თათული ედიშერაშვილის ბედნიერებისა და მადლიერების მიზეზი - გზაპრესი

თათული ედიშერაშვილის ბედნიერებისა და მადლიერების მიზეზი

ამბავი, რომელიც წლების წინ, "შუა ქალაქში" დაიწყო, მაყურებლის ინტერესს დღესაც იწვევს, სერიალზე თაობები გაიზარდნენ. "იმედმა" საყვარელი პერსონაჟები მაყურებლისთვის ისევ ერთად შეკრიბა და ვნახოთ, გადაცემაში "სტუმრად შუა ქალაქში" როგორი მასპინძლები აღმოჩნდებიან. "ვნერვიულობ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ამ განცდებს თან ახლავს სიხარული", - მიზიარებს ემოციას თათული ედიშერაშვილი და თავის ახალ "როლზე" მესაუბრება.

- თათული, ამ სასიამოვნო სიახლეს გილოცავ. "იმედზე" ნაცნობი მელოდია სულ სხვა მიზეზით გაისმა. მიამბე, როგორ გაჩნდა ახალი გადაცემის იდეა?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ნაცნობი მელოდიის გაჟღერება ამჟამად იმის ნიშანია, რომ ახალი გადაცემა - "სტუმრად შუა ქალაქში" იწყება. მე ვიქნები ამ გადაცემის თანაწამყვანი თამუნა ნიკოლაძესთან, ოთარ ტატიშვილთან და გოგა ბარბაქაძესთან ერთად. ბუნებრივია, გადაცემაში გვეყოლებიან სტუმრები, სხვადასხვა პროფესიისა და ისტორიის მქონე ადამიანები. ეს იქნება სახალისო და ადამიანების გასაბედნიერებლად გაკეთებული გადაცემა, რაც უკვე "შუა ქალაქშის" სავიზიტო ბარათად იქცა. იდეა თავად ტელეკომპანიაში გაჩნდა, ინიციატივა მათგან წამოვიდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იდეის გაჩენისთანავე მოხდა გადაცემის ფორმის ჩამოყალიბება. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, იყო მოლაპარაკებები, ბევრი ფიქრი, მსჯელობა... განა იმიტომ, რომ ვინმეს მიმართ კითხვის ნიშნები ჰქონდათ ან უნდობლობა? გვინდოდა ძალიან კარგი გამოსულიყო, მაყურებლის მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერება მნიშვნელოვანია. წლების წინ გადაღებულ სერიალს დღემდე რომ რეიტინგი აქვს და ახლა მაყურებელს იმავე სახელწოდების გადაცემას სთავაზობ, მისი მოლოდინიც უნდა გაამართლო. როგორც წამყვანებმა, ასევე ტელეკომპანიამ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. პრომოს დადებამ დიდი აჟიოტაჟი და სიხარული გამოიწვია, რაც ყველას გვიხარია.

- ამ პრომოს ნახვისას, თავად შენი რეაქცია როგორი იყო?

- დამონტაჟებული პრომო პირველად რომ ვნახე და ჩვენი ცხოვრების მელოდია გაისმა, მინდა გითხრა, გული ამიჩუყდა, ამ მუსიკამ ბედნიერ წარსულში დამაბრუნა. ეს მელოდია ჩემს ცხოვრებაში არ მთავრდება, მას მოაქვს წარმატება, მაყურებლის სიყვარული, ბედნიერება. ეს უბრალო მელოდია არ არის, დიდი ემოციური ამბავია, რაც ახლა, პრომოს ნახვისას აღმოვაჩინე.

- გადაცემაში წამყვანები სულ ამ შემადგენლობით იქნებით?

- ამას დრო გვიჩვენებს. გვეყოლებიან თანაწამყვანები, ზოგიერთ რამეს მაყურებლისთვის სიურპრიზად დავტოვებ.

- როდესაც წლების შემდეგ მეგობრები განსხვავებულ ამპლუაში, მაგრამ ისევ კამერების წინ ერთად შეიკრიბეთ, როგორი იყო ემოცია?

- ძალიან ემოციური მომენტი იყო, სახალისოც. სერიალში რომ იყო, იმის იდენტური ბარია გაკეთებული. ერთი უცნაურობა დამემართა. იგივე ადამიანები, იგივე დეკორაცია, იგივე რეჟისორი და, ტექსტი არ მაქვს სათქმელი. არადა, სერიალს რომ ვიღებდით, მაშინ ყველას თან გვდევდა განცდა, - ვაიმე, ტექსტი არ დამავიწყდეს. ამაში ძალიან მკაცრად გვაკონტროლებდა გოჩა კორხელაური. როცა რაღაც გვეშლებოდა, ძალიან მგრძნობიარე ადამიანია და ნერვიულობდა. ამიტომ ვცდილობდით, არ შეგვშლოდა. ამჯერად კი, ჰოი, საოცრებავ! ტექსტზე არ მაქვს სანერვიულო. მთელი გადაცემა იქნება წამყვანების იმპროვიზაციაზე გაწერილი. ჩვენ წინასწარ შეკითხვებიც კი არ გვექნება მომზადებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გვაქვს, ამას თავისებური სირთულეც ახლავს. საკუთარი თავი სტუმრის ადგილას რომ წარმოვიდგინე, მივხვდი, ეს არც მათთვის არის იოლი ფორმატი. ამიტომ, ჩვენს ენაზე მოსაუბრე სტუმრები გვინდა, კარგი იუმორის მქონე.

- წლები გავიდა და სერიალის ძველ სერიებს მაყურებელი ახლაც არ აკლია. ამ ფაქტს როგორ ახსნი?

