დისციპლინა თუ შეურაცხყოფა? - გზაპრესი

დისციპლინა თუ შეურაცხყოფა?

ახლახან, ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის - ნინო სუხიშვილის ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ბევრმა ნეგატიურად შეაფასა მოცეკვავეების მიმართ ქალბატონი ნინოს მიმართვის ფორმა, თუმცა ნაწილისთვის ეს მისაღებიც იყო... გადავწყვიტეთ, რამდენიმე მოცეკვავისთვის გვეკითხა - სად გადის ზღვარი სიმკაცრესა და შეურაცხყოფას შორის? სხვათა შორის, რამდენიმე პროფესიონალმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა...

"სად გაგონილა, თავზე ხელის გადასმით პროფესიონალი გაზრდილიყო?"

თათა ჯაში:

- არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, სიმკაცრის გარეშე ცეკვის სფეროში შედეგის მიღწევა. შესაბამისად, ქალბატონი ნინო სუხიშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეო ჩემთვის გასაკვირი და მიუღებელი არ ყოფილა. მეც მსგავსად გავიზარდე: სიმკაცრის და დისციპლინის გარეშე, იმ შედეგს ვერ მივიღებდი, რაც მაქვს. ამ აზრს ჩემი თანამშრომლები, კოლეგებიც იზიარებენ, რადგან ბალეტი რთული და შრომატევადი სფეროა, მაღალი დონის დისციპლინა სჭირდება. შესაბამისად, პედაგოგები და ქორეოგრაფები საკმაო სიმკაცრეს იჩენდნენ. მათი მხრიდან, ხანდახან ხმის ტონის აწევის შემთხვევებიც ყოფილა. მოითხოვდნენ, ბოლომდე "გავწურულიყავით" და თავი არ დაგვეზოგა. იყო დღეები, როდესაც დაღლილობისგან მეტირებოდა, მაგრამ მაინც ვალდებული ვიყავი, ბოლომდე შემესრულებინა ვარჯიში, ნახტომი თუ საცეკვაო ვარიაცია, რაც იმწუთას გულს კი მწყვეტდა და აღარ მინდოდა, მაგრამ რეალურად, შედეგის მომცემი მხოლოდ და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომაა. პირადად მე, როცა ვგრძნობ, დიდად არ მაკონტროლებენ, "მივუშვებ" ხოლმე...

ქორეოგრაფებთან ურთიერთობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან: არიან ქორეოგრაფები, ვინც "რბილად" გვეპყრობიან და არიან საკმაოდ მკაცრებიც, ვინც შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევენ. რომ შევადარო, რომელ ქორეოგრაფთან მუშაობის შემდეგ რა შედეგი მაქვს, გასაკვირი არ არის, რომ მკაცრი მოპყრობის მერე, ბევრად უკეთეს შედეგს ვიღებ. რა თქმა უნდა, მოცეკვავის მიმართ სწორი ფსიქოლოგიური მიდგომაა საჭირო, მით უმეტეს - თუ მოზარდი ან ბავშვია. ქორეოგრაფმა ზედმეტი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უნდა გამოიყენოს, მაგრამ ჩვენს სფეროში სიმკაცრე ნამდვილად აუცილებელია... გავრცელებულ ვიდეოში რაც მოვისმინე, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა. ის, რომ მოცეკვავეს მოეთხოვება კარგი ფიგურა ჰქონდეს, კარგ ფორმაში იყოს, ლოგიკურია, არა? ეს დაახლოებით იგივეა, რომ ფიზიკოსს მოსთხოვო, ფიზიკაში კარგად ერკვეოდეს. პირადად მე, ვიდეოში გასაკიცხი ვერაფერი დავინახე... რა თქმა უნდა, მეც და ჩემს კოლეგებსაც გვქონია შემთხვევა, როცა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც მოგვისმენია, რაც ყველანაირ პროფესიულ ზღვარს სცდება და შესაბამისი რეაგირებაც მოგვიხდენია. შეურაცხყოფას არავინ ვამართლებთ...

რეალურად, სად გაგონილა, თავზე ხელის გადასმით პროფესიონალი გაზრდილიყო? ასეთები თუ არსებობენ, არ ვიცი (იღიმის)...

img-1285-1696238106.jpg

"სიმკაცრის გამოჩენას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება"

თეონა წიწაკიშვილი:

- ბავშვებთან მუშაობისას ჩემებური მიდგომა მაქვს: უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სტუდიაში მათ კომპლექსები მოვუხსნა და არ "დავსტრესო", ცეკვა არ შევაძულო. ყვირილით, ჩხუბით ვერაფერს გახდები - ეს ცუდ შედეგამდე მიგიყვანს. სიმკაცრის გამოჩენას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. იმავდროულად, ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე - უნდა იცოდე, შენიშვნის მიცემა ვისთვის როგორი ფორმით იქნება უკეთესი... პუნქტუალობას დიდ ყურადღებას ვაქცევ, ისევ - მათთვის, რადგან მოსწავლემ მეცადინეობის დაწყების პირველი 15 წუთი - "მოთელვა" თუ გამოტოვა, მერე მისი სხეულისთვის აქტიური ვარჯიში არასასურველი იქნება. ზრდასრულების შემთხვევაშიც ანალოგიურად ვიქცევი. უბრალოდ, ახსნისას პატარებთან უფრო მეტი დრო მჭირდება... უფროსებთან მუშაობის დროსაც, როცა საჭიროა, რომ მოსწავლე გამოვაფხიზლო, შემიძლია დელიკატურად ვუთხრა, გავამხნევო, რომ არ დანებდეს. ზოგს ეზარება, იღლება... მასწავლებელი იმისთვის არის, რომ მოსწავლეს მოტივაცია მისცეს და აამოძრაოს. მოცეკვავეებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. იყო შემთხვევები, როცა ჩემს სტუდიაში ბავშვები იმ მიზეზით გადმოდიოდნენ, რომ სხვაგან მათ მასწავლებელი უყვიროდა (ამის შესახებ მათმა მშობლებმა მითხრეს) და იქ სიარული აღარ უნდოდათ... რეალურად, სტუდიაში ადამიანი იმისთვის მოდის, რომ ცეკვა უნდა, მით უმეტეს - უფროსი ამას გააზრებულად აკეთებს. თუ რაღაც არ გამოსდის და მეცადინეობისას ჩერდება, მასთან მივდივარ, ინდივიდუალურად ვუხსნი, რადგან ჩემთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. 12 წელია, ცეკვის სფეროში ვარ, მაგრამ დაახლოებით 5 წლის წინ, როცა სწავლება ახალი დაწყებული მქონდა, ნერვები მეშლებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს მოსწავლეზე არ გადამქონდა, არ ვეჩხუბებოდი. რეალურად, უფლება არ მაქვს, მოსწავლეს ვეჩხუბო. მერე მივხვდი: გაბრაზებას აზრი არა აქვს, ამით ვერაფერს მიაღწევ და ნერვებსაც გაიფუჭებ. ნეგატიური განწყობა სტუდიის წევრებზეც აისახება. თან, ჰიპ-ჰოპ კულტურა ისეთია, რომ ჩვენი გაბრაზება რთულია, პირიქით - გაკვეთილს ძალიან მხიარულად ვატარებთ...

"სუხიშვილები" დიდი ანსამბლია. როგორც ვიდეოში ჩანს, ქალბატონ ნინოს რაღაც არ მოეწონა და მოცეკვავეებს ნეგატიურად ესაუბრა. მესმის, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც მას უნდოდა, მაგრამ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს - ადამიანს სათქმელი ისე უნდა უთხრა, რომ თავადვე მიხვდეს, არასწორად მოიქცა. იმ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, მოცეკვავეები დამნაშავეებიც კი იყვნენ, მაგრამ საერთოდ, მაღალი ტონით შენიშვნის მიცემისას, მოსწავლეების პატივისცემასაც კარგავ და ნდობასაც. შეიძლება ადამიანმა გარკვეული დროის განმავლობაში, ცეკვასაც კი დაანებოს თავი... ცხადია, მარტივი არაა, რომ ცეკვას თავი დაანებოს, მაგრამ რატომ უბიძგებ, თავი ცუდად იგრძნოს, დაძაბული იყოს?! დაძაბულს შეიძლება, რაღაც არასწორად გამოუვიდეს, უფრო მეტი შეცდომა დაუშვას. ცხოვრებაშიც ასეა: როცა რაღაცაზე ნერვიულობ, უფრო არ გამოგდის და საქმეს პირნათლად ვერ ასრულებ.

თუმცა, აქვე გეტყვით, ცხოვრებაში მქონია ეპიზოდები, როცა ჩემი მოცეკვავეებისგან რაღაცები თავად მწყენია: ისე ვერ გააკეთეს, როგორც დავავალე, ვიღაცამ გადაღებაზე დააგვიანა, ვიღაცას რაღაც დარჩა და ა.შ. 1-2-ჯერ ისე მეწყინა, ვტიროდი... ასეთი ამბები ხდება, ადამიანები ვართ...

ეთო ყორღანაშვილი