"ვცდილობ, ცხოვრებას ბევრი ფერი შევმატო..." - გზაპრესი

"ვცდილობ, ცხოვრებას ბევრი ფერი შევმატო..."

"...ნინო ანანიაშვილის თითოეული გაკვეთილი, რეპეტიცია ძალიან დიდი დღესასწაული იყო. რომ გავიგებდით სკოლაში მის მოსვლას, ყველანი გასუსულები ველოდით, რას გვეტყოდა... ჩვენი პროფესია ისეთია, თუ შენიშვნას გაძლევენ, ეს უკვე ძალიან კარგია ანუ ყურადღება დაიმსახურე... ქალბატონი ნინო თუ ახლოს მოვიდოდა და რამეს ლამაზად შემისწორებდა, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო... ერთხელ ისე მოხდა, რომ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მისაღები გამოცდის ბუკლეტზე ნინო ანანიაშვილთან ერთად ჩემი ფოტო იყო. ძალიან გამიხარდა, ბუნებრივია, ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო..." - ამბობს პრიმაბალერინა ნინო სამადაშვილი... დღეს იგი წამყვანი არტისტია, მიწვევები მრავალ ქვეყანაში აქვს და მიუხედავად მრავალი წარმატებისა, თვლის, რომ მის პროფესიაში მაქსიმუმი არ არსებობს და სულ შეიძლება შედეგის გაუმჯობესება...

- ექვსი წლისამ შევდგი ფეხი ამ საოცარ სამყაროში... რა თქმა უნდა, არ ვიცოდი საბალეტო ხელოვნება რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ჩემთვის წარმოსახვის დონეზე გახლდათ, ესთეტიკურად რომ ძალიან ლამაზია, საყვარელი "პაჩკა" მეცმეოდა, მექნებოდა პუანტები, ლენტები... როდესაც გაკვეთილები დაიწყო, ძალიან მომეწონა, იმის მიუხედავად, რომ თავიდანვე სიმკაცრე იგრძნობოდა. მესამე გაკვეთილის შემდეგ უკვე ერთი სული მქონდა ბალეტზე როდის წავიდოდი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არჩევანი იყო. შეიძლებოდა ჰუმანიტარული საგნების მიმართულებით წავსულიყავი, ასევე ფორტეპიანოზე დავდიოდი მეხუთე სამუსიკო სკოლაში. მუსიკალური ოჯახი მყავს და შეიძლება გული დასწყდათ, მუსიკას რომ არ გავყევი, მაგრამ ჩემი სურვილი საბალეტო სფერო იყო... ისე დაემთხვა, როდესაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვაბარებდი, ბალეტის გამოცდა მქონდა და პირდაპირ იქიდან წასვლა მომიხდა, რადგან ორკესტრთან ერთად ჰაიდნის მესამე კონცერტს ვუკრავდი... მხოლოდ ათი წლის ვიყავი და კარგად მახსოვს, რა ურთულესი დღე მქონდა. თან საბალეტო სკოლაში მეორე ტური ყველაზე რთულად ითვლებოდა და ზუსტად მეორე ტურის დღე იყო... მიუხედავად ამისა, ბალეტმა მომაჯადოვა და ეს გზა ავირჩიე...

- თქვენი გარეგნობის მიხედვით, ალბათ თქვენში ყველა მომავალ ბალერინას ხედავდა...

- სხვათა შორის, თავიდან ქართულ ცეკვებზე სიარული მსურდა, დედას კი სურდა, ფიგურულ ციგურაობაზე მივეყვანე, რადგან ყინული მომწონდა. ვინაიდან 90-იან წლებში თბილისში ყინული არ იყო, დედას ჩვენმა ახლობელმა ურჩია, ბალეტზე მიიყვანეო... ალბათ ახლობლები ჩემში მომავალ ბალერინას ხედავდნენ, რადგან ბავშვობიდანვე სიფრიფანა ვიყავი...

- თქვენს ბავშვობაში საქართველოში სამოღვაწეოდ დაბრუნდა მსოფლიო პრიმაბალერინა - ნინო ანანიაშვილი... ამან რა გავლენა მოახდინა თქვენს პროფესიულ ზრდაზე?

- ძალიან დიდი გამართლება იყო... ქორეოგრაფიულ სასწავლებელში როდესაც ჩავაბარე, ათი წლის ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა სწავლა სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა. როდესაც გავიგეთ, ქალბატონი ნინო საქართველოში ჩამოდიოდა, მათი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ამბობდნენ, კარგი იქნება ნინო თუ საბალეტო სკოლაში დარჩება და სწავლას გააგრძელებსო... უცნაურია, მაგრამ ნინო ანანიაშვილთან შეხვედრის პირველი დღე არ მახსოვს. ნათლად ჩამრჩა საბალეტო სკოლაში რომ მოდიოდა და გაკვეთილებს გვიტარებდა... როცა შემოდიოდა, შინაგანად იმდენად ვიძაბებოდი, ვშეშდებოდი, თვალებიც კი მიდიდდებოდა, ყველაფრის უნარს ვკარგავდი... ეტყობა დიდი მოწიწებისა და პატივისცემის გამო. ყველა ვცდილობდით, რაც შეგვეძლო, თავი გამოგვეჩინა... როდესაც 12 წლის ვიყავი, იმ პერიოდში ძალიან მკაცრი გამოცდები დაიწყო, რაც ძალიან კარგი იყო... ბავშვები პატარა ასაკშივე არჩევანს ვაკეთებდით. ზოგს უნდა ბალეტი, მაგრამ მონაცემები არ უწყობს ხელს და დრო რომ არ დაკარგოს, ურჩევენ განვითარება სხვა მიმართულებით გააგრძელოს. ქალბატონი ნინოს თითოეული გაკვეთილი, რეპეტიცია ძალიან დიდი დღესასწაული იყო.

- პირველად საზღვარგარეთ სად წახვედით?

- 17 წლის ვიყავი, როცა ქალბატონმა ნინომ დასთან ერთად პროგრამაში ჩამსვა. ეს გახლდათ ფრედერიკ ეშტონის "დღესასწაული", რომელიც საკმაოდ რთული ბალეტია.... პირველად მოხდა, სკოლის მოწაფეს რომ დასთან ერთად გასტროლზე წასვლა მომიხდა. ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. იტალიაში, ქალაქ კატანიაში ვიმყოფებოდით... ყველაზე საოცარი ის არის, რომ მალე, იანვარში გასტროლები გვექნება და ამდენი წლების შემდეგ ისევ კატანიაში, იmaვე სცენაზე მომიწევს ცეკვა...

- დიდი ხანია, რაც წამყვან პარტიებს ასრულებთ...

- დიახ... პირველი, ყველაზე დიდი ბალეტი "გედების ტბა" იყო. ისე გამოვიდა, რომ პირველად კლასიკათა კლასიკა ვიცეკვე, რომელიც ყველაზე რთულ, დახვეწილ და მაღალი დონის ბალეტად ითვლება. "გედების ტბას" ჩამოყალიბებული ბალერინები ცეკვავენ, რომელთაც გამოცდილება, შინაგანი მზაობა აქვთ...

ჩემი პარტნიორი უცხოეთიდან მოწვეული მოცეკვავე იყო, რომელიც სულ ოთხი დღით გახლდათ ჩამოსული სპექტაკლებისთვის. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. როცა ვიცეკვე, ერთი კვირა ემოციებიდან ვერ გამოვდიოდი... ჩემთვის "გედების ტბა" დღესაც გამორჩეულად საყვარელი ბალეტია და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო.

- ალბათ საზღვარგარეთიდან ბევრი მიწვევა გქონიათ...

- ამერიკაში ისევ "გედების ტბის" შესასრულებლად მიმიწვიეს, მაგრამ ქალბატონ ნინოსთან შეთანხმებით საქართველოში დავრჩი, ჩემს თეატრს ვერ ვუღალატებდი... კიდევ ბევრი შემოთავაზება ყოფილა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული ჯერ ჩვენი თეატრია და შემდეგ სხვა დანარჩენი...

img-4716-copy-1697440624.jpg

- მასშტაბები, ფინანსური კეთილდღეობა გავლენას ვერ ახდენს?

- ყველაფერი ადამიანურ ფაქტორამდე დადის... ჩემს ქვეყანას ყველაზე წინ ვაყენებ, თორემ სიმართლე გითხრათ, რუსეთიდანაც იყო შემოთავაზება. მოგეხსენებათ, რუსეთი მსოფლიოში გამორჩეულია, ჩვენს პროფესიაში პრესტიჟულია, მაგრამ წამითაც არ დავფიქრებულვარ, უარი ისე ვთქვი.

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ, რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

- დიახ, ბევრ ქვეყანაში ვიყავი... წინა წელი განსაკუთრებით იყო გასტროლებით დატვირთული, ზაფხულში იაპონიაში ვიყავი ქალბატონ ნინოსთან ერთად, სადაც "დონ-კიხოტში" ვიცეკვე, ასევე გალა-კონცერტზე... იაპონია გამორჩეული ქვეყანაა, საოცარი სტუმარმასპინძლობა იციან. შემიძლია ვთქვა, რომ სულ ხელისგულზე გვატარეს. ასევე საოცარი გასტროლი იყო ამერიკაში, სადაც ბალანჩინის პროგრამა გვქონდა წაღებული ამერიკის რამდენიმე ქალაქში - ნიუ-იორკSი, ვაშინგტონSი...

ძალიან კარგი გასტროლი იყო, უმდიდრესი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით... ცეკვითაც ვისიამოვნე, ძალიან დაგვაფასეს და მოგზაურობაც მოვახერხეთ... უკვე მეც ვისწავლე დროის გადანაწილება, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვიყავით. მხატვრობა მიყვარს და მუდმივად ვცდილობ, სადაც კი საშუალება იქნება, გამოფენებზე წავიდე... ამერიკაში ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურებოდი და ამავდროულად, იმ ქვეყნის კულტურასაც ვეცნობოდი.

გარდა ამისა, ძალიან სასიამოვნო იყო მაყურებლის დამოკიდებულება. ნიუ-იორკში ქართველებიც მოვიდნენ და განსაკუთრებული სითბო ვიგრძენით, დიდი წარმატებები გვქონდა...

ამერიკიდან იტალიაში გადავფრინდით, ბოლონიაში "დონ-კიხოტი" ვიცეკვეთ, რომელსაც ასევე კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომაც ძალიან ბევრი საგასტროლო შემოთავაზება გვაქვს.

- როგორც ვიცი, ძალიან ხშირად გაქვთ ფოტოსესია როგორც ქართული, ასევე უცხოური გამოცემებისთვის...

- დიახ, ბევრი ფოტოსესია მქონია ქართველ და უცხოელ ფოტოგრაფებთან... მათ გამო გრაფიკი გადატვირთული მაქვს. უპირველესად თეატრის რეპეტიციებით ვარ დაკავებული და samuSao დღე როდესაც მთავრდება, გადაღებაზე მერე უნდა გავიქცე. ფოტოსესიები მიყვარს, სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ჩემს დღის განრიგს არ უნდა შეეხოს, რეპეტიციას გადაღების გამო ვერასოდეს გავაცდენ.

მოდის კვირეულზეც გამოვედი თაკო მექვაბიძის შოუში, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და კიდევ ერთი გამოცდილება იყო. ამერიკიდან იმ დილას ჩამოვფრინდი და საღამოს უკვე ჩვენებაზე ვიყავი...

ვიცი სცენაზე როგორ უნდა გამოვიდე, მაგრამ პოდიუმზე ცოტა არ იყოს, თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი. რაღაც მომენტში იმდენად ვინერვიულე, მეგობარს ვეუბნებოდი, ვფიქრობ, ბალანჩინის სპექტაკლSი მირჩევნია ვიცეკვო, ვიდრე პოდიუმზე გავიდე-მეთქი... როდესაც გავედი, შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან სასიამოვნო იყო. კიდევ რამდენიმე ჩვენებაზე მომიხდა გამოსვლა და არაჩვეულებრივად მახსენდება.

- ისევ ბალეტს რომ დავუბრუნდეთ, თქვენთვის რომელია უფრო ორგანული - კლასიკა თუ თანამედროვე?

- კლასიკა... თუმცა ბალანჩინის ბალეტები ნეოკლასიკური სტილია და ჩემთვის განსაკუთრებული. ერთ-ერთი ბალეტი "მოცარტიანა" ბავშვობიდანვე მიყვარს. ჯერ კიდევ 12 წლის ვიყავი, ჩვენს თეატრში რომ დაიდგა... ისეთი ბალეტია, სადაც ოთხი პატარა გოგო მონაწილეობს. ქორეოგრაფიული სკოლის მოწაფე იმ პატარა გოგოს პარტიას ვცეკვავდი. მახსოვს, ამ ბალეტთან დიდ სიახლოვეს ვგრძნობდი, რაღაცნაირად ჩემი იყო. მარია კალეგარი და ბარტ კუკი იყვნენ სპექტაკლის დასადგმელად ჩამოსულები და ათი წლის შემდეგ რომ ჩამოვიდნენ, მათ უკვე გაზრდილი სოლისტი დავხვდი... მარიამ აღნიშნა, ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, ჩემ მიერ დადგმულ სპექტაკლში რომ პატარა ბავშვი ცეკვავდა და ახლა უკვე გაზრდილ სოლისტს ვასწავლი ცეკვებსო...

თანამედროვედან ძალიან მიყვარს - ირჟი კილიანი. აუცილებლად დავასახელებდი ბალეტს "პატარა სიკვდილი" - ისეთი დადგმაა, სადაც თითოეულ ნოტზე რაღაც მოძრაობაა, გამორჩეულად ესთეტიკურია...

39a41d29-d347-4c17-b5b7-fa9abaac85e3-copy-1697440612.jpg

- რამდენად მრავალფეროვანია თქვენი ცხოვრება?

- საკმაოდ და ვცდილობ კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი გავხადო... ჩვენი პროფესია იმდენად ბევრს ითხოვს, ზოგჯერ დრო საკუთარი თავისთვის აღარ მრჩება. სულ რეპეტიციებით, შემოქმედებითი ცხოვრებით ვართ დაკავებული, მაგრამ შინაგანი სამყაროსთვის ყველას გვჭირდება სხვა რამ და მეც ვცდილობ, ცხოვრებას ბევრი ფერი შევმატო...

- რას იტყვით თაყვანისმცემლებზე?

- რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ... სიამოვნებით გავიხსენებ ჩემი ხელოვნების თაყვანისმცემლებს. 2017 წელს იაპონიაში ვიყავით, სადაც ბალანჩინის "სერენადა" ვიცეკვეთ... როდესაც ჩინეთში გადავედით და სპექტაკლი გავმართეთ, გასახდელიდან რომ გამოვდიოდით, გვითხრეს, - ერთი პიროვნება ნინოს კითხულობსო. რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ ქალბატონ ნინოს ეძებდნენ, მაგრამ თქვეს, სამადაშვილიო... გამიკვირდა, ჩინეთში ვის უნდა მოვეკითხე? აღმოჩნდა, რომ ერთი გოგო, რომელმაც იაპონიაში სპექტაკლში მნახა, ჩინეთში გადმოფრინდა, რომ ჩემი ცეკვა ისევ ენახა... გაოგნებული დავრჩი ამ ყველაფრით, რადგან შეიძლება ვინმეს სპექტაკლი ძალიან მოეწონოს, მაგრამ იაპონიიდან ჩინეთში არ წავა, ისევ რომ ნახოს წარმოდგენა... ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ჩემზე გაგიჟდა. მას კულტურა უყვარს, შეფასების და დაფასების უნარი აქვს. ადამიანს როდესაც კულტურის სფეროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, ეს დიდი ბედნიერებაა.

მანანა გაბრიჭიძე