აჩიკო გოგიტიძის ბედნიერება, სოლო კონცერტი და ხელის თხოვნა დიდ სცენაზე - გზაპრესი

აჩიკო გოგიტიძის ბედნიერება, სოლო კონცერტი და ხელის თხოვნა დიდ სცენაზე

აჩიკო გოგიტიძის ცხოვრებაში სექტემბერი ბედნიერად დაიწყო: სოლო კონცერტი, მაყურებლისგან მიღებული დიდი სიყვარული, მსმენელით სავსე დარბაზი და მნიშვნელოვანი განაცხადი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ: "36 წლის ვარ და ცოლი მინდა მოვიყვანო"; მერე სცენაზე საყვარელი ქალის ხელის თხოვნა და მიღებული თანხმობა - ასეთი იყო დიდი ზეიმის ბედნიერი ფინალი. ფინალი, რომელიც ორი ხელოვანის ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.

- ვინც ადრე იწყებს, ასეთი დიდი პროექტის გაკეთებაც ადრე უწევს. პროფესიულ სცენაზე 21 წლის წინ მოვხვდი. ჩემი ნათლია გახლდათ საქართველოში ცნობილი ხელოვანი, ბატონი გიზო ჟორდანია, რომელიც იმ პერიოდში ბათუმში მოღვაწეობდა. პირველად სწორედ ამ ადამიანმა "მომწამლა" და მას შემდეგ პროფესიულ სცენას აღარ ჩამოვშორებივარ. თბილისში წამოვედი და კონსერვატორიაში ჩავაბარე, ბაკaლავრიატი დავასრულე, შემდეგ - მაგისტრატურა თემურ გუგუშვილთან. წლების განმავლობაში ჩემი მუსიკალური გზა იყო რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო.

ახლობლებმა მირჩიეს, - სანამ ხმა ხელს გიწყობს, დროა, სოლო კონცერტზე იფიქროო; მერე ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მთელი ქალაქი ჩაერთო და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ამ კონცერტზე დავამსხვრიე ყველა მითი და სტერეოტიპი, ეს იყო წარდგენა მაყურებლის წინაშე ყოველგვარი მინუს-ფონოგრამებისა და "ფლეშკების" გარეშე. მადლობას ვუხდი ქალთა კამერულ ორკესტრსა და მაესტრო დავით მაზანაშვილს - მისი ხელმძღვანელობით თბილისიდან ბათუმში 30 ადამიანი ჩამოვიდა. რეპერტუარი თავად შევარჩიე, ყველა სიმღერის არანჟირება მაესტრომ ამ დღისთვის გააკეთა. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, დიდი საგანძურია დავით მაზანაშვილის დამუშავებული მსოფლიო ჰიტების ჩემეული ვერსია. რაც შეეხება ადამიანურ ფაქტორს: კონცერტის იდეა შევთავაზე აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს, ქალაქის მერიას და პირველი მხარდაჭერაც მათგან მივიღე. მხარში ამომიდგნენ ბათუმელი ბიზნესმენები, უარი არავის უთქვამს, სოლიდური თანხა გაიღეს. იყო კონკრეტული სასპონსორო პაკეტები და ამ შეთავაზებებიდან ყველამ უმაღლესი სასპონსორი პაკეტი აირჩია, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ბათუმში ყველას უნდოდა, ეს საღამო მაღალ დონეზე ჩატარებულიყო და არ გამართულიყო კონცერტი კონცერტისთვის. დარბაზი მსმენელით გაივსო, 900-მდე კაცი მოვიდა.

- პასუხისმგებლობის გააზრებას ალბათ დიდი ღელვაც ახლდა, არა?

