თურქეთის ქართველი მარგალიტები - გზაპრესი

თურქეთის ქართველი მარგალიტები

ბაიარ შაჰინს (გუნდარიძე) ქართველი საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. იგი საქართველოში "თურქეთის ქართველ მარგალიტად" არის ცნობილი. მის შემოქმედებას ბევრი მსმენელი ჰყავს და მისი ალბომები წლებია, პოპულარობას არ კარგავს. მომღერლის პირველი ალბომი თურქეთში 1997 წელს გამოიცა, შემდეგ 2005 წელს უკვე საქართველოში გამოვიდა "ჯილველოი", რომელშიც მისი პოპულარული სიმღერები შევიდა: "ჯილველოი", "განდაგანა", "ელია გოგო - სამშალახო" და ასე შემდეგ.

ბაიარ შაჰინი დიდხანს დადიოდა თურქეთის ქართულ სოფლებში და რუდუნებით აგროვებდა ხალხში ჯერ კიდევ შემორჩენილ ტრადიციულ ქართულ სიმღერებს, შემდეგ კი ისინი დისკებზე გადაჰქონდა. უკრავს არაერთ საკრავზე: ფანდური, ჩონგური, დუდუკი, გარმონი, სალამური, დოლი, დარჩელო, ქამანჩა, გუდასტვირი, გიტარა. მისი რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსა და თურქეთის საერთო კულტურული ფასეულობაა. ლაზურ, იმერხეულ, მაჭახლურ და სხვა სიმღერებს ბაიართან ერთად ანსამბლი "ჩვენებურები" ასრულებს.

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ბაიარ შაჰინი საქართველოს ხშირად სტუმრობს. მას საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და ბათუმში ბინაც შეიძინა. საქართველოს სიყვარულში გაზარდა თავისი ულამაზესი ქალიშვილებიც. გოგონები მამის კვალს გაჰყვნენ, კონსერვატორია დაამთავრეს და არაჩვეულებრივად მღერიან, დღეს მათ უამრავი მსმენელი ჰყავთ. იუდუმ, დამლა და თამარა შაჰინები ქართულადაც საუბრობენ და თურმე, ძალიან უყვართ საქართველო. დღეს სამი დის მუსიკალურ შემოქმედებას საზოგადოება კარგად იცნობს, ანსამბლი შAMIDA ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელშიც. ისინი ხშირად მართავენ კონცერტს სხვადასხვა ქვეყანaში. გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ბაიარ შაჰინთან.

- მაჭახელის ერთ-ერთ სოფელში, ქვაბითავში დავიბადე. მაჭახელი ორადაა გაყოფილი, დინების ზემო ნაწილი თურქეთის საზღვრებშია, ხოლო ქვედა ნაწილი საქართველოში. ჩემი სოფელი თურქეთის მხარესაა დარჩენილი. 13 წლამდე სოფელში ვიცხოვრე, მეხუთე კლასამდე სკოლაშიც იქ დავდიოდი. სკოლაში რომ წავედი, თურქულად საუბარიც კი არ ვიცოდი, სოფელში ყველა ქართულად ლაპარაკობდა და სხვა ენა ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ. იმ წლებში ტელევიზია არ იყო, სოფელში შუქიც არ გვქონდა, რთული პერიოდი იყო. 13 წლის ვიყავი, როცა მთელი ოჯახი სტამბოლში წავედით. სამწუხაროდ, ერთ წელიწადში მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ დროს ჩემი ძმა გერმანიაში ცხოვრობდა და მეც იქ წამიყვანა. ერთი წელი სკოლაში იქ ვიარე, მაგრამ მეტს არ გამაჩერებდნენ და ისევ სტამბოლში დავბრუნდი. იმ პერიოდიდან დავიწყე უკვე მუსიკის შესწავლაც. ბავშვობაში სოფელში სულ მესმოდა სიმღერები და ინტერესი მქონდა.

