"მამა გავიცანი და მივხვდი, კარგი ადამიანია, ოღონდ - სამეგობროდ"
26 წლის ანანო გიგინეიშვილი რეალითი შოუს - "პრაიმ ჰაუსის" ახალი სეზონის მონაწილე გახლავთ, თუმცა პროექტის დაწყების მეორე კვირასვე, შოუ თვითნებურად დატოვა. როგორც ამბობდნენ, მეუღლის გამო, რომელმაც ეთერში ახალი "ლავ სთორის" მომასწავებელი კადრები იხილა და იეჭვიანა... საბოლოოდ, ანანო პროექტში დაბრუნდა. როცა ანანო პროექტს გარეთ იმყოფებოდა, ვისარგებლე შემთხვევით და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე...
- მსგავსი ურთიერთობა (ხელის ჩაჭიდება, ჩახუტება) ბევრ მონაწილესთან მქონდა, მაგრამ თურმე, ეთერში მხოლოდ ჩემი და ზურას ამ ტიპის კადრებს უშვებდნენ, რომ შემდეგ რომანტიკული ურთიერთობა "აეწიათ" (იცინის). ეს რომ ვნახეთ, მეც და ჩემი მეუღლეც გადავირიეთ... იმის ნაცვლად, რომ პროექტიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ მონაწილეებს ეთქვათ, ეს ტყუილიაო, პირიქით - ჭორები ამიგორეს. "პრაიმ ჰაუსში" დაბრუნება მომიხდა, რადგან ხალხი ამბის ერთ ნაწილს ისმენდა, მე კი საპასუხოდ ვერაფერს ვამბობდი. პროექტში პასუხების გასაცემად და ჩემი სახელის გადასარჩენად დავბრუნდი (იღიმის).
- დაბრუნებასთან დაკავშირებულ თქვენს გადაწყვეტილებას მეუღლე როგორ შეხვდა?
- თავდაპირველად პროექტში ჩემი მონაწილეობის მომხრეც არ იყო, მაგრამ რაკი თავად ასე გადავწყვიტე, მხარი ამიბა. "პრაიმ ჰაუსში" ჩემი მეორედ შესვლითაც არ ყოფილა დიდად კმაყოფილი, თუმცა თავად ასე გადავწყვიტე. ამას ჩვენი ურთიერთობა საერთოდ არ გაუფუჭებია, პირიქით - ჩემს ქმარს ჩემში წამით არ შეჰპარვია ეჭვი. უბრალოდ, ეთერში რაც გადიოდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო. ყველაფერი ისე დაამონტაჟეს, რომ როცა კადრები ვნახე, მეც კი შოკში ჩავვარდი - "ლავ სთორი" გახადეს (იცინის).
- პროექტში დაბრუნებული მეტ სიფრთხილეს გამოიჩენთ, რომ მსგავსი მონტაჟის საშუალება არ ჰქონდეთ?
- კი ბატონო. თან, ყველა მონაწილის რეალური სახე დავინახე და აღარც ვიცი, ახლო ურთიერთობა ვისთან უნდა მქონდეს. გრძნობები გავთიშე და ვეცდები, მათ ნიღბები ნელ-ნელა ჩამოვაშორო. ჩემი წამოსვლის პირველი 2 დღის განმავლობაში ეს თავადვე გააკეთეს, მაგრამ მე უკეთ შევძლებ...
- ანუ ჭორია, რომ პროექტი მეუღლემ დაგატოვებინათ, არა?
