მარინა ბედოშვილი: "ბავშვიანი ქალი გადაარჩინა, თავად კი... იქვე გათავდა" - გზაპრესი

მარინა ბედოშვილი: "ბავშვიანი ქალი გადაარჩინა, თავად კი... იქვე გათავდა"

მარინა ბედოშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავთ, რომელიც ინტერნეტსივრცეში, მოსწავლეებთან ერთად ცეკვის ამსახველი ვიდეოთი გახდა პოპულარული. ახლახან ქალბატონი მარინა ტელეგადაცემაში - "გვაჩვენე შენი ხმა" მონაწილეობდა და გაიმარჯვა კიდეც. გადავაწყვიტეთ, ეს საინტერესო ქალბატონი მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...

- ქალბატონო მარინა, იმ ვიდეოს შესახებ გვიამბეთ, რომლითაც პოპულარული გახდით...

- ჩვენთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო: ნოდარ დუმბაძის დაბადების 95-ე წლისთავს პატარა ლიტერატურული სპექტაკლი - "ეს რა ახალგაზრდობა მოდის" ("მზიანი ღამის" მიხედვით დავდგით) მივუძღვენით. სპექტაკლში ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემები წამოვწიეთ... პრემიერის წინ ბავშვები ძალიან ღელავდნენ. ვცადე ისინი გამემხნევებინა. ჩვენი საუბარისას დაინტერესდნენ, რა სიმღერებს უსმენდა ჩემი თაობა. მკითხეს: მარინა მასწ, ვიცით, რომ ცეკვა გიყვართ. ყველაზე ხშირად რომელ მელოდიაზე ცეკვავდითო? ბავშვებს Donna Hightower-ის ცნობილი ჰიტი ჩავურთე და მერე ცეკვა სპონტანურად დავიწყე. არც ვიცოდი, რომ ერთ-ერთი მოსწავლე - მარიამ დავითური ვიდეოს იღებდა... მოკლედ, სპექტაკლი ვაჩვენეთ მაყურებლებს... შემდეგ მარიამმა გადაღებული ვიდეო მაჩვენა: - მარინა, მასწ, აი, რა მაგარი ვიდეო გადავიღეო და "ფეისბუკზე", "კედელზე" გამომიქვეყნა სათაურით - "მერე რა, რომ 64 წლის არის". შემდეგ ეს ვიდეო ტელეეკრანზე როგორ გაჩნდა, არ ვიცი. ბევრმა გააზიარა... ერთხელ გავიცინეთ, ორჯერ... მერე კი ამ "მოცეკვავე მასწავლებლის" სტატუსმა სულაც არ გამახარა (იცინის). საერთოდ, საქმის კეთებისას, როცა ადამიანები დაიღლებიან, განტვირთვის მიზნით ხან მღერიან, ხან - ცეკვავენ, თამაშობენ, არა? ასე რომ, ვიდეოში ასახული ეპიზოდი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი იყო... "ფეისბუკის" დახურულ ჯგუფში ბავშვებმა მომწერეს, - მარინა მასწ, ხედავთ, რა ხდება? "სელებრითი" ხართო! - რას მეუბნებით, რა "სელებრითი"? ამიხსენით-მეთქი. მერე მითხრეს, - თქვენს ვიდეოს უამრავი "ნახვა" და "გაზიარება" აქვსო...

- სპექტაკლი თავად მოამზადეთ?

- რა თქმა უნდა. 159-ე სკოლა რევაზ ინანიშვილის სახელობის გახლავთ და ლიტერატურული კლუბიც მისი სახელობისაა. ეს კლუბი - "ნეკერჩხალი" 1996 წელს შეიქმნა. მაშინ ახალგაზრდა გახლდით... რეზო ინანიშვილი ძალიან მიყვარს. მის ოჯახს, მეუღლეს - ქალბატონ როზას ძალიან დავუმეგობრდი. სკოლაში ხშირად გვსტუმრობდნენ...

- ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველმა დღემ როგორ ჩაიარა?