- რაც დრო გადის, მეტად ვაცნობიერებ, რომ ეს დიდი ბედნიერებაა. მიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავხდი. ადვილი შესაძლებელი იყო, ჩემს ადგილას ნებისმიერი სხვა მსახიობი ყოფილიყო. ესეც იღბალია, არა? ამიტომ მადლიერი ვარ. გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია. მაყურებელი ყველაზე მეტად რასაც გრძნობს, ეს არის კეთილსინდისიერი შრომა. როცა შენი პროფესია სიგიჟემდე გიყვარს და - არა მხოლოდ საკუთარი, მაყურებლის სიამოვნებისთვისაც მუშაობ. სერიალის გადაღება წლები გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენთვის თითქოს არ იყო სამსახური. 400 სერიამდეა გადაღებული, "შუა ქალაქში" ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამდენი წლის განმავლობაში, ყოველი გადაღების მერე, ჩვენ აუცილებლად გვქონდა თათბირი და იქ ყოველთვის ხმამაღლა ითქმებოდა პლუსებიც და მინუსებიც. ამას ვიღებდით შეგნებით, გააზრებით და ხდებოდა გათვალისწინება. არავის, არც ერთხელ არ გვქონია პრეტენზია და არ გვითქვამს, - მე ამ შენიშვნას ვერ მივიღებო. სერიალის წარმატება ბევრი პუნქტისგან შედგებოდა. იმის მიღმა, რაც საყურებლად სახალისოა, ყოველთვის დიდი შრომა, ნერვიულობა და განცდა იყო.

- შენთვის ვინ არის თამარ ღლონტი?

- (იცინის) არ ვიცი, რანაირი ქალია, მაგრამ ეს სახელი და გვარი მაყურებელთან ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა. სერიალში გამოჩენამდე, ის მაყურებელი მიცნობდა, რომელიც თეატრში დადიოდა, მაგრამ დღევანდლისგან განსხვავებით, მაშინ თეატრში ბევრი მაყურებელი არ გვყავდა. მე და ჩემს კოლეგებს მაინც ვიწრო წრე გვიცნობდა, მაშინ უფრო პატარებიც ვიყავით. ამ ტელევიზიამ, სახელმა და გვარმა - "თამარ ღლონტი" მაყურებლის დიდი სიყვარული მაგრძნობინა, დიდი ასპარეზი გამიხსნა, მოტივაცია მომცა, სირთულეების გადალახვა შემაძლებინა.

- დღეს, როდესაც თქვენი შვილები ამ როლში ეკრანზე გხედავენ, რას გეუბნებიან? მაშინ ხომ დაბადებულებიც არ იყვნენ.

- ძალიან იცინიან. ეკრანზე არა მხოლოდ მე, თავიანთ ნათლიებს (თამუნა ნიკოლაძე და კახა ჯოხაძე) და ჩემს მეგობრებსაც ხედავენ. მათთვის ძალიან ახლობელ ადამიანებს უყურებენ და ზოგჯერ ვერ ხვდებიან, მე და თამუნა როგორ პერსონაჟებს ვთამაშობთ, რატომ ვყვირით? ზოგჯერ მეკითხებიან, ასე რატომ გაცვიათო? ეს სხვა თაობაა. 16 წელი ცოტა დრო არ არის. ქუჩაში დღესაც მაჩერებენ 5-6 წლის ბავშვები და ბედნიერები არიან. ჩემი შვილები ამ ასაკში არ უყურებდნენ, შედარებით გვიან დაიწყეს. ყური მოჰკრეს სკოლაში, კლასში სერიალზე ლაპარაკობდნენ და დაინტერესდნენ.

57253363-2145994925455879-6231143891681148928-n-1695106290.jpg

- ამ ხნის განმავლობაში ადამიანი სახელითა და გვარით "თამარ ღლონტი" შეგხვედრია?

- კი, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მქონდა. მეცნობიან, - მე იცით, ვინ ვარ? თამარ ღლონტიო. ახლახან ამ სახელის და გვარის გოგო ბანკში შემხვდა. მოწიწებით ვუთხარი: იმედია, თქვენ ძალიან წყნარი და მშვიდი ადამიანი ხართ-მეთქი (იცინის).

- დაბოლოს, რას გეუბნება ინტუიცია და ახალ გადაცემასთან დაკავშირებით როგორი მოლოდინი გაქვს?

- ყოველგვარი გაპრანჭულობის გარეშე გეტყვი, რომ ძალიან ვღელავ. ჯერ მხოლოდ ერთი გადაცემა ჩავწერეთ და როგორც თქვეს, კარგი გამოვიდა. ღელვა არა მხოლოდ მე, ყველა წამყვანს გვაქვს. ჩვენ ძალიან თვითკრიტიკულები და საკუთარი თავისადმი მომთხოვნები ვართ. მოლოდინი დიდია და რაღა დაგიმალო, სიხარულიც, რაც ძალიან სასიამოვნოა. სოციალურ ქსელებში ბევრი კრიტიკული აზრის წაკითხვას და მოსმენას მიჩვეულები ვართ. ყველაზე დიდ სიკეთესაც კი გამოუჩნდება ხოლმე გამკრიტიკებელი. რაც ჩვენი გადაცემის პრომო დაიდო, ჯერ ერთი ნეგატიური კომენტარი კი არა, ნეიტრალურად დაწერილიც არ შემხვედრია. ეს რა ძალიან უცნაურია, არა?! ეს სითბო და სიყვარული მახარებს, მსახიობისთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა არსებობდეს? ამიტომ, ბედნიერიც ვარ და მადლიერიც.

თამუნა კვინიკაძე