რატომ მიაჩნია ნინი ზერეკიძეს სიყვარული ფსიქიკურ აშლილობად? - გზაპრესი

რატომ მიაჩნია ნინი ზერეკიძეს სიყვარული ფსიქიკურ აშლილობად?

სახელი, გვარი: ნინი ზერეკიძე.

ასაკი: 19 წლის.

განათლება: სწავლობს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "ნიკოს შოუს" რუბრიკის - "სულელური ხუმრობები" სცენარისტი და წამყვანი, ასევე - საავიაციო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, გასართობი ცენტრის წვეულებების წამყვანი, "ქართული ლიგის გუნდის - "მიმინოს" წევრი, სტუდენტური პარლამენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის რეკრუტი, უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება.

ცხოვრების დევიზი: "მცდელობას ყოველთვის მოაქვს შედეგი".

- ნინი, სად ხარ, როგორ ხარ?

- დღეს "ქართული ლიგის" მეოთხე სეზონში ვმონაწილეობდით, როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კლუბის - "მიმინოს" წევრები. კარგად ვიასპარეზეთ. მეოთხედფინალშიც გადავედით... ახლა მეტი შემართება და პოზიტიური განწყობილება გვაქვს!..

- გილოცავთ!.. გარშემო მყოფები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- "ნიკოს შოუში" ვინც ჩემს გამოსვლებს უყურებს, "დედალ ჯიმის" ან "ჯიმის ქალ ვერსიას" მეძახის (იცინის). ასევე, "ბრჭყვიალათიც" მომმართავენ - შენი თვალები სულ ბრჭყვიალებსო...

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?

- ცოტა ცელქი, მაგრამ - კარგი: კერძო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.

- შენი საქციელის გამო, მასწავლებელს თუ დაუსჯიხარ?

- კი, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ჩემი ინიციატივით მთელმა კლასმა რაღაც გავაფუჭეთ (კონკრეტულად - რა, ვერ ვიტყვი). ამის გამო, როცა წესით, გამოცდები არ გვქონდა, ყველა საგანში გამოცდა დაგვინიშნეს, თუმცა ყველამ მაღალი ქულებით ჩავაბარეთ - კარგი კლასი ვიყავით...

- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- სიმართლე გითხრათ, არასდროს. არ ვიცი, რამდენად კარგი თვისებაა ეს, თუმცა პირადად მე, ყოველთვის მადგება, საკუთარ თავში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ცხოვრებაში ნებისმიერ გამოწვევას ვუმკლავდები. ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო რთულ გამოწვევებს უკეთ გავუმკლავდე. უფრო და უფრო "ვიზრდები" და ჩემი შესაძლებლობებიც, თავდაჯერებაც მატულობს.

- როგორ ფიქრობ, შენ შესახებ, საზოგადოებას როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხარ?

- ვფიქრობ, ხალხის წარმოდგენით, პოზიტიური, მხიარული, შეიძლება ითქვას - სულელი გოგო ვარ, ვის ცხოვრებაშიც ცუდი არ არსებობს და ყველაფერს ღიმილით ხვდება, ნებისმიერ დაბრკოლებას უმკლავდება... რეალურად, მხიარული ვარ, დაბრკოლებებსაც არ ვუშინდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რთული დღეები არ მაქვს. ადამიანს, რომელიც ყველგან, ყველა სიტუაციაში იღიმის, შეიძლება იმაზე მეტი დარდი და პრობლემა ჰქონდეს, ვიდრე წარმოაჩენს.

- ცხოვრების ამ ეტაპზე, შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- იმას, რომ ხალხს ჩემი დანახვა აბედნიერებს (იცინის). რაკი ტელევიზიაში ვმუშაობ და შესაძლებლობა მაქვს, ჩემი პიროვნება ეკრანზე წარმოვაჩინო, მაყურებელს საკუთარი თავი მხიარულ, პოზიტიურ გოგოდ გავაცნო, როგორიც მართლაც ვარ, ხალხი მცნობს და ჩემ მიმართ გულთბილ დამოკიდებულებას ავლენს. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი მიღწევაა, რადგან შეიძლება, ადამიანებმა ბევრი სამსახური გამოვიცვალოთ, ბევრი ვისწავლოთ, მაგრამ ხალხის სიყვარული ვერ მოვიპოვოთ. იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან ჩემ მიმართ ხალხის ასეთი დამოკიდებულება მაძლიერებს.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- გასულ ზაფხულს, როცა აბაშაში ვიყავი - "ქართული ლიგის" შიდა ჩემპიონატი ტარდებოდა, რომელშიც აბაშის სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. როდესაც ჩავედით, დავინახე, რომ დაახლოებით 100 ადამიანი ჩემკენ მოდიოდა. თავდაპირველად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, შოკში ვიყავი, რადგან იქ ისე ვიმყოფებოდი, როგორც მაყურებელი, ხალხი კი მოდიოდა და მეუბნებოდა, - თუ შეიძლება, შენთან ერთად ფოტოს გადავიღებო. სტუდენტობამდე ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი. დაბადების დღის თუ სხვა წვეულებებზე, სხვადასხვა ანიმაციის გმირის ფორმის ჩაცმა ხშირად მიწევდა. ასეთ დროს სტუმრები მოდიოდნენ და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. აბაშაში ფოტოების გადაღება რომ მთხოვეს, უცებ ტანსაცმელზე დავიხედე - შემთხვევით, ისევ ფორმა ხომ არ მაცვია-მეთქი (იცინის)?!. როცა გავაცნობიერე, ფორმა არ მეცვა, მაგრამ ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება უნდოდათ, უბედნიერესი ვიყავი!..

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- ძალიან მერიდება (იცინის). უხერხულ სიტუაციაში ვვარდები, ვწითლდები, ვმორცხვობ და მინდა არ მეფლირტაოს... მოკლედ, ძალიან მრცხვენია ხოლმე.

- მნიშვნელობა არ აქვს, ბიჭი მოგწონს თუ არა, მაინც გინდა, რომ არ გეფლირტაოს?

- დიახ. ჯერ ვცდილობ, არავინ მომეწონოს, რადგან ბევრი საქმე მაქვს და არ მეცლება... ისიც არ მინდა ვინმეს მოვწონდე და ამის გამო ცუდად იყოს (იცინის).

- როგორ ფიქრობ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?

- ჩემი აზრით - დიახ, რადგან შეიძლება სიყვარულმა ისე გაგიტაცოს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი დაგავიწყოს (საკუთარი თავიც კი), "დაგანევროზოს"... ამაზე დიდი ფსიქიკური აშლილობა არ ვიცი, რა უნდა იყოს. ახლა ჩემს საქმეებზე ისე ვარ კონცენტრირებული, რომ ვერც წარმომიდგენია, ერთ ადამიანზე ვიფიქრო, როდის მომწერს, დამირეკავს და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა.

- შეყვარებული ყოფილხარ?

- კი, ვყოფილვარ.

- ანუ ყველაფერი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი?

- კი ბატონო, ნამდვილად ასეა. შეყვარებულობის დროს უკვე არც სწავლა გაინტერესებს, არც - კარიერა. მხოლოდ ის გინდა, რომ სადღაც სკამზე იჯდე და უბრალოდ, მთელი დღე საყვარელ ადამიანს უყურო. ვინმეს ვუყურო კი არა, ცოტა ხნით თავად რომ ჩამოვჯდე და დავისვენო, ამის დრო არ მაქვს. ვფიქრობ, შეყვარებულობის პერიოდი რომ მქონდეს, ნამდვილად ჭკუიდან შემშლიდა.

- ოდესმე ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირვებია?..

- საკუთარ თავზე უკეთესი ფსიქოლოგი ადამიანს არ ჰყავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს გამოცდილი მაქვს. ყველაზე დიდ როლს ჩვენი აზროვნება, პიროვნული "მე" თამაშობს. თუნდაც, სასიყვარულო ამბის დასრულება ძალიან რთულია, მაგრამ საერთოდ, მარტივ გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ და ვცდილობ, სხვადასხვა საქმეზე ვკონცენტრირდე. ამ ყველაფრის გამო, უნივერსიტეტში ჩავაბარე, "ქართული ლიგის" გუნდში გავწევრდი, ჯარში ვიყავი, 3 სამსახურში დავსაქმდი... ვსწავლობ და ვცდილობ, მთელი დრო საკუთარი თავის განვითარებას დავუთმო. ნელ-ნელა უფრო მეტად რომ ვვითარდები, ისე მსიამოვნებს, რომ ფიქრის და დარდის დრო აღარ მრჩება. ბევრ საქმეზე კონცენტრირება ჩემში უფრო მეტ პოზიტიურ ენერგიას ბადებს.

- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღია?

- უნივერსიტეტში ვიყავი. ერთ-ერთი საგნისთვის პრეზენტაციას ვაკეთებდი. ამ დროს კურსელმა, რომელიც მიყურებდა და პრეზენტაციისთვის არც კი შეუხედავს, მითხრა, - რა ლამაზად აწყობ სლაიდებსო (იცინის)!..

- დილით, როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?

- არ მინდა ეგოისტობაში ჩამეთვალოს, მაგრამ - საკუთარი თავი. საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც ყველაზე მეტად აქვს გააზრებული, რომ მარტო ვიბადებით და მარტო ვკვდებით. პესიმისტურად ჟღერს, მაგრამ სხვაგვარად რომ გითხრათ, საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, აბსოლუტურად ყველა საკითხში: საკუთარი თავის ფსიქოლოგიც ვარ, ექიმიც, მოტივაციასაც თავად ვაძლევ ჩემს თავს, იმედსაც... დილით რომ ვდგები, უბრალოდ იმას ვფიქრობ, რომ ცხოვრების ახალი დღე დაიწყო და ბედნიერი ვარ, უამრავი რამის გაკეთება რომ შემიძლია... ჩემთვის მოტივაცია დღის დაწყებაა.

image2-1698048389.jpg

- ბავშვობაში რომელ ცნობილ ადამიანთან გინდოდა შეხვედრა განსაკუთრებულად?

- ზვიად ბლიაძესთან, რომელიც ახლა ჩემი უფროსია. მის მიერ გახმოვანებულ მულტფილმებს ყოველთვის ვუყურებდი. სიმღერა - "არც ძროხა არ ჩანს" ზეპირად ვიცოდი და სულ ვმღეროდი. მოკლედ, ამ ადამიანზე ვგიჟდებოდი!

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- ჩემს თითოეულ ნაბიჯს ირგვლივ მყოფი ადამიანების და ჩემი ბედნიერება განსაზღვრავს, რადგან სხვები რომ ბედნიერები არიან, ეს მახარებს. ერთ ამბავს გავიხსენებ: გუშინ ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ძალიან დაღლილი გახლდით, ძლივს დავდიოდი, სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი... მაღაზიაში შესული სიტუაციას შევესწარი, რომ მენეჯერი კონსულტანტ გოგონას ეჩხუბებოდა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. არც ვიცოდი, რა მექნა... როცა ჩემი რიგი დადგა და ძალიან მოწყენილ, თვალზე ცრემლმომდგარ კონსულტანტს, ვისაც მენეჯერი ეჩხუბა, შევხედე, ძალები მოვიკრიბე და ბედნიერი, ღიმილიანი სახით ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდა და საერთოდაც, ძალიან ლამაზი იყო. თვალები გაუბრწყინდა. მიხრა-მოხრაზეც შეეტყო, რომ გაბედნიერდა. ეს რომ დავინახე, მაღაზიიდან დადებითი განცდებით დამუხტული გამოვედი. ბედნიერი ვიყავი, რომ შევძელი, მისთვის წამით მაინც დამევიწყებინა, მაღაზიის მენეჯერი რომ ეჩხუბა...

ეთო ყორღანაშვილი