- ჩემთვის ეს ამ სკოლაში 39-ე სასწავლო წელია. აქ მუშაობა 1984 წელს დავიწყე, მაშინ 25 წლის ვიყავი, მანამდე კი სხვა სკოლებში ვმუშაობდი... ახალი სასწავლო წლის პირველმა დღემ ტრადიციული მღელვარებით ჩაიარა. სადამრიგებლოდ მეხუთე კლასი მივიღე. რამდენჯერაც მეხუთე კლასში შევდივარ, იმდენჯერ თითქოს წლები მაკლდება. საოცარია! აგვისტოში 64 წლის გავხდი, სექტემბერში კი - მეხუთე კლასში დამრიგებლად შევედი. 8 წელიწადი ამ ბავშვებთან ერთად უნდა გავატარო. ვფიქრობ, უფლება არ მაქვს, დავბერდე.

marrina-mshoblebtan-1695629703.jpg

- მერამდენე თაობის აღზრდა დაიწყეთ, მერამდენე სადამრიგებლო კლასი გყავთ?

- ზუსტი ციფრის დასახელება მიჭირს. დაახლოებით, მეხუთე იქნება... მოსწავლეებს აღზრდი, გააცილებ, შემდეგ ახალ თაობას იღებ აღსაზრდელად... ეს ძალიან საინტერესოა! საერთოდ, მასწავლებლობა ძიების პროცესი და შემოქმედებითობაა. ვერ მოიწყენ, ვერ გაჩერდები - უფლება არ გაქვს დროს ჩამორჩე. ცდილობ გაიგო, ახალ თაობას რა მოსწონს, რა უყვარს და შენ შენსას სთავაზობ... ეს ეპოქები სადღაც გადაიკვეთება ხოლმე. იცი, რამდენჯერ მქონია შემთხვევა, როცა მოსწავლეებისთვის ჩემი ბავშვობის დროინდელი ლექსები, მოთხრობები, ფილმები, მუსიკალური კომპოზიციები შემითავაზებია? როცა მეგონა, არ მოეწონებოდათ, აღმოჩნდა, რომ აღფრთოვანებულები მისმენდნენ... ეს სკოლა ჩემი ოჯახია - 40 წელია აქ ვარ. იცით, აქ რა ბედნიერი ვარ, რა ადვილად ვსუნთქავ? ყველა წამოწყებაში მხარს მიჭერენ. ამ სკოლაში არის გუნდი, რომელიც გეხმარება, მთები გადადგა, რადგან აქ დიდი სიყვარული იციან, რაც მერწმუნეთ - ბევრს ნიშნავს. ისეთი შემოქმედებითი და თავისუფალი გარემოა, რომ შეუძლებელია, მასწავლებელიც და მოსწავლეც ბედნიერი არ იყოს...

- გვიამბეთ, თავად როგორ გარემოში გაიზარდეთ?

- თბილისურ ეზოში, ახალციხის ქუჩის 6 ნომერში გავიზარდე. დედას კარგა ხანს ვერ ვპატიობდი (შემდეგ - თავადაც ნანობდა), რომ ძველი თბილისური ეზოდან საცხოვრებლად თემქის (ახლანდელი ზღვისუბანი) დასახლებაში გადავედით... ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილი ვარ, რადგან მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრები არაჩვეულებრივი, გულისხმიერი, კეთილი ადამიანები იყვნენ. დღეს ვინც ვარ, ალბათ, ვერ ვიქნებოდი ვერც ჩემი მშობლების, ვერც - ჩემი მასწავლებლების გარეშე... მამა სამხედრო მფრინავი იყო. ძალიან ხალისიანი, მომღერალი, მოცეკვავე, იუმორის გრძნობით სავსე, საოცრად კეთილი, კომუნიკაბელური, ხელგაშლილი ადამიანი. თუ ის სახლში იყო, აუცილებლად სტუმარი გვყავდა. მამამ საოცრად საინტერესო საუბარი იცოდა. ძალიან ემოციური იყო. ფილმებს ერთად ვუყურებდით. მაშინ სამამულო ომის თემაზე გადაღებული ფილმები გახლდათ პოპულარული და მათი ცქერისას ერთად ვტიროდით. მე ახლაც ასეთი ვარ: ძალიან მალე მიჩუყდება გული... მეკითხებიან, - მტირალა ვის ჰგავხარო? ვპასუხობ, - მამას-მეთქი. ის კი არა, მამა სიყვარულის, მეგობრობის ან სამშობლოს სადღეგრძელოს რომ ამბობდა, თვალზე ცრემლი ადგებოდა. უსაზღვროდ ლურჯი და ლამაზი თვალები ჰქონდა... 36 წლისა ზუსტად ამ სიყვარულით გარდაიცვალა: ბავშვიანი ქალი მანქანის დაჯახებისგან გადაარჩინა, თავად გადახტომა ვეღარ მოასწრო - ავტომობილმა დაარტყა და იქვე გათავდა... მაშინ 8 წლის ვიყავი, ჩემი და - 4-ის. უკეთილშობილესი დედაჩემი ერთგულებისა და თავდადების მაგალითი იყო! მეუღლის გარდაცვალების მერე, მან 34 წელი იცოცხლა. მე და ჩემმა დამ მხოლოდ ერთხელ ვკითხეთ: - დედა, ლამაზი, ახალგაზრდა იყავი. რატომ არ გათხოვდი, ასე რატომ დაიტანჯე-თქო? ამ კითხვის გამო, 2 კვირა არ გველაპარაკებოდა: ეგ როგორ მაკადრეთ? როგორ წარმოიდგინეთ, მამათქვენის შემდეგ, ჩემ გვერდით ვინმე სხვა გაჩნდებოდაო?!.

- საინტერესოა, იმ ქალბატონთან და მის შვილთან კონტაქტი თუ გქონდათ, ვისი სიცოცხლეც მამათქვენმა იხსნა?

- არა, არანაირი კონტაქტი არ გვქონია... დაახლოებით 10 წლის წინ, მამის ერთ-ერთი მეგობარი გარდაიცვალა. სამძიმარზე მისულმა დავინახე, 80 წელს მიტანებული მოხუცები იდგნენ. ზოგი მათგანი სახეზე ვიცანი. მათთან მორიდებით მივედი და ვუთხარი, - გამარჯობა. თქვენ ჟორა ბედოშვილი (მამაჩემი) თუ გახსოვთ-მეთქი?.. მოხუცი კაცები, ყოფილი მფრინავები უცებ გაცელქდნენ - ჩემ თვალწინ პატარა ბიჭებად იქცნენ და უამრავი რამ გაიხსენეს... ერთმანეთს ეცილებოდნენ, - არა, მე უფრო ახლო მეგობარი ვიყავი ჟორასი, არა - მეო! ერთ-ერთმა მითხრა, - იცი, რომ გმირი მამა გყავდა? რაც მამაშენმა გააკეთა, ბევრი ვერ გააკეთებს. უნდა იამაყოო. - ვიცი და ვამაყობ-მეთქი, - ვუპასუხე. სწორედ მამის მეგობრებმა მითხრეს, რომ ის ქალბატონი უცხოელი ყოფილა, რომელმაც თურმე, ისიც კი თქვა - არ მცალია, რომ სასამართლო პროცესზე მოვიდეო. ამის შესახებ დედაც ამბობდა ხოლმე... მამაჩემის საქციელი სიკეთის იმხელა მაგალითი იყო, რომ მარტო მე კი არა, ჩემს შვილს, შვილიშვილს და ალბათ, შემდეგ თაობებსაც ეყოფათ, რომ იცოდნენ სიცოცხლის, სიკეთის ფასი და ის, თუ რა არის ნამდვილი ვაჟკაცობა...

მამა საოცარ რაღაცებს აკეთებდა. მაგალითად, წინათ ძალიან უხარისხო, ზუგდიდის ფაბრიკის რვეულები იყო ხოლმე. ჩვენ კალმითა და მელნით ვწერდით, ეს რვეულები კი მელანს იშრობდა, ნაწერი საშინლად იდღაბნებოდა. სამაგიეროდ, ბედნიერება იყო, თუ ბავშვს მოსკოვიდან ჩამოტანილი, პრიალა და კარგი ხარისხის რვეული გქონდა. მამაჩემს მოსკოვიდან რვეულები მთელი კლასისთვის ჩამოჰქონდა, - როგორ, ჩემს შვილს კარგი რვეული ჰქონდეს, მის გვერდით მჯდომი ბავშვი კი მას შენატროდესო?!.

klasi-stumrad-saxlshi-copy-1695629715.jpg

- გადაცემაში - "გვაჩვენე შენი ხმა" როგორ მოხვდით?

- სიახლეები მიყვარს. "შოუს ადამიანი" არ ვარ, თუმცა ტელევიზიაში კარგი ახალგაზრდები დამხვდნენ, მათი მადლიერი ვარ. იმიტომ კი არა, რომ მოვიგე? ჩემ მიმართ ისეთი გულისხმიერება გამოიჩინეს, რაც 3 ათასზე კი არა, 300 ათას ლარზე ძვირად ფასობს. მადლობა მათ არაჩვეულებრივ შემოქმედებით გუნდს!..

- მომღერალმა ლაშა რამიშვილმა დაპირებული ხელსაწყო თუ გაჩუქათ?

- იმავე დღეს! ჯერ არ მომეშვა, - შინ ტაქსით წაგიყვანთო! - არა, როგორ შეგაწუხებთ-მეთქი?.. მერე დაინტერესდა, ჩემს სახლში ვინ იმყოფებოდა და მეუღლის ტელეფონის ნომერი გამომართვა, დაურეკა და სანამ მოსწავლეები, ვინც გადაცემაში მახლდნენ, დავაბინავე, შინ მისულს გაოცებული მეუღლე დამხვდა - ბალახის საკრეჭი მანქანა უკვე გვაქვს, ავსტრიული! ეს ლაშა რამიშვილი ვინ ყოფილაო (იცინის)?!. საერთოდ, ლაშა, როგორც ხელოვანი, კი მიყვარდა. "ახალი თეატრის" მაყურებელი ვარ - ბევრ სპექტაკლს დავსწრებივარ, რადგან თეატრი ჩემი და ჩემი ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ლაშას, როგორც მსახიობს, ვიცნობდი. გადაცემაში ის ისეთი გულწრფელი იყო, რომ - ღმერთო, პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნო დაპირებებიც ისეთი პასუხისმგებლობით რომ აუსრულონ ჩვენს ქვეყანას, როგორც ლაშამ თავისი დაპირება შეასრულა, ავშენდებით (იცინის)!..

- მოგებული 3 ათასი ლარის დახარჯვას რაში აპირებთ?

- ჩვენ აგრარული ქვეყნის წარმომადგენლები ვართ. დიდი მრეწველობა არ გვაქვს, რითიც შეიძლება, თავი ვირჩინოთ. ბავშვებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობ - საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი გვაქვს. დააკვირდით, რამდენი მიწაა დაუმუშავებელი, სახლი - მიტოვებული, მიწის ნაკვეთები იყიდება, რომლებსაც სამწუხაროდ, უცხოელები ყიდულობენ. თავად სოფელში სახლი არ მქონდა. მთელი შეგნებული ცხოვრება ვოცნებობდი: ღმერთო, ამ ქვეყნიდან ისე არ წამიყვანო, რომ სოფელში მიწის ნაკვეთი არ მქონდეს-მეთქი. მამა წარმოშობით დუშეთიდან იყო, მაგრამ იქ ყველაფერი ისე გაძვირდა, ვერაფერს მივეკარეთ... სრულიად მოულოდნელად, ჩემმა შვილმა საჩუქარი გამიკეთა: თიანეთში, არაჩვეულებრივ სოფელ სიონთგორში სახლი და მიწა მიყიდა. მიწა დავამუშავეთ, როგორც შეგვეძლო, პირველი მოსავალიც ავიღეთ... სოფელს ბევრი რამ სჭირდება. მოგებულ თანხას აუცილებლად სოფელს მოვახმარ. ახალგაზრდებს სულ ვეუბნები: თქვენი სოფლები არ მიატოვოთ-მეთქი. მინდა, საქართველოს ყველა კუთხეში ბევრი კერა გაცოცხლდეს, მამალი ყიოდეს, ძაღლი ყეფდეს, მიწა მუშავდებოდეს და არ ვჭამდეთ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტს, რომელიც არც ვიცით, როგორია. ჩვენი მიწა ჩვენ გვარჩენს. მოვეფეროთ ქართულ მიწას. ის იქნება ჩვენი პატრონიც, დამპურებელიც და ბოლოს - მიმღებიც...

ეთო ყორღანაშვილი