"ის ერთადერთი ადამიანი, ვისი დანახვაც არ მინდა"
"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ძალიან დაკვირვებული ვიქნებოდი. თავქარიანი რომ არ ვყოფილიყავი, ჩემს ცხოვრებას ცოტათი სხვაგვარად წარვმართავდი", - ამბობს მოცეკვავე მზია ორველაშვილი. როგორ მოხვდა ის სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა არის მისი სავიზიტო ბარათი და რატომ არ უყვარს მარტო დარჩენა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
-...დაბადების თარიღი...
- ...1989 წლის 26 ოქტომბერი.
- ბავშობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...პოლიციელი. მე და მამიდა ხასიათით ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ყოველთვის ძმაკაცი უფრო მეტი გვყავდა, ვიდრე - დაქალი. ორივეს ვაჟკაცური თვისებები გვაქვს. ძალიან მომწონს ფორმიანი ხალხი, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ, რამდენად რთული პროფესიაა. ფიზიკური და ფსიქოლოგიურად დიდი გაძლებაა საჭირო, მე კი ძალიან მგრძნობიარე ვარ. პოლიციელობის შემდეგ კოსმონავტობის სურვილიც მქონდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...შენ გარეშე ეს ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდაო. როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო, როგორი დეპრესიაც უნდა მქონდეს, ჩემს ცუდ განწყობას სხვას არასდროს გადავდებ, ეს გამორიცხულია. ჩემი პრობლემა არავის პრობლემა არ არის.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი, მათ შორის - მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, ამას ვაღიარებ. საქართველოში ვცხოვრობთ. აქ კაცს ბევრი რამ თუ ეპატიება, ქალს არ ჰპატიობენ. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ძალიან დაკვირვებული ვიქნებოდი; თავქარიანი რომ არ ვყოფილიყავი, ჩემს ცხოვრებას ცოტათი სხვაგვარად წარვმართავდი.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ყველაფრის გაანალიზება.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებზეც ჭკუა მეკეტება.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...თვალები და ღიმილი (იცინის).
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიყო ბედნიერი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...პოზიტივი.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ძალიან მიმნდობი ვარ და გული ხშირად უტკენიათ. ბევრი შეცდომა რომ მაქვს დაშვებული, ეს ამ თვისების "ბრალიც" არის. ადვილად ვენდობი ადამიანებს, ტყუილის თქმა არ შემიძლია და მგონია, სხვებიც არ მატყუებენ.
- პატიება შემიძლია...
- ...ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. არ მიყვარს, როცა ადამიანი არ მელაპარაკება.
- თავად პატიებას ხშირად ითხოვ?
- ბოდიშის მოხდა არ მიყვარს, ამიტომ სულ ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, პატიების თხოვნა არ დამჭირდეს.
- ვიბნევი...
- ...როცა ვიღაც მომწონს, რაღაც საქმე მაქვს გასაკეთებელი და ის ახლოს არის (იცინის).
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ვიყო ნიცაში და მეგობრებთან ერთად ვისვენებდე.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...არავის. საკუთარ თავზე კონტროლს არასდროს ვკარგავ. ჩემი გაბრაზება არის ძალიან ცუდი და სულ ერთ ადამიანს აქვს ნანახი.
- ის ადამიანი დღეს შენს გარემოცვაში აღარ არის?
- არა და ვერც ვერასდროს იქნება. ის ერთადერთი ადამიანია, ვისი დანახვაც არ მინდა.
- სიყვარული ეს...
- ...არის გრძნობა, რომელიც უზომოდ მიყვარს. იშვიათად მიყვარდება, მაგრამ თუ მიყვარს, სულის და გულის ჩუქება შემიძლია. სიყვარულში ფანატიკოსი ვარ, მაგრამ თავს არ მოვაბეზრებ. მეორე ნახევარი სადმე რომ არის და ტელეფონზე ურეკავენ, - სად ხარ? ვისთან ხარ? რამდენი გოგოაო? ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებ. ურთიერთობაში ნდობა უნდა არსებობდეს. ის ადამიანი გულს თუ მატკენს, აუცილებლად შევეშვები, როგორც უნდა გამიჭირდეს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...დედაჩემმა შემატყო, - შენ თვალები სხვაგვარად გიბრწყინავსო. როცა შეყვარებული ვარ, დავფრინავ. როცა იმ ადამიანზე ვლაპარაკობ, რომელიც მომწონს, მაშინაც კი თვალები სხვაგვარად მიბრწყინავს და დედა ამას ყოველთვის ხვდება. მასთან დამალული არაფერი მაქვს, ყველაფერს ვუყვები. დედაჩემმა იცის ზუსტად ჩემნაირი სიყვარული, ეს "საჩუქარი" გენეტიკურად მისგან მივიღე. დედა მამაზე გიჟდება, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. 39 წელია ჩემი მშობლები ერთად არიან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ ურთიერთობაში ბზარი არასდროს ყოფილა.
- მაკვირვებენ...
- ...ადამიანები. ადამიანებს შორის დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა. ის, რაც ჩემს ბავშვობაში იყო, აღარ არის: სტუმარი უხაროდათ, გარეთ გასვლა უხაროდათ...
