"რეპეტიტორთან არ მივლია... ამის გარეშეც შეიძლება სტუდენტი გახდე" - გზაპრესი

"რეპეტიტორთან არ მივლია... ამის გარეშეც შეიძლება სტუდენტი გახდე"

ახალი სასწავლო წელი იწყება და ბევრი ახალგაზრდა იწყებს ცხოვრების ახალ ეტაპს - სტუდენტობას. წელს 34 843 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა აბიტურიენტმა, აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, ხოლო 50%-იანი გრანტი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 550-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.

მარიამ ხულორდავა 100-პროცენტიანი გრანტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან სკოლა წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა და ყველა ელოდა მის ასეთ წარმატებას.

- თბილისის 175-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. პატარა ასაკიდან კარგად ვსწავლობდი და ამის გამო სკოლაშიც წამახალისეს - მეცხრე კლასში კომპიუტერი მომცეს და ეს ერთგვარი სტიმული იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავაკეთე, სამართლის ფაკულტეტზე 100-პროცენტიანი გრანტი მოვიპოვე და სტუდენტი გავხდი.

- რატომ აირჩიე ეს პროფესია?

- ბევრი ირჩევს ამ პროფესიას, მაგრამ ვფიქრობ, ამ სფეროში მაინც არის ნამდვილ პროფესიონალებზე მოთხოვნა. მეც მინდა სერიოზულად მივუდგე ამ საქმეს და კარგად დავეუფლო იურისტის პროფესიას. ჩემი აზრით, პერსპექტიულია. ვფიქრობ, ჩემს თავს ამ სფეროში ვიპოვი.

- გამოცდებზე ძალიან ინერვიულე?

- ძალიანაც არ მინერვიულია, რადგან ვიცოდი, არ იყო რთული. მივყვებოდი ჩემს საქმეს, ვმეცადინეობდი, მაგრამ არც თავი მომიკლავს. რომ არის ასეთი შეხედულება, ღამეები უნდა ათიოო, მთლად ასე არ ვიყავი. ქართულში 60-დან 59 ქულა მივიღე, სხვა საგნებშიც მაღალი ქულები მქონდა.

- გვიამბე შენს ოჯახზე...

- სამი დედმამიშვილი ვართ. მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ კარგი განათლება მივიღოთ. სახლში წიგნის კითხვა ყველას უყვარს, განსაკუთრებით ბაბუას. ზაფხულში სოფელში რომ ჩავდიოდი, სადაც უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ეს ყანა, ბოსტანი თუ სახლი, როცა ისვენებდა, სულ წიგნი ეჭირა ხელში... 9 წლიდან შემიყვარდა წიგნები და პირველი სქელტანიანი წიგნიც მაშინ წავიკითხე. დედასთან სულ მქონდა საუბრები. ის მუდამ მიყვება თავის ბავშვობაზე და იმ წიგნებს მირჩევდა, რასაც ჩემს ასაკში კითხულობდა. ჟიულ ვერნის და კიდევ სხვა მწერლების ნაწარმოებები მან მირჩია. ზოგადად, სათავგადასავლო ჟანრი ძალიან მიყვარს. მამაც სულ რაღაცას კითხულობს.

- დედა ექიმი გყავს. სამედიცინო რატომ არ აირჩიე?

- ყოველთვის ვხუმრობდი: არ ვიცი, ვინ უნდა გამოვიდე, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ექიმი არ ვიქნები-მეთქი. ეს საოცრად სტრესული პროფესიაა და თან, მისი არჩევის შემთხვევაში, მოწოდებით ექიმი უნდა იყო.

- ამბობენ, წელს მათემატიკის ტესტები ძალიან რთული იყოო. როგორ შეაფასებ გამოცდებს?

- მათემატიკა არ ჩამიბარებია, მაგრამ ჩემი მეგობრები ამბობდნენ, რომ რთული იყო. რაც შეეხება ისტორიას, ქართულსა და ინგლისურს, ჩემთვის რთული არაფერი ყოფილა. წინა წლების ტესტების შესაბამისი გახლდათ. მე ბოლო წელს ვიარე რეპეტიტორთან.

- რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი შენს სკოლაში?

