რა ხდებოდა 2012 წლის შემდეგ "ოცნების" კულუარებში - გზაპრესი

რა ხდებოდა 2012 წლის შემდეგ "ოცნების" კულუარებში

2012 წლიდან დღემდე, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა: უპირველეს ყოვლისა, შეიცვალა პოლიტიკური სპექტრი და მმართველი ძალის შემადგენლობა. "ქართული ოცნება" დატოვა არაერთმა პოლიტიკოსმა, რომელსაც მის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღოდა. ერთ-ერთი მათგანია გედევან ფოფხაძე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულსა და დღევანდელობაზე ვესაუბრეთ.

- თავდაპირველად უნდა გკითხოთ: რა მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების მთავარ სისუსტედ?

- ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემაა, რომ საზოგადოების წინაშე ვალდებულების განცდა არ აქვს: ერთმა კაცმა, ანუ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხალხი მოიყვანა ქვეყნის სათავეში და ამ ხალხმა იცის, რომ მისი მადლობელი უნდა იყოს. სწორედ ივანიშვილია გარანტი, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში დარჩებიან და მათ შორის ურთიერთობაც ამ ინტერესზეა აგებული: ივანიშვილს მორჩილი, მმართველი ჯგუფი სჭირდება, ხოლო ამ ჯგუფის სურვილია, ხელისუფლებაში დარჩეს - ასეთია მათი საჯარო ინტერესი. 2012 წელს "ქართულ ოცნებაში" სულ სხვა მოცემულობა იყო: ყველამ ვიცოდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან უნდა გაგვეშვა და ხალხის ინტერესებისთვის გვებრძოლა. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა და დღეს, მმართველი ძალისთვის ხალხი, როგორც ფაქტორი, არ არსებობს.

- ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" კოალიცია იყო, მაგრამ ძველი შემადგენლობიდან იქ თითქმის აღარავინ დარჩა. მაინც, რატომ ვერ შედგა ეს კოალიცია?

- "ოცნების" დღევანდელი შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია. რატომ ვერ შედგა "ოცნების" კოალიცია? - იმიტომ, რომ კოალიციის შენარჩუნების ძირითადი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც ამ გაერთიანებას კომერციული თვალსაზრისით მიუდგა. როდესაც არჩევნები დასრულდა და ფუნქციები გადანაწილდა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახდა. მე მაშინ ალასანიას პარტიაში, ანუ "თავისუფალ დემოკრატებში" ვიყავი. ერთხელ, ოფისში რომ მივედი, ალასანიამ გვითხრა: პოლიტიკური აქტიურობა ერთი წლით უნდა შევწყვიტოთო. მე მაშინ გამიკვირდა, რატომ უნდა შეგვეწყვიტა აქტივობა, როცა ჩვენი გუნდი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და იმ იდეების განხორციელება უნდა დაგვეწყო, რომელიც გვქონდა. სამწუხაროდ, ეს ბიძინას პოზიცია იყო: მისი პარტია ჯერ ახალი შექმნილია და კონკურენციას ვერ გაუძლებსო... როგორ წარმოგიდგენიათ - ბიძინა ივანიშვილის პარტია, რომელსაც განუზომელი ფინანსური რესურსი ჰქონდა, "თავისუფალ დემოკრატებთან" კონკურენციას ვერ გაუძლებდა?

- შესაძლოა, ასეც მომხდარიყო, რადგან ირაკლი ალასანია ხალხში ძალიან პოპულარული იყო.

- პოპულარობა ასეთ დროს არაფერს ნიშნავს: პარტიას სჭირდება აქტიურობა, ახალი წევრების მიღება, რაიონული ორგანიზაციების შექმნა და ა.შ. პარტიამ არსებობა და მუშაობა ხომ უნდა განაგრძოს?.. იგივე უთხრეს ზვიად ძიძიგურს, იგივე უთხრეს "რესუბლიკელებსა" და "ეროვნულ ფორუმს", ამის გამო "მრეწველებმაც" შეწყვიტეს პარტიული საქმიანობა. დავუშვათ, ირაკლი ალასანია ხალხში ძალიან პოპულარული იყო, სხვებს რაღას ერჩოდნენ? ზოგიერთი იმ პერიოდში საერთოდ არ აქტიურობდა. ამგვარი პოლიტიკის გამო, 2012 წლის შემოდგომაზე, კოალიციის სხვა სუბიექტები აქტიურობას წყვეტენ და რეალურ საქმიანობას მარტო "ქართული ოცნება" აგრძელებს... მას უკვე აქვს საშუალება, სუს-ის მეშვეობით შემოიკრიბოს რესურსი, რომელიც "ნაციონალების" სიიდან გადმოიბირეს. ასე შეიქმნა კოალიციაში სხვა პარტიებისთვის მიუღებელი პირობები.

- და ერთპიროვნული მმართველობაც შეიქმნა?