- ჩემი ემოციური განწყობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რეპეტიციებმა (საამისოდ თბილისში ვიმყოფებოდი) მშვიდად ჩაიარა. მაესტროსთან, ბენდთან ერთად ვმუშაობდი. ბათუმში რომ დავბრუნდი და კონცერტამდე სულ რაღაც ნახევარი საათი იყო დარჩენილი, მღელვარებამ ყველაზე მეტად მაშინ ამიტანა. პავაროტის დავესესხები: "თუ კულისებში მომღერალი გეტყვის, არ ვნერვიულობო, ის არის დიდი მატყუარა". ნერვიულობა სცენაზე გასვლამდე არის საჭირო და არა - გასვლის შემდეგ. ბუნებრივია, ძალიან ვღელავდი. იმ დღეს მხოლოდ გიორგი ბერიძეს გავუზიარე, რა შეგრძნებაც მქონდა, ახლა თქვენ გეუბნებით და ყველა გაიგებს. უაზრო ნერვიულობა დამეწყო. ვფიქრობდი, რად მინდოდა, ამხელა ამბავი რომ ავტეხე-მეთქი?!. ვხედავდი, დარბაზი ხალხით ივსებოდა, პარკინგზე ადგილები აღარ იყო. 800 და 900 ადამიანის მოსვლას ნამდვილად არ ველოდი. როგორც კი ორკესტრიდან პირველი აკორდი გავიგონე, ეს შიში და ღელვა სადღაც გაქრა, ისეთი მუხტი ვიგრძენი... მსმენელიდან ძალიან გულწრფელი ემოცია წამოვიდა და ეს ყველაზე მეტად მახარებდა. დავით მაზანაშვილიც კი პუბლიკით აღფრთოვანებული იყო.

- "36 წლის ვარ და მინდა ცოლი მოვიყვანო", - განაცხადეთ სცენიდან და თამთა ხუხუნაიშვილს ხელი სთხოვეთ. ამ ბედნიერ წუთებს როგორ გაიხსენებთ?

- კონცერტისთვის მზადება რომ დავიწყე, რამდენიმე ორგანიზატორს გავანდე ჩანაფიქრი, მაგრამ ეს ამბავი ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ. წინასწარ არ ვიცოდი, რას ვიზამდი, იმ წუთებში როგორ მოვიქცეოდი. დაგეგმილი არაფერი მქონდა. მინდოდა, გულწრფელი ვყოფილიყავი და ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. არ იყო არც სიყვარულის ახსნა, არც ტრადიციული დაჩოქება.

- სცენიდან რომ გახვედით, მერე კულისებში რა ხდებოდა?

- მე და თამთა საგრიმიოროში რომ ავედით, ხალხი მთელი საათი ქვემოთ გველოდა. გაშეშებულები ვიყავით, ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს ვუყურებდით. კონცერტის ემოციამ ცაკლე იმოქმედა, პირადმა ბედნიერებამ - ცალკე. ეზოში ყვიროდნენ: "აჩიკო!!!" "თამთა!!!" შამპანურს ხსნიდნენ, ფეიერვერკი გაუშვეს, მაგრამ ჩვენ ეს ცხელი ემოციები გამოვტოვეთ. ჩუმად ვისხედით. თურმე დიდ ბედნიერებას და დიდ სიხარულს ემოციურობა საერთოდ არ ახლავს.

- გამუნჯებს, არა?

- ზუსტად. ძალები რომ მოვიკრიბეთ, მეგობრებთან მერე ჩავედით და ამბის აღნიშვნა ჩვენთან ერთად გააგრძელეს.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- მეგობრობით, ძმაკაცობით, კოლეგიალობით... საერთოდ არ გვიფიქრია ერთად ყოფნაზე. თამთასთვის მე ყველაზე ახლო მეგობარი ვიყავი, ჩემთვის - ის, და დიდი ხნის შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებოდით. გრძნობის მეგობრობიდან სიყვარულში გადაზრდა ბოლო პერიოდში მოხდა. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. თანაცხოვრების პერიოდში ახალ აღმოჩენებს ვერ გავაკეთებთ. ერთმანეთს არასდროს გავპრანჭვივართ, ნეგატიური მხარის გადაფარვა არასდროს გვიცდია. როდესაც მივედით იმ წერტილამდე, რომ ერთმანეთთან უკვე მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებდა, ჩვენს სამეგობროსაც გავანდეთ და ამ ამბავს ყველა სიხარულით შეხვდა.

375135940-116062938260839-7000817701332372561-n-copy-1695106898.jpg

- რომანტიკულები ხართ?

- რაც მთავარია, სულ ერთმანეთის გახარებაზე ვზრუნავთ. თამთა ძლიერი ადამიანია, ეს მის სიმღერასა და შემოქმედებასაც ეტყობა. მან დიდ ემოციურ ტალღაზე შემაგდო თავისი კრეატიულობით, საჩუქრებით. ყველაზე დიდი სიამოვნება ჩვენ შორის გულწრფელობაა. იმის შიში არ მაქვს, რომ შეიძლება ის რამით დავაფრთხო, შევაშინო, იმედი გავუცრუო. მსგავსი შეგრძნება ცხოვრებაში არასდროს მქონია. ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ.

