"სურვილი მაქვს იმ ბავშვებს დავეხმარო, ვისაც ისე უჭირს, როგორც მე მიჭირდა" - გზაპრესი

"სურვილი მაქვს იმ ბავშვებს დავეხმარო, ვისაც ისე უჭირს, როგორც მე მიჭირდა"

11 წლის ქართველი ფეხბურთელი ბიჭის ამბავი ალბათ, გულგრილს არავის დატოვებს. ის სულ პატარა იყო, როდესაც მშობლები იძულებულები გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ და საცხოვრებლად საფრანგეთში გადასულიყვნენ. როგორც თავად ამბობენ, ასე ისევ ბავშვის უკეთესი მომავლისთვის გადაწყვიტეს, რადგან საქართველოში ცხოვრების ელემენტარული პირობების შექნის საშუალებაც არ ჰქონდათ.

მიუხედავად პატარა ასაკისა, გიორგი ბეწუკლიშვილს კარგად ახსოვს საქართველოში გატარებული მძიმე დღეები, როდესაც სარდაფში ცხოვრობდა და სახლში არც შუქი, არც საკვები ჰქონდა, თუმცა განვლილმა მასში უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი კიდევ უფრო გააძლიერა.

გიორგი საფრანგეთის ქალაქ საინტ ნაზაირეში ცხოვრობს მშობლებთან და ოთხ დასთან ერთად. თამაშობს საფეხბურთო კლუბ "ნანტესში" თავდამსხმელის პოზიციაზე და საკმაოდ წარმატებულადაც. მან ბოლო თამაშზე გატანილი "სიკეთის გოლი" გიორგი შაქარაშვილისა და შოვში დაღუპულების ხსოვნას მიუძღვნა. გიორგის ანგარიშზე უკვე არაერთი გატანილი "სიკეთის გოლია".

თავისი წარმატების ავტორად მამას თვლის, რომელიც, მისი თქმით, თავს არასდროს ზოგავს, შვილი წარმატებული ფეხბურთელი რომ გახდეს და ყოველთვის მხარში უდგას, როგორც მთავარი მოკავშირე.

- გიორგი, რამდენი წლის იყავი, როდესაც საქართველოდან წამოხვედი?

- საქართველო ხუთი წლის ასაკში დავტოვე მშობლებთან და დებთან ერთად. ჩემი მშობლები იძულებულები გახდნენ, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსით ვცხოვრობდით; არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩემი ვარჯიშის ფული გადაეხადათ. დენიც კი არ გვქონდა, ისე ხელმოკლედ ვცხოვრობდით პატარა სარდაფში მე, ჩემი მშობლები და დები. იქ არაფერი გვქონდა, ზოგჯერ საკვებიც კი. მახსოვს, გაჭირვებისა და არქონის გამო, ჩემს დებს თანატოლები როგორ დასცინოდნენ. დედამ დენი მეზობლისგან ჩუმად გამოიყვანა, რომ ღამე ბნელი ოთახი გაენათებინა. ბევრი რამ მინდოდა მეყიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ფეხბურთზე სიარული მსურდა. მინდოდა რომელიმე კარგ გუნდში მეთამაშა და ჩემი და ჩემი ოჯახის მომავალი შემეცვალა.

მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და აღარ მინდა საუბარი, მინდა დავივიწყო ის პერიოდი.

- როგორც ვიცი, თბილისშიც თამაშობდი მიუხედავად პატარა ასაკისა.

- დიახ, საბურთალოს გუნდში ვთამაშობდი. მე და ჩემი ოჯახი მადლიერები ვართ, ყველა გვერდSი გვედგა და გვეუბნებოდნენ, თუ არ გვქონდა საშუალება ყოველთვიური საფასური გადაგვეხადა, არა უშავდა, უფასოდ მავარჯიშებდნენ. სანამ საბურთალოს გუნდში მივიდოდი, ბედი სხვა გუნდშიც ვცადე, თუმცა არ გაmიმართლა. სოციალურად დაუცველი სტატუსის გამო, იმ გუნდში აყვანაზე უარი გვითხრეს. მახსოვს, შინ რომ ვბრუნდებოდით, მამა ტიროდა და თან ცდილობდა, მისი ცრემლები მე არ დამენახა. მაშინ გავიფიქრე, რომ როდესაც გავიზრდები, აუცილებლად შევძლებ და იმდენად წარმატებული ვიქნები, ჩემნაირი გაჭირვებული ბავშვების ცხოვრებას შევცვლი და უსახსრობის გამო, მათ არ მოუწევთ თავის ოცნებაზე უარის თქმა-მეთქი.

