"შეიძლება ბერძნებად დავიხოცოთ, მაგრამ იცოდე, შენს ძარღვებში წიკლაურების სისხლიაო" - გზაპრესი

"შეიძლება ბერძნებად დავიხოცოთ, მაგრამ იცოდე, შენს ძარღვებში წიკლაურების სისხლიაო"

15 წლის ქეთი ცაკალიდუმ მილანსა და პარიზში ჩატარებული მოდის კვირეულის შესახებ შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. როგორც დედამისმა აღნიშნა, ასაკთან შედარებით, ქეთი ძალიან შრომისმოყვარეა და სწორედ ეს არის მიზეზი მისი წარმატებისა.

- საბერძნეთში დავიბადე და გავიზარდე. როგორც მიყვებიან, ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი აქ გაიცნეს. მამა პონტოელი ბერძენია, საქართველოდან წამოსული. მე ბებომ (დედის მხრიდან) გამზარდა, ამიტომაც ვიცი ქართული კარგად.

ამჟამად ვსწავლობ ხელოვნების სკოლაში. თურმე პატარაობისას მუსიკის გაგონებისთანავე ცეკვას ვიწყებდი, რაც დედას არ გამოჰპარვია და 3 წლისა სახლთან ახლოს, ცეკვის სკოლაში მივუყვანივარ. პედაგოგს გაუფრთხილებია, ჯერ ძალიან პატარაა და გაკვეთილზე არ გამიჩერდება, იტირებსო, მაგრამ 45 წუთი ისე გასულა, ხმაც არ ამომიღია. ასე დავიწყე ლათინურამერიკული ცეკვების შესწავლა. ერთხანს ქართულზეც მიმიყვანა დედამ, მაგრამ ქართული ცეკვა უფრო რთული და დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის. სამეჯლისო ცეკვაში თავისუფლებას ვხედავდი, ვცეკვავდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. დღემდე ასეა - როდესაც გახარებული ვარ, ვცეკვავ; ნაწყენი ვარ და მაშინაც ვცეკვავ. ცეკვა შესაძლებლობაა, დამავიწყდეს ყველაფერი ცუდი და გამოვხატო ჩემი შინაგანი სამყარო, სურვილები.

- შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო და მალე წარმატებასაც მიაღწიე, ხომ?

- 13-ჯერ ავიღე პირველი ადგილი სხვადასხვა შეჯიბრებაში. იმდენი თასი მაქვს ოთახში, ვეღარ ვითვლი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჯილდო მაინც საქართველოში მოპოვებული მედალია - მაისში ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრება, სადაც მე და ჩემი პარტნიორი ევროპის ჩემპიონები გავხდით. სამომავლოდ მინდა ჩემი ცეკვის სკოლა გავხსნა და სხვა ბავშვებსაც მივცე განვითარების შესაძლებლობა, ვასწავლო, როგორ შეიყვარონ ცეკვა გულით. ერთ წელში უკვე მექნება უფლება, სხვებს ვასწავლო. ასევე, ვფიქრობ, სწავლა გავაგრძელო თეატრალურ ინსტიტუტში.

- როგორც ვიცი, ერთ ბერძნულ სერიალში უკვე გადაგიღეს.

- დიახ, ერთ-ერთ სერიალში ვმონაწილეობდი, ძალიან მომეწონა მსახიობის პროფესია და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სხვა ფილმშიც. იმ სამოდელო სააგენტოში, რომელთანაც ვთანამშრომლობ, კასტინგი ჩატარდა და მე ამირჩიეს. სერიალი „სტორგი“ ძალიან პოპულარული გახდა, რადგან ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ. დაახლოებით ერთი წლის წინ გადიოდა, ბულინგსა და სხვა თანამედროვე, აქტუალურ თემებს ეხებოდა. მე ვასრულებდი გოგონას როლს, რომელსაც გარდაეცვალა მშობლები და მარტოს უწევდა პატარა და-ძმის გაზრდა. მათ მოუხდათ სოფლიდან ქალაქში გადასვლა, სადაც თავიდან დაიწყეს ცხოვრება. ეს იყო ჩემი პირველი როლი, მაგრამ თამაში არ გამჭირვებია. თითქოს გავითავისე თანატოლი გოგონას ბედი და ამაში ძალიან დამეხმარნენ სერიალში მონაწილე მსახიობები. მეუბნებოდნენ, ჩათვალე, რომ შენ ხარ ეს ბავშვი და იგრძენი მისი ტკივილიო. შეიძლება იმიტომაც გამიადვილდა, რომ მამაჩემი მართლაც შორს არის ჩვენგან, ინგლისში.

- ამ ასაკში გაქვს რამდენიმე გატაცება - ცეკვა, კინო, მოდელობა...…

- მაქვს იმის დროც, რომ კარგად ვისწავლო და ვიკითხო, თუმცა ხშირად უარს ვამბობ მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე. რაც შეეხება მოდელობას, ბოლო რამდენიმე წელია, ამ სფეროშიც ვცადე ბედი. ოქტომბრის დასაწყისში ვიყავი მილანში "ფეშენ ვიკზე", შემდეგ პარიზში. რეკლამებსაც ვუკეთებ სხვადასხვა ბრენდს. ბევრი ფოტოგრაფი მწერს და მაქვს შემოთავაზებები.

386452233-265457615877264-1076874612867452862-n-1697439659.jpg

- უფრო ვრცლად მომიყევი მილანური და პარიზული შთაბეჭდილებების შესახებ.

- მოდის ამ კვირეულზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ცნობილი დიზაინერები ჩამოდიან. მონაწილე 22 გოგონას შორის მე ვიყავი ყველაზე პატარა. ამ 22-დან ფოტოგადაღებებზე პარიზში მხოლოდ რამდენიმე მოვხვდით, რამაც ძალიან გამახარა. მილანის და პარიზის მოდის ჩვენების ორგანიზატორი იყო ჯენტიანა დერვიში. თითოეულ მოდელს ჰქონდა მხოლოდ 3 დიზაინერთან მუშაობის უფლება, კაბების გამოცვლა რომ მოესწროთ. ზოგი მხოლოდ ერთმა დიზაინერმა აირჩია, ზოგს კიდევ უფრო ნაკლებად გაუმართლა. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი გამოსვლა მილანშიც და პარიზშიც იყო ძალიან წარმატებული. ჩვენების მეორე დღეს მილანში ერთ-ერთმა დიზაინერმა მეორე დღესვე დამინიშნა ფოტოსესია თავისი კოლექციის რეკლამისთვის. გადაღებები მიმდინარეობდა მილანის სხვადასხვა უბანში.

პარიზშიც სამ დიზაინერთან ვიმუშავე. ყველაზე დიდი წარმატება იყო ის, რომ კოლექციის ჩვენების შემდეგ, როდესაც დიზაინერი საყვარელ მოდელთან ერთად გამოდის, მე ამირჩია ერთმა მათგანმა და იცეკვა კიდეც ჩემთან. გადაწყვიტეს, რომ მე გამეხსნა და დამეხურა შოუ, რაც ასევე დიდი წარმატებაა მოდელისთვის. პარიზშიც მქონდა ფოტოსესია იტალიელ ბიჭთან ერთად.

- ქეთი, საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე, გიყვარს დედულეთი?

- 1-2 წლის წინ ვამბობდი, რომ არ მინდოდა საქართველოში ცხოვრება, არ მომწონდა. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი და როდესაც ნათესავებთან ჩავდიოდით, დისკომფორტს ვგრძნობდი ენობრივი ბარიერის გამო. მაისში, შეჯიბრებაზე რომ ვიყავი, ძალიან მომეწონა და შემიყვარდა საქართველო. დედას ვეხვეწები, რომ კიდევ წავიდეთ დასასვენებლად. 5 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა, მხოლოდ ძველი თბილისი ვნახე. სხვათა შორის, მამის მხრიდან ბებია ბერძენი მყავდა, ბაბუა კი ქართველი, გვარად წიკლაური. 90-იან წლებში, ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მამაჩემი დედამისის გვარზე გადასულა და საცხოვრებლად საბერძნეთში წამოსულა. მე საბერძნეთის მოქალაქე ვარ, გვარი ბერძნული მაქვს და შეჯიბრებებზე ამ ქვეყნის სახელით გავდივარ, მაგრამ სინამდვილეში ვარ ქართველი, ქართველად ვთვლი თავს! ეს ამბავი ბევრმა არ იცის... ხშირად მეტყვის ხოლმე მამა, შეიძლება ბერძნებად დავიხოცოთ, მაგრამ იცოდე, შენს ძარღვებში წიკლაურების სისხლიაო. დადგება დრო და მე ამას ხმამაღლა ვიტყვი. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში რომელიმე პროექტში მივიღო მონაწილეობა და ამ სურვილსაც აუცილებლად ავისრულებ, როდესაც სრულწლოვანი გავხდები.

ნინო ჯავახიშვილი