"დღევანდელი ანა საერთოდ არ ჰგავს ძველ ანას, რომელიც ჩაქრა, მიინავლა!" - გზაპრესი

"დღევანდელი ანა საერთოდ არ ჰგავს ძველ ანას, რომელიც ჩაქრა, მიინავლა!"

წარმატება - ეს არის შეუჩერებელი სვლა მარცხიდან მარცხამდეო, - ამბობდა უინსტონ ჩერჩილი. არავინ იცის, რამდენი მარცხი თუ უსიამოვნო ეპიზოდი ყოფილა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ ისინი თავიანთი მიზნებისკენ ჯიუტად მიიწევდნენ... არაერთი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი ანა სანაია თავის ცხოვრებაზე, მარცხსა და წარმატებებზე გვესაუბრა.

- ეს ინტერვიუ ბანალური ფრაზით უნდა დავიწყო: ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი, რადგან სცენაზე დგომა ძალიან, ძალიან მიყვარდა! როგორც ყველა ბავშვი, მეც დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე, მერე კი თეატრალურ სტუდიაში, სადაც ჩემი გზა კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაშიც უდიდესი როლი ითამაშა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა - გოგი თოდაძემ: მან ამ პროფესიის დადებითი მხარეებიც დამანახვა და უარყოფითიც. ჰქონდა საოცარი უნარი, სულ პატარა ბავშვშიც კი აღმოეჩინა ნიჭი და მისთვის საკუთარი თავის რწმენა ჩაენერგა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა და მეც სულ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტობაზე ვოცნებობდი. მეორე არჩევანიც მქონდა - ჟურნალისტიკა, მაგრამ ჩემი გული სცენისკენ მიიწევდა... ბოლოს, მაინც თეატრალურში ჩავაბარე, სადაც შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი და სცენის სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

- მსახიობებს საქართველოში ნამდვილად არ ულხინთ. არჩევანის წინაშე რომ იყოთ, ისევ ამ გზას აირჩევდით?

- ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა, არც კი ვიცი, რამდენად გავიმეტებდი საკუთარ თავს ამხელა ტკივილებისთვის! დღეს აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ: შეიძლება დღევანდელმა ანამ ის ანა ვეღარც კი იცნოს, იმდენად შევიცვალე. მსახიობის გზა მართალაც რთულია - რთული და ტკივილიანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ "არავის" ახლობელი და "არავის" შვილი ხარ. ასეთ დროს მხოლოდ ღმერთის იმედად რჩები და ყველაფერს არაფრიდან იწყებ. შეიძლება ითქვას, უშანსო ხარ, რადგან სხვა თავის კარიერას 1-დან იწყებს, შენ კი - მინუს 1-დან გიწევს ყველაფრის დაწყება, იბრძვი და არ იცი, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს გზა...

- თუ არსებობს თეატრი, სადაც თავს ისე გრძნობთ, როგორც ოჯახში?

- არა, თეატრში არასოდეს მიგრძნია თავი ისე, როგორც საკუთარ ოჯახში. რა თქმა უნდა, სცენაზე ყოველთვის კარგად ვარ, რადგან დარბაზში მაყურებელი ზის, რომელიც მართლა ძალიან, მთელი გულით მიყვარს, მაგრამ კულისებს მიღმა რა ჯოჯოხეთიცაა, ეს მხოლოდ მე ვიცი. ცუდია, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მე ამას შეგუებული ვარ. სცენის მიღმა ყველაფერი ხელოვნურია, იქ ყველაფერი თითქოს პლასტმასისაა და დასაჯერებელი არ არის. ეს რეალობა ან უნდა მიიღო და დარჩე, ან წამოხვიდე. მე გადავწყვიტე, დავრჩე - ალბათ, რაღაც მომენტამდე. მიუხედავად იმისა, რომ დაუმორჩილებელი ბუნების ადამიანი ვარ, მაინც ვრჩები!

- რა არ მოგწონთ სცენის და კულისებს მიღმა?

- დღევანდელ ქართულ თეატრში საბჭოთა წყობა და მისი გადმონაშთები ჯერ კიდევ ძლიერია, იქ არაფერი შეცვლილა: შეიცვალა დრო, წყობილება, შეხედულებები, მაგრამ თეატრში არაფერი შეცვლილა. აბა, რატომ ვრჩები? - უბრალოდ, მე ყოველთვის მჯეროდა ჩემი თავის და იმის, რასაც იმედი, სიკეთე და სიყვარული ჰქვია. მჯეროდა შოთა რუსთაველის იდეებისა, რომელზეც სცენიდან უნდა მესაუბრა. ვწუხვარ, რომ ეს იმედები გამიცრუვდა. ქართულ თეატრში ყველა სიკეთე განკუთვნილია "ვიღაცების" შვილებისთვის, ნათესავებისა და ახლობლებისთვის, ჩემნაირებისთვის კი იქ არაფერია! ამ რეალობას რამდენად ვეგუები, ეს სულ სხვა საკითხია, ალბათ ჩემმა შეუგუებლობამ მიმიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ: ამდენი წელია, რაც თეატრში გახლავართ და ჯერ არაფერი მითქვამს, გარდა ერთი მნიშვნელოვანი როლისა და ამ როლის გამო უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ნიკოლოზ საბაშვილს, რომელმაც სპექტაკლში - "ადამიანთა სიყვარული" მთავარი როლი მანდო. ეს არის ბელარუსი დრამატურგის ძალიან საინტერესო პიესა, რომელიც ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა და 2018-2019 წლებში გადიოდა. უკვე მე-12 წელია მარჯანიშვილის თეატრში ვარ, მაგრამ ეს სპექტაკლი და ეს წლები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგად მახსენდება.

- ანა, ჯერ ხომ ყველაფერი წინ არის? იმედია, ყველაზე კარგ როლებს მომავალში შეასრულებთ.

- მეც ამის იმედი მაქვს. დარწმუნებულლი ვარ, ძალიან საინტერესო რამეებს გავაკეთებ, მაგრამ ჩემი ძველი, ხალასი ბუნება არასდროს დამიბრუნდება: ის ანა ჩაქრა, მიინავლა და ეს ძალიან მაწუხებს!

- ალბათ, მსახიობი ქალისთვის ორმაგად რთულია, თავისი პროფესია სიყვარულს და ოჯახს შეუთავსოს...

- გეთანხმებით, ჩვენი პროფესია მართლა რთულია, მაგრამ თუ გულით გიყვარს, ეს გრძნობა გაძლევს უნარს, ყველაფერი შეძლო, ყველაფერი მოასწრო და მაინც ყველაზე ბედნიერი იყო. სიყვარული უდიდესი ენერგიის წყაროა. როცა შეყვარებული ხარ, სცენაზეც სულ სხვა განწყობით გამოდიხარ, შეგიძლია ბოლომდე დადნე და დაიხარჯო... ეს გრძნობა ენთუზიაზმსაც გმატებს, რომელიც ჩემს პროფესიას ნამდვილად სჭირდება. სიყვარული, ჩემი აზრით, ყველასა და ყველაფერზე მაღლა მდგომი გრძნობაა. ის უსასრულობაა და ამ უსასრულობაში შენი სულის ანარეკლს ხედავ... ამ გრძნობის გარეშე ჩვენი სიცოცხლე უფერული და უსიცოცხლო იქნებოდა! მეც, სიყვარული მაკავშირებს თეატრთან, ჩემს მაყურებელთან, ქუჩასთან, სადაც ვცხოვრობ და ადამიანებთან, რომლებიც ჩემ გვერდით არიან... სიყვარული ყველაფრის სათავე და მიზეზია - მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი ან უბედური; ეს არის გრძნობა, რისთვისაც უნდა იცოცხლო... არ ვიცი, რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ალბათ, ასეთი სიყვარული არ შეიძლება ადამიანს ბევრჯერ ეწვიოს. მართალია, ზოგს ეს გრძნობა ერთჯერადი ცელოფანი ჰგონია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ გამოცვალო, მაგრამ სიყვარული სულ სხვაა. რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეს? - ალბათ, ამას ვერავინ დაადგენს და გამოთვლის. ითვლება ტკივილები, ითვლება დღეები და თვეები, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ადამიანს გულით უყვარდეს? - ამის თქმა ძნელია.

- როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს თანამედროვე ქალისთვის ოჯახი?

