გიორგი ჯიქიას "გასვლები" საკუთარ თავთან, გულუბრყვილობა და მიღებული შოკები - გზაპრესი

გიორგი ჯიქიას "გასვლები" საკუთარ თავთან, გულუბრყვილობა და მიღებული შოკები

"მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება. საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა. იშვიათად უჩნდება ვინმესთან შეჯიბრების ან ქიშპობის სურვილი. ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას. ყოველთვის სჯერა, რასაც ეუბნებიან, მიმნდობი და გულუბრყვილოა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ტახის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი მსახიობ გიორგი ჯიქიას ზოდიაქოს ნიშანია.

- გიორგი, სერიალში "სიყვარულს მიღმა" შენი პერსონაჟის (კერესა) ცხოვრებაში რთული პერიოდია, ასეთ განვითარებას ელოდი?

- ადამიანს ცოლი და მეგობარი ერთდროულად რომ გიღალატებს, ამაზე ცუდი რა შეიძლება დაგემართოს? გარკვეულწილად ველოდებოდი, რომ ამ მდგომარეობაში კერესა სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა. საინტერესოა, ახლა რა მოხდება მის ცხოვრებაში, ეს კი ნამდვილად არ ვიცი. ალბათ კათარზისი უნდა ჰქონდეს ამ მდგომარეობიდან რომ გამოძვრეს, მაგრამ როგორ გამოძვრება და რას შეეჯახება, ამას თავადაც ინტერესით ველოდები. იმედია, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

- ასტროლოგიით რამდენად ხარ დაინტერესებული?

- ხანდახან, როცა თავისუფალი დრო მაქვს, შეიძლება ასტროლოგიამ ერთი დღით გამიტაცოს. ჩემი ნიშნის დახასიათებასთან ნაწილობრივი თანხვედრა მაქვს, მაგრამ უფრო ტახის თვისებებთან, ვიდრე - ლომთან.

- ლომი მართავს ჰოროსკოპის მე-5 სახლს, რომელიც სიყვარულს და თეატრს "განაგებს".

- ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, მსახიობი ვარ. რაც შეეხება სიყვარულს, ვთვლი, რომ ამ გრძნობაზე დგას ყველაფერი, სიყვარული ყველა პრობლემის დასაძლევი ძალაა.

- "ვერ იტანს მარტოობას, ეს მისთვის დამთრგუნველია".

- ასე ნამდვილად არ არის. ძალიან ხშირად მიჩნდება განმარტოების სურვილი. ხანდახან არის სიტუაცია, ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია და მაინც მარტო ვარ. იმას კი არ ვამბობ, თითქოს გარიყული გახლავართ, უბრალოდ ასეთი "გასვლები" მაქვს ხოლმე საკუთარ თავთან, ეს მჭირდება.

- "ლომებს შორის ვერ ნახავთ საკუთარ თავზე ჩაფიქრებულ ნატურას".

- ასტროლოგებს ვერც ამ შემთხვევაში დავეთანხმები. საკუთარ "მეს" ხშირად ვუფიქრდები, ძალიან კრიტიკულიც ვარ და ამას სხვებიც აღნიშნავენ. ხშირად გარედან ვუყურებ საკუთარ თავს და მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ობიექტური. ეს თვისება ზოგჯერ ხელსაც კი მიშლის. საკუთარ "მეზე" ცოტათი ნაკლებს რომ ვფიქრობდე, ალბათ ბევრ რამეს უფრო იოლად შევხედავდი.

- "სხვების მართვა უყვარს. ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს".

- ასე არ არის. თავად იმდენი პრობლემა და კონფლიქტი მაქვს საკუთარ თავთან, სხვების სამართავად სად მცალია? დროს საკუთარი თავის მართვას ვუთმობ და კიდევ არ არის საკმარისი.

- შეიძლება ამ თემას რომ ჩავუღრმავდეთ?

- საკუთარ თავში ბევრი რამ არ მომწონს და ვცდილობ ვებრძოლო, გამოვასწორო, ამას დიდ ყურადღებას ვუთმობ. სხვა ადამიანების მართვას (რაც ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება) მირჩევნია, საკუთარ თავზე ვიმუშაო და შევქმნა ჩემი საუკეთესო ვერსია. ეს შაბლონურად ნათქვამი არ არის, გააზრებულად ვამბობ.

- "ის გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე".

- მეტ-ნაკლებად და აგიხსნი, რას ვგულისხმობ. ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს, მაგრამ გადაჭარბებული ყურადღება მაბნევს. ალბათ იმიტომ, რომ ესეც პასუხისმგებლობას მოითხოვს და შეიძლება მე არ მქონდეს ამ დოზით პასუხისმგებლობა ან მეზარებოდეს.

- ან გაურბოდე, არა?

- შეიძლება.

- "უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, სცადეთ და ეს უთხარით, გაგინაწყენდებათ".

- ჭკუის სწავლება მიყვარს, როგორც ყველა ეგოისტ ადამიანს. მაქვს ხოლმე სურვილი, რაღაც ისეთი ვუთხრა ადამიანს, რაზეც დაფიქრდება და მერე იტყვის ან საკუთარ თავთან მაინც აღიარებს, - ვა! რა საინტერესო რაღაც მითხრა, ნათქვამი საქმეში როგორ წამადგაო.

- "სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. პირადში განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის მზესავით ანათებს ან დარდისგან კვდება".

- სიყვარული თავისი არსით არის მნიშვნელოვანი. სიყვარული მავსებს. ეს ასე რომ არ იყოს ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ძალიან დარდიანი და ნაღვლიანი ვიქნებოდი.

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს".

- მართალია, სხვაზე რაც უფრო ნაკლებად ვიქნები დამოკიდებული, თავს უფრო ლაღად ვიგრძნობ. როცა ადამიანს ვეხმარები, თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, მისი სიხარულით ვბედნიერდები.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? ასტროლოგები ამბობენ, რომ ლომი ხშირად გაკოტრების ზღვარზე იმყოფება.

- ცუდი, ვერ ვაკონტროლებ, ეს ვერ ვისწავლე. შეიძლება ერთი კვირა ვაგროვო, ნაკლები დავხარჯო და მერე ერთ დღეს მთელი თანხა რაღაც ისეთ ნივთში გავფლანგო, რომელიც არც კი მჭირდება. ჯიბეში ფული რომ მაქვს, ვერ ვიჩერებ, უნდა დავხარჯო.

- "გართობასა და სიამოვნებაზე შეუძლია მთელი ქონება გაანიავოს".

- ასაკს გააჩნია და იმას, შენ რით ერთობი. ვიღაც კლუბში დადის, ვიღაც კომპიუტერულ თამაშებში ერთვება.

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- დასვენება, მაგრამ არა - "გულაობა". ბოლო 2 წელია, წყნარი და მშვიდი დასვენება შემიყვარდა.

- "წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- მთლად ასეც არ არის. თამამი არ ვარ, არც მშიშარა, მაგრამ სითამამე ნამდვილად მაკლია. როცა ვხედავ პრობლემაა, ჯიქურ არ ვეტაკები, მირჩევნია, გვერდიდან მოვუარო, დროში გაიწელოს და უმტკივნეულოდ მოგვარდეს, ვიდრე პირდაპირ შევასკდე.

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- საიმედო მეგობარი ნამდვილად ვარ, ეს თამამად შემიძლია ვთქვა. მეორე ნაწილში კი ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. ვისი მეგობარიც ვყოფილვარ, დღემდე ვმეგობრობ იმ ადამიანებთან. ვფიქრობ, შემწყნარებელი ვარ ან შეიძლება არავის მოუყენებია ჩემთვის ისეთი ზიანი და ტკივილი, ძალიან რომ გავმწარებულიყავი და ჩემი მრისხანება დიდხანს გაგრძელებულიყო.

- "იშვიათად ცრუობს დ ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით".

- ტყუილი არ მიყვარს. მხოლოდ მაშინ ვიტყუები, თუ ვიცი, რომ ეს საჭიროა, მეორე ადამიანმა თავი ცუდად რომ არ იგრძნოს.

- "ყოველთვის სჯერა, რასაც ეუბნებიან, მიმნდობი და გულუბრყვილოა".

- ასეა, თუმცა ვიჯერებ იმ დროს, როცა მეუბნებიან. გადის ერთი საათი ან ცოტათი მეტი დრო, მერე გონებაში "შემოდის" ანალიტიკა და ვხვდები რაღაცებს. ხანდახან, როცა გავიგებ, მეორე ადამიანი როგორ მოიქცა, ისეთ შოკში ვვარდები, მერე ეს შოკი უფრო მანგრევს.

- დიდი იმედგაცრუების გამო ადამიანები დაგიკარგავს?

- არა, ვერც ვერავის დავკარგავ, ყველას ხომ რაღაც გვეშლება. ადამიანია, შეეშალა, მერე რა მოხდა? მეგობარს ამის გამო ვერ დავკარგავ, ამ ტკივილისთვის ვერ გავიმეტებ. ჩემი მეგობარია მსახიობი ირაკლი გოგოლაძე, რომელმაც ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. მის გარშემო ეს ამბავი ბევრმა იცოდა და მე დიდხანს არ მეუბნებოდა, რადგან იცოდა, გავბრაზდებოდი, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ადრეც მოხდა მსგავსი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ასეთივე ახლო მეგობარი - სანდრო მარგალიტაშვილი ძალიან მოულოდნელად ამერიკაში წავიდა. ეს ამბავი და განშორება მორალურად ძალიან განვიცადე. მას შემდეგ წლები გავიდა. ახლა ირაკლიმ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რომ მითხრა, მივდივარო, მას შემდეგ ერთმანეთს იმდენად ხშირად აღარ ვნახულობთ. არ მინდა, მისი წასვლით შოკი მივიღო. იშვიათად ვნახულობ, რომ მასთან განშორებას შევეჩვიო.

341628182-2179483985579498-2265685084564400805-n-copy-1696843123.jpg

- "ის ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას".

- ესეც ჩემი თვისებაა. ვიცი, მატყუებს, მაგრამ ამის უფლებას ვაძლევ. ზოგი ხომ ფიქრობს, რას მატყუებს, ამას ვინ ვგონივარ და ა.შ. მე ეს სულ არ მედარდება. ეგონოს, რომ მატყუებს, ცოტა დრო გავა და თავად მიხვდება, რომ დეგენერატი იყო. არც ვაპირებ ჩემში ამის გამოსწორებას. "როგორ მიბედავს" - ასეთი ამპარტავნული მიდგომა არ მაქვს.

- "მას იშვიათად უჩნდება ვინმესთან შეჯიბრების ან ქიშპობის სურვილი".

- ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვეჯიბრები, საკუთარი თავია. სწორედ ჩემს თავზე მინდა გავიმარჯვო. რაც შეეხება პროფესიაში გაჯიბრებას - ამას სტიმულს უფრო დავარქმევდი. როცა ვხედავ, ჩემმა პარტნიორმა რაღაც კარგად გააკეთა, მაშინვე წინ იწევს ჩემში პასუხისმგებლობის განცდა და ფიქრი, მოდი, ახლა მე ამას ასე გავაკეთებ. ასე პროფესიული საზომი ნელ-ნელა ზემოთ იწევა და ეს ჯანსაღი მდგომარეობაა. ბავშვობაში ჯოკერსაც კი ვერ ვთამაშობდი, რადგან ვერ ვხვდებოდი, ვინმესთვის რატომ უნდა "წამეგლიჯა" ან რატომ "შემეტენა".

- "მიუხედავად იმისა, რომ ფიცხია, ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად განერიდოს, ვიდრე მაგიდაზე მუშტი აბრაგუნოს".

- სიტუაციას გააჩნია. მნიშვნელოვანია, რის გამოა დაძაბულობა. მშვიდობიანად მოგვარება ყოველთვის სჯობს, მაგრამ ის ადამიანები უნდა მიხვდნენ, შენ ეს მშვიდობიანად იმიტომ კი არ მოაგვარე, რომ შეგეშინდა, არამედ ასე იყო საჭირო. ზოგი ამას ვერ ხვდება და ამ შემთხვევაში, მუშტის ბრაგუნი გამართლებულია.

თამუნა კვინიკაძე