- მქონდა პროტესტი, რადგან სკოლა საკმარის განათლებას ვერ გაძლევს და ვალდებული ხარ იარო რეპეტიტორთან. ჩემი სურვილია, მომავალში სკოლა ისეთი იყოს, რომ მოსწავლეებს არ დასჭირდეთ დამატებით მასწავლებლებთან სიარული. კარგი იქნება, რომ გამოცდების შესაბამისი პროგრამა გაიარონ ან მე-12 კლასი არ არსებობდეს. უფრო სხვანაირ გამოცდებს ვისურვებდი. ისიც კარგი იქნება კლასებს შორის გადასაყვანი გამოცდებიც იყოს და ამაში ბევრი თანატოლი მეთანხმება. ყველა პედაგოგს თავისი მიდგომა, გაკვეთილის ახსნის თავისი მეთოდი აქვს, ეროვნული გამოცდები კი ყოველ წელს იცვლება და ვერ აყვები იმ რეჟიმს. უნივერსიტეტი კრეატიულ აზროვნებას ითხოვს, ჩემს შემთხვევაში შეუსაბამობა იყო ძირითად პროგრამასთან და ამიტომ ჩავთვალე ბოლო წელს, რომ რეპეტიტორი მჭირდებოდა. ეროვნული გამოცდების თემებზე რომ ხარ ფოკუსირებული და სკოლაში ამას არ მიჰყვებიან, რთულია. წინა წლების ტესტებით რომ მემეცადინა სახლში, ალბათ მაინც ჩავაბარებდი, მაგრამ 100-პროცენტიანი გრანტის მოპოვება მსურდა და ამიტომ დავიწყე რეპეტიტორთან სიარული... ვფიქრობ თითოეულ უნივერსიტეტს შეფასების თავისი კრიტერიუმი უნდა ჰქონდეს ქულებთან ერთად, რადგან სტანდარტიზებულ ტექსტში დიდად არ ჩანს ბავშვის შესაძლებლობა. ვფიქრობ, უნდა იყოს დამატებით ესეების წერა, სკოლის ქულების გათვალისწინება და ა.შ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება სტუდენტობის წლები...

- სამომავლოდ სად წარმოგიდგენია თავი?

- სასამართლო არასდროს მიზიდავდა, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა კერძო სამართალი, ასევე მაინტერესებს ხელოვნების ინდუსტრია და ვფიქრობ, კერძო კომპანიებში იურისტად უფრო ვიპოვი ჩემს ადგილს. როგორც მეუბნებიან, ახლა იწყება ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი და მეც დიდი მოლოდინები მაქვს.

nia-shamatavas-naxati-1695106015.jpg

- როგორი იყო პირველი ემოცია, როცა გაიგე, რომ 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვე?

- მაღალი ქულები მქონდა და ძალიან არ მინერვიულია. ვხვდებოდი, რომ გრანტი მქონდა მოპოვებული. დედას რომ ვუთხარი, 100-პროცენტიანი გრანტი მაქვს-მეთქი, სიხარულისგან ოთახში აცეკვდა და მისი ეს ემოციები მეც გადმომედო. ყველა ჩემს თანატოლს, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპს, წარმატებებს ვუსურვებ. მადლობა ჩემს სკოლას და პედაგოგებს საუკეთესო წლებისთვის.

თბილისის 143-ე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა ნია შამათავამ, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამბობს, რომ რეპეტიტორებთან არასოდეს უვლია, თუმცა 100-პროცენტიანი გრანტი აიღო და ოცნება აიხდინა:

- წარმოშობით სამეგრელოდან ვარ. პეტერბურგში დავიბადე, მაგრამ იქ არ მიცხოვრია, ერთი წლის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამოვედით. თბილისში ვიზრდებოდი. მამა ხობიდან არის, დედა სენაკელია და ზაფხულში სოფელში ჩავდივართ ხოლმე. მამაჩემი ქირურგია, ჩემი და კი, სამედიცინოზე სწავლობს, სტუდენტია. ოჯახში ისეთი გარემო იყო, მეც სამედიცინოზე ჩავაბარე. მიყვარს სწავლა და სირთულეები არ მაშინებს. სამნი ვართ, ჩემი უმცროსი ძმა 2 წელიწადში ამთავრებს სკოლას და მასაც დაეწყება ციებ-ცხელება, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ჩააბარებს. მამას პეტერბურგში სამხედრო სამედიცინო აკადემია აქვს დამთავრებული და ეს ძალიან ეამაყება. კარგი ბავშვობა მქონდა. სკოლა ისე დავამთავრე, არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ. კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა, დედა იყო ჩემი მრჩეველი. ზოგჯერ ისეთ წიგნებს ვკითხულობდი, რაც შედარებით დიდი ასაკის ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მომწონდა. როცა წიგნს კითხულობ, ლექსიკური მარაგი მდიდრდება. ყოველთვის დიდ, სქელტანიან წიგნებს ვარჩევდი. მახსოვს, ტომ სოიერის კითხვა რომ დავიწყე, მამამ მითხრა, შენთვის ადრეაო, მაგრამ მაინც წავიკითხე. ზაფხულში სოფელში რომ მივდიოდი, საგულდაგულოდ ვარჩევდი ლიტერატურას. ბევრს ვთამაშობდი, ცელქი ვიყავი, ხეზე ძრომიალი მიყვარდა, მაგრამ თამაშის პარალელურად, წიგნისთვის დრო ყოველთვის მრჩებოდა.

- კიდევ რა არის შენი გატაცება?

- ველოსიპედით სიარული მიყვარს, დავდივარ "ტენისზე". სულ ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო. გამოცდების პერიოდშიც ადრე ვდგებოდი, ვარჯიში რომ მომესწრო. მიყვარს ხატვა, ვწერ ლექსებს...

