"ვინ ამკვიდრებს აზრს, რომ ხელოვანები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ?" - გზაპრესი

"ვინ ამკვიდრებს აზრს, რომ ხელოვანები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ?"

მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს არაერთი საინტერესო სახე აქვს შექმნილი ქართულ ფილმებსა და სერიალებში, ამავე დროს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და ამბობს, რომ თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

- მსახიობების ოჯახში გავიზარდე: ჩემი მშობლები - გიორგი ტატიშვილი და ზეინაბ ზალდასტანიშვილი მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდნენ. შეიძლება ითქვას, მეც მანდ გავიზარდე, ეს ჩემთვის ბუნებრივი, ორგანული გარემო იყო. თავიდანვე ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ მათ კვალს გავყვებოდი. გუშინდელივით მახსოვს ჩემი პირველი, სერიოზული გამოსვლა სცენაზე, რომელიც გალაკტიონის საიუბილეო საღამოს დაემთხვა. ამ საღამოზე გალაკტიონის ლექსებს ვკითხულობდი. 14 წლის ვიყავი და შეიძლება ითქვას, ჩემი სასცენო დებიუტი ამ ასაკში შედგა, პირველი სერიოზული როლი კი მესამე კურსზე ვითამაშე სპექტაკლში, რომელსაც "მარადიული კომედია" ერქვა. ეს სპექტაკლი თეატრალურ ინსტიტუტში დავდგით.

- საინტერესო სტუდენტური წლები გქონდათ?

- მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. ცნობილებიდან ჩემი ჯგუფელები იყვნენ: გურამ ჯაში, ია ფარულავა, თემურ ქამხაძე და სხვები... სწავლა რომ დავასრულეთ, ჩემს რამდენიმე ჯგუფელთან ერთად, თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანა. დღესაც იქ ვმუშაობ. ეს თეატრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს მაგონებს: ბავშვობის ნოსტალგია, დედ-მამის ნაკვალევი და ჩემი ცხოვრების გზა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ განცდებისა, რაც ამ თეატრთან მაკავშირებს. ეს არ არის მხოლოდ თეატრი - ეს ჩემთვის ყველაზე თბილი და მშობლიური ადგილია! ერთხანს "თეატრალურ სარდაფშიც" ვმუშაობდი, ჯერ რუსთაველზე, მერე - ვაკეში, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის სულ სხვაა.

- რას ფიქრობთ მსახიობებზე, რომლებმაც სცენა ფინანსური პრობლემების გამო დატოვეს?

- ვფიქრობ, რომ მსახიობი თავის კარიერას მხოლოდ მატერიალური მიზეზების გამო ვერ დათმობს. თეატრალურ ინსტიტუტშიც გვყავდა რამდენიმე სტუდენტი, რომლებზეც ლექტორები დიდ იმედს ამყარებდნენ და "ქართული თეატრის მომავალს" ეძახდნენ, მაგრამ მათ სულ სხვა გზა აირჩიეს. არავინ იცის, ახლა სად არიან. ცხადია, იმ წლებში ყველას გვიჭირდა და დალხენილები ახლაც არა ვართ, მაგრამ თეატრიდან არ წავსულვართ და ამ პროფესიას ბოლომდე შემოვრჩით. ეს პროფესია მთელი გულით თუ არ გიყვარს, თეატრში დარჩენა რთულია. დიდი მატერიალური სარგებელი ამ საქმეში არც ადრე ყოფილა და მით უმეტეს, ახლაც არ არის, მაგრამ სადაც ჩვენი ხალხია, ჩვენც იქ უნდა ვიყოთ. ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობას დაბალი ხელფასი აქვს და მსახიობებიც სხვების ხვედრს ვიზიარებთ...

- თეატრალური ინსტიტუტი 1990 წელს დაამთავრეთ, ეროვნულ მოძრაობაში თუ იყავით ჩართული?

- რა თქმა უნდა... და ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. აქციებზეც ისე დავდიოდით, როგორც ლექციებზე და ეს არ მიიჩნეოდა რაღაც ჰეროიკულ, გმირულ საქციელად. არ გვეშინოდა, რადგან ჩვენმა თაობამ იცოდა, რომ საქართველო თავისუფალი უნდა ყოფილიყო, რომ ის მტრის უღლისგან უნდა გაგვეთავისუფლებინა - ეს ჩვენი თაობის სანუკვარი მიზანი და ოცნება იყო. არც ხუთი ტანკის შემოსვლა გვაშინებდა და არც 50-ის. ვიცოდით, ლაჩრები არ უნდა ვყოფილიყავით და სამშობლო დაგვეცვა. ახლაც იმაზე გვიწევს ფიქრი, რომ ჩვენი სამშობლო უნდა გაერთიანდეს, მტერი ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავაძევოთ...

- თქვენს როლებს შორის რომელია განსაკუთრებული - ისეთი, რომელშიც მთელი სული და გული ჩადეთ?

- ცხადია, განსაკუთრებული როლებიც მაქვს: ძალიან მიყვარს "ზაფხულის ღამის სიზმარი" და "მარადი ქმარი" - როცა ამ სპექტაკლებში ვითამაშე, დამწყები მსახიობი ვიყავი და ეს ეტაპი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ახლა სულ სხვაგვარად ვფიქრობ და როლებს არ ვარჩევ: თუ ვხედავ, კარგ შემოქმედებით კოლექტივთან მომიწევს მუშაობა, ნებისმიერ როლს სიამოვნებით ვასრულებ. როცა კარგი რეჟისორი და კარგი პარტნიორები გყავს, როცა პიესაც საინტერესოა, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, კომედია იქნება ეს, ტრაგედია თუ დრამა, მომავალშიც ნებისმიერ საინტერესო როლს სიამოვნებით ვითამაშებ, თუ ეს სერიოზული შემოთავაზება იქნება.

- დიდი მსახიობებიდან ვისთან გითამაშიათ?

- ჩემი მშობლების წყალობით, თითქმის ყველას ვიცნობდი. ბედის მადლიერი ვარ, რომ სცენაზე ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ვმდგარვარ, როგორებიც იყვნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნოდარ მგალობლიშვილი, თამარ სხირტლაძე, ელენე ყიფშიძე... აუცილებლად უნდა გავიხსენო ვერიკო ანჯაფარიძე, რომელსაც ენით უთქმელი ხიბლი ჰქონდა. არ მავიწყდება მისი ცოცხალი, მეტყველი თვალები... სიტყვით ვერ გადმოვცემ, როგორი განცდა დამიტოვა მისმა თამაშმა თემურ ჩხეიძის ცნობილ სპექტაკლში - "შთამომავლობა", სადაც ვერიკო ხანდაზმული ქალის როლს ასრულებდა, მაგრამ სცენაზე ყველაზე ახალგაზრდული, ნაღდი და ნამდვილი იყო.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ კინოზე, რადგან ამ სფეროშიც აქტიურად საქმიანობთ - კინო უფრო მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში თუ თეატრი?

- მე ვიტყოდი, რომ ორივე მიყვარს და ორივე მნიშვნელოვანია - კინოც და თეატრიც. ჩემთვის ორივე სასურველია, რადგან ეს ჩემი საქმეა, ჩემი პროფესიაა. ორივეში მაქვს უფლება ვიყო, რადგან შემიძლია სცენაზეც და კინოშიც ერთნაირი ენთუზიაზმით ვითამაშო. სხვათა შორის, სერიალებშიც სიამოვნებით ვმონაწილეობ. ჩემი საყვარელი სერიალი იყო "დეტექტივები", სადაც გამომძიებელ აკაკი ჯანელიძის როლს ვასრულებდი. ამ როლს ყველა სხვა კინოროლისგან გამოვარჩევ, კინოფილმებში კი ზაზა ურუშაძის "აღსარება" მიყვარს ყველაზე მეტად. გამიმართლა, რომ რეჟისორებისგან ასეთი მრავალფეროვანი შემოთავაზებები მქონდა, მეც ვთანხმდებოდი და ვთამაშობდი! სხვათა შორის, იუმორისტულ სკეტჩებშიც აქტიურად ვმონაწილეობ...

- რა როლს ასრულებს მსახიობის ცხოვრებაში ოჯახი და ვინ უნდა აირჩიოს ადამიანმა ცხოვრების მეგზურად?

- ოჯახს ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ცხოვრების თანამგზავრს, ჩემი აზრით, მამაკაცმა ცოლი მხოლოდ მაშინ უნდა შეირთოს, როცა შეუყვარდება. მეც ასე მოვიქეცი: ცოლად ის მოვიყვანე, ვინც შემიყვარდა. ხომ ამბობენ, გარიგებით შექმნილი ოჯახები უფრო მყარიაო, მაგრამ ამ აზრს არც ადრე ვეთანხმებოდი და ვერც ახლა დავეთანხმები... ჩემი მეუღლე მაია ცხვედიანია - პროფესიით ფილოლოგი. პირველად მისმა გარეგნობამ, მერე კი იუმორის გრძნობამ მომხიბლა და მომნუსხა. მანამდე შეყვარებული არ მყოლია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ცოლად ჩემი პირველი შეყვარებული მოვიყვანე. მაშინ 22 წლის ვიყავი. შესაძლოა ვიჩქარე, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას ვერავის აუკრძალავ, ვერც ერთ ასაკში - ადამიანი მაშინ უნდა დაოჯახდეს, როცა შეუყვარდება და როდესაც ამის სურვილი ექნება.

- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა მყარი ოჯახი შეინარჩუნოს?

- პირველ ყოვლისა, დიდი სიყვარული, მერე კი - ურთიერთპატივისცემის გრძნობა. ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება, მით უმეტეს, ოჯახურ ურთიერთობას. ალბათ ჩვენც სწორედ ამ თვისებების წყალობით შევინარჩუნეთ ოჯახი და შვილებიც ასე აღვზარდეთ. ორი ქალიშვილის მამა ვარ, ერთი იურისტია, ხოლო მეორე - ბიზნესის მართვის მიმართულებით წავიდა. რა თქმა უნდა, მსახიობობას თუ მოისურვებდნენ, არ დავუშლიდი, მაგრამ ორივემ ჩემგან განსხვავებული, უფრო სტაბილური პროფესია აირჩია.

- ძალიან ბევრი ქართველია ემიგრაციაში, უცხო ქვეყანაში ცდილობენ ცხოვრება ააწყონ. თქვენ თუ გიფიქრიათ საქართველოდან წასვლაზე?

- ბოლო ხანებში საქართველოდან მართლაც ბევრი ადამიანი წავიდა. შეიძლება სხვა ქვეყანაში ცხოვრობდე და მუშაობდე, მაგრამ შენი ქვეყნისთვის კარგ საქმეს მაინც აკეთებდე. ვინც წავიდა, ამის პოტენციაც ჰქონდა, უცხო ენა კარგად იცოდა და გარისკა. მე საქართველოდან წასვლაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, რადგან საამისო პირობები არ მქონდა, ოჯახი მყავდა და მიმაჩნდა, რომ აქ უფრო საჭირო ვარ. ვინც წავიდა და თავისი ოცნების რეალიზება უცხოეთში შეძლო, ღმერთმა ხელი მოუმართოს, რადგან ყველა ადამიანს, რომელიც ამქვეყნად მოდის, ბედნიერების უფლება აქვს და სადაც ბედნიერი იქნება, იქ უნდა იცხოვროს.

dgghs-1697440067.jpg

- დაბოლოს, ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეც გკითხავთ: 10-15 წლის წინ იფიქრებდით, რომ საქართველოში ამდენი რუსეთის მომხრე და მიმდევარი ცხოვრობდა?

- ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთი მასზე დაქვემდებარებულ ხალხებს ტვინს ურეცხავს. აბა, როგორი იქნება "წითელი ინტელიგენციის" შვილების მსოფლმხედველობა, მათი აზროვნება? - 99% ისე ფიქრობს, როგორც მათი მშობლები ფიქრობდნენ და აზროვნებდნენ. საბჭოური მენტალიტეტის მქონე ხალხმა თავისი მსგავსი შვილები აღზარდა, ისინიც ისეთივე კონფორმისტები არიან, როგორიც მათი მშობლები იყვნენ - ბევრი ფული და პრივილეგიები - ეს არის მათი უმთავრესი მიზანი. ე.წ. რუსეთუმეები ან ფულზე არიან გაყიდული და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ფორმითაა შემოსული რუსეთი საქართველოში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან იმართებიან. მათი ლაპარაკი, წინადადების წყობა და აზროვნების სტილიც კი რუსულია.

- როდესაც ხელოვანები ამბობენ, პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის და არ ვერევითო, ამაზე რას ფიქრობთ?

- ამ ხალხს ვეტყოდი, რომ ცხოვრებაც პოლიტიკაა და როცა ამბობ, რომ პოლიტიკაში არ ერევი, ესე იგი, შენი სამშობლოს ბედი არ გაინტერესებს. ვინ ამკვიდრებს აზრს, რომ ხელოვანები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ? - რუსეთი. იცით, როგორია ნამდვილი რუსეთი, რომელიც საქართველოში ჯერ მთლიანად არ შემოსულა? - ეს არის საშოვარზე დაგეშილი ხალხი - კრიმინალები, რომლებიც ამ ტერიტორიის ათვისებას და გამდიდრებას მოინდომებენ. ასეთია რუსეთის 80 პროცენტზე მეტი და ეს ხროვა, "ბიდლო", აქ რომ შემოვიდეს, კარგი დღე არ დაგვადგება! ძალიან მძიმე ბედი გველის, თუ დროზე არ გამოვფხიზლდებით და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის არ ვიბრძოლებთ. ამ ფონზე იმის მტკიცება, პოლიტიკაში ვერ ჩავერევიო, გაუგონარი აბსურდი მგონია!

ხათუნა ჩიგოგიძე