- თქვენს სოფელში ქართულ საკრავებზე უკრავდნენ?

- სოფელში ქორწილებში, შეკრებებზე, დღესასწაულებზე ქართულ სიმღერებს მღეროდნენ. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ სტამბოლში, მერიის კონსერვატორიაში სამი წელი ვისწავლე, ამის მერე ჯარში მომიწია წასვლამ, სადაც მუსიკალურ ჯგუფს შევუერთდი. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მუსიკოსობა გავიხადე პროფესიად. დიდხანს ორკესტრში სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავდი. ამავე დროს, სიმღერების ჩაწერა და ამ სიმღერების ისტორიების მოსმენა მიყვარდა, უფროსებთან გასაუბრება. უფრო ხშირად, ტაო-კლარჯეთის სოფლებში დავდიოდი, სადაც ბევრ რამეს ვსწავლობდი. ვეცნობოდი ხალხს, ველაპარაკებოდი ადგილობრივებს. ასე, სოფელ-სოფელ სიარულით შევაგროვე უნიკალური პირველი ქართული სიმღერები და კასეტა გამოვუშვი. ძალიან მალე ეს სიმღერები პოპულარული გახდა.

- რამდენი წლის იყავით, თქვენი პირველი კასეტა რომ გამოიცა?

- მაშინ უკვე პროფესიონალი მუსიკოსი ვიყავი, ბევრ ჯგუფში ვუკრავდი და ალბათ, 30 წლის ვიქნებოდი.

- თურქეთში დაბადებულ ბიჭს ოჯახის წევრები საქართველოზე რას გიამბობდნენ?

- ვთვლი, რომ კარგი ბედის ადამიანი ვარ. ჩემი სოფლიდან საქართველოს მუდმივად ვხედავდი, კარგად ჩანდა სამშობლოს ტერიტორია, სოფლები: ზედა და ქვემო ჩხუტუნეთი, ჩიქუნეთი. ბავშვობიდან ვიცი, რომ საქართველოშია ჩემი ფესვები. ვიცი, ჩვენ ვინ ვართ. 6 წლის ვიყავი, ბებია როცა გარდამეცვალა. ვიცოდი, რომ ბებია იყო ჩხუტუნეთიდან, იქ ჰყავდა ნათესავები, მაგრამ მის სოფელში ვერ მივდიოდით. ბებია საოცარი ქალი იყო, მან საქართველოს დიდი სიყვარული ჩამინერგა. იმ დროს საქართველოს არავინ ახსენებდა, რადგან საბჭოთა კავშირი იყო. ბალღობაში, მაჭახელიდან რომ გადავიხედებოდით, ვიცოდით, იქ რუსეთის ტერიტორია გახლდათ. მერე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საზღვრის გახსნაზე დაიწყო საუბარი, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჩვენც გავიგეთ, რომ საქართველო არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა.

- ბებოს საქართველოში მცხოვრებ ნათესავებთან კომუნიკაცია ჰქონდა?

- არა. ისეთი დრო იყო, სამშობლოსკენ ხელის გაშვერაც არ შეიძლებოდა, ურთიერთობა კი არა. 80-იან წლებში ჩემმა უფროსმა ძმამ საფრანგეთიდან წერილი გაგზავნა ბებოს სოფელში, ნათესავებთან. წერილი ჯერ მოსკოვში ჩავიდა, მერე თბილისში, თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან ჩხუტუნეთში. ჩემი ძმა ძალიან აქტიურობდა და საზღვართან თარჯიმნის საშუალებით მოახერხა ქართული ანბანის შოვნა, ისწავლა ქართული წერა-კითხვა. მერე ქართული ასოებით დაწერა წერილი და ბებიას ნათესავებს უკვე ქართულად გაუგზავნა და მათგან მიიღო პირველი პასუხი. ასე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა ბებიას ნათესავებთან. მერე, როცა უკვე საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი გაიხსნა, ცხონებული ჩვენი ბიძია, ბებიას ძმისშვილი ჩამოვიდა ჩვენთან სტამბოლში და გავიცანით ერთმანეთი. ახლა წლებია ნათესავებთან და მათ შთამომავლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

samida-1695628995.jpg

- რამდენი დედმამიშვილი ხართ? როგორც ჩანს, თქვენს და-ძმებსაც აქვთ საქართველოს სიყვარული.

