პანდემიის დროს დაწყებული "სოლო მოგზაურობა" - გზაპრესი

პანდემიის დროს დაწყებული "სოლო მოგზაურობა"

პოლიტიკური სატირის ტიპის საავტორო გადაცემის - "თაკშოუ" წამყვანს, თაკო მამაიაშვილს ძალიან უყვარს მოგზაურობა. ამის შესახებ ინტერნეტსივრცეში მისმა გამომწერებმა კარგად იციან. საინტერესოა, რომ თაკომ მოგზაურობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაიწყო... როგორ გადაიქცა კვიპროსში 10-დღიანი ვიზიტი 4-თვიან "სოლო მოგზაურობად", ამის შესახებ თავად თაკო გვიამბობს:

- მოგზაურობა მთელი ცხოვრება მაინტერესებდა. ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, თავდაპირველად, მეც ტურისტი ვიყავი: საზღვარგარეთ დასასვენებლად მივდიოდი და ფაქტობრივად, სასტუმროდან არ გავდიოდი... 2021 წელს გადავწყვიტე, 10 დღით კვიპროსში მარტო წავსულიყავი. მაშინ მოგზაურობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ამ საკითხში გამოცდილმა მეგობარმა მირჩია, სად წავსულიყავი, რა დამეთვალიერებინა... მოკლედ, როგორც გითხარით, მოგზაურობა კვიპროსიდან დავიწყე, სადაც უბრალოდ, მარტო ყოფნა და დასვენება მინდოდა ულამაზეს ნისი ბიჩზე. თან, შექმნილი სიტუაციის გამო, ვფიქრობდი, მოგზაურობა შეუძლებელი იყო, არც ვაქცინა მქონდა გაკეთებული... კვიპროსში, აია ნაპაზე დაიწყო ჩემთვის საკუთარი თავის აღმოჩენის აქტიური სტადია. იახტით მოვინახულე ლურჯი ლაგუნა, სადაც პირველად წყალში გადავხტი სრულიად მარტო და თევზებთან ერთად ისე ვიცურე, არ შემშინებია; მოვინახულე მეკობრეების გამოქვაბული, წმინდა მარიამის გამოქვაბული, ხატებით სავსე, ასევე - სიყვარულის ხიდი, კონოს ბეი, ზვიგენის გამოქვაბული, ვუყურე არნახულად ლამაზ მზის ჩასვლას, რომელიც სამწუხაროდ, ფოტოებზე ისე არ გამოიყურება, როგორიც რეალობაშია - გგონია, მზე იწვის; ასევე, ვატარე იახტა... როცა მივხვდი, უკვე წამოსვლის დრო იყო, დავიწყე გარკვევა, რისი გაკეთება შეიძლებოდა, ევროპაში რომ წავსულიყავი - საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები უკვე განწირული იყო (იცინის)... გარკვეული მიზეზების გამო, გადავწყვიტე, მოგზაურობა იტალიიდან დამეწყო. აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა, რომ იტალიის ბილეთი ტყუილად მქონდა ნაყიდი - ქვეყანაში მაინც არ შემიშვებდნენ... გათენდა "ჩექაუთის" დილა და აეროპორტში წავედი, საიდანაც საბერძნეთში, ათენში უნდა გავფრენილიყავი, იქიდან კი იტალიაში, კერძოდ - რომში. "აეროპორტის გოგომ" პასპორტის ტრიალი დაიწყო, - ვერ გაგიშვებო. - როგორ თუ ვერ გამიშვებ-მეთქი?! გადარეკა, გადმორეკა, ცოტა მეც "ვიმაიმუნე" და ბოლოს, ათენის აეროპორტში აღმოვჩნდი, საიდანაც რამდენიმე საათში რომში ჩავფრინდი. გზაშიც "გემრიელად" ვინერვიულე, მაგრამ ვინც არ რისკავს, ის არაფერს სვამს... მსგავსი სილამაზის არქიტექტურა მანამდე არ მინახავს: კოლიზეუმი, უმშვენიერესი ტრევის შადრევანი, პიაცა დი სპანია... ვატიკანში რომის პაპის ნახვის პატივიც კი მხვდა წილად. საოცარ ვატიკანს რამდენიმე საათი ვათვალიერებდი - თითქოს მინდოდა, ყველაფერი დეტალურად დამემახსოვრებინა... რომში "ბაფელოს პიცა" გავსინჯე, რომელსაც უკვე მეოთხე