"ჩვენს პროფესიაში სულაც არ არის აუცილებელი, ლამაზი იყო" - გზაპრესი

"ჩვენს პროფესიაში სულაც არ არის აუცილებელი, ლამაზი იყო"

"არ მიყვარს სიტყვა "თამაში". თამაში შეიძლება ბანქოთი, დოღზე, ჭადრაკის... ხოლო სცენაზე ცხოვრებაა საჭირო", - ამბობდა თავისი დროის ცნობილი მსახიობი - ფაინა ფელდმანი (რანევსკაია), რომელსაც "მეორეხარისხოვანი როლების დედოფალს" ეძახდნენ. არსებობს თუ არა მეორეხარისხოვანი როლები და რა არის მსახიობის წარმატების საიდუმლო? - ამ და სხვა საკითხებზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს - ონისე ონიანს ვესაუბრეთ.

- არანაირი "წარმატების ფორმულა" არ არსებობს - არსებობს მხოლოდ უზომო სიყვარული შენი საქმისადმი, რომელიც ყველა დაბრკოლებაზე ძლიერია. როცა შენი საქმე გიყვარს, სულ უფრო მეტად უღრმავდები, გამუდმებით მასზე ფიქრობ და შეყვარებული ხდები. მერე შენი "შეყვარებული" გკარნახობს, რა უნდა გააკეთო. თანდათან ხვდები, რომ მის შესახებ აუცილებლად მეტი უნდა გაიგო, კარგად იცნობდე; ზოგჯერ რაღაცას ისე ვერ გააკეთებ, როგორც საჭიროა და ამას ძალიან განიცდი... ასეთ დროს მსახიობები ვამბობთ, როლი ჩავარდაო! თუ საქმეს კარგად არ ჩაუღრმავდები და მთელი გულით არ გააკეთებ, არაფერი გამოვა. თუ შენს პროფესიაზე შეყვარებული არ ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ - აი, ეს არის წარმატების ფორმულა და საიდუმლოც - ჩემი აზრით, რასაკვირველია.

- საყვარელი როლები თუ გაქვთ - როლები, რომლებიც "თქვენია"?

- ძალიან ბევრი როლი მიყვარდა და მიყვარს, მათი გარჩევა რთულია, მაგრამ ჩემთვის დღემდე განსაკუთრებულია პაკის როლი, რომელსაც "ზაფხულის ღამის სიზმარში" ვასრულებდი... ისე კი, თითოეული როლი ჩემი შექმნილია, ჩემი ნაწვალებია, ამიტომ, ყველა მიყვარს.

- როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში სცენის სიყვარული და როდის გადაწყვიტეთ, რომ მსახიობი გახდებოდით?

- ქალაქ ქუთაისში გავიზარდე. იქ იყო ძალიან კარგი ანსამბლი "ალიონი", სადაც მშობლებმა მიმიყვანეს. მერე იყო კონცერტები, რომელშიც ვმონაწილეობდით და ასე თანდათან შემიყვარდა სცენა. მაღალ კლასებში რომ გადავედი, ბევრი არ მიფიქრია, ისე გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა და თეატრალურშიც ჩავაბარე. ჩემი პროფესია ბავშვობიდან მიყვარს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. ადამიანს წყალი და ჰაერი რომ შეუზღუდო, ხომ ვერ გაძლებს? - ასევეა ჩემთვის ეს პროფესია. სცენაზე გამოსვლა რომ არ შემეძლოს, ჩემთვის ტრაგედია იქნებოდა.

- თეატრის სცენაზე უფრო კარგად გრძნობთ თავს თუ კინოკამერების წინ?

- თეატრს ჩემს ცხოვრებაში ვერაფერი შეცვლის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ კინოში ინტენსიურად არ ვჩანვარ, უბრალოდ, თეატრი ჩემთვის შეუცვლელია, ის ცოცხალი ორგანიზმია. როდესაც ერთი სპექტაკლი მთელი კვირა მეორდება, ერთ დღეს ნათამაშები სულ სხვაა, მეორე დღეს - სხვა. ფილმში შენს თავს რომ უყურებ, მერე ფიქრობ, რომ ამას უკეთესად ითამაშებდი, თეატრში კი ცვლილებების შეტანა ყოველდღე შეიძლება. დიახ, თეატრი ჩემთან უფრო ახლოსაა, თუნდაც იმიტომ, რომ ის ცოცხალია, იქ უფრო საინტერესო გარემოა. მოკლე დროში გიწევს ბევრი რამის გააზრება, ჩამოყალიბება და შენი პერსონაჟის შექმნა. სპექტაკლის ბოლოს კი ყველაზე ამაღელვებელი წუთები დგება, როცა მაყურებელი ტაშითა და ოვაციებით გხვდება. ამიტომაც ვამბობ, თეატრი ცოცხალი ორგანიზმია - ოვაციების მიხედვით ხვდები, როდის უფრო კარგად ითამაშე და როდის - ნაკლებად. ნათქვამია, სცენის მტვერს ერთხელ რომ ჩაისუნთქავ, მერე უკვე მოწამლული ხარო - მე ამ სიტყვებს აბსოლუტურად ვეთანხმები! შეიძლება კინოშიც იგივე ხდება, კინოსაც აქვს თავისი მაგია, მაგრამ ალბათ, მე ამის გაცნობიერება ვერ შევძელი. ამიტომ, როდესაც მირეკავენ და კინოში მონაწილეობას მთავაზობენ, დიდი სიხარულით იშვიათად ვხვდები. თეატრი სულ სხვაა - აქ ნებისმიერ როლს დიდი ბედნიერება მოაქვს ჩემთვის.

- რა როლს ასრულებს თქვენს პროფესიაში გარეგნობა?

- მოხდენილი გარეგნობა ყველა პროფესიაში სასურველია, მაგრამ მსახიობმა სცენაზე გამოსვლამდე შეიძლება საერთოდ შეიცვალოს იერი. ამიტომ, ჩვენს პროფესიაში სულაც არ არის აუცილებელი, ლამაზი იყო. მსახიობი შინაგან სხივს უნდა ატარებდეს, რომლითაც მერე სცენაზე გაანათებს. მე ვიცი არაერთი მსახიობი, რომელიც სულაც არ არის განსაკუთრებული გარეგნობის, მაგრამ იმდენად ნიჭიერია, რომ სცენაზე შეიძლება ძალიან კარგი გარეგნობის ადამიანი დაჩრდილოს. მე მსახიობის გარეგნულ იერს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ვიცი მსახიობები, რომლებსაც სულაც არ სჭირდებათ განსაკუთრებული გარეგნობა, რომ სცენაზე ძალიან ლამაზი ადამიანის როლი ითამაშონ.

- თუმცა, კომედიურ ჟანრში სპეციფიკური გარეგნობაა საჭირო. მაგალითად: იპოლიტე ხვიჩიას სახასიათო გარეგნობა რომ არ ჰქონოდა, იპოლიტე აღარ იქნებოდა.

- გეთანხმებით, მაგრამ ის შინაგანად დიდ სევდას ატარებდა, რის გამოც კარგად შეეძლო ტრაგიკული როლების თამაში. ავიღოთ თუნდაც, "დათა თუთაშხია", სადაც იპოლიტეს მიერ შესრულებული ეპიზოდები მე ღიმილს სულაც არ მგვრის. კი ბატონო, თავისმა გარეგნობამ შეუწყო ხელი, რომ იპოლიტე ხვიჩია გამხდარიყო, მაგრამ ზოგადად, მაინც იქითკენ ვიხრები, რომ მსახიობს შინაგანი სხივი უნდა ჰქონდეს - ამ შემთხვევაში სულაც არ სჭირდება სახასიათო გარეგნობა ან დიდი სილამაზე.