- 8 დედამამიშვილი ვართ. ჩემს დაბადებამდე ჩემი 2 და გარდაცვლილა, მერე მე დავიბადე. ჩემი უფროსი და გერმანიაში გარდაიცვალა. ახლა ხუთნი ვართ, ერთი გოგო და 4 ბიჭი, მათ შორის ყველაზე უმცროსი ვარ, ნაბოლარა. რაც შეეხება საქართველოს სიყვარულს. ყველას, ვინც მაჭახელიდან არის, საქართველოს სიყვარული აქვს. ინტერესი სულ იყო საქართველოს მიმართ, რადგან იქ, თურქეთის მხარეს არ არის ოჯახი, რომლის ნათესავი არ არის დარჩენილი საქართველოში. წარმოიდგინეთ, ყველანი ერთად ცხოვრობდნენ საზღვრის გაყოფამდე, გაყოფის შემდეგაც მისვლა-მოსვლა ყოფილა შენარჩუნებული, მაგრამ მერე მკაცრი კონტროლი დაწესდა და ყველაფერი აიკრძალა, თორემ მანამდე სპეციალური ნებართვით გადმოდიოდნენ, საქონელი მიჰყავდათ და მოჰყავდათ - ჩემს უფროს და-ძმას ახსოვს ეს პერიოდი.

- ქართული სიმღერის სიყვარულზე მიამბეთ...

- სიმღერის სიყვარული ალბათ გენეტიკურად გადმომეცა დედისა და ბებიისგან. ქალების ღონისძიებაზე ისინი თურმე, გარმონზე უკრავდნენ, მაგრამ ეს იყო ჩემს დაბადებამდე, მე არ დამინახავს როგორ უკრავდნენ. ჩემზე ასაკით დიდებისგან მქონდა მოსმენილი ქართული სიმღერები და ინტერესი გამიჩნდა, მაგრამ კონსერვატორიაში როცა ვსწავლობდი და უკეთ გავეცანი ამ სფეროს, უკვე სერიოზულად დავინტერესდი, აქცენტი გავაკეთე ქართულ კულტურაზე. ხალხური სიმღერები შემიყვარდა და ქართულის გარდა, კავკასიის სხვადასხვა ენაზე ვმღეროდი, თან ვუკრავდი ინსტრუმენტზე, დავდიოდი სხვადასხვა კუთხეში და ვაგროვებდი მარგალიტებს - ლამაზ სიმღერებს.

- ხალხი როგორ გხვდებოდათ, როცა სოფელ-სოფელ აგროვებდით საგანძურს?

- კარგად მახსოვს დღე, როცა ქართულად პირველად ვიმღერე სტამბოლში, მაჭახელელების ქორწილში. შევასრულე "ჯილველოი", ქართული ტექსტით, რაც მანამდე მოსმენილი არ ჰქონდათ. მახსოვს, როგორი სიჩუმე ჩამოვარდა დარბაზში და სიმღერის მერე ტაშმა იქუხა. მაშინ მივხვდი, რომ ხალხი ამ სიმღერებს სიამოვნებით მოუსმენდა. გავაგრძელე მუშაობა და შევავსე რეპერტუარი.

- ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრა ვინ გასწავლათ?

- თავდაპირველად თურქულ ხალხურ ინსტრუმენტებზე შევისწავლე დაკვრა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი დამოუკიდებლად ავუღე ალღო ქართულ ინსტრუმენტებს. ვუკრავ ფანდურზე, სალამურზე და მაქვს ცხონებული შერმადინ დარჩიაშვილის გაკეთებული ინსტრუმენტი - დარჩელო.