თაობა ამზადებს. მის გვერდით სოფია ლორენის სახელობის სანაყინესაც ვესტუმრე, უამრავი ადამიანიც გავიცანი. იტალიელები უსაყვარლესი და მეგობრული ხალხია... რომში 3-დღიანი სიარულის შემდეგ, სადაც დღეში 30 კმ-ს გავდიოდი, ფლორენციაში გადავინაცვლე, სადაც განსხვავებული ემოცია დამეუფლა: ვნახე უფიცის გალერეა ხელოვნების უნიკალური ნიმუშებით, პალაცო მედიჩი, პიაცა დელ დუომო, პონტე-ვეკიოს ხიდი - ულამაზესი ხედი, მიქელანჯელოს სკვერი, საიდანაც ფლორენცია ხელისგულივით მოჩანს... ერთი კვირის შემდეგ მოგზაურობა განვაგრძე და გენუას ვეწვიე. მისი მონახულება უდიდესი აკვარიუმით დავიწყე - ულამაზესი სანახაობა იყო: დელფინები, ზვიგენები, უზარმაზარი წყლის კუ, მედუზები... გენუადან ჩინკვე-ტერეში გადავინაცვლე და რამდენიმე სოფელი მოვიარე. მონტეროსომ უდიდესი ემოცია დამიტოვა. ასევე, ვნახე ვერნაზა (კასტელო დორიადან) - პატარა, მაგრამ ულამაზესი სოფელია. ვესტუმრე კორნილიას. ვიწრო ქუჩები ტურისტებით იყო სავსე. რა თქმა უნდა, მანაროლასაც ვეწვიე. მონტეროსო, მანაროლა და ვერნაზა განსაკუთრებულად ლამაზია. პატარა სოფლებია, მაგრამ - განუმეორებელი ხედებით... შემდეგ გენუაში დავბრუნდი, საიდანაც მილანში გავემგზავრე. პირველივე დღეს ვესტუმრე დუომო დი სანტა მარიას, მუზეუმს იქვე, დუომოსთან და "მილანო ცენტრალიდან" კომოს ტბაზე წავედი, სადაც საოცარი გარემოა: შენთან ერთად, ტბაში გედები დაცურავენ. კომოდან გემით ჩერნობიოში, ერთ-ერთ პატარა სოფელში გავემგზავრე. უმშვენიერესი ადგილია, სადაც გგონია, რომ სახლში ხარ. კომოს სანაპიროზე გამოდიხარ და უსმენ ტალღების ხმას... კატერი ან პატარა გემი იშვიათად თუ გაივლის... კომოდან მილანში დაბრუნებული შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გავემგზავრე. წარმოიდგინეთ, მატარებლიდან გამოდიხარ და ულამაზესი ლუგანოს დაღმართზე ჩადიხარ. "პარკო ჩიანიში" შევიარე, სადაც ვეშაპის ინსტალაციაა - "ექო" გაკეთებული... პარკის აღწერა ცალკე სიამოვნებაა, როგორი მოვლილი და მორთულია ფერადი ყვავილებით... ლუგანო ცოცხალი ქალაქია ულამაზესი ხედებით, საიდანაც ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, მოინახულოთ უამრავი სოფელი. როგორც მიხვდით, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ მიყვარს. გემით შვეიცარიის სოფელ განდრიაში წავედი. ერთი ნახვით სიყვარულის თუ გჯერათ, სწორედ ეს დამემართა! თავდაპირველად მეგონა, სოფელში მოსახლეობა შესვენებაზე იყო გასული. სოფლის უმაღლესი წერტილი ვნახე, ბევრი ვიბოდიალე... მედიტაციისთვის საუკეთესო გარემოა... რამდენიმე საათში კატერმა მომაკითხა და ლუგანოში დავბრუნდი, მერე - მილანში, მილანიდან ვერონას ვეწვიე, ჯულიეტას აივანიც ვნახე, არენა dი ვერონა, "მისკუზიში" უგემრიელესი სპაგეტები მივირთვი და მერე ვენეციაში გადავინაცვლე. ვნახე სან მარკოს ბაზილიკა, მოედანი და დუომო, საიდანაც მთელი ვენეცია ჩანს. ყველგან ვენეციური შუშის სამკაულები იყიდება. შეგიძლია გონდოლით გასეირნება, არის ღია კინოთეატრები, უვიწროესი ქუჩები, რომლებშიც შედიხარ და გგონია, სადღაც გახვალ, მაგრამ ხანდახან რუკა ურევდა და - ნურას უკაცრავად (იცინის)...

img-20230919-wa0023-1695628748.jpg

შემდეგ ესპანეთში გავემგზავრე. ბარსელონაში გავეცანი გაუდის ხელოვნებას, კასა ბატლო, კასა მილა და რა თქმა უნდა, საგრადა ფამილია ვნახე. საგრადა ფამილიამ ყველა სილამაზე დამავიწყა, რაც ცხოვრებაში მინახავს. საოცრებაა! უფერადესი, უჰარმონიულესი ადგილია!.. შორიდან ვეწვიე ბოგატელის სანაპიროს, ნუდისტურ პლაჟს. ვნახე პარკ დე ლა ციტადელა და იბიცაზე წავედი. ვიფიქრე, ესპანეთში იბიცა როგორ არ უნდა ნახო, მერე რა, რომ პანდემიაა-მეთქი? უზარმაზარი ლაინერით გავემგზავრე. მალიორკაც მოვინახულე ცოტა ხნით... იბიცა ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივთან შედარებით, იმ პერიოდში იბიცა არ იბიცობდა, მაინც შესანიშნავი იყო!.. ბარსელონაში დაბრუნებული პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გავემგზავრე. ალკანტარას სკვერიდან დანახული პორტუგალია მაინც სხვანაირი მომეჩვენა: ტრიუმფალური თაღი, იესოს ქანდაკება, ბელემის ციხესიმაგრე.... ლისაბონის სანაპიროებსაც ვესტუმრე, ჯერონიმოს მონასტერი ვნახე, ასევე, ცოტ-ცოტა - ალბუფეირა და დიდი დოზით - ლაგოსი. ლაგოსიდან კატერით გავემგზავრე და მის შორიახლოს არსებული ყველა გამოქვაბული ვნახე, მათ შორის - ბენიჟალის. ვესტუმრე კაშკაის, ვიყავი ევროპის ყველაზე დასავლეთ წერტილზე - rokiს კონცხზე. ისეთი ხედი ჯერ თვალით არ მქონდა ნანახი...

პირველი "სოლო მოგზაურობისას", პორტუგალიაში ვნახე Lივრარია Lელლო - ადგილი, სადაც ჯოან როულინგი "ჰარი პოტერს" წერდა. ამ ბიბლიოთეკაში გადაღებულიც არის "ჰარი პოტერი"... პორტუგალიას უგემრიელესი ნაციონალური სამზარეულო აქვს. სხვათა შორის, სწორედ ამ ქვეყანაში შევიძინე ნიჟარა (რომელიც თითქმის ყველა ფოტოში ჩანს, რომ მიკეთია), როცა სინტრას ციხესიმაგრიდან მოვდიოდი. უბრალოა, მაგრამ ჩემთვის დადებითი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებულად მიყვარს!.. ასევე, ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელაში რამდენიმე დღე გავატარე, იქიდან კი - ბილბაოში წავედი, რომ გუგენჰაიმის მუზეუმი მენახა - საკმაოდ კრეატიული და განსხვავებულია. მაგალითად, იქ თეფშებისა და ჭიქების ნამსხვრევებისგან შექმნილ განსხვავებულ ნახატებს შეხვდებით... სხვათა შორის, მერილინ მონროს კაბაც იყო წარმოდგენილი... პარიზთან ჩემი პირველი შეხვედრაც პირველი "სოლო მოგზაურობისას" შედგა. ამ ქალაქმა ისე შემაყვარა თავი, რომ წელს ფრანგული ენის შესწავლა დავიწყე. დავათვალიერე ღირსშესანიშნავი ადგილები. არქიტექტურა შთამბეჭდავია, მაგრამ ასევე, მუზეუმები მიყვარს. მგონია, რომ საფრანგეთი თავიდან ბოლომდე რომანტიკულია. თან, ყველა კაფე გარედან ისე ლამაზადაა გაფორმებული, შესვლა რომ არ გინდოდეს, მაინც შეხვალ (იღიმის). რა თქმა უნდა, "დისნეი ლენდიშიც" წავედი და "გემრიელად" გავერთე...

ვნახე ნიცას სანაპირო, მონაკო, კანი, ბელგია... ბელგია ძალიან კარგი ქვეყანაა. უბრალოდ, ჩემთვის ზედმეტად წყნარი და ცოტათი მოსაწყენია. იქ რომ მეცხოვრა, ალბათ, გავგიჟდებოდი - უფრო მოძრავი, მხიარული ვარ, ხალხთან კომუნიკაცია მიყვარს. ბელგიაში გავსინჯე ალუბლის ლუდი.

ფინანსებთან დაკავშირებით ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე, ამიტომ გეტყვით, რომ ბელგიიდან ნიდერლანდებში (ამსტერდამში) ავტობუსით 11 ევროდ გავემგზავრე. ევროპაში გადაადგილება საოცარ ფასებს არ უკავშირდება - აუცილებელი არაა, მილიონერი იყო. ამსტერდამი შემიყვარდა. წითელი ფარნების ქუჩაზე ვიყავი, ვან გოგის მუზეუმი ვნახე... მოგეხსენებათ, წითელი ფარნების ქუჩაზე სხეულს ყიდიან ქალბატონებიც და მამაკაცებიც, ლეგალურია მარიხუანას მოხმარება და ა.შ. ამ სანახაობამ დამასევდიანა. ჩემი საქმე არ არის, ვინ როგორ ცხოვრობს - არავის განვსჯი, მაგრამ ამ ადამიანებს ძალიან ცუდი გზის გავლა უწევთ და რაღაცნაირად, მებრალებიან...

20230912-205346-1695628735.jpg

ამსტერდამის მერე გერმანიას ვესტუმრე, შემდეგ კი - კვლავ პარიზს, სადაც საკმაოდ დიდი დრო გავატარე - პარიზული ცხოვრების სტილს მივყავი ხელი... პარიზში ვიპოვე მუზა. ამ ქალაქიდან დაიწყო ჩემი და მუსიკის ახლო ურთიერთობა - პირველად იქ "გავმიქსე" და შინ დაბრუნებულმა მუსიკის წერა დავიწყე. თან, მაშინ ამ სფეროში აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი... დაბადების დღე ნოემბერში მაქვს. მინდოდა, დაბადების დღეზე ისეთ ქვეყანაში ვყოფილიყავი, სადაც ზაფხული იქნებოდა. არჩევანი დუბაიზე შევაჩერე. ჩემი და დუბაის პირველი შეხვედრა სასიამოვნო არ იყო: სამგზავრო ჩანთა აბსოლუტურად დამტვრეულ-დამსხვრეული დამახვედრეს, გარკვეული ნივთები გადამიყარეს... სხვათა შორის, ამ ქვეყანაში, ცოტათი სექსიზმი იგრძნობა და მცირე გენდერული დისბალანსია. მოკლედ, დუბაი ჩემთვის პრიორიტეტული ქვეყანა ვერასდროს იქნება. ლამაზია, მაგრამ ვერ აღვფრთოვანდი. ნამდვილად კარგი, მეგობრული ხალხია, მაგრამ არის ადგილები, სადაც თავს უხერხულად გაგრძნობინებენ. მაგალითად - საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, დავმეგობრდით კიდეც. საკმაოდ სტუმართმოყვარე ხალხია... ეს პირველი დაბადების დღე იყო, რომელიც მარტომ გავატარე - მშვიდად, წყნარად... დღის ბოლოს ტალღების ხმაზე ვიმედიტირე... კარგი მოგზაურობა გამომივიდა იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნულად გავიზარდე. მარტო მოგზაურობამ ბევრ რამეში მეტი მოტივაცია მომცა...

მეორე "სოლო მოგზაურობისას" ისევ იმ ქვეყნებს ვესტუმრე, რომლებშიც უკვე ნამყოფი ვიყავი, პლუს - ავსტრიასა და ბრატისლავაშიც გახლდით. თითქოს ფოკუსი გავასწორე - უკვე ყველაფერი დალაგდა. ვისაც მოგზაურობის დაწყება სურს, ვურჩევ - პირველი ნაბიჯი თამამად გადადგით (მთავარი დაწყებაა) და ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებით!.. რა თქმა უნდა, მოგზაურობისას სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია...

ეთო ყორღანაშვილი