- აღნიშნე, რეპეტიტორთან არ მივლიაო. სკოლის განათლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უმაღლესი შეფასებები მიგეღო?

- ჩემი დაც ისე მოეწყო სამედიცინოზე, რომ არც მას უვლია რეპეტიტორებთან. ინგლისურზე რამდენიმე დღე იარა და მიხვდა, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა და დაანება თავი. ისიც 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა... გამოცდებს ნერვიულობა ახლავს. ვიცოდი, კარგ შეფასებას მივიღებდი, მქონდა ჩემი თავის იმედი, მაგრამ ქართულის გამოცდის მერე მაინც ვინერვიულე. დავიწყე ფიქრი, - ვაიმე, ხომ არ შემეშალა-მეთქი? ყველა აბიტურიენტს ვურჩევ, არ ინერვიულონ. რაც გაკეთებულია, იმას მაინც ვეღარ შეცვლი. ამ დროს ოჯახის წევრების მხარში დგომა ძალზე მნიშვნელოვანია. ყველაზე კარგად ჩემი და მამხნევებდა. მერე გაირკვა, რომ არ მქონდა სანერვიულო. ქართულში 60-დან 60 ქულა ავიღე, მათემატიკაშიც 51-დან - 51 და ინგლისურში 70-დან 67, ხოლო ბიოლოგიაში 70-დან - 65. ჩვენი ოჯახის გამოცდილებით ვამბობ, რომ რეპეტიტორებთან სიარულის გარეშეც შესაძლებელია, მაღალი ქულებით ჩაბარება, მით უმეტეს, თუ სკოლის მასწავლებლები მხარს გიჭერენ და შეგიძლია მათ ჰკითხო ის, რასაც ვერ გაიგებ. რეპეტიტორიც ხომ იმავე სკოლის მასწავლებელია? განსაკუთრებით გამოვყოფ ჩემი სკოლის მათემატიკის პედაგოგს, რომელსაც თქვენი ჟურნალის მეშვეობითაც, დიდ მადლობას გადავუხდი. ზაფხულში რომ ვმეცადინეობდი თოფურიას წიგნიდან, რასაც ვერ ვიგებდი, მასთან მიმქონდა და ისიც დაუზარებლად მიხსნიდა. გამოცდის წინადღესაც ეროვნული გამოცდების წინა წლების ტესტები გადავიმეორე და ერთი საკითხი ისეთი იყო, რამაც დამაინტერესა. მივწერე მასწავლებელს, ეს როგორ კეთდება-მეთქი? უცებ მომწერა პასუხი და მეორე დღეს გამოცდაზე დაახლოებით ასეთი ვარიანტი შემხვდა... მადლობა ჩემი სკოლის სხვა პედაგოგებსაც, რადგან დახმარების გაწევაზე არასდროს მეუბნებოდნენ უარს და ეამაყებოდათ, რომ რეპეტიტორის გარეშე ვაბარებდი, მხარს მიჭერდნენ.

nia-shamatava-1695105999.jpg

- საჯარო სკოლებში რის შეცვლას ისურვებდი?

- ვისურვებდი, უფრო მეტი გამოცდა იყოს საგნის დამთავრების შემდეგ. განათლების დონე ხომ გამოცდებით ისაზღვრება. ამ შემთხვევაში, ბავშვები უფრო სერიოზულად მიუდგებიან სწავლას და თავიანთი თავის იმედად იქნებიან. მე ვსწავლობდი საჯარო სკოლაში და მაკმაყოფილებდა ის დონე, რაც იყო. კარგი იქნება, წამყვანი და კარგი პედაგოგები რომ იყვნენ ყველა სასწავლებელში. ჩვენს სკოლას ამ მხრივ გაუმართლა და კარგი პედაგოგები ჰყავთ. სასურველია ინგლისურის გაკვეთილზე შემოჰყავდეთ ინგლისურენოვანი პედაგოგები, ხოლო ფიზიკა, ქიმია ცოტა სხვანაირად ისწავლებოდეს - პრაქტიკაზე იყოს ორიენტირებული და არა თეორიაზე. ვისურვებდი, ლაბორატორიები უკეთესად იყოს მოწყობილი. არც ერთი საგანი არ ყოფილა, რომელიც არ მომწონდა, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარდა ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილები.

შემოქმედი ადამიანი ვარ, ხატვა მიყვარს, ლექსებს ვწერ და მინდა ამ კუთხითაც განვავითარო ჩემი შესაძლებლობები. თვითნასწავლი ვარ ხატვაშიც. მინდა ლექსების კრებულიც გამოვცე, ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელი კი ჩემი დაა. ადრე ვკერავდი კიდეც, მაგრამ ახლა დიდი ხანია, არაფერი შემიკერავს. ვფიქრობ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სპორტულ ცხოვრებასაც გავაგრძელებ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პირველკურსელს წარმატება ვუსურვო.

თეა ხურცილავა