ნიკა ლომიძის გზა არქიტექტურიდან ტელევიზიამდე - გზაპრესი

ნიკა ლომიძის გზა არქიტექტურიდან ტელევიზიამდე

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანი ნიკა ლომიძე პროფესიით არქიტექტორია, უფრო ადრე კი ფიზიკა-მათემატიკით იყო გატაცებული. მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წარიმართა... ცნობილი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ჟურნალ "გზის" მკითხველს თავის ცხოვრებაზე ესაუბრება.

- თბილისის 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს ბავშვობაში დიფერენცირებული სწავლება შემოიღეს და ვინაიდან დედა ფიზიკოსი მყავდა, თავიდანვე ფიზიკა-მათემატიკა ავირჩიე. სკოლა რომ დავამთავრე, ყველას ეგონა, ფიზიკას გავყვებოდი, რადგან ეს საგანი ძალიან მიყვარდა და კარგად ვიცოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკა დღესაც ისე მიყვარს, როგორც მაშინ - ჩემს ბავშვობაში მიყვარდა. ყველას გასაოცრად, საბუთები არქიტექტურის ფაკულტეტზე შევიტანე და კიდეც ჩავაბარე.

- ტელევიზია როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- მთელი ბავშვობა "პიონერფილმში" გავატარე, ბატონ გრიშა ჩიგოგიძის აღზრდილებს შორის ერთ-ერთი ვარ. ერთხელ ჩემს მეგობართან ერთად ტელევიზიის შენობაში მოვხვდი. მახსოვს, როგორ თქვა ჩემმა მეგობარმა: აქ დაცვის სამსახურში ან დამლაგებლადაც სიამოვნებით ვიმუშავებდიო. მე არანაირი სამსახური არ მეთაკილება, არც ადრე მეთაკილებოდა და იმ დღეს მეც გავიფიქრე, რომ ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვიქნებოდი, ოღონდ ტელევიზიაში ვყოფილიყავი. ეს სურვილი სრულიად მოულოდნელად ამისრულდა: "მეორე არხზე" ჩემი მეგობარი მუშაობდა და ტელევიზიაში მისი რჩევით მოვხვდი. ამის შემდეგ ამ სფეროს აღარ მოვშორებივარ. ფიზიკამ და არქიტექტურამ მეორე პლანზე გადაინაცვლა და ჩემს ცხოვრებაში ახალი, საოცარი სამყარო შემოვიდა. გადაცემის წამყვანიც ვიყავი, ოპერატორიც, მერე რეჟისორობაც ვცადე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ტელევიზიას საოცარი ანდამატი აქვს, ნარკოტიკივითაა და ერთხელ ფეხს რომ შედგამ, მერე ვეღარ მოშორდები.

- თუმცა, იყო პერიოდი, როცა ეკრანზე არ ჩანდით.

- მართალია, ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც სარეკლამო ბიზნესზე გადავერთე და ჩემი კომპანია შევქმენი, რომელიც დღესაც მუშაობს. სარეკლამო ბიზნესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. იმ წლებში ტელევიზიიდან არც ერთი საინტერესო შემოთავაზება არ მქონია და არც მე ვაქტიურობდი. ეს ერთი მხრივ, კარგიც იყო, რადგან დავისვენე და საქმეზე გადავერთე. სარეკლამო ბიზნესში ახალ-ახალი იდეის მოფიქრება და ხორცშესხმა ძალიან აზარტული და საინტერესო საქმე აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი მეგობრების წყალობით, ისევ ტელევიზიას დავუბრუნდი. კამერა ყოველთვის მიყვარდა: როდესაც იცი, რომ ამ კამერის მიღმა საინტერესო ადამიანები არიან და შენგან საინტერესო ინფორმაციას ელოდებიან, ეს ენით უთქმელი განცდაა. კამერის სიყვარულის გამო, კინოინდუსტრიაც ძალიან მაინტერსებს და ფილმის გადაღებაზეც არ ვიტყოდი უარს. უკვე გითხარით, რომ ტელევიზიას თავისი ანდამატი აქვს. ამდენი ხანია, ამ სფეროში ვარ და მაინც არ მბეზრდება.

1-5-copy-1698047734.jpg

- თქვენთვის ყველაზე საინტერესო რომელი პროექტი იყო?