- ჩემმა მეუღლემ იცოდა, რომ ეთერში სხვა რაღაც გადიოდა, პროექტში კი სხვა რაღაც ხდებოდა - "პრაიმ ჰაუსში" ბევრჯერ იყო. იცოდა, რომ ეთერში გასული კადრების ნახვის საშუალება არ მქონდა. უბრალოდ, მოვიდა და მკითხა, ვნახე თუ არა, როგორ დამონტაჟდა გადაცემა? სტაფზე ისე იყო გაბრაზებული, რომ იქაურობისთვის უნდა გამერიდებინა... როცა გადაცემა ვნახე, წესიერად დავილაპარაკეთ და მონაწილეების აზრიც მოვისმინეთ, გადავწყვიტე, რომ "პრაიმ ჰაუსში" აუცილებლად უნდა შევბრუნებულიყავი და კითხვებზე პასუხი გამეცა. მეუღლე ამ საკითხშიც მხარში ამომიდგა. ყოველ შემთხვევაში, რაც უნდოდათ (ჩემი ოჯახის დანგრევა და ზურასთან დაწყვილება), მსგავსი რამ ფიქრადაც არ გაგვივლია (იცინის). ფაქტია, რაღაც ასეთს აპირებდნენ: ალბათ დაშორება და ახალი ურთიერთობა ხალხისთვის უფრო სკანდალურად და საინტერესოდ მიაჩნდათ.
- საერთოდ, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?
- მონაწილეობა პირველივე სეზონში მინდოდა, მაგრამ რაკი სატესტო იყო და არ ვიცოდი, რა იქნებოდა, გადავიფიქრე... ახლა ცოტათი დეპრესიაც მქონდა, თან რაღაც ახალი გამოწვევა მინდოდა. 13 წლიდან "კომედი არხზე" ვმუშაობდი, "სკეტჩებში", "ქალთა სახეებში" ვმონაწილეობდი... იქაურობა და საერთოდ, ტელევიზია ძალიან მიყვარდა. მოდელი ვარ. კამერებთან მუშაობა, ის წამიერი აღმაფრენა მჭირდებოდა, რასაც "პრაიმ ჰაუსი" გვაძლევს, რომ შემდეგ ჩემი გზებისთვის ეს კარგად გამოვიყენო.
- განათლება რა მიმართულებით გაქვთ მიღებული?
- შვილი 16 წლისამ გავაჩინე, მას შემდეგ აღარ მისწავლია. სამოყვარულო დონეზე, ფოტომოდელი ვარ. შემოსავლიანი საქმეა. რეკლამებს ვაკეთებ...
- დიდი ხანია, რაც დაოჯახებული ხართ?
- ჩემი მეუღლის შესახებ ბევრი კითხვა "წამოვიდა": ჩამოყალიბდით, შეყვარებულია თუ ქმარიო? ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ ვართ, მაგრამ საქართველოში, როცა წყვილი 6 წელი ერთად ცხოვრობს, "ქმარი" დაერქვა (იცინის). უპირველეს ყოვლისა, კარგი მეგობრები ვართ. პირადად მე, ალბათ ურთიერთობაც ამიტომ დავიწყე, რომ ამ ადამიანში ჯერ ყველაზე კარგი მეგობარი დავინახე, შემდეგ უკვე - მამაკაცი. ამ 6 წელიწადში ბევრი რამ გამოვიარეთ, ერთმანეთს სიყვარული ბევრჯერ დავუმტკიცეთ და მსგავსი სისულელეები, რაც ახლა მოხდა, ჩვენს ურთიერთობაზე საერთოდ არ მოქმედებს.
- შვილზე რას გვეტყვით? ვინ არის, რა ინტერესები აქვს?
- 10 წლის კატუნა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდიაში დადის. ძალიან ჭკვიანია. ამ ეტაპზე, რაც მის ასაკში მთავარია, კარგი ადამიანი იზრდება. როცა "პრაიმ ჰაუსიდან" გამოვედი, 10 წლის ბავშვმა ასეთი რაღაც მითხრა: - დედა, სიმართლე ძალიან რთული დასამტკიცებელია, ტყუილი - უფრო მარტივია. შეიძლება სიმართლე მთელი ცხოვრება ვერ დაამტკიცო, მაგრამ მაშინ ხარ ბედნიერი, როცა შენ იცი, რომ მართალი ხარო (იღიმის)... მე და ჩემი მეუღლე დიღომში ვცხოვრობთ, ჩემი შვილი - ლისზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს: ხან აქ არის, ხან ჩვენ ვართ იქ. დროებით ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, რადგან კანე კორსოს ჯიშის ძაღლი, სახელად ბადი გვყავს. ის ჩემი და ჩემი ქმრის საერთო "შვილია" (იცინის). ძაღლის და ბავშვის ერთად ცხოვრება ვერ ხერხდება. ახლა უკვე გაფართოებას ვგეგმავთ, რომ ერთ ტერიტორიაზე, ყველამ ერთად მშვიდად ცხოვრება მოვახერხოთ. ჩვენ გარდა, ბავშვზე ჩემი მშობლები ზრუნავენ, ასევე - მამამისიც...
- რეალურ ცხოვრებაში უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხართ?
- რა თქმა უნდა, ბევრჯერ. კომენტარებშიც დაუწერიათ და მონაწილეებსაც უთქვამთ, - "მამალი ქალი" ხარო (იცინის). საერთოდ არ მომწონს, როცა მსგავს რაღაცებს მეუბნებიან. მინდა, მეც ნაზი ქალი ვიყო, თუმცა უმამოდ გავიზარდე და იძულებული ვიყავი, მთელი ცხოვრება საკუთარი თავი დამეცვა, რაც ხასიათში "გამიჯდა". ალბათ კიდევ ერთი უსამართლობა ეს იყო, რომ მეც მინდოდა მამა (იღიმის).
- შეგიძლიათ უფრო მეტი რამ გვიამბოთ, თუ როგორ გარემოში გაიზარდეთ?
- ქალების (დედა, ბებია, ჩემი და) გარემოცვაში, დიდ სიყვარულში გავიზარდე. ძალიან შეხმატკბილებული ოჯახი ვართ. ერთადერთი დანაკლისი ის იყო, რომ მეც მინდოდა მამა. ალბათ ბავშვობის ტრავმა ეს იყო. ყველა სიტუაციასთან მარტოს გამკლავება მიწევდა, რადგან ჩემ უკან მამაკაცი არ იდგა. ალბათ ამიტომაც, დღეს სულ შეტევაზე გადასასვლელად ვარ მზად (იცინის).
- დღეს მამასთან ურთიერთობა გაქვთ?
- მშობლები დაშორებულები არიან. მამა ბელგიაში ცხოვრობს. პირადად არ მინახავს. "ფეისბუკზე" ვკონტაქტობთ ხოლმე... უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, "მამაშვილურს" ვერ ვუწოდებ.
- მამასთან ურთიერთობა თქვენი ინიციატივა იყო თუ პირველი ნაბიჯი მან გადმოდგა?
- მასთან ურთიერთობა ჩემს დას უფრო აინტერესებდა. ის ჩემზე 1 წლით უფროსია. არ ვიცი, რა ახსოვდა, მაგრამ მამა ძალიან უყვარდა. კომუნიკაცია მათ დაიწყეს, შემდეგ მეც "ჩავერთე", მამა გავიცანი და მივხვდი, კარგი ადამიანია, ოღონდ - სამეგობროდ...
- თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, გარდამტეხი ეპიზოდი რა იყო?
- ჩემი გათხოვება, რადგან იმ დროს საერთოდ არ ვიცოდი, მეგობრობის გარდა, ქალს და კაცს რა ურთიერთობა შეიძლებოდა ჰქონოდა. სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო... 15 წლისა ძალიან უაზროდ, შტერულად გავთხოვდი. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ მომიტაცა, მაგრამ ეს გაუაზრებლად მოხდა. მეც და ისიც ბავშვები ვიყავით. მოვახერხეთ და მეგობრებად "დავიშალეთ". ძალიან მაგარი შვილი გვყავს... ალბათ, ჩემთვის ეს ეპიზოდიც ტრავმა იყო, რადგან საერთოდ სხვა მიზნები მქონდა, უცებ კი სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. ეს უსიყვარულო ოჯახი იყო... პრინცესის ცხოვრებით გამზარდეს, უცებ კი სულ სხვაგვარ გარემოში ამოვყავი თავი. 1 წელი ერთად ვიყავით. როგორც კი ბავშვი ხელში დავიჭირე, მივხვდი, ეს ჩემი ცხოვრება არ იყო და შვილთან ერთად, მარტო უნდა ვყოფილიყავი. მეგობრებად და კატოს მშობლებად დავრჩით...
- ანანო, ოფიციალურად, რა გქვიათ?
- ვიკა (იცინის). დედამ დამარქვა. მამა ჩემს დაბადებას არ ესწრებოდა. მალევე ჩამოვიდა და გაგიჟდა, გადაირია. მას შემდეგ ყველა "ანის", "ანანოს", "ანოს" მეძახის. საერთოდ არ ვიცოდი, რომ ვიკა მერქვა - ეს მერვე კლასში გავიგე... ვიკა დედაჩემის დაქალს ერქვა. ის დაქალი მამას არ უყვარდა და არ მოეწონა, რომ დედამ "ვიკა" დამარქვა (იცინის). სხვათა შორის, დედამაც ამიტომ დამარქვა, რადგან მამაზე გაბრაზებული იყო...
- როგორ ფიქრობთ, წარმატებაში ხასიათის რომელი თვისება დაგეხმარებათ?
- არ ვიცი, წარმატებაში რამდენად დამეხმარება, მაგრამ ცხოვრებაში ჩემი მთავარი დევიზი სიმართლეა: ყოველთვის სიმართლის მხარეს ვარ, მხოლოდ ამის გარშემო ვცხოვრობ... ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვრცხვენოდეს. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი" - ტვინში ყოველთვის ეს მაქვს ჩაბეჭდილი. სუპერგმირი რომ ვიყო, აუცილებლად სიმართლისთვის მებრძოლი გმირი ვიქნებოდი (იცინის). უსამართლობა, ჩაგვრა ყველაზე მეტად არ მიყვარს, თუმცა სამწუხაროდ, პროექტმა სულ სხვაგვარად წარმომაჩინა... ალბათ წარმატებაში მიზანდასახულობა დამეხმარება.
- "პრაიმ ჰაუსის" გასული სეზონების მონაწილეებიდან ვინ მიგაჩნიათ ძლიერად, სამაგალითოდ ან რაიმე თვალსაზრისით გამორჩეულ მონაწილედ?
- წინა სეზონებს დიდად არ ვუყურებდი... იუმორისტული თვალსაზრისით, პირველ სეზონში ანი ყიფშიძე მომწონდა - ამ გოგოს გამოსვლებზე ძალიან ვერთობოდი... შემდეგ, ჩემი და ქრისტი აბაკუმოვას მსგავსების შესახებ მოსაზრება ბევრჯერ გაჟღერდა და ამან მეც დამაფიქრა: ალბათ საკუთარ თავს ქრისტის ვამსგავსებ, რადგან მიმაჩნია, რომ ისიც ყოველთვის სიმართლისთვის ყვიროდა, წიოდა და კიოდა (იცინის)...
- საზოგადოებამ თქვენ შესახებ რა არ იცის და რა გინდათ, რომ იცოდეს?
- ძალიან გულღია ვარ, დასამალი არაფერი მაქვს. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, გაიგებდა კიდეც. ერთადერთი, რაც მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, ისაა, რომ ბედნიერი ოჯახი მაქვს და ახალ სიყვარულს არ ვეძებ. ეს შოუ მძიმე ფსიქოლოგიური თამაშია, ჩვენ ყოველდღე "ვიზრდებით". 1 კვირის წინ, ყველაფერზე მეტირებოდა, დღეს ქვასავით ვარ... რეალითi შოუში მონაწილეობა ისეთი მარტივი არ არის, როგორც გარედან ჩანს. ასე რომ, სანამ მაყურებლები "გადაგვივლიან", ცოტათი ყურადღებით იყვნენ - ჩვენ ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი