"სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ეტყვიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები" - გზაპრესი

"სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ეტყვიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები"

სერიალში "სიყვარულს მიღმა" ახალი პერსონაჟი გამოჩნდა - ქეთი, რომელსაც მსახიობი ანანო მგალობლიშვილი განასახიერებს. როგორც ჩანს, ქეთის გარშემო ამბავი საინტერესოდ განვითარდება, ამ პერსონაჟში ინტრიგა უდავოდ დევს. სერიალში თამაშის პარალელურად, რას საქმიანობს ანანო მგალობლიშვილი, როგორ აღმოჩნდა ამ სერიალში, რას თვლის თავის ყველაზე დიდი სისუსტედ, რას ნანობს და ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 22 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ბავშვობიდან მომწონდა ტელევიზია, გადაღებები და ყურადღების ცენტრში ყოფნა მსიამოვნებდა. ძალიან პრანჭია გოგო არ ვიყავი, მაგრამ გახლდით კომუნიკაბელური და პირველობის, თავის გამოჩენის სურვილიც მქონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ თბილი, კეთილი და ძალიან უკონფლიქტო, ყველას მარტივად ვუგებ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ახლა აღარაფერს შევცვლიდი, მაგრამ ეს ვინმეს 4 წლის წინ რომ ეკითხა, მაშინ ჩემი პასუხი განსხვავებული იქნებოდა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ჩემს ადგილზე ზოგიერთს შეიძლება ეთქვა უნივერსიტეტში ჩაბარება, ამერიკაში სწავლა, სადაც სამსახიობოს განხრით 1-წლიანი პროგრამა გავიარე ან შეიძლებოდა ეთქვა ამ სერიალში გამოჩენა... მე წარმატება უფრო დიდი რამ მგონია და იმედია, ეს სიხარული წინ მელოდება.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა"...

- ...კასტინგის გზით აღმოვჩნდი, მაგრამ მე ვიყავი სულ სხვა პროექტის კასტინგზე მისული, რომელიც არ გამოვიდა. ჩემმა კასტინგ-მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, ის პროექტი არ გამოდის, გადაიდო და სურვილი თუ გექნება, სერიალის "სიყვარულს მიღმა" ახალი სეზონი იწყება, ახალი პერსონაჟი შემოდის და აქ ითამაშეო. ასე აღმოვჩნდი ამ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილე მსახიობების ნაწილს ბავშვობიდან ვიცნობდი, ნაწილს - შორიდან, პირველ დღეს გადასაღებ მოედანზე მაინც ცოტათი ვინერვიულე. ჩემი პერსონაჟი პირდაპირ პანაშვიდის სცენაში აღმოჩნდა. მგონი, თავი კარგად გავართვი. სასიამოვნო სამუშაო გარემოა. ანკა ვასაძის პერსონაჟის გარდაცვალება მაყურებელმა ცოტა რთულად გადაიტანა და როცა სერიალს ასეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი აკლდება, არა მგონია, ახლის მიმართ მიმღებლობა ერთგვაროვანი იყოს: ვიღაც უფრო კარგად მიიღებს ქეთის, ვიღაც - ნაკლებად.

- ქეთის გამოჩენას ინტრიგაც ახლდა.

- ვთვლი, რომ ქეთი დადებითი პერსონაჟია.

- მას და თაზო გახარიას პერსონაჟს შორის რომანი იწყება?

- ვნახოთ, ამას მომავალი გვიჩვენებს (იცინის), ინტრიგად დავტოვოთ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი, 2 წლის გოგონა. როდესაც ეკრანზე მხედავს, ძალიან უხარია. ჩემგან განსხვავებით, აქტიური ბავშვია, ყველაფერი აინტერესებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმოგზაურო. რა დროსაც უნდა მკითხო, - რა გინდაო? გიპასუხებ, - სადმე წასვლა. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ახლა აზიური ეგზოტიკა მეტად მიზიდავს, ვიდრე - ევროპა. ბრაზილია ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. ქრისტეს ქანდაკებასთან მთხოვა ხელი ჩემმა მეუღლემ (რეჟისორი ლაშა ბოლქვაძე), იქ დამნიშნა.

- ამ დღის შესახებ მეტი მიამბე.

- ჩაფიქრებული ჰქონდა, საქორწინო ბეჭედი დრონს მოეტანა, მაგრამ იქ გადაღება აკრძალული აღმოჩნდა. ქანდაკებასთან ხელებგაშლილი ფოტოს ქვედა რაკურსით რომ იღებ, ისე აღიქმება, თითქოს ქრისტეს ქანდაკებასთან ხელებს აერთებ. ლაშამ იქ ისე დამაყენა, მეგონა, ფოტოს მიღებდა და უეცრად ბეჭედი მომცა. ამიტომ ბრაზილიაში მოგზაურობა ჩემთვის სხვა ემოციასთანაა დაკავშირებული. ქვეყანა, რომელიც გამორჩეულად მიზიდავს, არის ამერიკა, ნიუ-იორკი. იქ რომ ვცხოვრობდე, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მშვიდი ხასიათი, უკონფლიქტობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სიზარმაცეა. ძალიან ზარმაცი ვარ და ეს მართლა მაწუხებს. შეიძლება მშიოდეს და ერთი ნაჭერი პური შევჭამო, საკვების გაცხელება დამეზაროს. ვარჯიშზე და მსგავს დიდ საქმეებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. სამაგიეროდ, დაუზარელი ვარ ჩემს პროფესიაში. რაც არ მეზარება და მართლა გულით ვაკეთებ, ეს ჩემი საქმეა. გადაღება ერთი კვირა გადაბმულადაც რომ მქონდეს, არ დავიწუწუნებ, არ დავიღლები, უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ, არავის შევაწუხებ.

- სერიალში გადაღების პარალელურად რას საქმიანობ?

- ტელევიზიებში სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. სულ კამერის წინ ან კამერის მიღმა ვარ. ბოლოს "ვოისზე" ვიმუშავე. ხან პროდიუსერი ვარ, ხან რეჟისორის ასისტენტი, ხან თავად მე მიღებენ. მიმყავდა ამინდის პროგნოზიც. მეუღლესთან ერთად ერთ პროექტზეც მიმუშავია, "ცეკვავენ ვარსკვლავებზეც" ერთად ვმუშაობდით.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ყველაფერი. როცა ერთხელ თავად შემეშალა, ვისწავლე, მომავალში რა აღარ უნდა დამეშვა, მანამდე არავის მაგალითი არ გამითვალისწინებია.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...მართლა ვიგრძენი, რომ ის ადამიანი შეცდომას გულით ნანობს.

- ვიბნევი...

- ...ძალიან იშვიათად.

- ვნანობ...

- ...ეს ვინმეს ცოტა ადრე რომ ეკითხა, ვეტყოდი, - ვნანობ, ამერიკიდან რომ წამოვედი-მეთქი. დღეს აღარ ვნანობ, რადგან შვილი მყავს. თუმცა, უნდა დავრჩენილიყავი და სწავლა გამეგრძელებინა.

- მაშინ ამაზე არ ფიქრობდი?

- მაშინ გული საქართველოსკენ მომიწევდა. არ არის მარტივი, უცხო ქვეყანაში ჩახვიდე და კარიერა აიწყო. უნდა იბრძოლო, შენი თავი გაიტანო. გარკვეულწილად, ამისთვისაც არ ვიყავი მზად. ეს კურსები საკმაოდ ძვირი ღირს და იმ შემთხვევაში ღირს გადახდა, დარჩენას და ბრძოლას თუ აპირებ. სათანადოდ რომ მომენდომებინა, ალბათ რაღაცას შევძლებდი, მაგრამ ხომ გითხარი, გული საქართველოსკენ მომიწევდა.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ისე ვიყო, როგორც ვარ და იქ ვიყო, სადაც ვარ. თავს კარგად ვგრძნობ.

- სიყვარული ეს...

- ...არის გრძნობა, რომლის გარეშეც ჩვენს არსებობას აზრი არ ექნებოდა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...არც ისე პატარა ვიყავი, თან ის სიყვარული 8 წელიწადს გრძელდებოდა. დღეს მგონია, ის გრძნობა მაინც ბავშვური იყო, ტოქსიკური მიჯაჭვულობით. მაშინ დათმობებზე არ მივდიოდი, სხვაგვარი ვიყავი თავადაც. დღეს გააზრებულად მიყვარს, დათმობებზეც მივდივარ და შევიცვალე კიდეც.

- ლაშამ რით მოგხიბლა?

- ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, გამგებია. ცოტა საშიშად გამგებიც. იმდენად არ აქვს პრობლემა არაფერზე, სხვა გოგონები ქმრებს რომ ვერ გაუბედავენ და ვერ მოუყვებიან, ისეთ რამესაც კი ვუყვები. კომფორტულია, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ლაშასთან მშვიდად ვარ და ეს სიმშვიდე ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები. გავიფიქრებ ხოლმე, კიდევ რაღამ უნდა გამაკვირვოს? და უეცრად ისეთ რამეს ვიგებ, მართლა გაკვირვებული ვრჩები. ეს გაკვირვება ხან სასიამოვნოა და ხან - ცუდი.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემს შვილს შეუძლია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სითამამის ნაკლებობაა. მიჭირს ახალი გამოწვევების, გადაწყვეტილების მიღება, ვნერვიულობ. ეს ცოტათი პასუხისმგებლობის გააზრების ბრალია, ცოტათი მშიშარაც ვარ და შეიძლება ცოტა კომპლექსებიც მაქვს. თამამი რომ ვყოფილიყავი, დღეს სულ სხვაგვარი იქნებოდა ჩემი რეალობა. შემოთავაზებები მქონდა, შეიძლებოდა მომენდომებინა და დავთანხმებოდი, მაგრამ უარი ვთქვი.

377402000-617583637123150-5795624253428933908-n-copy-1695629195.jpg

- ხშირად მსაყვედურობს...

- ...დედა და ეს საყვედურები ძირითადად ჩემს სიზარმაცეზეა. ზოგჯერ მეგობრებიც მსაყვედურობენ, - სად ხარ დაკარგული, დაგვირეკე, გამოჩნდიო. სამსახურში საყვედურებს არ ვიღებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...დღეს უკვე აღარაფერს შევცვლიდი. ადრე ექსპერიმენტებს ვატარებდი, ძირითადად თმას ვერჩოდი, ხან წითლად ვიღებავდი, ხან - შავად, ხან ვიპარსავდი.

- დიდი სურვილი მქონდა და გავბედე...

- ...პარაშუტით გადმოხტომა. მართლა მინდოდა და ეს სურვილი ავისრულე. ექსტრემალი ნაკლებად ვარ. დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა იყო სასწაული განცდა სიმსუბუქის, ბედნიერების, თავისუფლების...

- მიმართლებს...

- ...ხშირად. შეიძლება ითქვას, იღბლიანი ვარ. კარგი ოჯახი მყავს, ყველა ბედნიერია, ჯანმრთელია და ესაა მთავარი, სხვა ყველაფერი წვრილმანია.

- როცა მარტო ვარ...

- ...გააჩნია, დღის რა მონაკვეთია. მარტო ყოფნა მხოლოდ დილით მიყვარს, ყავას რომ ჩამოვისხამ, დავჯდები, გავეცნობი ინფორმაციას, სიახლეებს... მერე მარტო ყოფნის სურვილი აღარ მიჩნდება.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...პრობლემაზე ლაპარაკი არ მიყვარს. არ არსებობს ვინმე შევაწუხო ან დავჯდე და გული გადავუშალო. ამ დროს მარტო ყოფნა არ მომწონს, ხალხში უნდა ვიყო, ურთიერთობები მშველის.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მაგრამ თინეიჯერი რომ ვიყავი და დედა რჩევებს მაძლევდა, აბსოლუტურად ყველა სიტყვა ამართლებდა. ამას მაშინ ვერ ვგრძნობდი, უფრო სწორად, დედას არ ვეთანხმებოდი, თუმცა გულის სიღრმეში ვხვდებოდი, მართალი იყო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა თქვენ, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. სერიალში თუ მიყურებთ, იმედია ძალიან არ განმსჯით. ისიამოვნეთ, გაერთეთ. ჩემი პერსონაჟს თუ მიიღებთ და მოგეწონებათ, ძალიან გამიხარდება.

თამუნა კვინიკაძე