"არც ვმალავთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი კაბა 50 ათასიც ღირს..." - გზაპრესი

"არც ვმალავთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი კაბა 50 ათასიც ღირს..."

გიორგი ბაღათურიასა და თორნიკე ძავაშვილის გამორჩეული ნამუშევრები თურქეთში იქმნება, მათ აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს მოპოვებული... გიორგი, იგივე "იაგაში" უკვე 20 წელია სტამბოლში ცხოვრობს. ხუთი წელია მასთან ერთადაა თორნიკე ძავაშვილიც... ქართველი დიზაინერები თავად გვიამბობენ იმ ურთულესი გზის შესახებ, რომლის შედეგადაც დღეს წარმატებულნი არიან და შემოთავაზებები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან აქვთ...

გიორგი ბაღათურია:

- სოხუმში დავიბადე. 12 წლამდე იქ ვიზრდებოდი, სანამ სოხუმი დაეცემოდა... დედა ირინა იაგაშკინა დიზაინერ-კონსტრუქტორია, მისმა საქმიანობამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა... დედა კერავდა და ძალიან ბევრი დამკვეთი ჰყავდა მთელი სოხუმის მასშტაბით... მეც ბავშვობიდან ვხატავდი, პირველი კლასის მოწაფე სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს. პირველ კლასშივე პირველი ადგილი ავიღე სამხატვრო სასწავლებლის სახელით და სკოლას პრიზი მოვუტანე...

სოხუმში ომი რომ დაიწყო მე აბაშის რაიონში, ბებია-ბაბუასთან დასასვენებლად ვიმყოფებოდი. მახსოვს, დედაჩემი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მისთვის ომის დაწყება უზარმაზარი დარტყმა იყო. სოხუმიდან არაფერი წამოგვიღია, ცხოვრების დაწყება ნულიდან მოგვიხდა. ორი წელი სოფლის სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ თბილისში, ჩვენი ნათესავის - ირაკლი აბაშიძის დისშვილის, ბატონი კობა რუსიას ოჯახში ვიზრდებოდი... სკოლის დამთავრების შემდეგ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიაში, კინოსა და ტელევიზიის მხატვრის ფაკულტეტზე გავაგრძელე.... პროფესიული სასწავლებლების დამთავრების შემდეგ თურქეთში წამოვედი.

- რატომ მაინცდამაინც თურქეთში?

- მე და ჩემი მეგობარი თურქეთში დასასვენებლად ვიმყოფებოდით. სასტუმროში პასპორტი გაგვიუქმდა, ფული კი, რაც წაღებული გვქონდა, შემოგვეხარჯა - ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და გავფლანგეთ... გადავწყვიტეთ, გვემუშავა, რომ პასპორტები გამოგვესყიდა. მაშინ საქართველოში კარგი სამსახური მქონდა, ტელევიზიებში ვიყავი დასაქმებული, ბევრ რეჟისორთან ვმუშაობდი, ფილმებს ვიღებდი, ფერწერული ნამუშევრების გამოფენები მქონდა და ა.შ. თურქეთში მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არასასურველ ხალხს გადავეყარეთ. ენა არ ვიცოდით, ვერავინ გვიცავდა და ისე მოხდა, რომ უფასოდ გვამუშავეს, უსამართლობის მსხვერპლი გავხდით... შემდეგ სხვა სამსახური ვიშოვეთ და ლამის იქაც იგივე სიტუაცია იყო, "კაპიკებს" გვაძლევდნენ, გვატყუებდნენ... ერთი წლის შემდეგ ჩემი მეგობრის დედა ჩამოვიდა და საქართველოში გადმოგვაპარა... მაგრამ როგორც ჩანს, იმ ერთი წლის განმავლობაში სტამბოლს ძალიან შევეჩვიე და თბილისში დაბრუნებულს ერთგვარი ნოსტალგია დამეწყო. სრულიად დამავიწყდა, რაც გადამხდა, სასწრაფოდ საბუთები მოვაგვარე და თურქეთში ჩავედი... თავიდან ქუჩებში დავდიოდი, ვხატავდი. მოგეხსენებათ, იქ არის მთელი მსოფლიოს ბაზარი და ვიღაც დალოცვილმა შემამჩნია, რა კარგად ხატავო. ავუხსენი, რომ დიზაინერი ვარ, ჩემი დიპლომებით თავი მოვიწონე და მისი ძალისხმევით მუშაობა დავიწყე პერანგების დიზაინერის პოზიციაზე. ამ კაცის ძმა დიზაინერ-კონსტრუქტორი იყო, მან კიდევ სხვა ფირმაში გამიშვა და ასე თანდათან ამეწყო კარიერა... შემდეგ ძალიან ცნობილ ფირმებში მოვხვდი, როგორც წამყვანი დიზაინერი... პირველად მამაკაცების ხაზით ვმუშაობდი ტრიკოტაჟების ქარხანაში. ყველგან წლობით ვმუშაობდი, გამოცდილებას ვიძენდი და როცა მბეზრდებოდა, სხვა ფირმაში გადავდიოდი.

- რა იყო თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი?

- ანტალიაში ეწყობა მოდების ჩვენება, იმართება ვაჭრობაც, სადაც მოწვეული გახლდათ ადრიანა ლიმა, რომელიც იმ პერიოდისთვის მსოფლიოში წამყვანი მოდელი იყო. ისე მოხდა, რომ მან ჩემი კაბა აარჩია და ამის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა, ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. მსოფლიოში ცნობილ ფირმაში - "კიკირიკი" წამყვანი დიზაინერის თანამდებობა დავიკავე... იმდენად ცნობილი ფირმაა მთელ მსოფლიოში, რომ ყველგან გვაქვს მაღაზია. ათი წელია ამ ფირმაში წამყვანი დიზაინერის პოზიცია მაქვს.

შემდეგ ისე მოხდა, რომ ინტერნეტის მეშვეობით მისტერ ვალენტინი - თორნიკე ძავაშვილი გავიცანი, რომელიც ძალიან კარგად ქსოვდა... ფირმაში მქსოველები არ გვჭირდებოდა, თუმცა ბევრს ვუთხარი, რომ ეს ბიჭი საოცარ რაღაცებს ქმნიდა. მისი ნამუშევრები იმდენად მომეწონა, შევთავაზე, თურქეთში ჩამოსულიყო, მაგრამ თორნიკემ ვერ გაბედა... საბედნიეროდ, საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა, რომელიც ჩემთან სტუმრად ჩამოვიდა. როდესაც თორნიკემ სოციალურ ქსელში ჩვენი ერთობლივი ფოტოები ნახა, მიხვდა, რომ სანდო ვიყავი და თურქეთში თავადაც გვეწვია. ჩამოსვლიდან მეორე დღესვე ფირმაში წავიყვანე და იმ დღიდან აქ მუშაობს - უკვე წლებია, მეორე წამყვანი დიზაინერია... შემდეგ მე და თორნიკემ საერთო მარკა შევქმენით, ნაქსოვებისა და ქსოვილის შერწყმა. დავარქვით თიჯეი, ანუ თორნიკე და გიორგი, როგორც დოლჩე და გაბანა. დავაპატენტეთ კიდეც... ისე მოხდა, რომ სახელწოდება "იაგაში" მოეწონათ, მომპარეს და მომიხდა დამემტკიცებინა, ნამდვილად ჩემი იყო... დედაჩემის გვარია და თურქული ვერანაირად ვერ იქნებოდა, ამიტომაც თურქებმა ვერ ახსნეს, "იაგაში" რას ნიშნავდა...

მე და თორნიკე უკვე მეორე წელია კოლექციებს ვქმნით... ბევრგან გვიწევს ჩვენებაზე გამოსვლა, საქართველოდანაც დაგვიკავშირდა თინათინ მაღალაშვილი, რომელმაც მოდის კვირეულზე მიგვიწვია, მაგრამ ჩასვლა ვერ შევძელით, მოსამზადებლად დრო არ გვეყო....

- როგორც ვიცი, ძვირად ღირებულ კაბებს ქმნით...

- დიახ, ჩვენი კაბები ძალიან ძვირად ღირებულია... არც ვმალავ, რომ კაბის ფასი შეიძლება 50 ათასი დოლარიც იყოს. ის სულ "სვაროვსკებით" არის მორთული, მთლიანად ხელითაა ნამუშევარი. ლონდონიდან, ბარსელონიდანაც გვაქვს კარგი შემოთავაზება. ჩვენ შესახებ უცხოური პრესაც წერს...

1f2b8350-7d9a-4b0d-944b-a9e3ba175463-copy-1696239543.jpg

- საქართველოში მოდის სფეროს თუ ადევნებთ თვალს?