- ბევრი სიგიჟე ჩაგიდენიათ?

- რა თქმა უნდა. როცა სხვას ახარებ, იმ ადამიანის სიხარულით მერე თავადაc ორჯერ მეტად ხარობ. ეს მხოლოდ თამთასთან დამემართა. გიჟი წყვილი ვართ. დიდი ხანია, მე და თამთა ერთ ობიექტზე ვმუშაობთ. ჩვენი ჩხუბი მთელ სამსახურში ცნობილი იყო, ერთმანეთს ხშირად დაუნდობლად ვეჩხუბებოდით. უკვე ყურადღებას აღარც გვაქცევდნენ.

- რის გამო ჩხუბობდით?

- მიზეზი ელემენტარული რაღაც შეიძლებოდა გამხდარიყო.

- მაგალითად?

- ერთი ნოტის გამოც გვიჩხუბია. სულ გვეუბნებოდნენ, რა გაჩხუბებთო? თამთა თავადაც შემტევია. მეუბნებოდნენ, - მაინც გოგოა და ასე არ შეიძლებაო... იმ ადამიანებმა ერთ მშვენიერ დღეს გაიგეს, რომ წყვილი ვართ, ერთმანეთი გვიყვარს. ახლა გვეხუმრებიან, ყველა ოთახში ცეცხლის ჩამქრობი უნდა გქონდეთ, "112" ყველა კედელზე უნდა გეწეროთო... ჩვენ ერთმანეთთან კონფლიქტებიც კი გავლილი გვაქვს.

- თამთამ რით მოგხიბლათ?

- საოცარი მიმღებლობა აქვს, მხარში დგომა შეუძლია, ერთგულია, როგორც მეგობარი, როგორც მეწყვილე. მისი ნიჭიერება, ინტელექტი, სანამ გავიცნობდი, მანამდეც მიზიდავდა. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, ჩემი ოჯახი თამთას ყველა კონკურსზე გულშემატკივრობდა.

- ქორწილის გადახდას გეგმავთ? როგორია თქვენი ჩანაფიქრი?

- რა თქმა უნდა, ქორწილი გვექნება. თამთას ძალიან კარგი ძმა ჰყავს, ის მეზღვაურია, ახლა საქართველოში არ იმყოფება და მინდა ჩვენთან ერთად იყოს. როცა ჩამოვა, საახალწლოდ ნიშნობა ოფიციალურად გვექნება და ქორწილს გაზაფხულისთვის ვგეგმავთ, რომელიც "კონცერტი ქორწილი" უფრო იქნება. ვფიქრობთ, ჩვენი ქორწილი ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმით გაიმართოს. ცხოვრებაში სცენაზე ყოფნა არც ერთს გვაკლია, ქორწილის დღეს სცენაზე ნაკლებ დროს გავატარებთ, სტუმრებთან ერთად ვიქნებით, ყველას მივეფერებით. მთავარია, კარგად ვიყოთ და მშვიდობა იყოს!

373050544-693309136174847-8727823991924784263-n-copy-1695106884.jpg

- ახლო მომავალში, შემოქმედებითი თვალსაზრისით, რაიმე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- როცა მსმენელს ასეთ გრანდიოზულ პროექტს წარუდგენ, შემდეგ გჭირდება რაღაც ახალი გააკეთო, თავი დაცარიელებულად რომ არ იგრძნო. სოლო კონცერტმა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ენერგია წაიღო. ახლა საქალაქო კონცერტებზე გამოვდივართ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- რუსთაველის თეატრთან თანამშრომლობას აგრძელებთ?

- დიახ, სეზონი თვის ბოლოს გაიხსნება და ჩემი სპექტაკლიც დაინიშნება. 10 წელია, რუსთაველის თეატრთან ვთანამშრომლობ როგორც მიწვეული მსახიობი, მომღერალი. ამ თეატრში დიდი სკოლა გავიარე.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ბედნიერებას გისურვებთ!

- ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ჟურნალს "გზა" ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის. თქვენი ყურადღება ძალიან მესიამოვნა. წარმატებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე