"მითხრეს, რომ სიცოცხლის 48 საათიღა დამრჩა" - გზაპრესი

"მითხრეს, რომ სიცოცხლის 48 საათიღა დამრჩა"

ამანდა კრიელი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. ის თავის ქვეყანაში სილამაზისა და სამოდელო კონკურსებს ხელმძღვანელობს. რამდენიმე წლის წინ, ქალბატონ ამანდას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ისეთ რთულ სიტუაციაში იყო, რომ ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა... დღეს ამანდა კრიელი ცდილობს, ცხოვრების ჩვეულ, აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ახლახან საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსში "მის პლანეტა" სწორედ სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი - შენონ გრეის ტომასი გახდა. თავად შევესწარი, თუ როგორ შრომობდნენ ამანდა და შენონი, რომ კონკურსზე თავიანთი ქვეყანა ესახელებინათ...

ამანდა კრიელი:

- სამხრეთ აფრიკაში დავიბადე და გავიზარდე. ქალაქ პრეტორიაში ვცხოვრობ. როცა 16 წლის ვიყავი, თავადაც ვმოდელობდი. ეს 36 წლის წინ იყო (იღიმის)... მაშინ იტალიაში, სამოდელო კონტრაქტით მიმიწვიეს, მაგრამ დედამ არ გამიშვა, - ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარო. თან, მაშინ სხვა დრო იყო... შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში, 16 წლისამ სამოდელო სკოლა თავად დავაარსე: მაშინ აღარ ვმოდელობდი, მოდელობას სხვებს ვასწავლიდი... უკვე 30 წლის ვიყავი, როცა ლოს-ანჯელესში, სილამაზისა და სამოდელო კონკურსი ტარდებოდა. ჩემს მოდელებს კონკურსზე მარტო გამგზავრება არ სურდათ. ამიტომ მათ ამერიკაში თავადაც წავყევი. მაშინ უკვე გათხოვილი გახლდით. ამიტომ კონკურსზე - World Chempionships of Performing Arts - "მისის" კატეგორიაში ვმონაწილეობდი. ეს 2012 წელს იყო. ერთი ოქროს გვირგვინი მივიღე "საღამოს კაბის" ნომინაციაში, ხოლო 2 - ვერცხლის ("საცურაო კოსტიუმის" და "ყოველდღიური სამოსისთვის").

- ამჟამად რამდენ კონკურსს ხელმძღვანელობთ?

- 42 კონკურსის ლიცენზია მაქვს.

- ალბათ ბევრს მოგზაურობთ, არა?

- წინათ უფრო ხშირად ვმოგზაურობდი, მაგრამ 2016 ავად გავხდი: ალბანეთში, Miss Globe-ის კონკურსზე გახლდით. ეს კონკურსი დაახლოებით 4 კვირას გრძელდება: ბევრს ვმოგზაურობთ, 1 ადგილიდან მეორეში დავდივართ... ალბანეთში ყოფნისას, როცა ავტობუსიდან ჩამოვდიოდი, ფეხი ვიტკინე, თუმცა ძალიან - არა... შემდეგ იტალიაში უნდა წავსულიყავით. დაშავებულ ფეხს ყურადღება არ მივაქციე - ვიფიქრე, აბაზანას მივიღებდი, ჭრილობას გავისუფთავებდი და სანიტაიზერს დავიკრავდი. ასეც მოვიქეცი... მოკლედ, როცა სამხრეთ აფრიკაში დავბრუნდი, სიცხემ ამიწია. თავდაპირველად, ამის მიზეზი დაღლილობა მეგონა, რადგან ძალიან დიდ, ხანგრძლივ კონკურსზე გახლდით, მაგრამ დროთა განმავლობაში სიტუაცია მიუარესდებოდა - სიცხე უფრო და უფრო მაღლა მიწევდა. იძულებული გავხდი, საავადმყოფოში მივსულიყავი... გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მითხრეს, რომ სიცოცხლის 48 საათიღა დამრჩა. ჩემი ქმარი შოკში იყო!.. ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რა ვირუსით ვიყავი დაინფიცირებული, ვერაფერი გაარკვიეს... გადასხმები, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა დამჭირდა... 7 სპეციალისტი იკვლევდა, რა მჭირდა. სამხრეთ აფრიკაში ამ ვირუსის შესახებ არაფერი იცოდნენ... საავადმყოფოში ყოფნისას, ჩემი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა, სხეულის ტემპერატურა არ იკლებდა... მეუღლეს ვუთხარი, რომ როგორღაც, საავადმყოფოდან უნდა გამეღწია, რადგან ვხვდებოდი - იქ თუ დავრჩებოდი, მოვკვდებოდი... საავადმყოფოდან თავი გავითავისუფლე, სახლში წავედი და ვთქვი, - მოვკვდები თუ არა, ეს ღმერთმა გადაწყვეტოს-მეთქი... დედაჩემს ერთ-ერთმა სტილისტმა უთხრა, რომ აფრიკაში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ამერიკული ე.წ. SCIO აპარატი ჰქონდა. მასთან წავედით. საბოლოო ჯამში, რაც მედიცინის შვიდმა სპეციალისტმა ვერ გაარკვია, კომპიუტერმა უცებ დაადგინა: თურმე, წყლისგან დავვირუსდი. ფეხის დაშავების შემდეგ, როცა ვიბანავე, წყალი სუფთა არ ყოფილა და ჭრილობაში ინფექცია შეჭრილა... საკუთარი თავი ვაიძულე, ეტლიდან წამოვმდგარიყავი. ფაქტობრივად, სიარული ხელახლა ვისწავლე... ბევრი სიარული დღესაც არ შემიძლია... როცა საავადმყოფოში მივედი, ექიმმა გაოცებულმა შესძახა: - ო, შენ ისევ ცოცხალი ხარო (იცინის)?!.

amanda-18-wlis-copy-1696239910.jpg

დღეს ვცდილობ, კვლავ ყველაფერში აქტიურად ჩართული ვიყო. სამხრეთ აფრიკაში საკუთარი კონკურსიც დავაარსე, რომელსაც ეკა მგალობლიშვილიც ესწრებოდა. კოვიდ პანდემიის გამო, კონკურსი ზანზიბარში ჩავატარეთ - კუნძულია და უფრო მეტად უსაფრთხოა... მაქსიმუმ, წელიწადში 2-ჯერ ვმოგზაურობ. არადა, ავადმყოფობამდე ყოველ 2 კვირაში ერთხელ ვმოგზაურობდი. აეროპორტებში ბევრი სიარული, ფრენები არ შემიძლია. ვირუსის შემდეგ, სახსრების პრობლემა მაქვს, ჩემი კუნთები დასუსტებულია... ჩემს კონკურსზე, სამხრეთ აფრიკაში შშმ ბავშვთა სკოლას უფასოდ ვეპატიჟები ხოლმე: მათი ნაციონალური სამოსის, საღამოს ჩაცმულობის და კონკურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავად ვაფინანსებ. ძალიან მადლიერები და ბედნიერები არიან. "დედა ამანდას" მეძახიან (იღიმის)...

- სამხრეთ აფრიკაში უცხოელ კონკურსანტებს რითი აოცებთ, რას აჩვენებთ ხოლმე?

- ყველას აეროპორტში ვხვდები, შემდეგ კი - City Cultural Village-ში მივდივართ - ეს მთელი აფრიკული თავგადასავალია (იღიმის)!.. სტუმრებს ჩვენს ტრადიციებს ვაცნობთ, ღამით ტრადიციულ, აფრიკულ სახლებში სძინავთ... მერე პატარები ატრაქციონებზე, ბავშვთა გასართობ ცენტრებში მიგვყავს... მომდევნო ეტაპი უკვე ექსკურსიაა: ლომების პარკში მივდივართ. სტუმრები ჯერ ბოკვრებთან მიგვყავს, რომ ეთამაშონ, მოეფერონ... ლომის ბოკვრები საშიშროებას არ წარმოადგენენ. ისინი ვოლიერებშიც არ არიან. არ იკბინებიან, რადგან პატარები არიან... შემდეგ სტუმრებს ზრდასრულ ლომებს ვაჩვენებ. ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომებს ვიცავთ: ავტომობილში ვსხდებით და მათ ისე ვათვალიერებთ... მაიმუნების განყოფილებაში, თავისუფალ სივრცეში, ადამიანებს შეგვიძლია მაიმუნებს მოვეფეროთ, ვაჭამოთ... სტუმრებს სპილოების განყოფილებასაც ვათვალიერებინებთ...

