"როცა გიორგის თვალებს ვხატავდი, ყველაზე დიდი დრო დამჭირდა..." - გზაპრესი

"როცა გიორგის თვალებს ვხატავდი, ყველაზე დიდი დრო დამჭირდა..."

"...სამუდამოდ არ უნდა დავივიწყოთ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა თავიანთი ქვეყნისთვის აღიარება მოეპოვებინათ!" - ლუკა ორჯონიკიძე თავის შემოქმედებასა და მუზებზე გვესაუბრა...

- ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, რაც დიდი სტიმული გახდა საიმისოდ, რათა დავასრულო დაწყებული საქმე, რომელსაც ჩემს მომავალსაც ვუწოდებ... ხალხი უკვე ჩემზე ლაპარაკობს, ჩემზე სმენიათ და ვფიქრობ, ეს ბევრს ნიშნავს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამ კუთხით გამიცნობდნენ, მაგრამ აი, მე აქ ვარ და ინტერვიუს გაძლევთ, როგორც მხატვარი, რომელიც ცდილობს ასახოს ჩვენი კეთილი, პროფესიონალი ადამიანების გენიალური როლები თუ სახეები... მიხარია, რომ სრულიად უცხო ხალხი მლოცავს და მეუბნება: "ლუკა, გვიხარია, რომ არსებობ". მადლიერი ვარ ყველასი.

პატარაობაში ალბათ, როგორც ყველა ბავშვს, ოცნებები მეც მქონდა. მინდოდა მუსიკოსობა, მსახიობობა, დეტექტივობა. ეს ბოლო საქმე ახლაც ძალიან მიზიდავს და ჩემს წიგნებში ყველაზე დიდი ადგილი, სწორედ დეტექტივებს უკავია. მაგრამ მხატვრობა ის საქმეა, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ.

- მხოლოდ ქართველ მსახიობებს ხატავ. რატომ?

- ვფიქრობ, სამუდამოდ არ უნდა მივივიწყოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა თავიანთი ქვეყნისთვის აღიარება მოეპოვებინათ. ვერანაირი თანამედროვე ოქროს ჯილდოებით აღიარებული ფილმები ვერ დაიკავებენ იმ ადგილს, რაც დიდი ხნის წინ დაიკავეს ჩვენში ქართველმა მსახიობებმა, ჩვენმა ფილმებმა, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში შეიძლება დაივიწყონ... სამწუხაროა, როცა გარშემო ამდენი გახრწნილი ფილმია, რაშიც ვერანაირ შემეცნებითს ვერ შეხვდები!.. და კიდევ, მე დამიხატავს დიდი უცხოელი მსახიობებიც: ოდრი ჰეპბერნი, გრეგორი პეკი, გრეის კელი და სხვა...

- რომელია თქვენთვის გამორჩეული მხატვარი და რომელი მიმდინარეობა გიზიდავთ?

- რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედება, მისი იდუმალებით მოცული ტილოები მომწონს... ვფიქრობ, თავის ნახატებში იმდენად დიდ სიყვარულს და მრავალფეროვნებას აქსოვს, შეუძლებელია, მისი შემოქმედების მნახველი შთაბეჭდილების ქვეშ არ მოექცე... ასევე, მომწონს ფრიდა კალო და ივანე აივაზოვსკი. ფრიდას ნახატები ჩემთვის განსაკუთრებულია, მათში ძალიან დიდი ტკივილი იგრძნობა! ის იყო ადამიანი, რომელიც სულ იტანჯებოდა და ამ ტანჯვის დროსაც შეეძლო ხატვა. ახლა მისი რამდენიმე გამონათქვამი მახსენდება: "ვცდილობდი ტკივილები დამეხრჩო, მაგრამ მათ ცურვა ისწავლეს"; "მე ვხატავ ავტოპორტრეტებს, რადგან ძალიან ბევრი ვარ მარტო"... მომწონს რეალისტური და სიურრეალისტური ნახატები.

- როგორია ხატვის პროცესი?

- ჩემი ხატვის პროცესის ცქერა ბევრს ჩააძინებს, რადგან მოღრუბლული ცა და წვიმა მეხმარება, ვიყო მელანქოლიურ ხასიათზე, რაც ხატვის განწყობას მიმაღლებს და მამშვიდებს; როცა წვიმს, ვცდილობ, ოთახში ჩავიკეტო და ვხატო. თუ არ წვიმს, მაშინ წვიმის ხმას ვრთავ და ვუსმენ. კიდევ, ჯაზის მოსმენა მიყვარს, როგორიცაა: ბილი ჰოლიდეი და ემი უაინჰაუსი. ამ დროს ისე ვიძირები პროცესში, ყველაფერი მავიწყდება...

355532927-978734993253953-2460779318553120856-n-1695019496.jpg

- ვინ არის თქვენი შემოქმედების ყველაზე დიდი კრიტიკოსი?

- დედაჩემი! იმის მიუხედავად, რომ ბავშვობაში კრიტიკა არ მიყვარდა და ვცდილობდი, ამისთვის თავი ამერიდებინა, ნამუშევრებს მაინც დედას ვაჩვენებდი, რათა შენიშვნები მოეცა და როცა ეს ხდებოდა, მიფიქრია კიდეც: არა, ჩემგან მხატვარი არ გამოვა-მეთქი. მახსენდება ფრიდა კალოს სიტყვები, როცა დიეგო რივერა მის ნამუშევრებს ქებით ავსებდა: "მე არ მჭირდება კომპლიმენტები, მე მჭირდება კრიტიკა..."

