"ექიმები დიდად არ მაიმედებდნენ" - გზაპრესი

"ექიმები დიდად არ მაიმედებდნენ"

ვასო იმერლიშვილმა მკლავჭიდში ვარჯიში მოზარდობის პერიოდიდან დაიწყო, ბევრი იშრომა და წარმატებასაც მიაღწია, თუმცა მის ცხოვრებაში რთული პერიოდიც იყო... მართალია, ექიმებისგან სანუგეშოს ვერაფერს ისმენდა, მაგრამ საკუთარი ძალისხმევით, ვასომ სპორტული კარიერის გაგრძელება შეძლო, რის შესახებაც თავად გვესაუბრა:

- 13 წლის ვიყავი, როცა ჩემს სოფელში, გურჯაანში სპორტულ დარბაზში სრულიად შემთხვევით შევედი, სადაც მკლავჭიდის მაგიდა დამხვდა. თურმე, ეს უბრალოდ სპორტდარბაზი კი არა, მკლავჭიდის დარბაზი ყოფილა, სადაც ჩემპიონები იზრდებიან. მას შემდეგ ვარჯიში დავიწყე. დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა კახეთში, პირველ შეჯიბრებაში გავიმარჯვე - ჩემპიონი გავხდი. შემდეგ 16 წლისა საქართველოს ჩემპიონიც გავხდი - ევროპის საგზური მოვიგე და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიყავი, ოღონდ - პირველ წელს არ გამიმართლა: ტრავმა "ავიკიდე", ვერ გავიმარჯვე... მერე, 2017 წელს, ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გავხდი... გარკვეული მიზეზის გამო, 2018 წელს შეჯიბრება გამოვტოვე. 2019-ში ევროპის ჩემპიონი კიდევ გავხდი (მარცხენა მკლავში). მას მერე აქტიურად ვვარჯიშობ. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში დღემდე ვმონაწილეობ და სამომავლო გეგმებიც მაქვს...

- ის გარემო, რომელშიც გაიზარდეთ, სპორტსმენისთვის ხელსაყრელი იყო?

- ბევრი ფაქტორი მიშლიდა ხელს. მაგალითად, დარბაზი ჩემი სახლიდან კარგა შორ მანძილზე იყო. ბევრჯერ ტაქსით მგზავრობისთვის საჭირო თანხა არ მქონია და ფეხით წავსულვარ, ვარჯიში არ გამიცდენია. ასევე, სახლში ტრენაჟორების დარბაზი მოვაწყვე და როცა წასვლას ვერ ვახერხებდი, სახლში ვვარჯიშობდი, რაც 6-7 საათს გრძელდებოდა. ძალიან ბევრს ვშრომობდი... როცა უკვე წამოვიზარდე, ავტომობილი შევიძინე და საქმეც შედარებით გამიმარტივდა, მანამდე ძალიან რთული იყო.

- ალბათ ვარჯიშისთვის ამდენი დროის დათმობა სკოლაში სწავლაში ხელს გიშლიდათ. თქვენი გატაცების მიმართ მშობლებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ?

- სპორტისადმი ჩემი ინტერესი რომ დაინახეს, ძალიან გაუხარდათ. ხელი შემიწყვეს, როგორც შეეძლოთ. ვიდრე ვარჯიშს დავიწყებდი, გურჯაანის ანსამბლში ქართული ხალხური ცეკვით ვიყავი დაკავებული, მერე თავი დავანებე...

- ოჯახის წევრებიდან სპორტსმენი გყავთ ვინმე?

- ერთადერთი, პაპაჩემი იყო მორაგბე...

- თქვენს პირველ წარმატებად რას მიიჩნევთ?

- პირველი ყველაზე დიდი წარმატება 2017 წელს იყო, როცა ევროპის ორგზის ჩემპიონი გავხდი. ალბათ მაშინ ყველაზე ძლიერი ემოცია დამეუფლა, ის შეგრძნება არ დამავიწყდება: ადამიანს ამდენი რომ გაქვს ნაშრომი და გიფასდება, ძალიან კარგია!.. შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობა ხომ, საერთოდ, ჩემი ოცნება იყო! როცა ეს ოცნება ავისრულე, დაახლოებით 1 კვირა არ მჯეროდა, მერე ნელ-ნელა გავითავისე... მაშინ 17 წლის ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, ამ წარმატებამ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა?

- დიახ. შედარებით ცნობილი გავხდი. ჩემით უფრო ბევრი ხალხი ინტერესდებოდა, როგორც პროფესიული კუთხით, ასევე - ცხოვრებაში. მოკლედ, მეტი პატივისცემა, დაფასება ვიგრძენი. ეს ყველაფერი სასიამოვნოა.

- დღეს თუ გწყდებათ გული იმაზე, რაზეც მოზარდობისას უარს ამბობდით, რადგან უნდა გეშრომათ?

- მართლაც, ბევრ რამეზე მითქვამს უარი: გართობაზე, სუფრებზე, დაბადების დღის თუ საქორწილო წვეულებებზე... როცა შეჯიბრებისთვის ვემზადები, ასეთ რაღაცებზე ყოველთვის უარს ვამბობ... გული არაფერზე მწყდება. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ალბათ დღეს ამ ეტაპზე არ ვიქნებოდი. სიამოვნების მოკლების გარეშე წარმატებული ვერ გახდები.

- დღესდღეობით თქვენი რეჟიმი როგორია?

- სპორტის უნივერსიტეტში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე ვსწავლობ. ვგეგმავ, ჩემი მოსწავლეები მყავდეს. კიდევ, გურჯაანის ანსამბლში ვმღერი, ხშირად გიტარაზეც ვუკრავ. წინათ ბენდშიც ვუკრავდი. პატარ-პატარა წარმატება მუსიკალურ სფეროშიც მაქვს (იღიმის)... ვმუშაობ - ჩემს პატარა ბიზნესს ვმართავ, თან - ვვარჯიშობ. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ როგორღაც, ყველა საქმეს ვითავსებ.

- ვარჯიშს რამდენ დროს უთმობთ?

- კვირაში 4 დღე ვვარჯიშობ 3 საათით. კონკრეტული დრო არ მაქვს დათქმული, თუ რომელ საათზე დავიწყებ ვარჯიშს - გააჩნია, საქმეები როგორ აეწყობა, როგორ მომიხერხდება... ვცდილობ კვების რეჟიმიც დავიცვა, რაც რთულია, როცა მთელი დღე სახლიდან გასული ხარ, მაგრამ თავს როგორღაც ვართმევ.

- საკუთარი თავის გარდა, თქვენს წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი ვის მიუძღვის?

- ჩემს მწვრთნელს - ზვიად შანყულაშვილს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია... ვარჯიში სწორედ მან დამაწყებინა.

- თქვენ გვერდით როდემდე იყო?

- 2019 წლამდე. ჩემს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობას მოესწრო... ძალიან ბედნიერი იყო...

- საინტერესოა, ბავშვობაში თქვენი მოტივატორი რომელი სპორტსმენი იყო? ვისი კარიერა გაძლევდათ სტიმულს, რომ ბევრი გეშრომათ?

- კონკრეტული სპორტსმენი არ მახსოვს. ტელევიზორში ქართველებს რომ ვუყურებდი, რომლებიც თავიანთი წარმატებების შესახებ გვიყვებოდნენ, მოტივაცია მიმაღლდებოდა: მეც მინდოდა, მათნაირი სპორტსმენი გავმხდარიყავი, ჩემი წარმატებების შესახებ მესაუბრა და ხალხს ჩემთვის მოესმინა.

- თქვენი გამოცდილების საფუძველზე გვითხარით, წარმატების მიღწევა შრომით შეიძლება თუ ეს გამართლებაზეცაა დამოკიდებული?