- ამანდა, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...

- მყავს მეუღლე და 1 ქალიშვილი. მეუღლე სამხედრო სამსახურში იყო, თუმცა ახლა ჩემს საქმეებში მეხმარება. ჩემი შვილი 31 წლის არის, რომელიც სეზონურად, აშშ-ში, კრუიზში სტიუარდესად მუშაობს. ამჟამად სახლშია, სამხრეთ აფრიკაში, რადგან აშშ-ში ქარიშხლების სეზონია. ეგზოტიკურ, ულამაზეს ადგილებში მოგზაურობა ხშირად უწევს, მთელ მსოფლიოს ათვალიერებს... ერთმანეთს ყოველდღე ვეკონტაქტებით. თუ მეგობარ ბიჭს გაიჩენს, პირველი ადამიანი ვიქნები, ვისაც ამის შესახებ ეტყვის (იღიმის). წინათ ფიტნესმოდელი გახლდათ, კონკურსებშიც მონაწილეობდა (არნოლდ შვარცენეგერი სამხრეთ აფრიკაში კონკურსს ატარებს ხოლმე)... ასევე, მყავს 7 ძაღლი: ზაიდი, ზოდი, ზაინი, ზოუი, პუმა, ტეკილა და შარლეტი. ისინი სულ თან დამყვებიან. მათ გარეშე შხაპის მიღებასაც ვერ ვახერხებ - სააბაზანოშიც მომყვებიან (იცინის). ასევე, ქუჩიდან აყვანილ და ჩემი გარდაცვლილი ძმის ძაღლებსაც ვუვლი. ისინი ჩვენი სახლის ეზოში არიან. ეზოს ჭიშკარი აქვს და ქუჩაში ვერ გავლენ. ჩემი ძმა 2016 წელს, მოტოციკლით ავარიისას დაიღუპა... ეკა მგალობლიშვილი მეკითხება ხოლმე, - სამხრეთ აფრიკაში რა გინდაო?! ეს უსაფრთხო ქვეყანა არ არის, მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ: ლამაზი ბუნებაა, ჩვენი სახლი და ეზოც კარგად დაცულია. თან, ჩემი ოთხფეხა მეგობრები იქ თავს კარგად გრძნობენ - ბინაში ვერ ვიცხოვრებთ...

amanda-virusis-dros-copy-1696239895.jpg

- საქართველოში მერამდენედ იმყოფებით?

- საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ (იღიმის). პირველად რომ ჩამოვედი, მაშინ საშუალება არ მომეცა, აქაურობა დამეთვალიერებინა. მეორედ უკვე ბათუმში გახლდით. ძალიან მომეწონა - საზღვაო კურორტზე განსხვავებული ატმოსფერო იყო... მერე კახეთს ვესტუმრე, სადაც ღვინო პირველად დავაგემოვნე და შევიტყვე, რომ საქართველო ღვინით ცნობილი ქვეყანა ყოფილა...

- "მის პლანეტასთან" დაკავშირებით რას გვეტყვით - ელოდით, რომ წელს თქვენი ქვეყნის წარმომადგენელი გაიმარჯვებდა?

- სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი - შენონ გრეისი მშვენიერი გოგონა გახლავთ. ლამაზი ფიგურა აქვს. მისი სიმაღლე 185 სმ-ია. მიმაჩნდა, რომ გამარჯვების შანსი ჰქონდა. შენონი ქერააა. წინათ, ამ კონკურსში სულ შავგვრემანი გოგონები იმარჯვებდნენ. ვფიქრობდი, - იქნებ, ახლა ქერას დროა-მეთქი (იღიმის)?.. 10 წლის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი "მის პლანეტა" პირველად გახდა! წელს ოქროს გვირგვინი მივიღეთ, რაც ძალიან მახარებს. გამარჯვების იმედი შენონსაც ჰქონდა, თუმცა - შედეგმა მაინც გააკვირვა და ძალიან გაახარა...

ეთო ყორღანაშვილი