"დაუშვებელია 24 საათი სამზარეულოში იდგე, ხეხო, რეცხო..." - გზაპრესი

"დაუშვებელია 24 საათი სამზარეულოში იდგე, ხეხო, რეცხო..."

ქართველი მსმენელი არაერთხელ მოხიბლულა ელენე ფოჩხუას თბილი, გულში ჩამწვდომი ხმით. მას შეუძლია ერთნაირი ოსტატობით შეასრულოს ქართული ხალხური სიმღერები და თანამედროვე კომპოზიტორების მიერ შექმნილი მუსიკა...

- უტკბილესი მეგრული ჰანგებით დავიწყოთ, რომელსაც ასე ოსტატურად ასრულებთ. რას ნიშნავს თქვენთვის ხალხური მუსიკა?

- ქართული ხალხური მუსიკა საოცრებაა, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს მეგრული სიმღერები - ყველა თავისებურად სევდიანი და ლამაზია. უკვე რამდენიმე მეგრული სიმღერა შევასრულე. ერთ-ერთი მათგანი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს ეკუთვნის, ეს სიმღერა ბატონმა ოთარმა ჩემთვის დაწერა, ის სამეგრელოს ეძღვნება და გამორჩეულად მიყვარს.

gabriel-1695629351.jpg

- როდის შეიყვარეთ ქართული მუსიკა და როგორ იქცა მომღერლობა თქვენს პროფესიად?

- დედა და მამიდა მუსიკოსები იყვნენ. ყოველთვის მუსიკალური ოჯახი გვქონდა. როცა ჩვენთან სუფრა და მოლხენა იყო, მამიდები, დედა, მამაჩემი - ყველა ერთად ვმღეროდით და ახლაც ასე ვართ. სამწუხაროდ, ჩემი ძმის დაღუპვის დღიდან ჩვენს ოჯახში ისეთი ლაღი, ხალისიანი სიმღერა აღარ ისმის, როგორიც ადრე ისმოდა, მაგრამ მუსიკა მაინც რჩება ჩვენი ჭირისა და ლხინის თანაზიარად.

რაც შეეხება პროფესიულ არჩევანს: ოჯახში ამ პროფესიას მარტო მე გავყევი - საესტრადო ვოკალს ვსწავლობდი ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში, მერე - პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც მარტო მუსიკას კი არა, მრავალ საინტერესო საგანს გვასწავლიდნენ.

- ვისაც თქვენი "აფრიკული იავნანა" მოუსმენია, ყველა აღიარებს, რომ მარტო ქართული კი არა, უცხოური ჰანგების შესრულებაც გეხერხებათ...

- ეს ულამაზესი სიმღერაა, რომელიც გამორჩეულად მიყვარს. "აფრიკული იავნანა" პირველად ირინა ებრალიძემ გვასწავლა და ჩემს მეგობრებთან ერთად, ოთხ ხმაში ვიმღერე, მერე "ჯეოსტარში" რომ ვმონაწილეობდი, მაყურებლის წინაშე წარვადგინე. სწორედ ასეთი, მელოდიური სიმღერები მიყვარს და ბედნიერებაა, რომ ჩვენი, ქართული სიმღერები სწორედ ასეთია. ბევრი კარგი კომპოზიტორი გვყავს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართველებს ამდენი ლამაზი, მელოდიური სიმღერა გვაქვს.

- რამდენად რთულია ამ სფეროში თავის დამკვიდრება?

- არ დაგიმალავთ, საკმაოდ რთულია. 16 წლის ვიყავი, როცა ჩავაბარე და სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი. ცხადია, მუსიკალურ წრეებში შენი ადგილის პოვნას დრო სჭირდება. აქ მარტო კარგი მონაცემები ვერ გიშველის, რადგან ბევრი დაბრკოლება გხვდება. პირველ ყოვლისა, მოთმინება და შრომისმოყვარეობა უნდა გქონდეს. ცხადია, ნიჭიც აუცილებელია. როდესაც საინტერესო და პოპულარული პროექტის მონაწილე ხარ, წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოს: შესაძლოა ტელევიზიებშიც გიწვევენ, ჟურნალისტებიც გირეკავენ, მაგრამ შენი თავი უნდა დააბალანსო და საქმე ღირსეულად გააგრძელო. ამპარტავნება ადამიანს ყველგან და ყოველთვის ღუპავს, განსაკუთრებით - ჩვენს სფეროში. დიდი ტაქტი და სიფრთხილეა საჭირო თუნდაც, კონცერტების ორგანიზატორებთან, მუსიკოსებთან, კომპოზიტორებთან, პროდიუსერებთან... კოლეგებს პატივს უნდა სცემდე და რაც მთავარია, სუფთა, საქმის ერთგული iyo. რა თქმა უნდა, მუსიკოსისთვის ფინანსებიც აუცილებელია: რაც უნდა ნიჭიერი იყო, თანხა მაინც გჭირდება თუნდაც იმისათვის, რომ კომპოზიტორს მიმართო და მუსიკა დაგიწეროს. მან თავის შრომაში ჰონორარი ხომ უნდა აიღოს? იგივე უნდა ითქვას არანჟირების ავტორსა და სხვებზეც... ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული.