- ეს არ არის მარტო ერთპიროვნული მმართველობა, როცა წამყვანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, სხვა პარტიები "შეჭამოს" და მათ წინააღმდეგ მიუღებელი მეთოდები გამოიყენოს! ასე დაიწყო ინტრიგები, ბინძური ჭორების გავრცელება, გათამაშებული სცენები, შანტაჟი პირადი ცხოვრების ჩანაწერებით და ა.შ. მოკლედ, ივანიშვილმა პუტინის მეთოდებით დაიწყო ქვეყნის მართვა. 2012 წელს ქართველ ხალხს ეგონა, რომ ეს მისი გამარჯვება იყო, მაგრამ მომდევნო წლებში აღმოჩნდა, რომ ეს ივანიშვილის გამარჯვება ყოფილა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ივანიშვილმა თავისი გამარჯვება ვლადიმირ პუტინს და მის იმპერიას მიუძღვნა.

1-copy-1695107516.jpg

- თუ ცდილობდით, მმართველ გუნდში შექმნილი სიტუაცია შეგეცვალათ?

- რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ მომწონდა, მაგრამ იქ არსებულ ბრძოლის სივრცეს მაქსიმალურად ვიყენებდი. მე მათ ვუპირისპირდებოდი გადაწყვეტილების მიღების ფორმის და არა - შინაარსის გამო: ვიღაცისთვის მისაღები ფორმა მონარქიაა, ვიღაცისთვის - რესპუბლიკა, მაგრამ ამის გამო ოპონენტები არ უნდა "შეჭამო". მაგალითად: ამერიკაში ორი განსხვავებული პოზიცია იკვეთება: ერთი მხარე უკრაინაში აქტიურ მოქმედებას მოითხოვს და მეორეა ტრამპის პოზიცია, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა. პარტია იმის გამო ხომ არ უნდა დაინგრეს, რომ გედი ფოფხაძეს და მამუკა მდინარაძეს ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ? - ეს, პირიქით, ჯანსაღი, ნორმალური მდგომარეობაა. ყველას ერთნაირი პოზიცია რატომ უნდა ჰქონდეს? - ეს მოწინავე, დემოკრატიულ სახელმწიფოში მისაღები ვერ იქნება. შიდაპარტიულ სხდომებზე სულ ვამბობდი: ჩვენს რიგებში დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს-მეთქი, რადგან თუ დემოკრატია მმართველ პარტიაში არ არის, ის ვერც ქვეყანაში დამკვიდრდება. როცა ეს დაპირისპირება შეტაკებებსა და კონფლიქტში გადაიზარდა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩემი მხარე დაიჭირა, ხოლო ნეოკომკავშირელთა ჯგუფი კობახიძის თამადობით, გაცილებით სუსტ პოზიციაში აღმოჩნდა. აი, სწორედ მაშინ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკაში ბრუნდებოდა. გამოვიდა, რომ ის დაბრუნდა, როგორც მედიატორი, რომ ამ ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი აღარ მომხდარიყო და ამის თაობაზე მეც მესაუბრა. პირველსავე სხდომაზე, რომელზეც პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა შემოვიდა, თქვა: გედი ჩემ გვერდით დაჯდეს. ყველამ დაინახოს, რომ ჩვენს რიგებში განხეთქილება აღარ არისო. მაშინ შევთანხმდით, მაგრამ ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია - მან კობახიძესა და ნეოკომკავშირელებს დაუჭირა მხარი, რომლებიც დამოუკიდებელი მოთამაშეები არასდროს ყოფილან.

- და ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშიც შედიოდა?

- დიახ, ეს სწორედ ბიძინას ინტერესი გახლდათ. მისი სურვილი იყო, რომ სასამართლო ხელისუფლება ისევ ისეთი დარჩენილიყო, როგორიც "ნაციონალების" დროს გახლდათ. მისი ინტერესი იყო, ქვეყანაში ყველაფერი პოლიტიზებულ ძალოვანებს ემართათ. მახსენდება აქციები, რომლებსაც "პატრიოტთა ალიანსი" გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ მართავდა: თუ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი მომიწევს, დავასაბუთებ, რომ ეს სუს-ის მიერ დაფინანსებული აქციები იყო და სულაც არ შედიოდა ირმა ინაშვილის და "პატრიოტთა ალიანსის" ინტერესებში... როცა მთელი ენერგია იმაში იხარჯება, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ინტრიგებში გახვიოს და ძირი გამოუთხაროს, რომელ წინსვლასა და განვითარებაზეა ლაპარაკი? ქვეყნის განვითარება უკვე არავის აინტერესებდა, დღის წესრიგში მხოლოდ ერთი რამ იყო: ბიძინა კმაყოფილი ყოფილიყო და ქვეყნის სათავეში ეს ჯგუფი დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

- მმართველი ძალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც აუმხედრდა და მისი იმპიჩმენტი მოითხოვა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ეს თამაშია და პრეზიდენტი ივანიშვილის სცენარით მოქმედებს...

- თამაში რა შუაშია? - შეიძლება ვიღაცამ მეც დამაბრალოს, რომ ვთამაშობ, ვიღაცამ - გიორგი კვირიკაშვილს ან ეკა ბესელიას. გიორგი გახარიაზეც ამბობენ, რომ ის ივანიშვილთანაა შეკრული. როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებას მართლა მოსწონს შეთქმულების თეორიები. მე კი ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს, რომელიც რაღაც ფუნქციას იძენს, პასუხისმგებლობის გრძნობა უჩნდება. როცა ადამიანს პრეზიდენტად აირჩევენ, ცხადია, პასუხისმგებლობა მასაც გაუჩნდება. ჩვენ ახლა სულ სხვა რამ გვაინტერესებს - ეხმარება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს, რომ ევროპამ ჩვენზე ხელი საბოლოოდ არ ჩაიქნიოს და ჯვარი არ დაგვასვას - ეს არის დღევანდელი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ნიკა გვარამიას გათავისუფლებით და ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება შეთანხმებული ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილთან. პრეზიდენტი აგრძელებს კონტაქტების დამყარებას ქვეყნებთან, რომლებზეც ჩვენი ევროპული მომავალია დამოკიდებული და აკეთებს იმას, რაც კონსტიტუციით მისი მოვალეობაა. აბა, ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? კიდევ ერთ ფაქტს შეგახსენებთ: ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, თავის შვილთან რომ წასულიყო, ათასები დახარჯა, პრეზიდენტს კი მთავრობამ მივლინების თანხებიც არ გამოუყო. არa მგონია, ასეთი "თამაში" ივანიშვილს რამეს აძლევდეს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მოთხოვნებს: ხომ ხედავთ, რა ხდება სომხეთში? - ქვეყანა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში რუსეთის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა ხედავს, რომ რუსეთი მისი უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება, ამიტომ ფაშინიანის მეუღლე ჩადის კიევში და აშკარად აფიქსირებს თავის თანადგომას უკრაინის მიმართ. როდესაც ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ზელენსკის აგინებს და ანტიუკრაინულ პროპაგანდას ეწევა, მთავრობა, რომელსაც რუსული კანონის მიღება უნდოდა და ოკუპანტ სახელმწიფოსთან ფრენების აღდგენას სიხარულით შეხვდა, ხომ უნდა გვყავდეს ვიღაც, ვინც დასავლეთთან ითანამშრომლებს, ვინც პრაგმატული გათვლებით იხელმძღვანელებს და იფიქრებს, რომ პოლიტიკურ პროცესებს არ ჩამოვრჩეთ, რკინის ფარდის მიღმა არ აღმოვჩნდეთ?!

6alasa-1695107504.webp

- "ქართულ ოცნებას" ბევრი აკრიტიკებს არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის გამოც...

- ალბათ უბედურებაა, როცა უუნარო ხარ, მაგრამ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის აღიარება არ გსურს. ამერიკაში ცოტა ხნის წინ იყო ხანძრები, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და პროკურატურამ საქმე პირველსავე დღეებში აღძრა. რატომ? - ადამიანი რომ იღუპება, იქ საქმის აღძვრა და გამოძიების დაწყება სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა; თუ დამნაშავე არ იკვეთება, მაშინ სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა. "ქართულმა ოცნებამ" ამ შემთხვევაშიც სირაქლემის პოზა აირჩია, რომელიც ამ ხალხს ყველაზე მეტად მოსწონს. რა პრობლემა იყო, შოვში ღამით ვერტმფრენი დამჯდარიყო და გადარჩენილი ხალხი მაინც გამოეყვანა? თუ ამის შანსი არ იყო, მაშინ უნდა დაესაბუთებინათ და აეხსნათ, რატომ ვერ დაეხმარნენ... ამ ხელისუფლებას არ სურს, საკუთარი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული იყოს. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მათი არსებობა მავანს ხელს აძლევს, მერე რა, რომ არაკომპეტენტურები არიან? - სამაგიეროდ, მისი ერთგულები გახლავან - აი, ეს არის რეალობა.

- ინტერვიუს დასასრულს გავიხსენოთ ცნობილი გადაცემა - "რა, სად, როდის", რომელშიც აქტიურად მონაწილეობდით და 1990-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო. თქვენთან ერთად ამ გადაცემაში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხომ არ იყვნენ?

- იცით, კურიოზი რა იქნებოდა? - ახლანდელი მთავრობის წევრები იქ, ჩვენ გვერდით რომ მსხდარიყვნენ... თუ ვინმე მათგანi ხელისუფლებაში იყო, ახლა არც ერთი მმართველ თანამდებობაზე აღარ არის. სამწუხაროა, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანები წიგნთან მწყრალად არიან და მსგავსი გადაცემები არ აინტერესებთ. ეს გადაცემა 1990-იანი წლების თაობისთვის დიდი შვება იყო, მას მთელი ქვეყანა უყურებდა, რადგან ცოდნასა და განათლებას უწევდა რეკლამას. ფაქტი ჯიუტია: ქვეყანა, რომელსაც გაუნათლებელი ხალხი მართავს, ვერაფერს მიაღწევს და ამას თანამედროვე საქართველოში არსებული სიტუაციაც ადასტურებს.

ხათუნა ჩიგოგიძე