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...და ამავე დროს სიძლიერეც ჩემი შვილები არიან. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ. ორი ბიჭის დედობა ძალიან რთულია.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ხშირად ვტირი და ამას სახალხოდ პირველად ვამბობ. გუშინაც ვიტირე. როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ჩემი წარსულიდან გარკვეულ ეპიზოდებს ვუფიქრდები და გული მტკივა, ეს მე რატომ გადამხდა? რომ ვიტირებ, მერე ცოტათი მომეშვება ხოლმე. მარტო დარჩენა ამიტომ არ მიყვარს. ოცნება მქონდა, ოდესმე ოჯახს თუ შევქმნიდი, ქორწინებაში ცხოვრების ბოლომდე ვყოფილიყავი. 2 შვილი მყავს, ოჯახი 2-ჯერ დამენგრა, ეს ჩემთვის ძალიან რთული გასააზრებელია. მით უმეტეს, ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს არ არის პატივსაცემი. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც გჭირდება გვერდით ვიღაც გყავდეს, ვისაც დაეყრდნობი, ვისაც ჩაეხუტები, ვისი იმედიც გექნება.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მრცხვენია და თან, მიხარია. ახლობლებმა ხომ იციან, რამხელა მიღწევები მაქვს და რა გამიკეთებია. ყველა მეუბნება, - გოგო, შენ გიჟი ხარ? შენს სფეროში საქართველოში, საერთაშორის კლასის ერთადერთი სპორტის ოსტატი ხარ და რატომ უნდა გერიდებოდეს, ქებას რატომ არ უნდა იღებდეო?..
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...საკუთარ თავზე ილაპარაკე, ხალხმა გაიგოს, ვინ ხარო.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...პიანინოზე დაკვრა.
- ვიტყუები...
- ...არასდროს! ზოგჯერ საჭიროა და მაშინაც ვერ ვიტყუები.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს მთავარია მარტო არ ვიყო, გვერდით უნდა მყავდნენ შვილები ან მეგობრები. მარტოობა მკლავს და მისი შიში მაქვს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...დედა და მამაც ხშირად მეუბნებოდნენ: "უკან არ დაიხიო, ყოველთვის მიზნისკენ იმოძრავე!" პირველი შეჯიბრება 8 წლის ასაკში მქონდა, ყოველი კონკურსის დღეს ბებო მაღვიძებდა და მეუბნებოდა: "ბე, დღეს რა უნდა გააკეთო, რომელი ადგილი უნდა აიღო?" ვპასუხობდი, - "რა თქმა უნდა, პირველი ადგილი". დღესაც, როდესაც შეჯიბრებაზე გავდივარ, მივდივარ იმ განცდით, რომ მე უნდა გავიმარჯვო!
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...გვქონდეს დადებითი ემოციები და ერთობა - ეს გაგვაძლიერებს!
- "ჩემი ცოლის დაქალებში" სრულიად შემთხვევით, მეგობრის რჩევით აღმოვჩნდი, მან მითხრა, მიდი, შენი მონაცემები გადაგზავნე, იქნებ აგიყვანონო. ეს სერიალი ყოველთვის მომწონდა, ჩემი ფოტოები გადავგზავნე, გავიარე კასტინგი და როლზეც დამამტკიცეს. რომ დამირეკეს, მთელი დღე ისეთ ხასიათზე ვიყავი, თითქოს ფრთები მქონდა გამოსხმული და დავფრინავდი.
- გადასაღებ მოედანზე პირველი დღე როგორი იყო, ღელავდი?
- ღელვა აღარ ჰქვია, ვკანკალებდი. ცხოვრებაში მსგავს პროექტთან შეხება არ მქონია. გადაღებაზე რომ მივედი, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ, კომპლექსიც მქონდა, ვფიქრობდი, თავს როგორ გავართმევდი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე.
- დავით ველიჯანაშვილთან გქონდა პირველი გადაღება, როგორი იყო მისი პარტნიორობა?
- დიახ, ეს იყო პირველი სცენა, მომავალში ამ სერიალში ხშირად გამოვჩნდები. დათო არის არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. პირველი იყო, ვისაც ვუთხარი, ძალიან განვიცდი-მეთქი. მან დამამშვიდა. ისე მომექცა, რომ გახსნა არ გამჭირვებია. შუა გადაღების დროს, თითქოს ნერვიულობამაც გადამიარა.
- შენი პერსონაჟი როგორი გოგოა?
- ვნებიანი, მკაცრი, სექსუალური, თამამი და ძალიან საინტერესო. ჩემი პერსონაჟი მრავალმხრივი ადამიანია, რაც მას მეტად საინტერესოს ხდის. უკვე ძალიან შემიყვარდა. უნდა ნახოთ, მომავლში რა ამბები ხდება. გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც ეს პერსონაჟი არ მოეწონება, მაგრამ უფრო მგონია, რომ უმრავლესობას შეუყვარდება.
- როგორი იყო გამოხმაურება?
- ეთერში რომ გავიდა, ისეთი ხალხი გამოჩნდა და გამომეხმაურა, სულ რომ არ ველოდებოდი. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი ვიყავი, ნიჭიერი ვარ. გამიხარდა, დადებითი ემოციები რომ გამოვიწვიე. დედამ მითხრა, შვილო, არც მეგონა, მსახიობობა თუ შეგეძლოო. შვილმა მომწერა: "დე, შენ საუკეთესო ხარ, მეამაყები". ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი სტიმულია.
- როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე უყურე, რა განცდა გქონდა?
- ტელევიზორი 2 საათით ადრე ჩავრთე, ფსიქოლოგიურად რომ მოვმზადებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ 9 წელია, "ცეკვავენ ვარსკვალავებში" ვარ და ჩემი თავი ტელევიზორში სხვადასხვა გადაცემაშიც არაერთხელ მინახავს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ ვღელავდი, ნერვიულობისგან თითები დავიმტვრიე. ძალიან დიდი ემოცია მაქვს, ამ სერიალით მოვიწამლე.
თამუნა კვინიკაძე