- როცა წარსულს გადახედავთ, კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი გზით?

- ვფიქრობ, მეტი შემეძლო. დანაკარგის ანაზღაურებას მომავალში ვაპირებ: ბევრი საინტერესო გეგმა და მიზანი მაქვს. რაც გავაკეთე, უკვე განვლილი ეტაპია. საოცრად მადლობელი ვარ იმ ხალხის, რომელიც ამ გზაზე დამხმარებია: აუცილებლად უნდა ვახსენო ოთარ ტატიშვილი და რუსა მორჩილაძე, რომლებსაც ბევრ კონცერტზე მივუწვევივარ. ჩვენს საქმეში ურთიერთობები ბევრ რამეს წყვეტს და ამ ურთიერთობებს გაფრთხილება სჭირდება. მეც, სულ ვცდილობ, ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავუფრთხილდე, არაფერი შემეშალოს და რომელიმეს გული არ ვატკინო. უკვე 13 წელია, ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი და ერთსა და იმავე ხალხთან ვმუშაობ. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით არიან. ვცდილობ, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდეს. თუ შენი საქმე გიყვარს, სამსახურში მყოფი ხალხიც უნდა გიყვარდეს - დირექტორით დაწყებული, რიგით თანამშრომლამდე. ჩემი აზრით, ადამიანთა ურთიერთობაში ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა აგებული და კოლეგების დაფასება, მათი გაფრთხილება ნებისმიერ პროფესიაში მნიშვნელოვანია.

gogonaa-1695629364.jpg

- ბოლო წლებში ქართველი ქალები ძალიან გააქტიურდნენ: ბევრი მათგანი დამოუკიდებლად ინახავს ოჯახს და შვილებს, როგორ ფიქრობთ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა საკუთარ თავზე ზედმეტი ტვირთი და პასუხისმგებლობა ხომ არ აიღეს?

- ჩვენ, ქალები ძალიან ძლიერები ვართ - ეს მამაკაცებმაც უნდა აღიარონ. თუნდაც ოჯახის რჩენა არ უწევდეს, ქალს თავისი შემოსავალი მაინც უნდა ჰქონდეს. ხშირად ვფიქრობ, ჩემს სტუდენტობაში სამსახური და შემოსავალი რომ მქონოდა, დღემდე რამდენ რამეს მოვასწრებდი. ახალი თაობა სტუდენტობიდან შრომობს და ჩვენთან შედარებით, გაცილებით დამოუკიდებელია. ადრე, სულ სხვა მენტალიტეტით ვიზრდებოდით, ჩემს სტუდენტობაში ამდენი ბარი, კლუბი და რესტორანი არ არსებობდა, თანაც, მაშინ ახალგაზრდა ქალი რესტორანში ან ბარში თუ იმღერებდი, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო. ვფიქრობ, ამ მენტალიტეტმა ბევრ ახალგაზრდას მომავალი დაუზიანა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ქალი მტკიცედ უნდა იდგეს ფეხზე და იმის moლოდინში, რომ მილიონერი საქმრო გამოუჩნდება, წლები არ უნდა დაკარგოს. ქალმა უნდა იმუშაოს, რეალიზებული იყოს. იმას კი არ ვამბობ, რომ შვილებს და ოჯახს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ მის ცხოვრებაში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს - ოჯახს, სამსახურს, თანამშრომლებს, მეგობრებს და ა.შ. როდესაც საზოგადოებაში გადის და მუშაობს, ქალი ბევრად მოწესრიგებული და მობილიზებული ხდება, ბევრად მოვლილია და უფრო კარგადაც გამოიყურება.

- თუმცა, ჩვენი დედების და ბებიების თაობას თავიდანვე აჩვევდნენ აზრს - "გათხოვდები და ქმარი გარჩენს". ისინი დღესაც ასე ფიქრობენ...

- დავუშვათ, ქალს მილიონერი ქმარი ჰყავს, მაგრამ რა? მას თავისი საქმე უნდა ჰქონდეს. მერე რა, რომ მეორე ნახევარს ფული აქვს? - ქალმა თავისი კარიერა უნდა შექმნას და ქმარზე დამოკიდებული არ იყოს. მე მივესალმები, რომ თანამედროვე ქალები სწორედ ასე იქცევიან: ზოგიერთს თავისი პატარა ბიზნესი აქვს, ზოგი მაღაზიას ხსნის, ზოგი - პროფესიას ეუფლება, რაც კარგია: როცა საკუთარი შემოსავალი გაქვს, ბევრად ძლიერი ხარ და ცხოვრებისეულ დაბრკოლებებსაც იოლად უმკლავდები. ჩვენი ბებიები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია, მაგრამ ამ დროში ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალს დიასახლისობა და სამზარეულოში ტრიალი მაინც უწევს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დააბალანსოს: დაუშვებელია 24 საათი სამზარეულოში იდგე, ხეხო, რეცხო და დაღლისგან გული მიგდიოდეს! - მგონი, ეს სულაც არ არის მოსაწონი, ამის გარეშეც შეიძლება კარგი მზარეული იყო...

