"ურთიერთობები ან გვაშენებს, ან გვანგრევს, არჩევანი ჩვენზეა - რა გვემეტება საკუთარი თავისთვის" - გზაპრესი

"ურთიერთობები ან გვაშენებს, ან გვანგრევს, არჩევანი ჩვენზეა - რა გვემეტება საკუთარი თავისთვის"

ია კარგარეთელი ბევრი ქართველისთვის საყვარელი მწერალია. მას ინტერნეტსივრცეშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომელსაც თავის მოსაზრებებს უზიარებს და საინტერესო რჩევებს აძლევს. დღეს ია კარგარეთელი ჩვენი ჟურნალის მკითხველს მრავალ საინტერესო თემაზე ესაუბრება:

- მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე, ოჯახზე...

- ძალიან ცნობისმოყვარე და მეოცნებე ბავშვი ვიყავი. მდიდარი წარმოსახვითი სამყარო მეხმარებოდა, რომ ცხოვრება ჯადოსნური თავგადასავალი ყოფილიყო ჩემთვის. წიგნების კითხვა დედამ შემაყვარა, წერას რაც შეეხება, პირველი მოთხრობა 11-12 წლისამ დავწერე, მას შემდეგ კალამი და ფურცელი ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება გახდა. უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა საინტერესო ისტორიების მოგონება, რადგან პერსონაჟებთან ერთად მეც ვმოგზაურობდი. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მშობლებთან, დასთან და ჩემს უსაყვარლეს ძაღლთან ერთად ვცხოვრობ. ჩემთვის ოჯახი პატარა სამოთხეა დედამიწაზე. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა იმედიც ყოველთვის მაქვს.

- ია კარგარეთელი ზოგს თქვენი ფსევდონიმი ჰგონია, მართლა ასეა?

- არა, ეს ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია, ფსევდონიმი არ არის.

- როგორ იქმნება თქვენი სტატუსები, ჩანახატები და ვრცელი ნაწარმოებები: ერთბაშად, შთაგონების კარნახით თუ დიდი ფიქრის და შრომის შედეგად?

- მე ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთაც თავიანთი გრძნობების სიტყვიერად სხვებისთვის გაზიარება ნაკლებად უყვართ, ზუსტად ამიტომ, ჩემს განცდებს, ფიქრებსა და ემოციებს წერილობით უფრო თავისუფლად და მარტივად გამოვხატავ. წიგნის წერის პროცესი ჩემთვის ერთგვარი რიტუალია, ამიტომ ძირითადად ღამით ვწერ; ვცდილობ მოვწყდე რეალობას, ჩემს წარმოსახვით სამყაროში ჩავიკარგო და ვიწყებ წერას. თავზე ხშირად დამთენებია, რადგან წერის დროს წუთები შეუმჩნევლად გადის, იმდენად ხარ ჩართული შემოქმედებით პროცესში, რომ საათს აღარც უყურებ. ზოგჯერ სიუჟეტზე წინასწარ არც ვფიქრობ, უბრალოდ ვიღებ კალამს, რვეულს და პერსონაჟები თავიანთი ისტორიის შექმნას თავადვე იწყებენ; ზოგჯერ კი პირიქით - შეიძლება ერთი კვირა ვფიქრობდე ახალ ნაწარმოებზე, უკვე ზუსტად ვიცოდე, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი პერსონაჟები გამოჩნდებიან და შემდეგ დავიწყო წერა. მოკლედ, წიგნის წერის პროცესი სხვა სამყაროში მოგზაურობაა, რომელიც გეხმარება უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და სამყაროც, რომელშიც არსებობ. ყოველი ნაწარმოები, იქნება ეს რომანი თუ პატარა მოთხრობა, ჩემი სულის ნაწილია, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად აგრძელებს თავისი გზით სიარულს. ჩანახატებისა და სტატუსების წერას რაც შეეხება, აქ მთავარია ემოციები და ის სათქმელი, რომლის გაზიარებაც სხვებისთვის მინდა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნაწერით ადამიანები გავამხნევო, გავამხიარულო, იმედი და სიხარული ვაჩუქო, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს დადებითი ემოციები ყველაზე მეტად გვჭირდება...

- როდის გადაწყვიტეთ საკუთარი ბლოგი შეგექმნათ და თქვენი მოსაზრებები ყველასათვის გაგეზიარებინათ?

- ჩემი ოფიციალური გვერდი რომ შევქმენი, მაშინ 24 წლის ვიყავი. მეგობრები და ნაცნობები, ვინც კითხულობდნენ ჩემს ნაწერებს, ხშირად მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩემს შემოქმედებას საზოგადოებასაც გავაცნობდი. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან ამაზე სერიოზულად არც ვფიქრობდი, უბრალოდ ერთ დღესაც, როდესაც ჩემი ქვეყნიდან და საყვარელი ხალხისგან ძალიან შორს ვიყავი და საშინელი ნოსტალგია მქონდა, გადავწყვიტე, ემოციები და გრძნობები სხვებისთვისაც გამეზიარებინა. პერიოდულად ვაქვეყნებდი ჩანახატებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. სოციალური ქსელების მეშვეობით უამრავი საოცარი ადამიანი გავიცანი. ჩემი მეორე წიგნი - „ყვავილი“ სწორედ ჩემი ჩანახატების და სტატუსების კრებულია, რომელიც ერთგული მკითხველების ინიციატივით გამოიცა. ყოველდღე უზომოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ასობით ადამიანი სიყვარულითა და სითბოთი სავსე შეტყობინებებს მიგზავნის, საკუთარ ცხოვრებაზე მიყვება და ემოციებს მიზიარებს, ეს მე სიცოცხლეს მიფერადებს და ჩემთვის ფასდაუდებელია.

iaaaa-copy-1696841846.jpg

- თქვენს ვიდეოებში, ყველაზე ხშირად, ურთიერთობებზე ლაპარაკობთ და მსმენელს უაღრესად საინტერესო რჩევებს აძლევთ, ეს ცოდნა სხვების გამოცდილების გათვალისწინებით დააგროვეთ?

- იუთუბ-არხის შექმნა ჩემთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. ძალიან მინდოდა ვიდეოების საშუალებით ცხოვრებისეულ და საინტერესო თემებზე მესაუბრა, გამომწერებისთვის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, შეხედულებები გამეზიარებინა, მესაუბრა წიგნებზე, ლიტერატურაზე. მიხარია, რომ ახლა ჩემი გამომწერებიც მიზიარებენ თავიანთ შეხედულებებსა და გამოცდილებას. მიმაჩნია, რომ ასე ადამიანები ერთმანეთთან უფრო თავისუფლად ვურთიერთობთ.

- როგორ ფიქრობთ, ჭკვიანები მართლა სხვების შეცდომებზე სწავლობენ თუ ადამიანმა ცხოვრებაში შეცდომები აუცილებლად უნდა დაუშვას?

- ამ შეკითხვაზე ალბათ ყველას განსხვავებული პასუხი აქვს. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც სხვისი მაგალითით ცხოვრობს და სხვის შეცდომებს მუდამ ითვალისწინებს. ადამიანები ერთმანეთს დასცინიან და განიკითხავენ შეცდომების გამო, სხვის მარცხს როგორც გაკვეთილს, თითქმის არასოდეს ვუყურებთ. ჩვენ ყველას მოგვდის მარცხი ცხოვრების გზაზე და ეს ბუნებრივია, სწორედ ეს შეცდომები გვეხმარება საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად ქცევაში. სხვისი შეცდომა შეიძლება კარგი გაკვეთილი იყოს ჩვენთვის, მაგრამ რეალურად ჩვენზე მოქმედებს ის, რაც ჩვენს გულს შეეხო, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა, ამიტომ საკუთარ შეცდომებზე უფრო მეტ რამეს ვსწავლობთ. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ეს ხდება მაშინ, თუ შეგვწევს უნარი, საკუთარი შეცდომა დავინახოთ და გავაცნობიეროთ. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ყველაფერში მართლები ვართ, უშეცდომოდ ვცხოვრობთ და სწორად ვიქცევით, ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად არაფერიც არ იცვლება.

- მოგვიყევით თქვენს გრძნობებზე, სიყვარულზე... როგორი გრძნობაა ეს და რამდენჯერ შეიძლება უყვარდეს ადამიანს?

- სიყვარული? ამ გრძნობას ყველა თავისებურად აღიქვამს და გამოხატავს. ჩემი სუბიექტური აზრით, სიყვარული ადამიანს სხვის მიღებას, მოსმენას და სხვაზე უანგაროდ ზრუნვას ასწავლის, ეს საუკეთესო საშუალებაა გაიმარჯვო შენს ეგოიზმზე და სულიერი ზრდის ახალ ეტაპზე გადახვიდე. ჩემთვის სიყვარული ემოციების მოზღვავება არ არის, ეს ემოციებზე და „მუცელში აშლილ პეპლებზე“ ბევრად აღმატებული რამაა, ამიტომ შეკითხვაზე: „რამდენჯერ შეიძლება ადამიანს სიყვარული ეწვიოს“? პასუხი არ მაქვს, ამას ყველა თავად ირჩევს. საერთოდ, ურთიერთობები საკმაოდ რთული რამაა... ძვირფასი ადამიანების გამო ხშირად წავსულვარ კომპრომისზე და ეს არასოდეს მინანია, რადგან მათაც გაუკეთებიათ იგივე ჩემთვის. ჩვენ ყველანი განსხვავებულ გარემოში ვიზრდებით, განსხვავებული შეხედულებები და პრინციპები გვაქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვკამათობთ, ვერ ვუგებთ ერთმანეთს და ზუსტად ამ დროს გვჭირდება ერთმანეთის მიმართ მეტი გულისხმიერებისა და მოთმინების გამოჩენა, მაგრამ აქაც ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, არის ის, რომ დავთმო საკუთარი მეობა, უარი ვთქვა ჩემს პიროვნებაზე, ცხოვრების სტილზე და საყვარელ საქმეზე სხვა ადამიანის გამო.

- მაინც, რა არის ორი ადამიანის ურთიერთობაში მთავარი?

- მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობაში ადამიანის მიღება არის უმთავრესი რამ. უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და მის გადაკეთებას არ უნდა ეცადო. თუ შევამჩნიე, რომ ადამიანი ცდილობს, თავისი შეხედულებები თავს მომახვიოს და ჩემი ცხოვრება მართოს, ჩემთვის ის სრულიად უცხო ხდება. საკუთარი თავის ღალატი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელსაც კარგი შედეგი არასდროს მოაქვს... ვფიქრობ, ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება იმ ურთიერთობაში, სადაც მისი პიროვნება უარყოფილია, სადაც არ შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც არის. ხშირად ამბობენ: ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, მაგრამ ურთიერთობებში ასე არ არის. რაც უფრო დიდხანს რჩება ადამიანი იქ, სადაც უბედურია, მით მეტად აზიანებს საკუთარ თავს, კარგავს სიცოცხლის ხალისს, ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდეს, ინტერესს ცხოვრების მიმართ და ასევე სიყვარულსაც საკუთარი თავის მიმართ. ურთიერთობები ან გვაშენებს, ან გვანგრევს, არჩევანი ჩვენზეა, რა გვემეტება ჩვენი თავისთვის...

ia-karg-copy-1696841833.jpg

- დაბოლოს: როგორია თქვენი "წარმატების ფორმულა", ანუ რა სჭირდება ადამიანს წარმატებისთვის?

- ჩემი "წარმატების ფორმულა" ძალიან მარტივია - უბრალოდ, უნდა აკეთო ის, რის გარეშეც შენი ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ყველას თავისი მოწოდება აქვს და ადამიანის უმთავრესი ამოცანაა, იპოვოს თავისი მოწოდება - სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს და ლამაზს ხდის. როდესაც აკეთებ საქმეს, რაც გსიამოვნებს და რისი ნიჭიც გაქვს, ეს ყოველთვის მოგიტანს წარმატებას. ცუდია, რომ ხშირად საკუთარი თავის გარდა ყველას ვუსმენთ, არადა, მხოლოდ ჩვენი გულის მოსმენით შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი გზა და მოწოდება. ადამიანი, რომელიც იძულებით აკეთებს რამეს, მუშაობს ისეთ რაღაცაზე, რაც მას სიხარულს და სიამოვნებას არ ჰგვრის, წარმატებას ძნელად მიაღწევს... უფრო მეტიც, ფსიქიკას დაიზიანებს, რადგან ამ დროს ნეგატიური ემოციები და სტრესი უფრო მეტია, ვიდრე ბედნიერებისა და სიხარულის განცდა. საქმეს რა გულითაც ვაკეთებთ, ზუსტად ისეთი იქნება შედეგი. სინამდვილეში, წარმატება სულაც არ არის ჯადოსნური და უცნაური რამ, ეს უბრალოდ, შედეგია შენი პიროვნული ზრდისა და განვითარების, ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს: ყოველთვის იქნებიან ისინი, ვისაც მოვეწონებით და ისინიც, ვინც ყველაფერს დაგვიწუნებს - ეს ბუნებრივია, ამიტომ ამაზე ბევრი ფიქრი და ნერვიულობა არ ღირს. მთავარია, შენი საქმე სულითა და გულით აკეთო, არ დანებდე სირთულეებისა და მარცხის შემდეგ - ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოგივა.

ხათუნა ჩიგოგიძე