- რჩეული თეატრი თუ გაქვთ?

- მიწვევით თითქმის ყველა თეატრში მითამაშია, მაგრამ 30 წელია მარჯანიშვილის თეატრში ვარ და ეს ჩემი მეორე სახლია, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, რომლის რეჟისორი ლევან წულაძე გახლდათ. იქ მე რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე და ერთ-ერთი მათგანი იყო "თაგვი", სადაც დაიბადა ონისე ონიანი, როგორც მსახიობი - მე ასე მგონია. ამ სპექტაკლს დიდხანს ვთამაშობდით ანშლაგით და სწორედ იმ დროიდან დაიწყო ჩემი მსახიობური გზა. ასე რომ, ეს ორი თეატრი ჩემთვის განსაკუთრებულია.

- ფინანსური პრობლემების გამო ბევრმა მსახიობმა მიატოვა თავისი პროფესია, ზოგი ემიგრაციაშიც წავიდა. თქვენ თუ გიფიქრიათ სცენის მიტოვებაზე?

- სხვათა შორის, ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს: დიდი ფულის სანაცვლოდ თეატრს თუ დატოვებთო და ძალიან დიდი თანხა დამისახელეს. ვუპასუხე, რომ არავითარ შემთხვევაში, რადგან ეს ჩემთვის იგივეა, რომ ცოცხლად დავიმარხო. მატერიალური მდგომარეობა მსახიობისთვის, რომელსაც თავისი საქმე უყვარს, მეორეხარისხოვანია. კი, რა თქმა უნდა, ფული და შემოსავალი ჩვენც გვჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ადამიანი საყვარელ საქმეს არ აკეთებს, ის პროფესიონალი ვერ გახდება და ვერც წარმატებას მიაღწევს. ამიტომ, მე თეატრს ვერაფერში გავცვლიდი.

meugle-copy-1696238273.jpg

- ვინ იყვნენ მსახიობები, რომლებმაც თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს?

- ასეთები ბლომად იყვნენ და ახლაც არიან - საუკეთესო მსახიობები, რომლებიც თეატრში მისვლისთანავე გავიცანი და ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ყველა რომ ჩამოვთვალო, არც დრო გვეყოფა და არც ადგილი, მაგრამ ზოგიერთ მათგანს მაინც გამოვყოფ: სოფიკო ჭიაურელი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ელენე ყიფშიძე, ზურაბ ყიფშიძე და სხვები... ამ დიდმა მსახიობებმა ჩემი საქმე მასწავლეს და კიდეც შემაყვარეს. ბევრი დიდი მსახიობი მახსენდება, რომელთან ერთად თამაშის ბედნიერება მქონდა. ამ თაობაშიც ბევრი ნიჭიერი მსახიობია, მათგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

- რომ არა სცენა და მსახიობობა, რომელ პროფესიას აირჩევდით?

- ალბათ, ექიმი ვიქნებოდი. შინაგანად ბევრჯერ მიგრძნია, რომ ეს პროფესია მომწონს.

- შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში მეუღლეს და ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგვიყევით მეუღლეზე...

- გეთანხმებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება შენ გვერდით ცხოვრების გზაზე. თუ გინდა, კარიერა ააწყო, იმუშაო და წინ წახვიდე, ამ ყველაფერში მეორე ნახევარი აუცილებლად უნდა დაგეხმაროს. თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და გვერდით მყოფი არ აინტერესებს, მსახიობს ვერ გაუგებს. საბედნიეროდ, მე ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელსაც ჩემი პროფესია ძალიან უყვარს, შეიძლება ითქვას, ჩემზე მეტადაც კი. ის ჩვენი შეუღლების შემდეგ თეატრალი გახდა. უყვარს თეატრი, მსახიობები და ხელს მაქსიმალურად მიწყობს. ხელშეწყობაში სადილის მომზადებას ან სხვა ყოფით დეტალებს არ ვგულისხმობ, როცა მსახიობი როლზე მუშაობს, მას დიდ დროს უთმობს. შეიძლება ამ დროს ოჯახს ყურადღება მოაკლოს და ურთიერთობაში ბზარი გაჩნდეს. მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება, ბუნებით უყურადღებო ადამიანი არ ვარ, მაგრამ როდესაც განმარტოებული როლზე ვმუშაობ, ან სპექტაკლისთვის ვემზადები, ეს ემოციურად რთული ეტაპია. რა მდგომარეობაში ვარ ამ დროს, ძნელი ასახსნელია და მსახიობს მეორე ნახევარმა უსიტყვოდ უნდა გაუგოს. მართალია, თვითონ მსახიობი არ არის, მაგრამ ჩემი მეუღლე, თათია კაკაბაძე ამას ძალიან კარგად ახერხებს. ის წარმატებული ფარმაცევტია - თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ხშირად მიმართავენ ჩემი ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები. ლამის, ექიმის დონეზე იცის ეს სფერო და თავისი რჩევებით ბევრი მოურჩენია. მოკლედ, მისი პროფესიონალიზმი მახარებს.

- თქვენი ქალიშვილები მსახიობობაზე არ ოცნებობდნენ?

- ორი გოგონა მყავს და მსახიობი არც ერთი მათგანი არ არის: უფროსმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა, უმცროსი თეატრში კი მუშაობს, მაგრამ ტექნიკური მიმართულებით - სპექტაკლების განათებასა და მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავს. რაც მთავარია, თეატრალურ ცხოვრებაშია ჩართული და ეს სამყარო ხიბლავს. მიუხედავად ამისა, მსახიობობა იმასაც არ სურს.

rokii-copy-1696238259.jpg

- არასდროს გიფიქრიათ, რომ ბიჭიც გყოლოდათ?

- არ მიფიქრია, რომ აუცილებლად გვარის გამგრძელებელი უნდა მყოლოდა. ჩემთვის ეს მეათეხარისხოვანი რამ იყო. ვიცი, რომ შვილი შვილია და რასაც ღმერთი გაჩუქებს, იმის მადლობელი უნდა იყო.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, ცხოველების მოყვარული ხართ. რას ნიშნავს ოჯახში ოთხფეხა მეგობრის ყოლა?

- ცხოველებს ოჯახში სხვანაირი სითბო და სიყვარული შემოაქვთ, მათი წასვლა კი უდიდეს ტკივილთანაა დაკავშირებული. ყველაზე მეტად გული როკის წასვლამ გვატკინა - ეს იყო ძაღლი, რომელიც სერიალშიც გადაიღეს, ბევრ ჟურნალში იყო დაბეჭდილი და ნაცნობ-მეგობრები მის ამბავს ისე მეკითხებოდნენ, როგორც ოჯახის წევრების ამბავს, რადგან ის მართლაც იყო ჩვენი ოჯახის წევრი. ბოლო ხანებში დაბრმავდა და სამი წელი ბრმას ვუვლიდი. როცა მოგვიკვდა, გადავწყვიტე, რომ ცხოველი აღარასდროს მეყოლებოდა, მაგრამ ექვსი თვის წინ შვილებმა სახლში პატარა შოტლანდიური კნუტი მომიყვანეს, რომელმაც თავი ისე შეგვაყვარა, რომ ჩემი პერსონაჟის სახელი დავარქვით. კატას საოცარი სიყვარული სცოდნია და ახლა პაკიც ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ჯერ ორი ძაღლი მყავდა, მერე - როკი, ახლა კატა გვყავს - მოკლედ, ცხოველები არ გვტოვებენ და ჩემი ოჯახი მათ გარეშე უკვე ვეღარც წარმომიდგენია.

ხათუნა ჩიგოგიძე