- ოჯახი მხოლოდ მაშინ უნდა შექმნა, როცა ხვდები, რომ მეორე ადამიანი ნამდვილად გიყვარს. თუმცა, თანამედროვე ქალს შეუძლია დამოუკიდებლადაც კარგად იყოს. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ფემინისტური იდეები მაწუხებს, მაგრამ ქალები ბევრად ძლიერები, ბევრად ლამაზები და მოტივირებულები არიან. უფრო მეტიც - დღეს საქართველო თუ არსებობს, ეს სწორედ ქალების დამსახურებაა. აი, ასეთი ქალები გვყავს, მაგრამ მათი საპირწონე მამაკაცები ცოტანი არიან. ალბათ, ამიტომაა ამდენი ლამაზი და ჭკვიანი ქალი მარტო. ეს ჩვეულებრივი ამბავია: ლამაზი, შემდგარი, ჭკვიანი ქალი არ აირჩევს შეუმდგარ, დედის კალთას გამოკერებულ კაცს, რომელსაც ოჯახის კი არა, საკუთარი თავის მოვლაც არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ბანალური ფრაზაა, რომ "სიყვარული ყველას უნდა". ვინც ამბობს, რომ სიყვარული არ სჭირდება და არ უნდა, ალბათ ძალიან დაიბნა და დაიკარგა, რადგან ცხოვრების გზაზე მისთვის სასურველ ადამიანს ვერ შეხვდა. მე საკუთარი ოჯახი ჯერ არ მაქვს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის დიდი სიყვარულისა და ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა შეიქმნას.

sanaia-copy-1695106708.jpg

- მკაცრი დედა იქნებით თუ პირიქით - მეგობრული?

- ალბათ, სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: შვილს ხელს არ შევუშლი, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად იქცეს და ცხოვრების თანამგზავრიც თვითონ აირჩიოს. ჩემს შვილს პირველად შრომას ვასწავლი; ვასწავლი, როგორ უნდა იყოს ბედნიერი და დარწმუნებული ვარ, დანარჩენს თვითონ მიხედავს. ყოველთვის მეხსომება, რომ ის დამოუკიდებელი ადამიანია და ისე უნდა იცხოვროს, როგორც თავად სურს. და კიდევ: ზოგიერთი ქალივით, მხოლოდ "წყლის მომწოდებელს" არ გავზრდი, რომელიც უპრინციპო, უაზრო და უუფლებო ადამიანია. ასეთი შვილები დედის გარეშე ვერაფერს წყვეტენ და ვერაფერს ახერხებენ... საბედნიეროდ, ჩემი თაობა სულ სხვაგვარად ფიქრობს: 21-ე საუკუნეა და შვილის აღზრდაში დედაც უნდა იყოს ჩართული და მამაც. თანამედროვე ოჯახებში ფუნქციები თანაბრად აქვთ გადანაწილებული, ერთმანეთს ყველანაირ საქმეში ეხმარებიან და ამის გამო, თავს ბედნიერად გრძნობენ.

- თქვენს პროფესიას დავუბრუნდეთ: როგორც ვიცი, სერიალებმა თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. ყველას გვახსოვს სერიალი "ჩვენი ოფისი", რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ... ახლა თუ გაქვთ შემოთავაზებები?

- გეთანხმებით, მართლაც დიდი როლი შეასრულა და გული მწყდება, რომ ამჟამად შემოთავაზება არ მაქვს. არადა, გადაღებები ძალიან მენატრება! ადრე კი ვამბობდი, მთელი არსებით თეატრზე გადავერთე-მეთქი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, კინოში გადაღებაც მომენატრა. ალბათ იმიტომ, რომ სერიალებით დავიწყე და თეატრში მერე წავედი. თეატრმაც არანაკლები კვალი დატოვა, ჩემთვის ორივე, კინოც და თეტრიც მნიშვნელოვანია და როცა ქართულ ტელესივრცეში კარგი სერიალი გადის, ჩართული ვარ და ყოველთვის ვგულშემატკივრობ. წლების წინ, როცა სერიალებში მიღებდნენ, ახალბედა მსახიობი ვიყავი. ასე მგონია, ახლა სულ სხვანაირად ვითამაშებ, რადგან გამოცდილებაც მეტი მაქვს და ყველაფერს სხვა თვალით ვხედავ...

- დაბოლოს, როგორია თქვენი წარმატების ფორმულა, როგორ მოახერხეთ, რომ სრულიად ახალგაზრდამ მაყურებლების გული მოიგეთ და მათ თავი შეაყვარეთ?

- ჩემი აზრით, წარმატების ფორმულა ასე ჟღერს: მთავარია საკუთარი თავის რწმენა, საქმის სიყვარული და შრომისმოყვარეობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიჭი და გემოვნებაც - ეს ორი თვისება ნებისმიერი როლის შესასრულებლად აუცილებელია. დაბოლოს, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ადამიანის ცხოვრებაში იღბალი გადამწყვეტ როლს ასრულებს: არავინ იცის, იღბალი ვის რა სიურპრიზს უმზადებს და ვის სად გადააგდებს. სწორედ ეს წინა პირობაა საჭირო, რომ ახალგაზრდა მსახიობმა წარმატებას მიაღწიოს.

ხათუნა ჩიგოგიძე