ბარბარა სამხარაძე: "ზედმეტი გულწრფელობა სულელად წარმოგაჩენს" - გზაპრესი

ბარბარა სამხარაძე: "ზედმეტი გულწრფელობა სულელად წარმოგაჩენს"

2016 წლის "ნიჭიერის" გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე ახალი სიმღერის ჩაწერას გეგმავს. მანამდე, თავის მუსიკალურ სტუდიაში სწავლის მსურველთათვის კასტინგებს აწყობს და პატარებს დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს. ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს.

- "ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით" (ონორე გაბრიელ მირაბო).

- ყველა ასაკს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს და შესაბამისად, აღზრდის მეთოდიც სხვადასხვაა. გარდატეხის ასაკში ეკლესიაში ვგალობდი. ამ პერიოდში ბევრი რამ დავინახე და ვისწავლე. როდესაც რაღაც მტკიოდა, მაქსიმალურად ვითმენდი, თუ ეს ჩემს ძალებს არ აღემატებოდა. დღესაც ასე ვარ: როდესაც ცუდად გახლავართ, საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხები, - ეს არის ცუდად ყოფნის პიკი თუ კიდევ უფრო ცუდად უნდა ვიყო, რომ წამალი დავლიო ან ექიმთან კონსულტაციაზე ჩავეწერო? სხვათა შორის, ეს ბევრი რამის გადატანაში მეხმარება. ჩემზე უფროსებს, რომლებსაც უფრო კარგად ესმოდათ ეკლესიაში გაგონილი, შეიძლება ბევრი რამ არც გაეთვალისწინებინათ, მაგრამ ეტყობა, მე პირდაპირი გაგებით მესმოდა "მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი" და ბავშვური გულუბრყვილობით ვიაზრებდი ყველაფერს.

მომაბეზრებელი არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ძალიან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და როდესაც რამეს ვსწავლობდი, ლექსი იქნებოდა თუ სიმღერა, მსურდა, ყველას მოესმინა, მაყურებელი მყოლოდა.

- "დის ტაში გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი ბრბოს, რადგან სხვები მხოლოდ შედეგს ხედავენ, ხოლო ის ხედავს ყველაფერს, რამაც აქამდე მოგვიყვანა" (პემ ბრაუნი).

- და კი არ ხედავს, ისიც ჩემთან ერთად გადის ამ ყველაფერს. პირველი სიმღერა რომ ჩავწერე, ჩემს ტელეფონზე ზარი არ წყდებოდა და მეც, სამსახურში მყოფს ყოველ წუთს ვურეკავდი, რათა მეთქვა, - ვინ დამირეკა, რა შემოთავაზება მივიღე დ ა.შ. მოკლედ, ემოციებს ვუზიარებდი, სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულები. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ჩემი და სამსახურიდან წამოვიდა და დღეს ასე თამამად რომ ვაცხადებ, ჩემს მუსიკალურ სტუდიაში მსურველებს ვიწვევ-მეთქი, ამ ყველაფრის მიღმა სწორედ ის დგას. ჩემზე უფროსია და სულ ვამბობ, რომ მყავს 2 დედა - მშობელი და აღმზრდელი. 14 წლის ვიყავი, სოფლიდან რომ წამოვედი და "ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ ის არის პასუხისმგებელი ჩემზე. თუ რამე შემეშალა, მე კი არ მეჩხუბებიან, ჩემი შეცდომების გამოც მას სთხოვენ პასუხს (იცინის).

- "მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა, რაც ენებოთ, ის ილაპარაკონ" (დანტე ალიგიერი).

- 14 წლიდან ვარ ამ გზაზე, ამ სფეროში და სიმართლე გითხრათ, ახლა ვსწავლობ ბევრ რამეს. რაც უფრო ვიზრდები, უფრო სხვანაირად ვუყურებ და ვაფასებ მომხდარს. ახლა ვხვდები, რომ თუნდაც იმ კომენტარმა, რომელსაც ადრე ყურადღება არ მიაქციე, შეიძლება მომავალში დაგაზიანოს. სხვებსაც ვეუბნები, აკეთონ თავიანთი საქმე, მთავარი ეს არის. ყოველთვის იტყვიან რაღაცას, რაღაცებს კუდსაც გამოაბამენ, მაგრამ მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტია?!

- "ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი" (ილია ჭავჭავაძე).

- როდესაც ვიღაც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ბოდიშის თქმით გაბზარული გული და გრძნობები ვეღარ გამთელდება. ვინც ბოდიშს იხდის, ის ალბათ გულს იმშვიდებს, მაგრამ მეორისთვის აღარაფერს ნიშნავს.

- "კარგი მეგობრები, შესანიშნავი წიგნები და სუფთა სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება" (მარკ ტვენი).

- ამ ყველაფერში ვეთანხმები ავტორს, განსაკუთრებით სინდისის შემთხვევაში - 100%-ით. სინდისი თითოეულ ადამიანს სუფთა უნდა ჰქონდეს, მეგობრებისა და წიგნების შერჩევა კი გემოვნების ამბავია, თუმცა ვფიქრობ, კარგ ადამიანს ცუდი მეგობარი არ ეყოლება. იდეალური ცხოვრებისთვის მე, რა თქმა უნდა, მუსიკასაც დავამატებდი.

- "ერთი კარგი რამ მუსიკის შესახებ არის ის, რომ როდესაც იგი გარტყამს, შენ ტკივილს ვერ გრძნობ" (ბობ მარლი).

- ბობ მარლი ხშირად იყო კანაფის ზემოქმედების ქვეშ და ალბათ სხვანაირად აღიქვამდა რაღაცებს. ჩემს შემთხვევაში მუსიკა ბევრად მტკენს და ვგრძნობ ამ ტკივილს. არის სიმღერები, რომლებიც პირდაპირ იქ გირტყამს, სადაც შენი სუსტი წერტილია და რაც უფრო მიმძაფრებს ემოციებს, მომწონს ასეთი მუსიკის მოსმენა. მაშინ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. ბევრ წარმატებასთან ერთად, თითქოს უფასურდება ყველა ემოცია და მინდა ხოლმე, ადამიანური შეგრძნებები შევინარჩუნო. ამიტომაც მიყვარს ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელიც თუნდაც ტკივილს განგაცდევინებს.

- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი).

- ვისაც რა აკომპლექსებს, მე პირიქით, ვეუბნები, რომ ეს რაღაც მასში ყველაზე ლამაზია. ერთხელ მითხრეს, ყველაზე დიდი მშვენიერება შენში შენი წონააო და მივხვდი, რამხელა სტიმულია, როდესაც იმას, რაც ყველაზე ულამაზო გგონია შენში, ვიღაცა ყველაზე ლამაზად აღიქვამს. ბანკეტზე ყველა იპრანჭება იმისთვის, რომ სხვებზე ლამაზი იყოს, ხომ ასეა სინამდვილეში? და ასეთ დროს იოლი არ უნდა იყოს, აღიარო სხვისი მშვენიერება.

- "სიმდიდრე მსახურია ჭკვიანისა და ბატონი სულელის" (დეილაიუსი).

- სიმდიდრე ხაზს უსვამს ნებისმიერი ადამიანის თვისებებს - თუ კარგია, უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა კარგი საქმეების საკეთებლად და თუ არც სიღარიბეში ანაღვლებს, სხვები როგორ ცხოვრობენ, სიმდიდრეში საერთოდ ვერ შეამჩნევს სხვების გაჭირვებას. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ასეა. ჭკვიანი ვერასდროს გახდება მდიდარი, თუ დაბადებისთანავე მემკვიდრეობით არ ერგო სიმდიდრე. იცით, რატომ? ჭკვიანი თუ ხარ, შეუძლებელია ვერ დაინახო რეალობა, რომ სხვას შეიძლება 10 და 100 ლარიც კი ენატრებოდეს და წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ასეთი ადამიანების დახმარება არ მოგინდეს, და თუ დახმარების სურვილი გაქვს, მილიონებს ვეღარ დააგროვებ. ადამიანს ფული არ წარმოაჩენს, უპირატესობას კი აგრძნობინებს, რომ მას სხვაზე მეტი აქვს. ამის გამოცდილება მეც მქონია, რადგან არ გავზრდილვარ მდიდარ ოჯახში. ვიღაცებს ეგონათ, რაკი ფული ჰქონდათ, ეს მათ ქედმაღლობის უფლებას აძლევდათ.

- "ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ" (დემოკრიტე).

- ვფიქრობ, ზომიერება ყველაფერში კარგია. რატომღაც, ჩემ მიმართ ბევრს ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, თითქოს რამით მეტნი იყვნენ ჩემზე და მე მათთან შედარებით არაფერს წარმოვადგენდი. ისე მიყურებდნენ, როგორც საყვარელ, პუტკუნა, ბაღის ასაკის ბავშვს. არადა, მათთან ერთად სცენაზე უნდა მემღერა და ერთსა და იმავე მაყურებელს უნდა მოესმინა ჩვენთვის. ალბათ იმიტომ, რომ მე ვარ ასეთი, ზედმეტად ტკბილი, თბილი და ასეთი არ უნდა იყო.

- "კაცისა და ქალის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაღამება" (სტენდალი).

- სტენდალს ვერ დავეთანხმები ან როგორ დავეთანხმო, როდესაც ჩემი სამეგობრო წრე ძირითადად ბიჭებით შემოიფარგლება. გააჩნია კაცს და ქალს, გააჩნია მეგობრობას, თუმცა გვსმენია ბევრი შემთხვევა, რომ მეგობრობა გადაზრდილა სიყვარულში.

- "მე მირჩევნია, ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე - მეტოქე ქალის ლოგინში" (ონორე დე ბალზაკი).

- ამ არჩევანის წინაშე, საბედნიეროდ, არ დავმდგარვარ, მაგრამ მგონი, ცოცხლად დარჩენილი ადამიანი უფრო იმედისმომცემია, ვიდრე მკვდარი.

- "აქ ყველაფერი იყიდება, წარმატებაც კი" (ბალზაკი).

- ბევრი მდიდარია, ვისი სახელიც საერთოდ არ გვსმენია, მაგრამ ბევრი უნიჭო ვიცით, ვისაც ვიცნობთ და ვისაც ბევრი ფული აქვს. სამწუხაროდ, კი, ბევრი რამ იყიდება.

- "სულელია, ვინც პოლიტიკაში ადამიანებსა და პარტიებზე მათი სიტყვების მიხედვით მსჯელობს" (ლენინი).

- ეს ნამდვილად სწორად უთქვამს (იცინის). წინასაარჩევნოდ მაკარონისა და კარტოფილის დარიგებას, ანუ ჩვენს რეალობას თუ შევხედავთ, საიმედო მომავალზე ვერ იფიქრებ. ოდესმე უნდა გაჩნდეს გულწრფელობისა და ნდობის განცდა.

- "ქალებს ვუყვარვართ ჩვენი ნაკლოვანებების გამო" (ოსკარ უაილდი).

- კაცებსაც ხომ უყვართ ქალები უარყოფითი თვისებებით? ნაკლი უნდა შეგიყვარდეს, თორემ მე რომ მითხრას ვინმემ, უი, რა კარგად მღერიო და ამის გამო შევუყვარდე, მაგ სიტყვებს ხომ მილიონი კაცი მეუბნება. თანაც, სიყვარულს რას გაუგებ, უცებ მოდის შენს გონებასა და გულში; ვერც ხვდები, რის გამო გიყვარდება. არ ვიცი, რის გამო შემიყვარდება, მაგრამ ვიცი, რის გამოც არასდროს შემიყვარდება, - ეს არის უკულტურობა. უკულტურობაში ბევრი რამ იგულისხმება. შეიძლება ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ შინაგანი კულტურა მაინც არ გაგაჩნდეს.

img-5217-copy-1695629501.jpg

- "პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმისთვის, რომ ბევრი რამ დაივიწყოს" (ბერნარდ შოუ).

- ზუსტად ასეა. ბევრჯერ მართლაც ნეგატიური ამბების დასავიწყებლად იცინი, მეც ვყოფილვარ ასე. ამ სიცილ-ხარხარში ბევრ რამეს ატარებ და ცდილობ, რაღაცები აისხლიტო, ნაკლებად მიაქციო ყურადღება. ეს ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.

- "მეტისმეტი გულახდილობა ისეთივე უმართებულობაა, როგორიც ტანთ გახდა და გაშიშვლება" (ბეკონი).

- ზედმეტი გულწრფელობა სულელად წარმოგაჩენს. ყველასთან ვერ იქნები გულახდილი. უნდა იცოდე, ვისთან მოიქცე გულწრფელად და სად რა თქვა. მეც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ და იმასთან ერთად, მივხვდე, ვის რა უნდა ვკითხო, ისიც კარგად ვიცი, რა პასუხს მოელიან ჩემგან.

- "რაც უნდა მოხდეს, იარე წინ" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე).

- პირველი 2 წელი ონლაინ ვისწავლე და როდესაც აუდიტორიებში დავბრუნდით, ჩვენმა ლექტორმა პირველად სწორედ ეს გვითხრა: როდესაც კარს გიხურავენ, ფანჯრიდან გადაძვერით და თუ წინსვლაში რამე ხელს გიშლით, სვლა თუ ვერა, ხოხვა მაინც გააგრძელეთ, მიზანს მიაღწიეთო. ძნელია ამის დასწავლა, თუ ხასიათში არ გაქვს, მაგრამ შესაძლებელია. ამაში უნდა დაგეხმაროს სამეგობროც და ოჯახიც, რომლისგანაც მუდმივ მხარდაჭერას უნდა გრძნობდე. ყოველთვის უნდა გააგრძელო სვლა, ოღონდ ისე, რომ გახსოვდეს განვლილი გზა!

ნინო ჯავახიშვილი