- თქვენ როგორი მზარეული ხართ?

- არ მინდა თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ ვინც ჩემს სახლშია ნამყოფი და ჩემი კერძები გაუსინჯავს, დამიდასტურებს, რომ კარგი მზარეული ვარ. სხვათა შორის, "გოგოშკობის" პერიოდში არაფრის კეთება არ ვიცოდი, მაგრამ მერე ყველაფერი ვისწავლე. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ გემრიელი კერძები გამომდის: არ მიყვარს წესების ზუსტად დაცვა და კერძების დოზებით მომზადება, ყველაფერს "თვალით" და გემოთი ვამოწმებ. ტკბილეულის და ნამცხვრის ცხობის დროსაც ასე ვიქცევი. სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, სხვა საქმეებისთვისაც მოვიცალო. ვგიჟდები, როცა მეგობრები ჩემთან მოდიან, ვუმასპინძლდები და ისინი მაქებენ, ყველაფერი რა გემრიელიაო... ეს მეტ სტიმულს და ინტერესს მაძლევს, რომ მომავალში უკეთესად ვუმასპინძლო. მერე ისინი მპატიჟებენ და ეს პროცესი ყველაზე მეტად მიყვარს.

- თქვენს შვილებს აქვთ მუსიკალური მონაცემები?

- ორი შვილი მყავს - ლიზი და გაბრიელ ზარქუები. გოგოს გამორჩეული სმენა ვერ შევამჩნიე და სუხიშვილების აკადემიაში შევიყვანე. ცეკვას სწავლობს. ბიჭს უფრო აქვს მონაცემები, მაგრამ ჯერ 7 წლისაა. წელს პირველად მივიდა სკოლაში და ცხადია, მუსიკისთვის ვერ მოიცლის. ვნახოთ, მომავალში მუსიკის შესწავლას თუ მოინდომებს.

- საქართველოდან ბევრი ქალია ემიგრაციაში წასული. როგორ ფიქრობთ, ღირს შვილებთან განშორება იმის გამო, რომ ისინი მატერიალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ?

- ეს ძალიან რთული და მტკივნეული საკითხია. ბევრი ჩემი ნაცნობია ემიგრანტი და მეც მიფიქრია, - ხომ არ წავიდე, ბავშვები მშობლებთან ხომ არ დავტოვო-მეთქი?.. განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში, როცა არ ვმუშაობდი. ბევრი ახლაც მეუბნება, რომ ჩემი პროფესიით უცხოეთში უფრო მეტს მივაღწევ, მაგრამ შვილების მიტოვება ასე მარტივი არ არის. იქაც უნდა იწვალო და დღედაღამ იმუშაო, რომ თავი გაიტანო. მით უმეტეს, ცუდი შემოსავალი არ მაქვს და ამიტომაც არ მოვისურვე, წავსულიყავი. ახლა გოგონა გარდატეხის ასაკშია - 14 წლისაა, ბიჭიც სკოლაში ახლახან შევიდა და ყურადღება სჭირდებათ... ვერაფრით გავამტყუნებ ქალბატონებს, რომლებმაც შვილების საკეთილდღეოდ ასეთი ნაბიჯი გადადგეს - ეს მძიმე, მტკივნეული არჩევანია! არავინ თქვას, ევროპაშია და რა უჭირსო? იქ ჩვენი ქალები მძიმე შრომას და ათასგვარ დაბრკოლებას უმკლავდებიან. როგორც გითხარით, ემიგრაციაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ყოველთვის გადავიფიქრე. ადამიანი თუ მოინდომებს, საარსებო წყაროს ყოველთვის იპოვის; ყოველთვის გამოძებნის გზას, რომლითაც შეძლებს, ოჯახი და შვილები არჩინოს. მეც ზოგჯერ იმდენ საქმეს ვეჭიდები და იმდენ რამეს ვართმევ თავს, რომ თვითონვე მიკვირს, ეს როგორ შევძელი-მეთქი...

- რა შემთხვევაში შეიძლება ქალმა ოჯახი დაანგრიოს?

- ალბათ მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარს შორის ურთიერთპატივისცემა აღარ არის - მიმაჩნია, რომ ასეთ დროს უმჯობესია ცივილizebულად, ადამიანურად დაშორდნენ, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ და ჩემს შვილსაც ასე ვეუბნები... ღმერთმა ნუ ქნას, ოჯახი შექმნას და არ გაუმართლოს, მაგრამ თუ ასე მოხდება, ნებისმიერ დროს შეუძლია წამოვიდეს და ცხოვრება მშვიდად განაგრძოს. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვიბადებით და ამ ხანმოკლე ცხოვრებაში ბედნიერები უნდა ვიყოთ. ვიცი ბევრი ქალი, რომელიც შესანიშნავად ახერხებს, ოჯახს დამოუკიდებლად გაუძღვეს და შვილებიც მარტომ აღზარდოს. ასე რომ, ქალები არ დავიკარგებით, თუნდაც ოჯახმა და მეუღლემ არ გაგვიმართლოს.

ხათუნა ჩიგოგიძე