- საქართველოში პირველად რომ ჩამოხვედით, ის პერიოდი გაიხსენეთ.

- 1992 წელს აჭარაში ჩამოვედი პირველად და ნათესავები მოვინახულე, ცოტა ხანს დავრჩი. ახლა მახსენდება, დელეგაციასთან ერთად რომ ჩამოვედი თბილისში 1992 წელს, მსოფლიო ქართველების შეკრებაზე. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედით, შეგვხვდნენ ქართული მრავალჟამიერით და ეს იყო საოცარი შესრულება ანსამბლ "რუსთავის" მიერ, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. მართლა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორც მუსიკოსზე, როგორც ქართველზე; ამ საოცარ შესრულებას რომ ვუსმენდი, სიამოვნებისგან "დამბურძგლა"... მაშინ ერთი კვირა გავჩერდი და მას მერე ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში, მიყვარს აქაურობა.

- საქართველოში ალბათ გრძნობთ ხალხის დიდ სიყვარულს...

- ქართველი ხალხისგან ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე, ამას მართლა არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე პოპულარული გავხდებოდი. მე ვემსახურებოდი კულტურას, მომწონდა ეს სიმღერები და მინდოდა გადამერჩინა დაკარგვისგან. მაშინ არ იყო ინტერნეტი და ამიტომ ვამუშავებდი, ჩავწერე დისკზე. უცებ კი ვიგრძენი ხალხის დიდი სიყვარული. მინდა ეს შანსი გამოვიყენო და თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სითბოსთვის. ჩემი ქვეყნის კულტურა რომ გულით მიყვარს, ამ საქმეს უანგაროდ რომ ვემსახურები, ალბათ ამის გამო მაფასებენ, ამიტომ მივიღე ასეთი სითბო და დიდი სიყვარული. ქუჩაში ხალხის მოსალმება მაბედნიერებს. საოცარი ემოციებით დავდივარ, ცას ვეწევი ხოლმე სიხარულით, როცა სიყვარულით მომიკითხავენ - ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!. დიდ პატივს ვცემ ქართველ მსმენელს, ქართველ ხალხს.

img-5209-1695628983.jpg

- სტამბოლში ცხოვრობთ და გაქვთ საქართველოს მოქალაქეობა. აქაც ხომ არ შეგიძენიათ ბინა?

- ძირითადად სტამბოლში ვარ, მაგრამ ჩემს სოფელში სახლი ავაშენე და ზაფხულობით მე და ჩემი მეუღლე ძირითადად იქ ვართ. ახლა ბათუმიდან ჩემს სოფელში მივდივარ, ვალამაზებ იქაურობას, მომყავს პროდუქტები. ერთი თვე ვიქნები კიდევ სოფელში და მერე სტამბოლში წავალ. ბათუმში მაქვს ბინა, ძალიან მიყვარს აქაურობა და ხშირად ჩამოვდივარ.

- ამ დღეებში თქვენმა ქალიშვილებმა სოციალურ ქსელში ატვირთეს თქვენთან ერთად შესრულებული ძალიან პოპულარული სიმღერა "ელია გოგო, ელია". მინაწერიდან ირკვევა, რომ წლების მერე ახვედით იმ ადგილას, სადაც ბავშვობა გაატარეთ.

