ბიზნესრეპორტიორი, ბიზნესლედი და 2 შვილის დედა - გზაპრესი

ბიზნესრეპორტიორი, ბიზნესლედი და 2 შვილის დედა

"პალიტრანიუსის" გადაცემა "მონეტიზაციის" ბიზნესრეპორტიორი და პროდიუსერი - 33 წლის ნინა ჯალიაშვილი 2 შვილის დედა გახლავთ, უძღვება საკუთარ ბიზნესს და ყოველთვის მზადაა სიახლეებისთვის. მიაჩნია, რომ სირთულეები ადამიანს უფრო მეტად ავითარებს...

- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება მაშინ გავაცნობიერე, როცა უნივერსიტეტში, ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი) დავამთავრე და კერძო სკოლაში, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობა დავიწყე. პირველი ხელფასი რომ ავიღე, მივხვდი, საკუთარი შრომით მიღებული ფული რამხელა ბედნიერება ყოფილა. პირველი ხელფასით დედას საჩუქარი ვუყიდე და სახლში ბედნიერი დავბრუნდი... მერე გავაცნობიერე, რა კარგია, რომ მგზავრობის ფულს დედას არ სთხოვ (იღიმის)... ბავშვობის პერიოდში ფულის მნიშვნელობა არ გამიაზრებია, რადგან საერთოდ, მომთხოვნი არ ვარ. დედისთვის მცირე ასაკშიც არ მითხოვია, ჩემთვის რამე ეყიდა. მაგალითად, მაღაზიაში თოჯინა რომ მომეწონებოდა, შემეძლო მის წინ დიდხანს ვმდგარიყავი და მეყურებინა. - მოგეწონაო? - თუ მკითხავდა დედა, ვპასუხობდი, - როცა ფული გექნება, მაშინ მიყიდე-მეთქი. 90-იანების ბავშვი ვარ. იმის ფუფუნება არ მქონდა, რომ ჩემი სურვილები პრეტენზიულად გამომეთქვა. თან, მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა - 2 წლის ვიყავი. დედამ გამზარდა. 28 წლის იყო, როცა დაქვრივდა. დაქალებივით ვიყავით, მაგრამ როცა რაღაც უნდა მეთხოვა, უხერხულობის განცდა სულ მქონდა. ძირითადად, სწავლაზე ორიენტირებული ვიყავით. ხელოვნების და შემოქმედებითი მიმართულებით, ბევრ წრეზე არ დავდიოდი. ყოველთვის მასწავლებლებთან ვემზადებოდი. ეროვნული გამოცდები რომ ჩავაბარე, მაშინაც სწავლზე ორიენტირებული გახლდით. მგზავრობის და კვების ფულით ვკმაყოფილდებოდი... შემდეგ, სანამ მაგისტრატურაში სწავლას განვაგრძობდი, 2 წელი სკოლაში ვიმუშავე. ის პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება - ჩემთვის დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. ჩემს მაშინდელ მოსწავლეებთან დღემდე ვმეგობრობ...

- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- მთელი ბავშვობა ექიმობა მსურდა. თან, ძალიან მინდოდა, პედიატრი ვყოფილიყავი. მეათე კლასამდე ამ შემართებით ვიყავი: ქიმია-ბიოლოგიას განსაკუთრებული გულმოდგინებით ვსწავლობდი, რომ აუცილებლად სამედიცინოზე ჩამებარებინა... მამა მიქაელ ასათიანი ჩემი სულიერი მოძღვარი გახლდათ. ამ ადამიანს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. გვერდში საკუთარი მამასავით მედგა... ბავშვობაში, სკოლის გაზეთისთვის აქტიურად ვწერდი. ერთხელაც გადავწყვიტე, პირველი ინტერვიუ მამა მიქაელთან ჩამეწერა. იმ დღიდან ჩემმა მოძღვარმა აიჩემა, - ჟურნალისტი უნდა გახდე. ლიდერი, აქტიური ხარ, წერა გიყვარს და კარგად გამოგდის, კარგი ჟურნალისტი იქნებიო. ამ თემაზე ბევრი მესაუბრა. მოკლედ, აბიტურიენტობისას რადიკალურად შევიცვალე აზრი და გადავწყვიტე, ჟურნალისტი გავმხდარიყავი... შემდეგ, როცა ქართულში მომზადება დავიწყე, მასწავლებელმა მითხრა: - აუცილებლად ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარე, რადგან ქართული ფილოლოგიის სპეციალისტი ყოველთვის კარგი ჟურნალისტი იქნებაო. ფილოლოგიურზე კი ჩავაბარე, მაგრამ მაგისტრატურაში სწავლა ტელეჟურნალისტიკის მიმართულებით გავაგრძელე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი.

- ჟურნალისტიკის სფეროში თავი როგორ დაიმკვიდრეთ?

- სხვათა შორის, ეს მარტივი არ იყო. მეამაყება, რომ სწავლა წითელ დიპლომზე დავამთავრე. თან, სტიპენდიატი გახლდით. რადიო "თავისუფლებაში" მარინა ვაშაყმაძესთან (ჩემი ლექტორი იყო) სტაჟიორად მუშაობა დავიწყე... საერთოდ, ყოველთვის ტელევიზიაში მუშაობა მიზიდავდა. ერთ დღესაც ეკა ხოფერიას მივწერე და ტელეკომპანია "იმედში" მივედი, სადაც დაახლოებით 3 წელი ეკა ხოფერიას ტოqშოუში ვმუშაობდი... იქიდან წამოსული გავთხოვდი. "საზოგადოებრივ მაუწყებელშიც" ვმუშაობდი ("შუადღის" ჟურნალისტად), შემდეგ - "ჯორჯიან თაიმსში", გადაცემა "ლაბორატორიის ჟურნალისტად: ჩემი რუბრიკა "1 დღე ცნობილთან" მქონდა. მერე უცებ რადიკალურად განსხვავებული, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულების გადაცემაში ამოვყავი თავი (იღიმის). დღეს "პალიტრანიუსის" გადაცემის - "მონეტიზაცია" ბიზნესრეპორტიორი და პროდიუსერი ვარ.

- ახალ სამუშაო მიმართულებას ადვილად აუღეთ ალღო?

- საერთოდ, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა მაქვს. ისეთი საქმის კეთება არ მიყვარს, რაც არ ვიცი, რადგან სულ მეშინია, რაღაც კარგად რომ არ გამომივიდეს? მაქსიმალისტი ვარ. ეკონომიკას სპეციფიკური ტერმინოლოგია აქვს, რაც მაგალითად, მომღერლებთან, მსახიობებთან მუშაობისას არ გჭირდება ჟურნალისტს. ტერმინოლოგიის და ბიზნესის სფეროში განათლების გარდა, ამ მიმართულებას თავისი დრესკოდიც აქვს. ასევე, საუბრის სხვაგვარი მანერაც გჭირდება. ძალიან ვინერვიულე. მეგონა, არ გამომივიდოდა, მაგრამ ბევრი ვიმუშავე. ახლა ვფიქრობ, ყველა სირთულე იმისთვის არსებობს, რომ უფრო მეტად განვითარდე.

- პირდაპირ ეთერში მუშაობისას, უხერხულ სიტუაციებში თუ აღმოჩენილხართ, სანამ ახალ გამოწვევასთან კარგად გამკლავებას შეძლებდით?

- არა. რაკი მეშინოდა, ეთერის წინაღამეს ყოველთვის კარგად ვმეცადინეობდი. ძალიან მობილიზებული ვარ. ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გამოცდაზე შევდივარ, ეთერიდან კი ბედნიერი გამოვდივარ, რადგან "გამოცდა ჩავაბარე" (იცინის).

- ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებზე მუშაობამ საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილიც ხომ არ გაგიჩინათ?

- არა, ამან არ განაპირობა... როცა ორსულად ვიყავი, უსაქმურად ყოფნამ მომიწია, რადგან თავდაპირველად ცოტათი რთული ორსულობა მქონდა - სულ ვიწექი, მეძინებოდა. დეპრესიული ორსული ვიყავი... ერთ დღეს მაკიაჟის და ვიზაჟის შემსწავლელი კურსების გავლა გადავწყვიტე. მერე ღეროვანი წამწამების დაგრძელებაც ვისწავლე. ამ მიმართულებით არც ერთი დღე არ მიმუშავია. მთავარია, ვისწავლე, გავერთე... გადავწყვიტე, სილამაზის სალონი მქონოდა და ეს ბიზნესი დავიწყე. ვფიქრობ, საქმეს წარმატებით გავართვი თავი. იქ გარემოც კარგია და ირგვლივ ბევრი ლამაზი ქალი ტრიალებს. ვერ ვიტყვი, რომ პირველი 3 წელი სალონიდან რამე მოგება მქონდა. ეს საქმე სიტუაციურად უფრო მომწონდა. მომსახურე პერსონალიც კარგი შემხვდა, ამ მხრივ გამიმართლა.

- თავად როგორი დამსაქმებელი ხართ?

