვიქნებოდი ის ელენე, რომელმაც განზე გასწია სტერეოტიპები, შიში და მარწუხები, რომლებიც თურმე ხელს მიშლიდა საიმისოდ, რომ მიმეღო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. ამის გააზრებაშიც შვილს უნდა ვუმადლოდე. არცთუ ისე ცუდი ყოფილა, თუ ზოგჯერ უფროსებიც დავუჯერებთ პატარებს!

ყველას ვუსურვებ მშვიდ ცას, სიხარულს და წარმატებებს!

P.S. გამოყენებულია ფოტომასალა პირადი და კომერციული არქივებიდან: ოლგაკალაბინა-პჰოტო; ვიდალი.ვიდალი; ნინი-ნინუცა-პჰოტოგრაპჰყ; დარისა.სრორე. მაკეუპ-რუსუდან.

მანანა გაბრიჭიძე