- ეს სიმღერა ძალიან ძველია. პირველი სიმღერები რომ ჩავწერე, იმ რეპერტუარიდან არის. ართვინში, შავშეთში, ტაო-კლარჯეთში ეს სიმღერა თითქმის ყველამ იცის, ყველას უყვარს. 40 წელი არ ვყოფილვარ იმ ადგილებში და ახლა ქალიშვილებთან ერთად ჩავედი, ეს სიმღერაც ჩავწერეთ. ემოციებით დატვირთული დღე იყო. უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი, რა ემოციები ექნებოდათ ჩემს ქალიშვილებს. მათ ვუყვებოდი ძველ ამბებს და ვგრძნობდი, როგორ მომნატრებია იქაურობა. სამწუხაროდ, კლიმატსაც შეუცვლია იქაურობა. ეროზიის შედეგად, მინდორის ნაცვლად, სულ ქვები დამხვდა. ამ მოგზაურობის დროს ჩემმა ბავშვობამ თვალწინ კინოსავით ჩაიარა...

- თქვენს ოჯახზე, შვილებზე გვიამბეთ. როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე მიჰრიე კორტანიძე მაჭახელიდან, სოფელ მინდიეთიდან არის. ჩემი უფროსი ძმის მეუღლე მისი მამიდაა. ოჯახები ვიცნობდით ერთმანეთს. მე სტამბოლში ვიყავი, ის სოფელში, მერე უფროსებიც დაგვთანხმდნენ, რომ დავქორწინებულიყავით. ჯერ დავნიშნე, შემდეგ იყო ქორწილი, შეგვეძინა ტყუპი გოგონa, 6 წლის მერე კი დაიბადა ჩემი მესამე ქალიშვილი თამარა. სამივემ მუსიკალური განათლება მიიღო, კონსერვატორია დაამთავრეს. თამრიკო ანკარაშია, იქ სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის ორკესტრში ვიოლინოზე უკრავს. გოგონებმა შექმნეს ჯგუფი "სამიდა" და ძალიან პოპულარულები არიან. ტყუპი სტამბოლში ცხოვრობს, უმცროსი გოგონა კი იქ ყოველ 15 დღეში ჩამოდის და მერე ისევ უკან, ანკარაში ბრუნდება. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ქართული, ლაზური სიმღერები.

- მამა-შვილების ურთიერთობაზეც გვიამბეთ. ალბათ თქვენ ხართ მათი სიმღერების პირველი შემფასებელიც.

- ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ყოველთვის ვამაყობ მათი წარმატებებით. სულ აღვნიშნავ, რაც მე მახარებს, იმ საქმეს აკეთებენ. ჩემი კოლეგები არიან, ხელოვნებას ვემსახურებით და ეს კარგია. მათი ნამუშევრების პირველი შემფასებელი ყოველთვის მე ვარ. მიზიარებენ, რაც მოეწონებათ და მეკითხებიან, ეს სიმღერა შევასრულოთ თუ არაო? ჩემი მეუღლე არ მღერის, მაგრამ მასაც კარგი ხმა და ნიჭი აქვს. გოგონები კონცერტებს მართავენ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებშიც. ახლა, 26 ოქტომბერს აფრიკაში მიდიან თურქეთის ელჩის მიწვევით, იქ გამართავენ კონცერტს. ჩემს კონცერტებშიც მონაწილეობდნენ, 2015-2016 წლებში საქართველოში ერთად ვიმღერეთ. საქართველოში კონცერტს ორგანიზება ვინმემ რომ გაუკეთოს, ჩამოვლენ და აქაც სიამოვნებით იმღერებენ, მით უმეტეს, რომ ხალხში ამის მოთხოვნილება ნამდვილად არის. მიხარია, რომ ჰყავთ მსმენელების დიდი არმია.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიან? ქართული იციან?

- დიახ. საქართველოში ჩამოდიან, ახლაც აქ არიან. 14 სექტემბერს ჩამოვიდნენ. ოსმან თურანთან იყვნენ სტუმრად, შეხვდნენ ანსამბლ "გორდელას" გოგონებს, ახლა ბათუმში არიან და ბრუნდებიან სტამბოლში. ქართულად ჩემსავით გამართულად ვერ საუბრობენ, მაგრამ იციან.

თეა ხურცილავა