- ძალიან კარგად მახსენდება მეგაშოუ "მხოლოდ ქართული": ვფიქრობ, რომ ეს იყო საინტერესო, შემოქმედებითი თვალსაზრისით მრავალფეროვანი პერიოდი. "მაესტროს" შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ასეთი საინტერესო პერიოდი არ ყოფილა. ამ გადაცემამ მთელი ქვეყნის მოწონება დაიმსახურა და ეს ყველას დამსახურებაა, ვინც ამ პროექტის შექმნასა და განხორციელებაში წვლილი შეიტანა.

- ამბობენ, რომ მამაკაცის წარმატებაში მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის. როგორ გიწყობთ ხელს მეუღლე - თეა გობეჯიშვილი, რომელიც თავადაც საკმაოდ წარმატებული ადამიანია?

- მე და თეა თითქმის ერთი სფეროს წარმომადგენლები ვართ. ჩვენთვის უცხო არ არის ურთულესი გრაფიკი, რომლითაც ვმუშაობთ და არც ის, რომ 24 საათის განმავლობაში გარეთ ვართ... ეს ჩვენთვის ნორმალური მდგომარეობაა და ალბათ, ამის გამოც, ერთმანეთის გაგება არ გვიჭირს. საოჯახო საქმესაც თანაბრად ვინაწილებთ: ჩემთვის არ არსებობს ე.წ. ქალის ან კაცის საქმე. როდესაც ოჯახში რაღაც გასაკეთებელია, ორივემ უნდა გააკეთოს. თანაც, ჩვენთან ეს პრობლემა ნაკლებად იგრძნობა, რადგან სახლში არც ერთი არ ვართ. ჩვენთვის უცხოა ისეთი ოჯახი, რომელსაც ფილმებში აჩვენებენ: საღამოობით, ყველა სუფრას რომ შემოუსხდება და ერთად ვახშმობს, შობას, ახალ წელს და სხვა დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ.

- როგორ ფიქრობთ, რა ასაკში უნდა შექმნას მამაკაცმა ოჯახი?

- ჩემი აზრით, კაცმა ოჯახი 30 წლის ასაკში ან უფრო გვიან უნდა შექმნას. რატომ? - მამაკაცები გვიან ვიზრდებით, გაცილებით დიდხანს ვრჩებით ბავშვებად, ამიტომ ჯობია ჯერ "ვითამაშოთ" და როცა დავღვინდებით, ოჯახზე მერე ვიფიქროთ. მამამ მამობა ხომ უნდა აღიქვას? როდესაც პატარა ხარ, თითქოს სახლობანას თამაშობ, პრობლემებს ვერ უმკლავდები, ყველაფერს მძაფრად აღიქვამ და ცხოვრებაც უფრო გირთულდება. ამიტომ უმჯობესია, კაცი დაღვინდეს და ოჯახზე მერე იფიქროს.

- თქვენს ოჯახში კომპრომისზე ხშირად ვინ მიდის და პირველად ვინ თმობს?

- ჩვენს ოჯახში საქმე კონფლიქტამდე არ მიდის, "ჩემი ბრალია" და "შენი ბრალია" არ არსებობს. თუ რომელიმე ჩვენგანი რაღაც შეცდომას დაუშვებს, ამას აღიარებს კიდეც. როგორც წესი, სიმართლის თქმით ყველაფერს ნათელი ეფინება ხოლმე.

- თქვენი აზრით, რა არის სიყვარული?

- ამაზე კაცობრიობა რა ხანია მსჯელობს, მაგრამ ჯერ პასუხი ვერავინ გასცა. ზოგი მას ღმერთს ადარებს, ზოგი - სამყაროს, ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ ეს ძალიან ძლიერი მიზიდულობის ძალაა - ანუ ვისაც როგორ ესმის, სიყვარულს სახელს ისე არქმევს. მე ვფიქრობ, რომ სიყვარულის ნიჭი ან გაქვს, ან - არა, მისი გამოხატულება კი შეიძლება ბევრნაირი იყოს.

- ერთ-ერთი კვლევის შემდეგ, სიყვარულს ფსიქიკური დაავადების სტატუსი მიაკუთვნეს. თქვენი აზრით, ეს სწორი შეფასებაა?

- რა თქმა უნდა, სწორია! აბა, როცა შეყვარებული ხარ და მეორე ადამიანი საკუთარ თავზე მეტად გიყვარს, ეს ნორმალურია? - რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური...

- აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს არაჩვეულებრივ გოგონაზე - ნიტაზე, რომელმაც 5 წლის წინ თავისი ცეკვით მთელი საქართველო მოხიბლა...

- ნიტამ სკოლა ცეკვის მიმართულებით დაამთავრა და უნივერსიტეტიც ამ მიმართულებით აირჩია: ის ახლა ჯოფრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობს, რომელიც ძალიან პოპულარულია. იქ ცეკვის ყველა ჟანრს და ყველა მიმართულებას ასწავლიან. ნიტას თავისი საქმე ძალიან აინტერესებს და ცდილობს, სრულყოფილად აითვისოს. ცეკვის პარალელურად, გადაწყვიტა ფსიქოლოგია შეისწავლოს - როდესაც ცეკვის ასაკი აღარ ექნება, უნდა, რომ სხვა პროფესიაც ჰქონდეს.

- ალბათ რთულია, როცა შვილი ასე შორს იმყოფება. ხომ არ ეუბნებით, რომ საქართველოში ჩამოვიდეს?

- ამას არ ვეუბნები, რადგან ნიტა დამოუკიდებელი პიროვნებაა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ცხოვრებაში რა გზას აირჩევს. მე მგონი, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა მშობელი შვილის საქმეში, უფრო კარგია. შეიძლება შენი გამოცდილება გაუზიარო და რაღაც რჩევა მისცე, მაგრამ მის გადაწყვეტილებებში ზედმეტად არ უნდა ჩაერიო - ჩვენ ნიტა ასე გავზარდეთ. პირველ ხანებში მართლა ძალიან გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩვენგან შორს უნდა ყოფილიყო. მე და თეა მის სიშორეს ძალიან განვიცდიდით, მაგრამ ყოველგვარი ეგოიზმი უკანა პლანზე გადავწიეთ და თანდათან ყველაფერს შევეგუეთ. თავდაპირველად, მასაც გაუჭირდა - ნოსტალგია და მონატრება ერთად მოერია, თანაც, გარდატეხის ასაკში იყო, მაგრამ ეს სირთულეები როგორღაც გადავლახეთ. ჩვენც თავს ძალა დავატანეთ, რომ ბავშვს კარგი მომავალი ჰქონდეს და ცხოვრება ისე აიწყოს, როგორც თავად სურს. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნიკის წყალობით, ახლობელთან განშორება ისე რთული აღარ არის - კიდევ კარგი, რომ ვიდეოთვალი არსებობს. მას ყოველდღე ველაპარაკები და ყოველდღე ვხედავ. ხშირად უნივერსიტეტამდეც "ერთად მივდივართ", მერე იქიდანაც "ვაცილებ" ხოლმე. ასეთ დროს გგონია, რომ ის შენთანაა და არსად წასულა.

- რამდენი წელია, რაც ის ამერიკაში სწავლობს?

- უკვე მეექვსე წელია, რაც ასე ვცხოვრობთ. თუ საქართველოში ჩამოვა, რა თქმა უნდა, თავის საქმეს აქაც იპოვის. ბოლოს და ბოლოს, დედის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს, მთავარია, თავისი პროფესია კარგად იცოდეს და ნამდვილი პროფესიონალი გახდეს.

1-7-1698047716.jpg

- შვილის პირად ცხოვრებასა და მის არჩევანში თუ ჩაერევით?

- მე ვინ მეკითხება, მას ვინ მოეწონება და ვინ - არა? თუ დავინახავ, რომ მის რჩეულში რაღაც არ მომწონს, უბრალოდ დაველაპარაკები და ყველაფერს ავუხსნი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. რადიკალური მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ ვიღაც მის ცხოვრებაში დაუკითხავად, მისი ნებართვის გარეშე ჩაერევა - აი, მაშინ... მტრისას!..

- დაბოლოს, ოდესმე თუ ჩაგიდენიათ შეცდომა, რომელსაც დღემდე ნანობთ?

- რა თქმა უნდა, ასეთი შეცდომა მეც მაქვს ჩადენილი: როდესაც იმ ასაკში ვიყავი, როცა შეიძლება უფრო მეტი ისწავლო, მეტად განვითარდე და მეტი ინფორმაცია მიიღო, ცოტა არ იყოს, ხელი დავაკელი. შემეძლო უფრო მეტი ცოდნა მიმეღო, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ახლა ის წლები ყველაზე მეტად მენანება! სამწუხაროა, რომ ადამიანები ასე ვართ მოწყობილი: ჩვენს შეცდომებს წლების შემდეგ, ძალიან გვიან ვხვდებით.

ხათუნა ჩიგოგიძე