- მონასტერსა და ერში ცხოვრება, ბრძოლები - ამაზე რას იტყვით?

- ამბობენ, რომ ბერს და მონასტერს ეშმაკების მთელი ლეგიონები ესხმიან თავს, ხოლო ერს - რამდენიმე ეშმაკი... ერის ხალხზე იმდენად დიდი ზემოქმედება აქვს ბოროტს, რომ მათთვის იშვიათად იცლის. დიახ, მგონი ერის ხალხს დავიწყებული ჰყავს ღმერთი და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბოროტმა მათზე დიდი ძალისხმევა აღარ დახარჯოს და იმას ებრძოლოს, ვინც მის წინააღმდეგ ნამდვილად იბრძვის. რა თქმა უნდა, მონასტერში ცხოვრება უფრო რთული იყო. თუმცა, როცა იქ ღმერთი განსაცდელებს უშვებს, შენივე ვედრებით გიმსუბუქებს მას, ერში კი ყველგან საცდურია, ღმერთზე დაყრდნობა მცირედ იგრძნობა.

332537383-3291530061159220-1967257812257519338-n-1695019508.jpg

- რთულია შიო მღვიმის მამათა მონასტერში ცხოვრება? როგორი იყო ტიპიკონი?

- რთულია ისევე, როგორც ალბათ ყველა მონასტერში, მაგრამ შიო მღვიმის მონასტერში ყოფნა მაინც განსაკუთრებული პასუხის­მგებლობაა. მახსოვს, მეუფე თადეოზ იორამაშვილი ბიძაჩემს, დეკანოზ მამა დავით მაისურაძეს სტუმრობდა ხოლმე. ერთხელაც, მოულოდნელად მივედი მასთან და ისე, რომ არ ვიცოდი ვინ იყო, მის წინ დავიჩოქე, მან კი შიომღვიმელის ხატით და მიწით პირჯვარი გარდამსახა და მაკურთხა. მითხრა, რომ მისი მფარველობის ქვეშ ვყოფილიყავი მუდამ... ეს ხატი ახლაც შენახული მაქვს. მაშინ ვერ მივხვდი ამ ყველაფრის აზრს, მხოლოდ მონასტერში წასვლის დროს გავაცნობიერე. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ღირსი გამხადა, ასეთ წმინდა ადგილას მთელი ექვსი წელი გამეტარებინა. ტიპიკონი იყო ასეთი: ვდგებოდით გამთენიის ოთხის ნახევარზე და ვემზადებოდით ცისკრის ლოცვისთვის, რომელიც დილის შვიდ საათზე მთავრდებოდა, შემდეგ ვიძინებდით და ვდგებოდით ტრაპეზისთვის, მერე იყო მორჩილებები, ისევ ლოცვა, ისევ ტრაპეზი, მწუხრის ლოცვა და დასვენება.

- ხატვას მონასტერშიც ახერხებდით?

- არ ვხატავდი საერო თემებზე, მხოლოდ წმინდა მამების პორტრეტებს და ხატებს ვწერდი.

- როგორია თქვენი მუზა?

- ჩემი მუზა მრავალფეროვანი და სევდიანია. გრაფიკის გარდა, მიყვარს მისტიკური და ზღაპრული ნახატების შესრულებაც, რასაც იშვიათად ვახერხებ. გრაფიკული ნამუშევრების შემდეგ, ასეთ ფერწერულ ნამუშევრებს ყველაზე დიდ პატივს ვცემ. ყოფილა შემთხვევები, როცა ტილოები დამიჭრია და გადამიყრია, რადგან არ მომწონებია.

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება, ახალი კერძის გამოგონება, წერა მელანქოლიური მუსიკის ფონზე. კიდევ, ვცდილობ კორეული ენა ვისწავლო, მაგრამ არა რაღაც კონკრეტული მიზნით, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცო, ესეც შემიძლია! მე იმ ადამიანების რიგს მივეკუთვნები, ერთს რომ სწავლობენ და სხვა სამი შემოესწავლებათ (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა).

- გიორგი შაქარაშვილის პორტრეტიც გაქვთ დახატული. მის შინაგან სამყაროს ასე კარგად იცნობდით?.. დიდი სულიერება ჩანს ნახატში...

- გიორგი ჩემი დისშვილის ნათლიის ძმა გახლდათ. მან ჩვენს გულებში წარუშლელი ჭრილობა დატოვა. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ შეუძლებელია ამ ადამიანის თვალებში ის გულწრფელობა, სიწმინდე და უბრალოება არ დაინახო, რაც ძალიან იშვიათია ახლანდელ ადამიანებში. სხვათა შორის, გიორგის თვალების დასახატად ყველაზე დიდი დრო დამჭირდა და მაინც არ გამომივიდა ისეთი, როგორიც მას შეეფერებოდა... წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი სულიერების პატრონი იყო, რომ მთელ ქვეყანაში არ მეგულება ადამიანი, ვისაც მასზე სმენოდა და მისი ამბის გამო გულში ტკივილი არ ეგრძნო...

მანანა გაბრიჭიძე