- როგორ დაიწყო Sენი ფრანგული ცხოვრება?

- არც ეს გზა აღმოჩნდა ჩვენთვის მარტივად გასავლელი. საავადმყოფოს შენობაში მოგვიწია ცხოვრებამ, საწოლიც არ გვქონდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში იატაკზე გვეძინა, სანამ "ლტოლვილებად" ჩაგვიბარებდნენ და საცხოვრებელს მოგვცემდნენ. რამდენჯერმე მოგვიხდა ქალაქიდან ქალაქში გადასვლაც. ენის არცოდნის გამო, თანატოლებთან კონტაქტი არასდროს გამჭირვებია, ამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად მიგვიღო.

- ვიცი, რომ შენი "სიკეთის გოლებში" აღებული თანხით უკრაინელი ბავშვების დახმარებას ცდილობ. ჯერ ძალიან პატარა ხარ, შენი თანატოლები თანხას სხვა რაღაცებში ხარჯავენ და არა ქველმოქმედებაში.

- მინდა იმდენი შევძლო, რომ ყველას დავეხმარო, განსაკუთრებით - ბავშვებს. არ მინდა საქართველოში მშიერი პატარები იყვნენ; სურვილი მაქვს იმ ბავშვებს დავეხმარო, ვისაც ისე უჭირს, როგორც მე მიჭირდა და თუ შევძლებ, ჩემი გადარიცხული თანხით მათი ცხოვრება ერთი წუთით მაინც გავაფერადო, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.

375494907-2049001902104683-7237254147128261661-n-copy-1695107056.jpg

- დღის განმავლობაში რამდენ საათს ვარჯიშობ?

- თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს და თუ ზოგჯერ მაინც მრჩება, მამასთან ერთად მივდივარ სავარჯიშოდ. ოფიციალურად, კვირაში სამი დღე მაქვს ვარჯიში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთელი ზაფხული დასასვენებლად არ წავსულვარ, დილით ადრე გავდიოდით მე და მამა მოედანზე სავარჯიშოდ და შინ ღამით, 11 საათისთვის ვბრუნდებოდით. ვიცი, ვარჯიშის გარეშე ვერაფერს მივაღწევ, ჩემი მომავლის მიზნებისთვის თავს არ დავზოგავ.

- როგორც შენმა მშობლებმა მითხრეს, გარდა ფეხბურთისა, სკოლაშიც თურმე, ძალიან კარგად სწავლობ.

- დიახ ასეა, სკოლასა და განათლებასაც დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ ფეხბურთით არ ვარ გატაცებული. გასულ წელს ორჯერ ავიღე პირველი ადგილი მათემატიკისა და გეოგრაფიის ტურში. ძალიან მიყვარს გეოგრაფია და ვცდილობ, ყველა ქვეყნის შესახებ მოვიძიო საინტერესო ინფორმაცია.

- რაზე ოცნებობ?

- ჩემი ოცნებაა, რომ გავიზრდები, წარმატებული ფეხბურთელი გამოვიდე და ჩემი შრომით იმდენი თანხა გამოვიმუშაო, რომ საქართველოში ბავშვების დახმარება შევძლო; გავხსნა რამდენიმე უფასო მაღაზია, სადაც ასეთ ბავშვებს ყველაფრის აღება შეეძლებათ, რაც სჭირდებათ; მინდა საქართველოში არც ერთი მშიერი და გაჭირვებული ბავშვი აღარ არსებობდეს.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან