"უშვილობის დიაგნოზი დამისვეს, ერთ-ერთი თერაპია ხატვა იყო..."
"...ვიყენებ ლათინური ასოებით დაწერილ ქართულ, მეგრულ, სვანურ სიტყვებს... ლათინურად ყველა ევროპელი კითხულობს და როცა გეკითხებიან, ესა თუ ის სიტყვა რას ნიშნავს? ეს უკვე ამ კონკრეტული ენებს პოპულარიზაციაა... ამით მე ჩემი ერის, ჩემი ხალხის მონატრებას ვეფერები. ამავდროულად ვფიქრობ, რაღაც წვლილი შემაქვს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნების და კულტურის წარმოჩენაში..." - ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი, თვითნასწავლი მხატვარი და დიზაინერი - თეონა ტიბუა თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ გვიამბობს...
- ბავშვობა მახსენდება არა როგორც პატარა გოგონას ლაღი ყოფა, არამედ როგორც დიდის... როგორც უფროს დას, ჩემს და-ძმაზე მშობლებისგან პასუხისმგებლობა მქონდა მონდობილი. ეს გლეხის ოჯახში ბუნებრივია. როცა უფროსი ხარ, მშობლებს საქმეებშიც უნდა დაეხმარო, და-ძმას მიხედო და სკოლაშიც ბეჯითი იყო. მართალია არ მქონია ბავშვური ბავშვობა, თუმცა რასაც ვიხსენებ, სიამოვნება და სიყვარული იყო. ზრუნვა, ერთად ბრძოლა გადარჩენისთვის...
- რა პროფესიაზე ოცნებობდით?
- ოცნება მქონდა თეატრის მსახიობი გავმხდარიყავი. ასევე, ჟურნალისტობა მსურდა და საკუთარი არხის ქონა. მოგზაურობა და უცხო ერების გაცნობაც მიზიდავდა. მიყვარდა კითხვა, ცეკვა, ფეხბურთი... ფორტეპიანოზეც დავდიოდი, თუმცა დედის გულის გასახარად. არასოდეს მითამაშია ბავშვური თამაშები. ბაბუასთან მოსული მეგობრების მოსმენაც მიყვარდა და მათ მოყოლილ ამბებსაც ვიწერდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ამით მშობლებს ვახარებდი. თუმცა ვთვლიდი, რომ ბევრი საგანი ზედმეტი იყო და საერთოდ არ უნდა ესწავლებინათ. მგონი, ეს ბავშვური ფიქრი იყო.
სკოლის პერიოდი ჩემთვის მძიმე გახლდათ. დღემდე გაუკეთებელი გზის გავლა ფეხით გვიწევდა. სკოლაში თუ კარგად სწავლობდი, იყო ათვალწუნება, შური, სულ რომ უნდა ამტკიცო, იმ ხუთიანის ღირსი ხარ, რომელიც დაგიწერეს. მოგეხსენებათ, სამეგრელოში მაშინდელი აღზრდა ტრადიციის შესაბამისი იყო. გოგოს აუცილებლად ისე ზრდიდნენ, როგორც კარგ შვილს, ვიღაცის მომავალ, კარგ მეუღლეს...
გაკვეთილების შემდეგ სახლში მირბენა მიწევდა, რადგან ბებო გვყავდა ლოგინს მიჯაჭვული. ბაბუაც ავად იყო, მათ სახლის პირობებში ვუვლიდით... ცხოველების მოვლასა და სოფლის ყველა საქმიანობაში ვიყავით ჩართული. ამით ვისწავლე კონტროლი და პასუხისმგებლობის აღება, პატივისცემით მოპყრობა ყველასა და ყველაფრის მიმართ, რაც მომავალში გამომადგა, მაგრამ მაშინ მძიმე ტვირთი მეგონა.
მეცხრე კლასამდე სოფელ ჭაქვინის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი ზუგდიდის ეროვნულ, ექსპერიმენტალურ სკოლაში გადავედი. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიის არჩევის დრო დადგა, რასაც მშობლებთან შეთანხმებით ვწყვეტდით... როგორც მოგახსენეთ, მსახიობობა, ასევე ჟურნალისტობა მინდოდა. ტრადიციისამებრ დავეკითხე მშობლებს და მამამ ორივე პროფესიაზე უარი მითხრა. ამიხსნა, რომ მერე ამ პროფესიებით, როგორც ქალს, მშვიდი ცხოვრება არ მექნებოდა. მშობლებს ვერ შევეწინააღმდეგებოდი და ინგლისური ენა, ლიტერატურის განხრა ავირჩიე. ძალიან მიყვარდა ეს ენა. ჩავაბარე და დავამთავრე ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე... თუმცა ეს პროფესია დღემდე არ გამომიყენებია... პროფესიული გზა სამშობლოში არ მქონია, ქვეყანა მალევე დავტოვე. ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა გავსულიყავი საზღვრებს გარეთ და იქ მენახა გზა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც ძალიან ადამიანურია.
- ამ მიზნების მიღწევას საქართველოში ვერ შეძლებდით?
- ამ მხრივ იქ ფრთებს ვერ გავშლიდი. გარშემო მყოფი საზოგადოება სხვის ცხოვრებაში იმდენად იყო ჩარეული და იმდენად ითხოვდნენ მორჩილებას, რომ მერე თითქოს ჰაერი არ გყოფნიდა. მე ვერ შეცვლიდი იმ საზოგადოებაში არსებულ ტაბუებს და გავეცალე უსამართლობას, კორუფციას, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლების შეზღუდვას. ძალიან რთული იყო მაშინ ჩემთვის ეს ყველაფერი, რადგან შენ ოჯახის სახე იყავი და ჩარჩოებში უნდა გეცხოვრა. ვისთან იმეგობრებდი, რას ჩაიცვამდი, ვინ რას იტყოდა შენზე - ეს მნიშვნელოვანი იყო... მინდოდა რაიმე ისეთისთვის მიმეღწია, რომ ჩემი მშობლებისთვის გლეხური ცხოვრება ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა. ჩვენ ყველაფერი გვქონდა სოფელში, მაგრამ ეს იმდენი თავდაუზოგავი შრომის ფასად გვიჯდებოდა, რომ თუ ფინანსურ კეთილდღეობას მივაღწევდი, ამით მათ დაღლილ ცხოვრებას გავუადვილებდი.
შინ განვაცხადე, გერმანული ენის სწავლა რომ მინდოდა, რაშიც გვერდით დამიდგნენ. 2001 წელს ძიძის პროგრამით გერმანიაში წამოვედი და პროგრამის დასრულების შემდეგ ავსტრიაში გადმოვედი - მას მერე აქ ვცხოვრობ, ვმუშაობ.
- რა არის დღეს თქვენი ძირითადი სამსახური?
- ვმუშაობ ავსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში, რომელიც 100 წლისაა და სამშენებლო მასალების მაღაზიების ქსელს მოიცავს... ჩვენი კომპანიის ორ ფილიალში არსებულ ფინანსურ და მომხმარებლის მომსახურების ყველა საკითხს ისე ვმართავ, რომ ამ სფეროში შესაბამისი განათლება არც გერმანულად და არც ქართულად არ მიმიღია. აქ რომ მივედი, ძალიან მცირე მონაკვეთში ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება დავიწყე. დაახლოებით ხუთ თვეში ჩემმა უფროსმა დამიბარა. ჯერ მეგონა, რაღაც შემეშალა, თათბირზე რატომ მიბარებს-მეთქი? მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, საწყობიდან ოფისში გადანაცვლება შემომთავაზა, სადაც მთელი ჩვენი ფილიალების ფინანსურ სისწორეზე უნდა მეზრუნა.
ჩემი პასუხი უარი იყო, რადგან პასუხისმგებლობის შემეშინდა. მან კი ასე მითხრა: თეო, მე არ ვიცი ერთი მიზეზიც კი, რომელიც მაფიქრებინებს, რომ შენ ამ თანამდებობას თავს ვერ გაართმევ"... მამისტოლა კაცია და ჩემთვის მისი ეს სიტყვები ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ჰოდა, გავბედე. ორი თვე გამიჭირდა, რადგან ამ დროში მომიხდა იმ ყველაფრის ათვისება, რასაც ჩემი კოლეგები წლებია სწავლობენ. თუმცა პრაქტიკითა და კოლეგების დახმარებით ეს საქმეც ავითვისე. ორი ფილიალი მაბარია, ეს არის ჩემი ოფიციალური სამსახური.
სანამ ავსტრიაში მუშაობისა და ცხოვრების უფლებას მოვიპოვებდი, ცხრა წელი გავიდა. ამიტომ იმ პერიოდში მიწევდა ოჯახებში მუშაობა დამლაგებლად, გაზეთებს ვარიგებდი, მოხუც ბებოებს ვეხმარებოდი. მიმუშავია ქალაქისთვის, როგორც მოხალისეს და ვასუფთავებდი... აქ შრომობ და წარმატებაც გაქვს, შედეგს იღებ და შეგიძლია ბედნიერი იყო ამით. ოჯახსაც დაეხმარები, დახმარების საჭიროებაში მყოფ სხვა ადამიანებსაც - ცოდნით, გამოცდილებით თუ მატერიალურად...
დღეს ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს... ჩემი ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურის შემდეგ ცოტა დრო მრჩება და ამ მონაკვეთში ვხატავ, ვმუშაობ დიზაინის სფეროში. ეს ყველაფერი ერთად ძალიან შრომატევადია. მყავს ძაღლიც, რომელსაც ჩემი დრო ისე ეთმობა, როგორც ოჯახის წევრს.
- მხატვრობამ როგორ გაგიტაცათ?
- მხატვრობის ნიჭი თუ მქონდა, არც ვიცოდი... 2007 წელს ქალაქ ინსბრუკის საავადმყოფოში მოვხვდი. დიაგნოზი დამისვეს, რომ შვილი არ მეყოლებოდა, რის გამოც ძალიან დავდარდიანდი. ეგონათ, ამ უიმედობას ვერ გადავლახავდი და სხვადასხვა თერაპია დამინიშნეს, მათ შორის იყო ხატვითი თერაპია... პირველ დღეს, როცა თერაპიის ოთახში შევედით, მახსოვს, იქაურობა იმდენად ფერადი იყო, რომ ამ მრავალფეროვნების შემეშინდა და გარეთ გამოვვარდი. იმ დღემდე ჩემი ცხოვრება ძალიან მუქი იყო და ალბათ ამიტომაც... მერე დავჯექი კლინიკის ეზოში და საკუთარ თავს ვუთხარი: დღემდე მთელი ოჯახის, თითქმის ყველას იმედი ხარ, დღეს კი საკუთარი თავის იმედიც უნდა გახდე... არავითარი შიში, შედი ფერებთან, რაღაც აქვთ ამ ფერებს სათქმელი, შენც ბევრი სათქმელი გაქვს და მიდი-მეთქი... ასე ვესაუბრე ჩემს თავს და მერე შევედი თერაპიის ოთახში, ხელში ფუნჯი ავიღე და მას მერე სულ ვხატავ...
სამი პერსონალური გამოფენა მქონდა ინსბრუკში. ასევე ვენაში, ქართული სათვისტომოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ორმა ნახატმა, ეს იყო ქართველი და უკრაინელი ქალების.
სამჯერ მივიღე მონაწილეობა ინსბრუკის ხელოვნების გამოფენა-ბაზრობაზე, ასევე ვმონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენებში. მნახველები ამბობენ, რომ მაქვს ჩემი ხელწერა, რომელიც არავისას ჰგავს. მე თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ძირითადად ქალებს ვხატავ გამომდინარე იქიდან, რომ ქალთა უფლებები და პრობლემები ის თემაა, რომელიც მე ბავშვობიდან მაწუხებს.
ავსტრიელ მხატვარს, რომელსაც საკუთარი სამხატვრო სკოლა ჰქონდა გახსნილი, ვკითხე, - რა შემეცვალა, რა რჩევას მომცემდა?.. მიპასუხა: მე პასუხი არა გულის სიღრმეში, არამედ სულის სიღრმეში ვიციო... ბატონმა აქსელ პიურინგამ ამიხსნა, - შენ როგორც კი რამე კურსის გაკეთებას დაიწყებ, შენს თავს, შენს ხელწერას დაკარგავ. რასაც აკეთებ, ეს შენ ხარ და ამით ხარ განსაკუთრებულიო... იცით რა უცნაურობა მჭირს? მხოლოდ შუაღამეს ვხატავ, სხვა დროს ვერ. აუცილებლად მარტო უნდა ვიყო და აუცილებლად ჩემი მუქი ცხოვრების ისტორია ისე გავაფერადო, რომ მნახველს ამ ფერებით მოვეფერო და ვუთხრა, რომ ცხოვრება ყველა ფერში მშვენიერია.
შარშანწინ ვკითხე ჩემს თავს, რა შეიძლება ამ ნახატებით კიდევ გავაკეთო-მეთქი?.. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ადამიანებმა ატარონ და დავიწყე მზა პროდუქტზე ჩემი ნახატების გადატანა... ქართული ანბანიც მაქვს გამოყენებული ნახატებში. მაგალითად, ერთ ქალს ნახატზე ასოებისგან შემდგარი კაბა აცვია, ზოგს საყურე აქვს ქართული ასოთი... ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ აქაურმა ევროპელმა საზოგადოებამ ქართული ანბანი იცოდეს და რუსულს, რუსეთს არ "მიგვაკეროს"...
რაც შეეხება დიზაინს, ლათინური ასოებით დაწერილ ქართულ, მეგრულ, სვანურ სიტყვებს ვიყენებ... ლათინურად ყველა ევროპელი კითხულობს და მეკითხებიან, ეს უცხო სიტყვა რას ნიშნავსო? ვფიქრობ, ამით ვუწევ ამ ენებს პოპულარიზაციას და ამით ჩემი ერის, ჩემი ხალხის მონატრებას ვეფერები. ამავდროულად ვფიქრობ, რაღაც წვლილი შემაქვს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნების და კულტურის წარმოჩენაში.
მანანა გაბრიჭიძე