- დიახ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ქართველ დიზაინერებს შორის... ზოგიერთი მათგანი ძალიან მომწონს, ზოგზე კი ვიტყვი, რომ სტარტი უკეთესი ჰქონდათ და შემდეგ სწორად ვეღარ განვითარდნენ. ცოტა არ იყოს, პროფესიულად გაზრდა სჭირდებათ.

- ქართველი მოსახლეობის გემოვნებაზე როგორი წარმოდგენის ხართ?

- საქართველოში წლების გამოტოვებით ჩამოვდივარ... თურქეთიდან უცებ საქართველოში რომ აღმოჩნდები, ძალიან დიდ სხვაობას ამჩნევ. სამწუხაროდ, ხალხი ძალიან გასაცოდავებულია. რომელი ფერების შერწყმასა და სტილზე ვმსჯელობთ, ადამიანი რომ საკვების ფულზე დარდობს. მეტროში რომ ჩავედი, გული მეტკინა... ვინც სტამბოლშია ნამყოფი, დამეთანხმება, რომ წლები, საუკუნეები დაგვჭირდება, ცხოვრების პირობებით რომ გავუთანაბრდეთ. ქართველები ასეთ ცხოვრებას არ ვიმსახურებთ. ჩვენ რომ ნიჭიერი ერი არ ვიყოთ, საქართველოდან წასული ქართველები წარმატებებს ვერ მივაღწევდით. საქართველოში არ შეგვიძლია ნიჭის რეალიზაცია და ეს ცუდია. ამდენწლიანი გამოცდილება მაქვს, მსოფლიოში ვის აღარ ეცვა ჩემი შექმნილი კაბა, მილიონობით პარტია იკერება, იყიდება და ჩემს ქვეყანას რატომ არ უნდა ვჭირდებოდე?! 42 წლამდე ისე მოვედი, რაიმე საიმედო ვერ დავინახე. გაფრინდა წლები! საქართველოდან 24 წლის წამოვედი, დედა ახალგაზრდა გოგო დავტოვე, ახლა კი ჩემი პატარა დებიდან ერთ-ერთი უკვე ბებია გახდა... მეზობლები, რომლებიც გვეფერებოდნენ, ცოცხლები აღარ არიან, ახალდაბადებულები ვერ გვცნობენ... მარტო წარმატება ხომ არ არის ცხოვრება?! ყველას გვენატრება ჩვენი ქვეყანა, გვინდა საქართველოში ვიმუშაოთ, მაგრამ ამის საშუალება არ გვეძლევა...

ჩვენ დაკარგული თაობა გვქვია და ეს ძალიან ცუდია! საშინელ დროში მოგვიხდა ცხოვრება... ახალ თაობას კი, როგორც ვხედავ, ხელოვნება, მოდა ნაკლებად აინტერესებთ. ხელოვნებამ ღირებულება დაკარგა. ჩვენს დროს სულ გამოფენებს ვაწყობდით, ფილმებს ვიღებდით, სიცოცხლე ჩქეფდა... მერე თითქოს ყველაფერი შეწყდა. როგორ გინდა უცხოეთიდან ასეთ საქართველოში დაბრუნდე?..

რაც გადამხდა, ეს რომ მოვყვე, ფილმი გამოვა... აქ დრამაც არის, სიყვარულიც, ტანჯვაც. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები და სხვებსაც ვურჩევ, არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლონ!..

ვაკვირდები და, საქართველოში ხალხი შრომას არ არის შეჩვეული. დედებს საზღვარგარეთ გაუშვებენ და მთელი ოჯახი, სანათესავო, ლამის 50 ადამიანი ერთ ქალს შეჰყურებს ხელებში... არ შეიძლება ყველაფერზე მთავრობას საყვედურობდე. მე მაგალითად სულ არ ვიცი, ვინ არიან მთავრობის წევრები... თურქეთში სადაცაა მოქალაქეობას მივიღებ, ჩემს ოჯახს საქართველოში აქედან ვეხმარები და კარიერაზეც ვზრუნავ. არავის იმედი არ მაქვს, საკუთარის გარდა. სანამ ადამიანი ამ დასკვნამდე არ მიხვალ, საქმეს ვერ აიწყობ. სულ ვიღაცის იმედად ყოფნა გვიყვარს და ვითხოვთ, ხელი აუცილებლად სხვამ შეგვიწყოს. მოდი, სცადე, თავად გააკეთე და იქნებ უკეთესად შეძლო ცხოვრების მოწყობა?!

img-6709-copy-1696239530.jpg

- საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

- მსურს საქართველოში ჩვენება მოვაწყო. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს... საქართველოს გარეშე ქართველი როგორ უნდა იყო, ვერც წარმომიდგენია! პატრიოტი ვარ და ქართულ სიმღერას რომ ვუსმენ, თვალზე სულ ცრემლი მადგება. ეს თქვენ გითხარით, რაც მტკივა, თორემ თურქეთში ჩემს სამშობლოსა და ქართველებზე ყოველთვის კარგს ვამბობ...

თორნიკე ძავაშვილი:

- გიორგისგან განსხვავებით, მე რთული გზა არ გამივლია, რადგან გიორგიმ მომიწვია და უკვე გაკვალულ გზაზე გავიარე... მე თბილისში დავიბადე... როცა წამოვიზარდე, ოჯახში გარკვეული ფინანსური პრობლემები შეიქმნა, მშობლებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და დაშორდნენ. სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა, მეც ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ვსწავლობდი, რესტორანში რვა წლის მანძილზე მიმტანად ვმუშაობდი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი. ოპერაცია გამიკეთეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ სახლში წოლა მომიხდა... უმოქმედო ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი, ოჯახს კი დახმარება სჭირდებოდა... დედა საუკეთესო მქსოველია, ცნობილ დიზაინერებთან მუშაობს. რომ ვხედავდი, რა საოცარ ნამუშევრებს ქმნიდა, მეც დავინტერესდი, ძალიან მოვინდომე და ერთ ღამეში ქსოვა ჩემით ვისწავლე. დედას კი ვთხოვე, ესწავლებინა, მაგრამ მითხრა, - უყურე და დაიმახსოვრე, მეტი დრო არ მაქვს, რომ აგიხსნაო... შემდეგ ინტერნეტით მოვიძიე ვიდეოები და მივყევი. ბავშვობიდან ვხატავდი, კერვაც მეხერხებოდა და ქსოვაც ვისწავლე...

img-1263-copy-1696239519.jpg

- "მისტერ ვალენტინის" გამარჯვებული ხართ...

- დიახ, კონკურსზე 2017 წელს გავედი და გავიმარჯვე... დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ მე ამირჩიეს. ორი წლის შემდეგ ჩემი გვერდი გავხსენი და მუშაობა პირად შეკვეთებზე დავიწყე. ბევრი დამკვეთი მყავდა, მათ შორის საქართველოს შოუბიზნესის წარმომადგენლები. უამრავი შეკვეთა იყო ქართველი ემიგრანტებისგან...

- როგორ გახსენდებათ გიორგისთან თანამშრომლობის დაწყება?

- გიორგი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი და დავმეგობრდით. შემომთავაზა, თურქეთში გადავსულიყავი. თავიდან თავს ვიკავებდი, მაგრამ უკვე წლებია, ერთად ვმუშაობთ... არ ვიმჩნევდი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, ფირმაში მუშაობა სხვა პასუხისმგებლობაა. ისეთი რამ უნდა შექმნა, არ დაიწუნონ. სულ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო, ხარისხი არ გააუარესო. ცალკე საუბრის თემაა ურთიერთობები... გიორგი ცოტა არ იყოს, მკაცრი მასწავლებელია, მაგრამ საჭირო გახლდათ ეს სიმკაცრე. მახსოვს, პირველად ხელნაკეთი, ატლასის უზარმაზარი ვარდი შევქმენი, რომელიც დღესაც ამშვენებს ერთ-ერთ კაბას... ოთხი წლის წინ გავაკეთეთ და წელს იმდენად მოდაში შემოვიდა, თითქმის ყველა კაბაზე აქვთ ვარდი... შემდეგ ამ ყველაფერმა გამიტაცა, დამაინტერესა და ხელი ბევრ რამეს მოვკიდე. გიორგის დაჟინებული თხოვნით, ყაისნაღით ქსოვაც ერთ ღამეში ვისწავლე...

ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა ხათუნა ხუნდაძე, რომელიც ჩვენი მეგობარია და თავადაც დიზაინის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. როდესაც ჩვენი შექმნილი კაბები ნახა, იმდენად აღფრთოვანდა, თქვა, - ეს კაბები კი არა, ქანდაკებებიაო... ჩვენი ნამუშევრების მიმართ სულ ასეთ შეფასებებს ვისმენთ, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა!

მანანა გაბრიჭიძე