როგორ წარიმართა ჯიბსონ ხუნდაძის საყვარელი მოსწავლის შემოქმედებითი გზა
მხატვარ ლულუ დადიანის შემოქმედებაში ინტუიცია მთავარ როლს თამაშობს. როგორც ამბობს, ირეალურისა და რეალურის ზღვარზე არსებული განწყობა ყოველთვის განსხვავებულად უნდა გადმოსცეს, რათა ნაუშევრები მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. ფერწერა მისთვის სასიცოცხლო წყაროა... თუმცა, ის მხოლოდ ერთ მუზას არ ემსახურება. ქალბატონი ლულუ გერმანისტი და მთარგმნელი გახლავთ. ჩვენი საუბარი მის სახელოსნოში შედგა, რომელიც წლების წინ, ჯერ კიდევ დამწყებ მხატვარს უფასოდ გადასცა მხატვართა კავშირმა.
- ხატვის გარეშე არსებობა არ შემიძლია და ეს ბავშვობიდან იწყება. წიგნის კითხვისას ნახატებს გულმოდგინედ ვათვალიერებდი და ვაკვირდებოდი, როგორ არის დახატული ცხვირი, ტუჩი, ყური... ძილის წინ სხვადასხვა ნახატს ვდებდი საწოლთან - როცა გავიღვიძებდი, პირველად მისთვის რომ შემეხედა. ხატვაში სულ ფრიადები მეწერა და ჩემი პედაგოგი დედას ეუბნებოდა, - მიაქციეთ ყურადღებაო. მაგრამ მშობლებს არ უნდოდათ, მხატვარი გავმხდარიყავი, ქალისთვის რთულ პროფესიად მიაჩნდათ და სწორია! წარმოიდგინეთ, მთელი ოჯახი ჩემს კისერზეა და კიდევ ხატვა? თუმცა, ამის გარეშე არ შემიძლია. წინასწარ არასოდეს ვიცი, რას დავხატავ; თეთრ ტილოსთან რომ მივდივარ და ვიწყებ... მერე თავისით იხატება. ეს ძალიან მაოცებს.
- ჩააბარეთ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, გერმანული ენა პედაგოგმა შეგაყვარათ?
- რა თქმა უნდა, მასწავლებელს დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა. გერმანული ენა ისე მიყვარს და ისეთი ფანტასტიკურია, რომ დღემდე გაოცებული ვარ. პოეზიის თარგმნამ კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი სიყვარული.
- თარგმნა ვინმეს რჩევით დაიწყეთ?
- საოცრება იმაშია, რომ თავად ლექსი არასოდეს დამიწერია. პირველად რა ვთარგმნე, ვერ ვიხსენებ, პროზა იყო. ვიფიქრე, მოდი, იქნებ ლექსიც ვსინჯო-მეთქი და მაინცდამაინც რილკეს არ მივადექი? რაღაც ნაწილი რომ ვთარგმნე, სიმპათიური მომეჩვენა. მერე წავუკითხე ციცი გაბესკირიას - პოეტის შვილია და პოეზიას კარგად იცნობს-მეთქი (ვიქტორ გაბესკირიას ქალიშვილი). მან მითხრა: გაგზავნე რედაქციაში და თუ მოეწონებათ, დაგიბეჭდავენო (იცინის). ასეც მოვიქეცი და დაიბეჭდა "ლიტერატურულ საქართველოში". აქედან დაიწყო ის, რომ ლექსების თარგმნა გავბედე.
- გერმანიაში პირველად ჩასვლისას, რამ მოგხიბლათ?
- ყველაფერში მაღალი დონეა, მერე როგორ უვლიან თავის ქვეყანას და რა დახვეწილი გემოვნების ხალხია. საოცარი პროფესიონალები არიან ნებისმიერ დარგში, ძალიან საინტერესო არქიტექტურა და არაჩვეულებრივი შენობები აქვთ. გერმანელები განსაკუთრებულად მექცეოდნენ, როცა რილკეს ვთარგმნიდი. ბევრი რამ მაჩვენეს, ბერლინის გარდა ვიყავი დრეზდენში, პოტსდამში... უცხოეთში ყოფნისას არ ვხატავ, მაგრამ ვენაში ინტენსიურად ვმუშაობდი. 5 წელი ვცხოვრობდი იქ მეუღლესთან, ნიკა დადიანთან ერთად. ის დიპლომატი იყო, პირველი კონსული ავსტრიაში საქართველოდან. ჩემი ქმარი სამსახურში წავიდოდა და მე თითქმის მთელი დღე ვხატავდი. რა თქმა უნდა, ბევრი მუზეუმი ვნახე, მაგრამ ახლა ვნანობ, ხშირად რატომ არ დავდიოდი ამ გასაოცარი ქალაქის ქუჩებში. მომწონდა სიმპათიური და დახვეწილი ხალხი, ულამაზესი არქიტექტურა და პლუს - გერმანული ენა.
- რილკეს "დუინური ელეგიების" თარგმნისთვის (ამ წიგნის მხატვრობაც თქვენ გეკუთვნით), ავსტრიის სახელმწიფო კანცელარიის პრემია დაიმსახურეთ. ვინ წარგადგინათ ჯილდოზე?
- საქართველოში ავსტრიის ელჩმა იაქტიურა. სამწუხაროდ იმ ქალბატონის გვარი აღარ მახსოვს. პრემია ორჯერ მივიღე: "დუინური ელეგიების" გარდა, ვთარგმნე "სონეტები ორფევსისადმი". საინტერესო ის იყო, რომ ელჩმა ქართული არ იცოდა და სხვებს ეკითხებოდა აზრს ჩემი თარგმანის შესახებ. პრემიით ნამდვილად გაოცებული ვიყავი, ამისთვის თითი თითზე არ დამიკარებია და ცხადია, არც ჩემს მეუღლეს შეუწუხებია ვინმე. სხვათა შორის, ნიკა ხუმრობდა და ეცინებოდა: ამისი ხატვა არ მეყოფოდა, ახლა ლექსების წერაც დაიწყოო. უკეთილშობილესი მეუღლე მყავდა, არაფერში მზღუდავდა.
- ფერწერის ფაკულტეტი მაინც დაამთავრეთ და ვიცი, რომ ჯიბსონ ხუნდაძე გასწავლიდათ.
- სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტი რომ გაიხსნა, იქ 5 წელი ვსწავლობდი. თავიდან ქანდაკების მიმართულებაზე ჩავაბარე და მოვხვდი, თუმცა ვესწრებოდი ფერწერის ლექციებსაც. არაჩვეულებრივმა ქალბატონმა ეკატერინე ბაღდავაძემ ჩემი ნამუშევრები ნახა და მითხრა: რა გინდა ქანდაკებაზე, ჩვენთან მოდიო და მეც გადავედი. ჯიბსონ ხუნდაძის საყვარელი მოსწავლეები ვიყავით მე და იდა ოცხელი - ჩემი მეგობარი. ბატონი ჯიბსონი გვეპატიჟებოდა სახლში, სახელოსნოში, მის ოჯახსა და მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. დღემდე დავდივარ მის სახლში. ბატონი ჯიბსონი შემოვიდოდა ლექციაზე და "ცეცხლს დაანთებდა": აბა, მოდი, შენ ეს გააკეთე, შენ - ის... რამდენი რამ გვასწავლა, საყვარელი კაცი იყო. საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში მონაწილეობა მან დაგვაწყებინა, თორემ ჩვენ ვერ გავბედავდით. ცისფერ გალერეაში ჟიური წყვეტდა, ვისი ნახატები უნდა გამოეფინათ. მივიტანე ჩემი ნამუშევრები და წარმოიდგინეთ, გრიალით გავიდა. 1973 წლიდან მოყოლებული, ყველა გამოფენაში ვმონაწილეობდი, აქ თუ საზღვარგარეთ. 20 პერსონალური გამოფენა მქონდა.
- თქვენ გყოლიათ მოსწავლეები?
- პიონერთა სასახლეში ვასწავლიდი დაახლოებით ათი წელი. ძალიან ნიჭიერი თაობა იყო. განსაკუთრებით ორს გამოვყოფ, ბესიკ დუღაშვილს და რობერტ ქარქუზაშვილს. რობერტი ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს, ხშირად მირეკავს და დღესასწაულებს მილოცავს. ბესიკი დღემდე მადლობებს მიხდის. ვეუბნები: მე რა შუაში ვარ, ღმერთმა მოგცა ეგ ნიჭი-მეთქი. რა ბედნიერებაა, როცა მადლიერების გრძნობა აქვს ადამიანს.
- სხვების გამოფენებზე დადიხართ ხოლმე?
- აუცილებლად, დიდ სიამოვნებას ვიღებ და მიხარია, როცა კარგ ნახატს ვხედავ. ქართველები ნიჭიერები არიან, ძალიან კარგი მხატვრები გვყავს. ამასთან ერთად, თან ვსწავლობ, აბა, რა! როცა რაღაცა მომწონს, ვფიქრობ და ვაკვირდები - როგორ გააკეთა, რა ტექნიკაა...
- ბოლოს როდის გქონდათ გამოფენა?
- შარშან ოქტომბერში, თბილისში მოეწყო ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც 140 ნახატი იყო წარმოდგენილი. ეს თითქმის 40 წლის მუშაობის შედეგი იყო. ძალიან ლამაზი გამოფენა გამოვიდა. სხვათა შორის, პირველად გამოვფინე სტუდენტობის დროს შექმნილი ნახატი "კარუსელი", რომელიც ჯიბსონ ხუნდაძეს ძალიან მოსწონდა.
- ასეთი დიდი გამოფენის მერე, დასვენება არ გინდათ ხოლმე?
- გამორიცხულია, ერთი სული მაქვს, როდის მივალ ტილოსთან. ფერწერა ჩემი მეორე ცხოვრებაა. ახალგაზრდობაში, ხშირად ღამის 12 საათზე დამიწყია ხატვა და დილამდე გამიგრძელებია. მოუსვენარი ვარ. ავსტრიაში როცა ვცხოვრობდი, 4 გამოფენა მქონდა. 81 წლისა ვარ და მუშაობის გარეშე ვერ ვძლებ, ეს მუხტი სულ მაქვს.
- ამჟამად რაზე მუშაობთ?
- ეს შიშველი ფიგურები სულ ახალი ნამუშევრებია (მიჩვენებს ნახატებს). იცით, რაშია საქმე? მხატვრისთვის შიშველი ფიგურის ხატვა გამოცდაა, რთულია და ვიფიქრე: მოდი, აბა, გამომივა თუ არა-მეთქი? სხვათა შორის, ზეპირად დავხატე. შარშან გამოვიდა ჩემი წიგნი "წრებრუნვა სრული ცვალებადობის...", რომელიც გერმანულენოვანი უცხოელი პოეტების თარგმანებს აერთიანებს. სათაური ამონარიდია რილკეს "დუინური ელეგიებიდან".
- თქვენი წარდგენისას, როგორ გირჩევნიათ, როცა ამბობენ მხატვარი და მთარგმნელი, თუ პირიქით?
- ჯერ მხატვარი მირჩევნია...
ნანული ზოტიკიშვილი