- მგონია, ძალიან კარგი და ჰუმანური. მკაცრი არ ვარ. სულ ვცდილობ, მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. თანამშრომლებს ვენდობი. რაკი ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს, სალონში მხოლოდ იმიტომ მივდივარ, რომ თავი მოვიწესრიგო და არა - თანამშრომლები გავაკონტროლო, რამდენ მომხმარებელს მიიღებენ, როგორ მოემსახურებიან... შენიშვნებს არ ვაძლევ. როცა გათავისუფლებას მთხოვენ, უარს არ ვეუბნები, რადგან თავად 2 პატარა მყავს და თანამშრომლების სიტუაციას კარგად ვხვდები...

2u3a7690-copy-1697440421.jpg

- ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებზე მუშაობამ თქვენს ჩაცმის სტილზეც მოახდინა ზეგავლენა თუ სამსახურის და ყოველდღიური სტილის გამიჯვნას ახერხებთ?

- ვახერხებ. წინათ ზედმეტად პრინცესული და პრანჭია ვიყავი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, სამოსის და აქსესუარების ფერთა შეხამება ძალიან მიყვარდა... ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით მუშაობას უფრო საქმიანი "ლუქი" სჭირდება: პიჯაკები, პერანგები და არა - "ქეჟუალ" სტილის სამოსი. სამსახურს მიღმა, ახლა "გაპრანჭული" კაბებით სიარული აღარ მომწონს - უპირატესობას სპორტულ სტილს ვანიჭებ. თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

- როგორც ვიცი, სამოდელო სფეროშიც სცადეთ თქვენი შესაძლებლობები...

- დიახ. 2 შვილი მყავს: 5 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონა. ნიკოლოზი სამოდელო სააგენტო "კატრინში" მივიყვანე - მარკუს მეტრეველი ძალიან უყვარდა (რომელიც სააგენტოში ერთ-ერთი პედაგოგია). შემდეგ "კატრინის" დამფუძნებელი - ეკა მგალობლიშვილი გავიცანი. ძალიან დავმეგობრდით. ერთხელაც ეკამ 28 წელს ზემოთ ქალბატონების კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა. ამ წინადადებამ ცოტათი დამაფრთხო, რადგან მარცხის მეშინია - თუ სასურველი შედეგი ვერ მივიღე, საკუთარ თავზე ნაწყენი ვრჩები. ეკამ მითხრა, - ზუსტად ვიცი, ფინალში გავალთო... მოკლედ, "კატრინში" აქტიურად სიარული დავიწყე. დაახლოებით 2 კვირაში მარკუსმა პოდიუმზე სიარული მასწავლა. ფატუნას ულამაზესი და ბრჭყვიალა კაბები მოვირგე და კონკურსზე გავედი. თავდაჯერებულად გამოვიყურებოდი, თუმცა საკუთარი გულისცემა ყურში მესმოდა, ისე ვღელავდი (იღიმის). 48 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ისე მოხდა, რომ Queen of the Year 2022" გავხდი. ბულგარეთში მიმიწვიეს, მაგრამ პირადი მიზეზების გამო, ვერ გავემგზავრე. შემდეგ დუბაიში წავედი, როგორც "კატრინის" მოდელი. რამდენიმე დიზაინერის ჩვენებაში ვმონაწილეობდი...

- სამსახურს, ბიზნესს, მშობლის მოვალეობებს ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- ძალიან მიყვარს, როცა ქალი შემდგარი და წარმატებულია, დასახულ მიზნებს აღწევს. ვცდილობ არასდროს გავჩერდე, განათლება მივიღო და ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სიახლე იყოს, მაგრამ რაც პირველი შვილი შემეძინა, იმ დღიდან ასევე ვცდილობ, კარგი დედა ვიყო და ჩემი შვილები ჩემთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდიდნენ. ერთად ვთამაშობთ, ვერთობით... ახლახან ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი გავხდი. ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით მუშაობისას, შინაგანად ყოველთვის მაკომპლექსებდა ის ფაქტი, რომ ეს სფერო ღრმად არ ვიცოდი... ბევრს ვმეცადინეობდი და ვემზადებოდი. კარგი ქულებით, წარმატებით ჩავაბარე...

- რას ურჩევთ დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნეებს?

- იმედი არასდროს დაკარგონ. ყოველთვის მოტივირებული იყვნენ. განსაკუთრებით ქალბატონებს ვეტყვი: ყველაზე სუსტ არსებებად მიგვიჩნევენ, მაგრამ მგონია, რომ ქალი ყველაზე ძლიერია და ყველაფერი შეუძლია, რასაც მოინდომებს. მჯერა, ოცნებები აუცილებლად სრულდება. სამყაროში ქალებს ყველაზე ძლიერი ნებისყოფა გვაქვს. საკუთარ თავზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ; ყოველდღიურად ვეცადოთ, რომ განვვითარდეთ. დასახული მიზნისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს, რადგან მიზანი ამართლებს საშუალებას!..

ეთო ყორღანაშვილი