- სპორტულ კარიერაში გამართლება დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ჩემი აზრით, წარმატება 95%-ით მაინც შრომის დამსახურებაა. საკუთარ თავზე მორგებული, ინდივიდუალური რეჟიმი უნდა დაიცვა და რაც მთავარია, სწორად იშრომო. სწორად შრომა წარმატებაში დიდ როლს თამაშობს.

- გამართლებაში რას გულისხმობთ?

- პატარ-პატარა სპორტული გამართლებებია, როცა მაგალითად, ჩემპიონატზე, პირველივე ჯერზე ძლიერ მეტოქეს არ შეგახვედრებენ. შეჯიბრებაზე შეიძლება, გადაბმულად 5-7 მეტოქეს შეხვდე. ბევრს ნიშნავს, რომ პირველივე შეხვედრაზე არ დაიღალო - ჯერ სუსტს შეგახვედრონ და ამის შემდეგ დღე კარგად აეწყობა... კიდევ, ტრავმა ძალიან ცუდი რამეა. თუ გაგიმართლებს და ტრავმა არ გექნება, უფრო მეტს მიაღწევ...

- კარიერული თვალსაზრისით, რთული პერიოდი გქონიათ?

- დიახ. 2016 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიყავი, მარჯვენა ხელზე ტრავმა მივიღე - მყესი გამიწყდა. ხელი ისე ცუდად მქონდა, რომ ვთქვი, - სპორტული კარიერის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს-მეთქი. ექიმებიც დიდად არ მაიმედებდნენ: ვარჯიში არ შეიძლება, ხელი უნდა დაასვენო, რომ რეაბილიტაცია მოხდესო... საბოლოო ჯამში, ხელი მაინც არ ჩავიქნიე, ვიშრომე და უკვე 2017 წელს, ევროპის ჩემპიონი გავხდი...

- საბოლოოდ, შეჯიბრებაში მონაწილეობის რეკომენდაცია ექიმებმა მოგცეს თუ ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო?

- ეს ნაბიჯი თავად გადავდგი, ექიმებზე ხელი საერთოდ ჩავიქნიე. ვთქვი, რომ მათთან აღარ მივიდოდი და მეტი ჟინით დავიწყე ვარჯიში. შედეგს ჩემი შრომით, ჩემი ძალისხმევით მივაღწიე. კი, ტრავმა მქონდა, ხელი კიდევ მტკიოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვიგე.

- ახლა ხელი როგორ გაქვთ?

- დღესაც მტკივა, მაგრამ შეჯიბრებაში ხელს არ მიშლის - მაინც ვიგებ.

image-6483441-1-copy-1696842600.jpg

- ექიმთან აღარ ყოფილხართ?

- არა. ექიმებმა მითხრეს, ხელს ოპერაცია სჭირდება, ამის შემდეგ კი ვარჯიში საერთოდ აღარ შეიძლებაო. ხელი ისე რთულადაც არ მაქვს, რომ ოპერაცია მჭირდებოდეს. უბრალოდ, ბოლომდე ვერ ვშლი...

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მყავს საყვარელი ადამიანი. მასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს წარმატებებში ჩვენი ურთიერთობაც დიდ როლს თამაშობს, ყველაფერში მხარში მიდგას... მეტ-ნაკლებად რომანტიკული ვარ. ჩვენი ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო. თითქმის 4 წელია, ერთად ვართ. ყველაფერი ბუნებრივად, თავისთავად მოხდა...

- თქვენი უახლოესი გეგმები როგორია?

- 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. უფროსების კატეგორიაში ვარ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მინდა, ამისთვის კი ჯერ საქართველოში უნდა გავიმარჯვო... თუ ეს ყველაფერი შევძელი, კარგი იქნება. სამომავლოდ ამ მიზნის მიღწევას ვგეგმავ.

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი